top of page

ტკივილის ფასი და წინააღმდეგობის დიდი ძალა

begalut didi.jpg

ტკივილის ფასი და წინააღმდეგობის დიდი ძალა

ლელა ოჩიაური

 

“BEGALUT - უცხოობაში“ - ლევან წულაძის ახალი სპექტაკლია, გურამ ბათიაშვილის პიესაზე, შალომ ალეიხემის პიესის „მერძევე ტევიეს“ სიუჟეტური ხაზისა და რამდენიმე დეტალის გამოყენებით. და ახალი არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ფიზიკურადაა“ ახალი, არამედ იმიტომაც, რომ რეჟისორისთვისაც (დამახასიათებელი სტილის, მანერის მიუხედავად), დრამატურგისთვისაც და ზოგადად ქართული თეატრისთვისაც ახალ ფორმაში, ახალი მხატვრული ხერხითა და მანერაშია გადაწყვეტილი. რისი ნიშნები ლევან წულაძის წინამორბედ დადგმებში („ფაუსტი“, „ქალი ძაღლით“, „შეშლილის წერილები“) მეტ-ნაკლებად ჩანდა. აქ ერთიანი სახე მიიღო და ფორმად ჩამოყალიბდა.

დრამატულ თეატრში ვერბალური თეატრის ხერხებით გაკეთებული არავერბალური სპექტაკლი, რომელშიც რეჟისორი მხოლოდ ქმედებას, ჟესტს, პლასტიკას, ქორეოგრაფიას იყენებს. სიჩუმე არ არის, მაგრამ არ არის სიტყვა. მუსიკაა, ხმებია, ხმაურები, როგორც ცხოვრებაში და ეს დუმილი, ბევრად უფრო მეტყველია. მსახიობები – პერსონაჟები იყენებენ სულ რამდენიმე შორისდებულს, შეძახილსა და რამდენიმე სიტყვას (ივრითზე) და მხოლოდ ფინალში, მოკლე, თუმცა, კონცეპტუალურ ციტატას, რომლის არც შინაარსსა და არც ავტორს არ გავახმაურებ. მომავალ მაყურებელს დავუტოვებ პირველად მოსმენის უფლებას. მხოლოდ ვიტყვი, რომ მასში ჩადებულია რუსეთში ებრაელთა გენოციდის ერთ-ერთი მიზეზი და ის რუსეთის, როგორც მოძალადე ქვეყნის, სახესაც, სპექტაკლში განვითარებულ მოვლენებთან ერთად, კიდევ ერთ მთავარ შტრიხს ამატებს.

სპექტაკლში უცხოობაში შეხვედრილი და გაერთიანებული ადამიანების - ორი ებრაული ოჯახის ისტორიაა ნაჩვენები. ისინი სამყაროში, თავშესაფრის ძებნაში გადაადგილდებიან და უცხო ქვეყანაში, ქალაქში, შეიძლება სოფელში, სახლდებიან. სადაც ისინი სახლდებიან თითქოს კომუნალური ბინაა, საერთო სამზარეულოთი. ესეც პირობითია. ხვდებიან ერთმანეთს და ახალი ცხოვრების აწყობას, დალაგებას, გაცნობას, ერთმანეთთან შეგუებას იწყებენ. მათ უყვართ და უყვარდებათ ერთმანეთი და ამ სიყვარულითა და არა სიძულვილით ბედნიერები არიან.

განსხვავებული ერთმანეთისგან, ინდივიდუალურები და ამავე დროს, საერთო ნიშნების მატარებელი. აქ, გუნდურობის, „თემურობის“ მიუხედავად, თითოეულს თავისი ბედი აქვს, თავისი ამბავი, ბიოგრაფია, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება და სრულდება. უცხოობში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის ერთობისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება, საკუთარი თავის გადასარჩენად.

ისინი იწყებენ ცხოვრებას და ჯერ თითქოს ყველაფერი კარგადაა, ჯერ უხარიათ ცხოვრება. თუნდაც უცხოობაში. ეძებენ და პოულობენ ბედნიერებას, მაგრამ მალე ეს ყველაფერი სრულდება. და ასე რომ მოხდება, სპექტაკლის პირველ მოქმედებაში, რომელიც სავსეა ფეიერვერკული ეპიზოდებით, ლაღი და მხიარული სცენური მოვლენებით, ლევან წულაძე მოსალოდნელ ტრაგედიაზე მინიშნებებს აკეთებს.

