ბერნარდა ალბას სახლი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

192197597_4014748671946974_6746122042256476799_n.jpeg

თამარ ქუთათელაძე

ბერნარდა ალბას სახლი

 

ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“, 1936 წლით თარიღდება. პიესა დაუსრულებელია. ავტორი 1936 წელს გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მიერ გაჩაღებული ფაშისტური დიქტატურის დამყარებას შეეწირა, რომელიც 40 წლის მანძილზე მძვინვარებდა ესპანეთში და უამრავი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. პიესას უხვად  შერჩა იმდროინდელი პირქუში სინამდვილის სუსხი. ეს განწყობა დღემდე მოყჰვება რეალობიდან თითქმის დოკუმენტური სიზუსტით კოპირებულ ტრაგედიას. თავად პიესის მთავარი პერსონაჟის, - ბერნარდა ალბას სახე კი, მრავალი წლის მანძილზე დედა-ტირანის მეტაფორულ სახედ იქნა გააზრებული.

გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ ქართულ სცენაზე პირველად თემურ ჩხეიძემ დადგა 1973 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე, სადაც ბერნარდას როლი სალომე ყანჩელმა განასახიერა. 1980 წელს რეჟისორმა ბიძინა ჩხეიძემ პიესის ეკრანიზაცია განახორციელა სახელწოდებით „დები წყვდიადში“. ფილმში ბერნარდა ლილი იოსელიანმა ითამაშა. 90-იანი წლების დასაწყისში ამჯერად გოჩა კაპანაძემ დადგა ესპანური დრამატურგიის ეს შედევრი. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მარინა კახიანის სცენური გმირი, წინამორბედებისგან განსხვავებით ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მშვენიერი და ვნებიანი ქალბატონი იყო. პიესა დადგეს რუსთავის, ახმეტელისა და თუმანიშვილის თეატრებშიც.

      

2021 წელს, „ბერნარდა ალბას სახლი“, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე, თემურ ჩხეიძის IV კურსის სამსახიობო ჯგუფის საკურსო ნამუშევრად წარმოადგინა რეჟისორმა მაია დობორჯგინიძემ (ხელმძღვანელი თემურ ჩხეიძე). სპექტაკლში ბერნარდას როლს მოწვეული მსახიობი ლილი ხურითი ასრულებს.

    

სარეჟისორო ნამუშევარი საინტერესო კონცეფციითაა რეალიზებული. რეჟისორი ცდილობს უკიდურესად თანადროული გახადოს თითქმის საუკუნის ასაკს მიღწეულ პიესაში გათამაშებული ერთი სოფლის მასშტაბური ტრაგედია. სპექტაკლის  მხატვრული გაფორმებით, რეჟისორი და მხატვარი ნუცა ჭყონია დასაწყისშივე გვაწვდიან გარკვეულ ინფორმაციას ბერნარდას ოჯახში განვითარებული ტრაგედიის მთავარი ინსპირატორის თაობაზე. სცენის მარჯვნივ, თმახუჭუჭა, კუპიდონივით მომხიბლავი ახალგაზრდა კაცის მოზრდილი პორტრეტი იყურება დარბაზში. ეს ის პეპეა, რომელსაც პიესის თითქმის ყველა მოქმედი პირი მოიხსენიებს, მაგრამ მოქმედებაში არ ერთვება, მაყურებელი მას ვერ ხედავს. სპექტაკლის დამდგმელმა კი მისი პორტრეტი საჯაროდ გამოფინა, ბერნარდას ოჯახის მუდმივ მეთვალყურედ გაიაზრა, ან  განაჩენიც გამოუტანა და დემონის ფუნქცია დააკისრა. სიღარიბისაგან ტანჯულ, გაუცხოებულ, თითქმის არქაული ადათ-წესებით დათრგუნულ, მამაკაცთაგან გაცლილ სოფელში, პეპე ყველასათვის სასურველი სასიძოა. სავარაუდოდ არცთუ ინფანტილური არსება, თავადაც ცდილობს მისი ღვთით ბოძებული სილამაზე სარფიანად დააბანდოს. შესაძლოა ის უარს არ იტყვის უსასრულოდ ეძებოს მისთვის ხელსაყრელი „დულსინეა“. ამ მოსაზრებას ამყარებს მოგვიანებით ბერნარდას მოხუცი დედის წინასწარმეტყველური გაფრთხილებაც, - „პეპე ყველას შეგჭამთ“.  შესაძლოა ისიც, რომ პეპე მხოლოდ ადელასთან თავისუფალი შეხვედრის საბაბით თანხმდება ბერნარდას წინადადებას. თუმცა,  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თავად ადელასთვისაც თავზარდამცემი „ნიუსია“ პეპეს მიერ მის უფროს დაზე ქორწინების დასტური. ზოგადად, პეპეს პერსონა თუ მიზნები, პიესაში და თითქმის ყველა სპექტაკლში, ბუნდოვანია (პიესის რუსული თარგმანისაგან განსხვავებით).