სადაც ისინი სახლდებიან, ხვდებიან სხვები – რუსი ეროვნების ქალები და კაცები - ლამაზები, დახვეწილები, ფერად-ფერად კოსტუმებში, თავსაფრებსა და ქურქებში (მხატვარი ნინო სურგულაძე) გამოწყობილები. მედიდურები. ამაყები. მწყობრი და მოხდენილი მსუბუქი ნაბიჯით რომ ჩაივლიან და ცხოვრების ჩვეულ რიტმს არღვევენ. იჭრებიან სხვის სამყაროში, სხვის ცხოვრებაში, იმისთვის, რომ ბოლო მოუღონ მას.

ეს ორი სამყარო ჯერჯერობით თანაარსებობს, თუმცა უთანასწორობა იგრძნობა და ბედისწერაც, რომელიც სპექტაკლში მატერიალიზებულია და მაცდური სიკვდილის ანგელოზის სახე აქვს, თავის კვალს ყველაფერს თავიდანვე და ნელ-ნელა ამჩნევს. 

სად ხდება მოქმედება - რუსეთში, სადაც ებრაელებს ჯერ კიდევ ჰოლოკოსტამდე დევნიდნენ, თუ რომელიღაც სხვა ეპოქაში, სხვა ქვეყანაში?! და პერსონაჟებიც შეიძლება არა მარტო ებრაელები, არამედ სხვა ეროვნების ადამიანები, მაგალითად, ქართველები იყვნენ?! მათ სახელები არ აქვთ. ეს ბუნებრივიცაა, მოცემულობიდან გამომდინარეც, თან ნებისმიერი სახელი შეიძლება ერქვათ. ეს საზღვრებიც თითქოს მოშლილია, თუმცა, რა თქმა უნდა, ებრაელების, როგორც ზოგადად ერისა და ალბათ, ერთადერთი ერის დედამიწაზე, რომელიც მრავალსაუკუნოვან დევნასა და „უცხოობას“ განიცდიდა, თემა მაინც მთავარი და წარმმართველია. საყოველთაოობა შემდეგ იწყება. ეს ამბავი ვრცელდება ჩვენზეც, თითოეულ ჩვენგანზე, საქართველოზეც და მის საზღვრებს იქითაც. სპექტაკლი ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ზოგისთვის - დიდი მონაკვეთი, ზოგისთვის - პატარა ეპიზოდი, ზოგისთვის – გაელვებასავით და ზოგისთვის - მთელი ცხოვრება.

რაც სცენაზე ხდება,  შეიძლება მირაჟიცაა, ნისლში გახვეული, შორეული და თან ახლობელი. რეალურიც და ირეალურიც. სადღაც ზღვარზე, რომლის ტერიტორიებიც უცნაურად და მოულოდნელად იცვლებიან. დიდ სივრცეში, გვერდიგვერდ მდგარი ძველებური ბუფეტების, გრძელი მაგიდისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გარემოცვაში (სცენოგრაფიაც ლევან წულაძეს ეკუთვნის), რომლებიც მუდმივ მოქმედებაში არიან, ცხოვრების განუყრელ ნაწილებს წარმოადგენენ და ფუნქციური დატვირთვა აქვთ.  

ლევან წულაძე სპექტაკლს მეტაფორებსა და სიმბოლოებზე აგებს, სათქმელს ბევრი წახნაგი აქვს და ბევრ ხაზს, პრობლემასაც შეიცავს - რაც ზედაპირზე დევს და რაც მის მიღმაა, სადღაც თვალისთვისაც უხილავი და ისედაც უთქმელი. იუმორით, ლაღად და ზოგიერთ შემთხვევაში, გროტესკული გამომსახველობით შექმნილ სახეებსა და ეპიზოდებს დრამატული და ტრაგიკული შეგრძნებები, განცდები და სიტუაციები ცვლის.

სწორედ ამ მეტაფორულობისა და ამბის გადმოცემის „მსუბუქი“ მანერის წყალობით, სცენური რეალობა სცენურ პირობითობაში გადადის. ეს ქმნის განზოგადებისა და მრავალგანზომილებიანობის ატმოფეროს, შეგრძნებას, რომ რაც აქ ხდება, არ ხდება მხოლოდ აქ; არც მხოლოდ ებრაელი ხალხის ცხოვრებაში და არც მხოლოდ უცხოობაში. უცხოობში არ არის „სიამე“, მაგრამ ადამიანებს უწევთ იცხოვრონ და შეეგუონ გარემოს, რომელიც თავიდან თითქოს იღებს და შემდეგ ანადგურებს მათ.

პირობითობის ხარისხი, რომელსაც ლევან წულაძე აღწევს, პირველივე ეპიზოდიდან იწყება, როდესაც ძველებური კარადის კარი იღება და მისი თვალუწვდენელი სიღრმიდან პერსონაჟები ამოდიან, ამოაქვთ საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და არა მარტო ჩვენ, ერთმანეთს ეცნობიან.