        

მხატვარ ნუცა ჭყონიას მიერ შექმნილი სცენური გარემო პირქუშია, მკაცრი, უსაზღვროდ სუფთა და დახვეწილი. სპექტაკლის მოქმედების დრო და ადგილი განუსაზღვრელია. სიმბოლურ დატვირთვას იძენს სცენაზე განლაგებული გალია, ქოთნის ყვავილები, საკერავი მანქანა, მანეკენი, ტანსაცმლის მოძრავი საკიდი-კარადა,  გემოვნებით შერჩეული  ფერები, ფართო სივრცე. წარმოდგენის დასაწყისში სცენაზე განლაგებულ ავეჯს, სკამებს, სავარძლებსა თუ სარკეს, შავი ძაძები აქვს გადაფარებული. სულ მალე გადახსნიან მას შავ საბურველს და ნაირფერად  გაფორმებული სკამები, გამოკვეთს ბერნარდას ოჯახის ხელმომჭირნე, მაგრამ დახვეწილ სამყოფელს. ყველა კუთხიდან იგრძნობა რომ ბერნარდა და მისი ასულები, თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც აცნობიერებენ ფატალურ გარემოში მოხვედრილ, არჩევანის უნარწართმეულ საკუთარ ყოფას. ოჯახი მედგრად ებრძვის სიღარიბეს, რაც პრინციპული, მზრუნველი ბერნარდას დიდი შრომისა და ნებისყოფის შედეგია. თვალის ერთი შევლებითაც ნათელი ხდება რომ აქ, ქალთა თითქმის ნებაყოფლობითი სატუსაღოა. შესამჩნევია ისიც, რომ ამ ციხე-სიმაგრისა თუ  მონასტრის ე.წ. მცველი ბერნარდა, რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედი ბერნარდას როლის განმასახიერებელი მსახიობებისაგან და თავისუფლების სივრცესაც უტოვებს ბედისწერის მიერ უსამართლოდ ტანჯულ ქალიშვილებს.

     

სპექტაკლი ეფექტური სცენით იწყება. ნახევრად ჩაბნელებულ, სუსტად განათებულ დარბაზში, ძაძით მოსილი შავოსნები სევდიანად მოძრაობენ წრეზე. ქალთა ამქარი ოჯახის უფროსს, - ბერნარდა ალბას მეორე ქმარს მიაცილებენ ბოლო გზაზე. ამიერიდან იწყება სრულიად ახალ ეტაპი მათ ცხოვრებაშიც. გემოვნებით გაფორმებულ სცენას, სულ მალე ასევე თანამედროვედ გამოწყობილი ბერნარდას ქალიშვილები მოეფინებიან. მათ XXI საუკუნის ბოლო „ტრენდების“ გათვალისწინებით მოსავთ ექსტრავაგანტური შარვლები და არც მძლავრი აგრესიით ტანჯავენ ერთმანეთს.

    

ლილი ხურითის ბერნარდა სიტყვაძუნწი, ძალაუფლებისმოყვარე, მაგრამ დაღლილი, არცთუ ძლიერი  ქალბატონია. მის ქცევასა და ხასიათში იგრძნობა დიდი სულიერი  მღელვარება, რასაც უმძაფრებს მარტოობის შიში, პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი უსაყვარლესი ხუთი ქალიშვილის უიმედო ხვედრზე. მარტოდმარტო დარჩენილი ქალი თავისუფლდება ძაძებისაგან, სარკეს შავ საბურავს ჩამოხსნის, ვარცხნილობას შეისწორებს, მეუღლის გარდერობიდან ტანსაცმელს ბრაზით მოისვრის იატაკზე, მაგრამ უეცრად, მის ერთ-ერთ პერანგს,  რომელიც სავარაუდოდ გარკვეულ მოგონებებს აუშლის, სახეზე აიფარებს და ფიქრებში ჩაძირული დივანზე დაეშვება. მსახიობი თამაშობს ქმარზე შეყვარებულ, მაგრამ მისგან  გულნატკენი ქალის სახეს, რაც გარკვეულწილად ირეკლება ქალიშვილების მიერ კაცებისადმი დამოკიდებულებაშიც. ბერნარდას გამოცდილებით, ქალები მხოლოდ მორჩილებისთვის არიან მოვლენილნი. მათი ვალია უხმოდ, თვინიერად ატარონ თავიანთი მძიმე ტვირთი, შეეგუონ მარადიულ ტანჯვას, კაცის ღალატსა და  შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით ტრაგიკულია თუ ქალს მწირი მზითევი გააჩნია.

    

ქალბატონი ალბასათვის საზოგადოებრივი აზრისადმი მორჩილება მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანია და ცდილობს პედანტურად დაიცვას საძულველი ტრადიციები, რომ მისი სახლის სქელ კედლებში, ვერ შეაღწიოს ეჭვიანი თანასოფლელების გამკიცხავმა  თვალმა. გარემოებების ტყვეობაში მყოფი სევდიანი ქალი, საკუთარ თავს შუასაუკუნეების პრინციპთა მონობაში ამყოფებს. ბერნარდას სახე, რომელსაც ლილი ხურითი ქმნის, დათრგუნულია იმის შეგრძნებით, რომ მოვალეა შეძლოს შეუძლებელი, - მარტოდმარტომ უზრუნველყოს უკვე ასაკშეპარული ქალიშვილების ღირსეული მომავალი, თან არავის უჩვენოს თავისი სულიერი ტკივილი. მის ქალიშვილებს რვაწლიანი შინაპატიმრობა ელით, - „ასე იყო მამაჩემის სახლში, ასე იყო მისი მამის სახლშიც“, - აცხადებს ბერნარდა და იგრძნობა, რომ მას არც მაშინ მოსწონდა გლოვის სასტიკი წესი და არც ახლა მოსწონს, მაგრამ ეს ბარბაროსული მეთოდი მისთვის ერთგვარი საბაბიცაა, რომ ქალიშვილების ბედზე მოახდინოს გავლენა. იგი მიზნად ისახავს ღირსეული მზითვის შეკოწიწებით, რიგრიგობით გაათხოვოს ისინი ისე, რომ ვერავინ შეძლოს მათი ღატაკად მიჩნევა, დაუმსახურებლად დაჩაგვრა. შვილებსაც უყვართ დედა და გაგებით ეკიდებიან მის მოთხოვნებს, მიაჩნიათ, რომ ბერნარდაც ტყვეა იმ სასტიკი სინამდვილის, რომელიც კარნახობს  ქცევის წესებს.

    

გაღატაკებული, უსიხარულო გარესამყაროსგან იზოლირებულ ბერნარდა ალბას სახლში  სიყვარულსა და თავისუფლებაზე ოცნებობს ყველა. ბერნარდას ოთხმოცი  წლის  დედა, სალომე კუციას მიერ განსახიერებული მარია ხოსეფაც ცდილობს გათხოვდეს, შვილი გაუჩნდეს, განიცადოს ქალური ბედნიერება. ახალგაზრდა მსახიობის მიერ შექმნილი სახე არ არის სრულყოფილად გამოკვეთილი. მას უჭირს შინაგანი ენერგიისა და დიალოგის გააზრებული, მოტივირებული მართვა, რაც აფერხებს სცენური სახის ექსპრესიულ გამოსახვას. რეჟისორმაც საკმარისად ვერ შეუქმნა ეფექტური მიზანსცენები, სადაც წარმოაჩენდა ამ ტრაგიკული ქალის სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესებს.         