მათი სამყარო, არა მხოლოდ გარეგნულად, შინაგანადაც მშვენიერი, პირისპირ და დაუცველი რჩება ფიზიკურად ლამაზ, მომხიბლავ, მაგრამ არსით სრულიად უარყოფით, უღირს საზოგადობასთან, რომელიც ტრაგედიის მიზეზი, გამომწვევი და გამახორციელებელი ხდება. ეს ორი საზოგადოება ვერასოდეს  გამთლიანდება, რადგან სხვადასხვაგვარად აზროვნებს, განსხვავებული ცხოვრების წესი, მიზნები, ინტერესები აქვს. ერთი მოძალადეა - ჯალათი და მეორე - მსხვერპლი, რაც კონფლიქტის მთავარ საფუძვლად იქცევა.

გურანდა გაბუნიას, გივი ჩუგუაშვილის, ბესო ბარათაშვილის, მანანა კოზაკოვას, ბარბარე დვალიშვილის, ეკა ნიჟარაძის, პაატა პაპუაშვილის, კონსტანტინე როინიშვილის, ნატო კახიძის, ანა გრიგოლიას, თეონა ქოქრაშვილის, ნიკა კუჭავას, გიორგი ხურცილავას, ნინო წულაძის, ანა ვასაძის პერსონაჟები მსახიობებიგან სრულიად განსხვავებულ საშემსრულებლო მანერას მოითხოვენ. მათ „შინაგანი“ მონოლოგები უნდა წარმოთქვან და მხოლოდ ემოციით, მიმიკითა და ჟესტებით მოყვნენ ამბავი, გახსნან სახეები, ხასიათები, შემდეგ განაზოგადონ ისინი, თან ისე, რომ მიმიკა გრიმასად არ გადააქციონ, ჟესტი - მანერულ ჟესტიკულაციად და ქმედება - უტრირებულ და ქაოტურ მოძრაობად, მეტი გამომსახველობის მისაღწევად.

ამ სპექტაკლში სამსახიობო აღმოჩენებს არა მხოლოდ ახალგაზრდებისგან უნდა ველოდოთ, არამედ უფროსი და შედარებით უფროსი თაობის მსახიობებისგანაც, რადგან თითოეულ მათგანს, გამოცდილებისა და ნაკლებგამოცდილების მიუხედავად, ასეთი ტიპის დადგმაში არასოდეს უთამაშია და შესაბამისად, არტისტული მონაცემების ასეთი გამოყენება-გამომჟღავნების საშუალება არასოდეს ჰქონია.

რეჟისორი ვიზუალური მხარის გადაწყვეტაში კინოს გამომსახველ ხერხებს იყენებს (სხვათა შორიოს, ეს მისთვის პირველი შემთხვევა არაა) მიზანსცენებითა და კომპოზიციური განლაგებით, კადრებას აწყობით, განათებით. სცენა თითქოს კინოაპარატის ობიექტივშია მოქცეული. შთაბეჭდილებას აძლიერებს უსიტყვობა, თითქოს უხმო კინოფილმს ვუყურებთ, რომლის მონაწილეები მხოლოდ გარეგნული ნიშნებით, გამომეტყველებით, ჟესტებით, ქმედებით გადმოსცემენ ამბავს.

აქ ცეკვა, პლასტიკა, რეჟისორის გადაწყვეტითა და გია მარღანიას ავტორობით, მკვეთრად გამოხატავს სათქმელს, ვიდრე ეს შეიძლებოდა დრამატულ თეატრში, უსიტყვოდ, წარმოგვედგინა. ქორეოგრაფი თითოეული პერსონაჟისთვის სოლო თუ ერთიან პლასტიკურ ნახაზს ქმნის, სპეციფიკურსა და თავისთავადს და საცეკვაო „ნომრებიც“ მოქმედების, ამბის განვითარებისა და „თხრობის“ საშუალებად იქცევა.

ცნობილი ებრაული და რუსული მელოდიები, მათ შორის, პოპულარული „სოლომონ პლარის სამეჯლოსო ცეკვების სკოლა“, რომლის მელოდია „უცხოობაშის“ ერთ-ერთი მთავარი თემაა და ბედნიერების მოტივად გასდევს სპექტაკლს. შემდეგ, ისევე, როგორც ყველა სხვა, ვახტანგ კახიძის, ორიგინალური თუ არანჟირებული, ზოგიერთ მონაკვეთში სტილიზებული მუსიკა, რამდენჯერმე იცვლის ჟღერადობას, ტონალობას, რიტმს. ბრავურული ჰანგები ტრაგიკული ინტონაციებით ივსება, მაჟორი მინორში გადადის და არა მხოლოდ ფონს ქმნის, არა მხოლოდ ემოციური დატვირთვა აქვს, არამედ სპექტაკლის მთლიანი კონცეფციის გამომხატველიცაა. აქტიურად ცვლის სიტყვას და პლასტიკურ მხარესთან ერთად მეტყველი და თანასწორუფლებიანია. 