     

ალბას მშვენიერი ქალიშვილები, დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კალმით ნახატი გოგონები ტანჯვით ცდილობენ ანგარებაზე დაფუძნებულ მკაცრ  რეალობასთან შეგუებას. პიესაში მკრთალად მოხაზული მაგდალენასა და ამელიას სახეებისგან ახალგაზრდა მსახიობებმა შექმნეს სიღარიბის გამო უმნიშვნელო არსებებად ქცეულთა საინტერესო პორტრეტები. ნუცა ქევხიშვილის ამელია, ავანსცენაზე ნერვიული მოძრაობებით ცარცით ხაზავს კვადრატებს, რომ კლასობანას თამაშით განერიდოს არასასურველ მდგომარეობას, წარმოსახვით გადაეშვას ბავშვობის წლებში, დათრგუნოს ნოსტალგია უდარდელ, თავისუფალ არსებობაზე. მისივე თანამოაზრეა ელენე ბეჟიაშვილის მაგდალენაც. ეს მუდამ ცრემლმორეული, მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, ისტერიითა და ცინიზმით დასცინის ქალისადმი ძალადობას, მარადიულ მონობასა და უუფლებლობას.

       

ბერნარდას უფროსი ქალიშვილი, დებს შორის ყველაზე მდიდარი ა. გულედანის ანგუსტიასი, დამცირებულია თავისი საეჭვო მდგომარეობით. მას თრგუნავს ადელასთან კონკურენცია. აცნობიერებს, რომ ვერასდროს შეძლებს მოიპოვოს სოფლის სანატრელი სასიძოს კეთილგანწყობა, უჭირს ნახევარდების ირონიული თავდასხმების მოგერიება და ჯიუტად იბრძვის დაეპატრონოს შეუფერებელ, საოცნებო კაცთან თუნდაც ხელოვნურ კავშირს.

        

პიესაში მარტირიოს როლი ერთ-ერთი სისხლსავსე, მებრძოლი პერსონაჟია. დადგმაშიც ვ. ბოკერიას სცენური გმირი აშკარად უჯანყდება ბერნარდას ძალაუფლებას. მას შემდეგ, რაც პრეტენზიულმა დედამ უარით გაისტუმრა მისი სატრფო, ბერნარდას ფიქრით თავისი წარმომავლობისათვის შეუფერებელი მოჯამაგირის მემკვიდრე, ახლა თითქოს თავად მარტირიო ცდილობს დაიცვას ადელა ბერნარდას უცნაური ახირებისგან. მსახიობი ორაზროვნად თამაშობს ადელასა და პეპესადმი მის დამოკიდებულებას, გამოკვეთს მოსიყვარულე, იმავდროულად უბედური დის სცენურ სახეს. ვ. ბოკერია გააზრებულად, თავშეკავებული სიბრაზით თამაშობს საკუთარ ბედთან და დედის ძალაუფლებასთან დაუმორჩილებელ არსებას. იგი ჯიუტად ეგებება დედის თავდასხმას, როდესაც ის დაუნდობლად ასილაქებს პეპეს სურათის მოპარვისთვის, თუმცა ლილი ხურითის ბერნარდა, ქალიშვილის წინაშე საკუთარი დანაშაულის შეგრძნებით გამსჭვალული, მალევე ებოდიშება და ძირს დანარცხებულს ნაზად ეალერსება ლამაზ გრძელ თმებზე. უნებური სიმკაცრის მიუხედავად, ლილი ხურითი უმთავრესად  მოსიყვარულე დედის სახეს ქმნის. იგი მშვიდი, გაწონასწორებული, ტკივილიანი ქალბატონია, ცხადად ავლენს, რომ მისი აგრესია იძულებითი მეთოდია.

     

მხოლოდ ბერნარდას უმცროსი ქალიშვილი ადელა ახერხებს ღიად აუჯანყდეს ბერნარდას აკვიატებულ იდეებს. მხოლოდ ის იმაღლებს ხმას გამხეცებული თანასოფლელების წინაშე, როდესაც ლინჩის წესით უსწორდებიან ახალგაზრდა ქალს, ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენისა და „სირცხვილის“ დამალვის შიშით შვილის მკვლელობისთვის. მსახიობი ზუსტი ნიუანსირებით გამოკვეთს მის განწყობას გარემომცველი საზოგადოების აგრესიის მიმართ. ეფექტური გარეგნობის ნინო ანანიაშვილის მიერ განსახიერებული ადელა უსაზღვროდ ნაზია, მოსიყვარულე, დამთმობი და ძალზე სუსტი, რომ დაუპირისპირდეს მავნებლურ დოგმებს, დროულად აღკვეთოს ბერნარდას მიერ მის პირად ცხოვრებასა და არჩევანში უხეში ჩარევა. ეს დაგვიანებული, უმწეო ამბოხი კი, მასვე იწირავს მსხვერპლად.