არსობრივი ფუნქცია აქვს ებრაულ „იავნანას“, ნეკა სებისკვერაძის ულამაზესი შესრულებით, რომლიც ორჯერ ისმის სპექტაკლში, ერთხელ, როდესაც დედა (მანანა კოზაკოვა) შვილს გლოვობს და მეორედ, როდესაც დარბეული, გაძარცული, დახოცილი ებრაელების ოჯახების მოხუცი დედა (გურანდა გაბუნია) დასტირის თავის თემს, თავის ხალხს, ნანგრევებში, მტვერში, ნისლში გახვეულ სამყაროში, რომელიც აღარ არსებობს.

სასაკლაოს მხოლოდ ეს მოხუცი ქალი და ჩვილი გადაურჩებიან, რადგან მათ კიდევ ერთი ცხოვრება უნდა გაიარონ. თავიდან დაიწყონ ყველაფერი. როგორც იყო ებრაელი ერის ისტორიაში. როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც ხდებოდა და გრძელდება.

ჩუმია მისი გლოვა, მაგრამ ძალიან მეტყველი. მძიმე და გაუსაძლისი. მაგრამ სცენის სიღრმისკენ - განათებული სივრცსკენ ბავშვით ხელში მიმავალი შაოსანი ქალი გვაგრძნობინებს, რომ არის იმედი - შინ დაბრუნდნენ. აღთქმულ მიწაზე, სადაც შეიძლება ისევ არ იყოს მშვიდობა, მაგრამ იქ სახლია, რომელსაც ახალი სიცოცხლე სჭირდება. და ამ ქალმა ყველას ტვირთი მარტომ უნდა ზიდოს. სწორედ მან - დედამ - რომელმაც ყველა და ყველაფერი დაკარგა, ბავშვი და საკუთარი ერის მომავალი უნდა გადაარჩინოს.

გურანდა გაბუნიას პერსონაჟი, ფაქტობრივად, მთელი სპექტაკლის ძირითად ღერძად წარმოსდგება. ფეიერვერკულია მისი ყოველი გამოჩენა - პირველი მოვლინებიდან ბოლო ეპიზოდამდე. იუმორით,  მკვეთრი სახასიათო შტრიხებით, დახვეწილი და მრავალფეროვანი მანერით განსახიერებული სახე მაყურებლის თვალწინ მრავალ გარდასახვას განიცდის.  ცოცხალი, სპეციფიკური იუმორის გრძნობით, აქტიურად ჩაბმული ოჯახის ცხოვრების მოვლენაში, სიხარულისა და დარდის ქმედითი და თავისებური მანერით გამზიარებელი, ცელქი ბავშვივით მხიარული, ლაღად მოცეკვავე ლხინის დროს და თბილი მზრუნველი ბებია, შვილებისა და შვილიშვილებისთვის დრამატულ სიტუაციებში. განადგურებული თავსდამტყდარი ტრაგედიით, მაგრამ მაინც ძლიერი და შეუპოვარი. სახე-სიმბოლო, რომელიც ლევან წულაძის სპექტაკლის მთავარი სათქმელის გამომხატველად იქცევა.  

იშვიათია, როდესაც ხელოვანის პიროვნება, თვისებები (და არა პოზიცია, აზროვნება, სათქმელი) ასე ჩანს ნამუშევარში. ლევან წულაძის სპექტაკლები ყოველ მორიგ ჯერზე გვიჩვენებენ, როგორი ადამიანია ის, როგორ უყვარს ადამიანები, როგორ შეუძლია მათი პრობლემები საკუთარად აქციოს და როგორ დაპირდეს, შემდეგ აასრულოს დაპირებები - რომ, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი თითქოს დასრულდა და რაც მოხდა, ვეღარასოდეს დაბრუნდება – არსებობს იმედი, რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება.

სწორედ ესაა ტკივილის ფასი და წინააღმდეგობის დიდი ძალა (ეს ფრაზა მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა „მიკარნახა“ და საუკეთესო შეფასებაა, რომელიც ზუსტად გამოხატავს სპექტაკლის არსსა და სათქმელს), რომელსაც ყველაზე დიდი სასოწარკვეთილების ჟამსაც კი შეუძლია ბევრი რამ კვლავ შესაძლებელი გახადოს, სიცოცხლის უნარი მოგვცეს და ტკივილისგან განადგურებული მოხუცი ქალის გლოვამაც კი, მომავლის რწმენა დაგვიბრუნოს.

bottom of page