     

წინამორბედი ბერნარდას როლის განმასახიერებელი მსახიობებისგან განსხვავებით, ლილი ხურითი თავადაც თამაშობს ამბოხს ბერნარადას ტრადიციული, გაუხეშებული სახისადმი. მსახიობის მიერ ბერნარდასათვის შერჩეული  მკაცრი, მედიდური ქალის ნიღაბი, ამჯერად მისი თავდაცვის მექანიზმია. ამით ის ცდილობს აირიდოს მისთვის ისედაც კარგად ნაცნობი შეგონებები. ამიტომაც, ა. დიდმანიძის პონსია თითქმის გაოგნებულია ბერნარდას ტრანსფორმაციით. ახალგაზრდა მსახიობი სპექტაკლის დასაწყისიდანვე გვიჩვენებს ერთგული მსახურის, თითქმის მრავალწლიანი მეგობრის მიმართ ბერნარდას უეცარი გულგრილობით აღშფოთებული ქალის განცდებს. ანჟელიკა აგაბაბოვას მიერ განსახიერებული, ბერნარდას არაპროგნოზირებადი ხასიათით შეშფოთებული ახალგაზრდა მსახური ქალის წინაშე, ა. დიდმანიძის პონსია  ბრაზმორეული კიცხავს მის მიმართ ბერნარდას უსაფუძვლო ეჭვებსა და დაუმსახურებელ შეურაცხყოფას. „ამ სახლში ვითომ სიწყნარეა, ყოველ ოთახში კი, ქარიშხალი ბუდობს, როგორც კი ქარიშხალი გარეთ გამოვარდება ყველას შავი დღეა დაგვადგება“ - სამართლიანად წინასწარმეტყველებს პონსია. ადელას გრძნობებისადმი თანამოაზრეობით განწყობილი ალბას მრავალწლიანი მესაიდუმლე, გაოგნებულია ბერნარდას შეუვალი გადაწყვეტილებით, რომელსაც მიაჩნია რომ ამჯერად აუცილებელია მოიქცეს „ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც სურს“.

      

ეფექტური და ემოციურია ვახშმობის სცენა. თეთრ სუფრაგადაფარებულ, ხილით სავსე ბროლის ლარნაკითა და მაღალფეხიანი ბაკლებით მოელვარე მაგიდასთან შეკრებილი ბერნარდა და ქალიშვილები, ერთმანეთისადმი უხვად აფრქვევენ გულწრფელ სიყვარულს, კეთილგანწყობასა და პატივისცემას. ბერნადაც კმაყოფილი  ისტუმრებს შვილებს დასაძინებლად, განსაკუთრებული სინაზით ემშვიდობება ადელას, რომლის წინაშეც თავს  დამნაშავედ გრძნობს. იგი აცნობიერებს, რომ მის მშვენიერ, დარდიან ნაბოლარას, უსამართლოდ წაართვა ყველაზე შესაფერისი პარტნიორი.

      

ადელას მოულოდნელი თვითმკვლელობით თავზარდაცემული დედა ცდილობს თავს დატეხილ უბედურებას თავშეკავებით, არისტოკრატული სიმშვიდით შეხვდეს. თუმცა საყვარელი ქალიშვილის დაკარგვა მოუგერიებელ ტკივილს ჰგვრის და თავზარდაცემული  იმეორებს აკვიატებულ ფრაზებს: „არ იტიროთ“, „ბერნარდა ალბას უმცროსი ქალიშვილი უმანკო იყო“, „სიჩუმე!! სიჩუმე!! სიჩუმე!!“. მოულოდნელად იგი საყვარელი შვილის ცხედარს დაემხობა და მარია ხოზეფას სიტყვები აღმოხდება: „ჰაერზე გამიყვანეთ, ზღვის სანაპიროზე მინდა!“.

       

რეჟისორი ლოგიკურად კრავს სპექტაკლს და ბერნარდას მისივე დედის, მარია ხოსეფას ხვედრს უზიარებს. ლილი ხურითის ემოციური, შვილების უსაზღვროდ მოყვარული ბერნარდასათვის ასეთი ფინალის შემზადება, წარმოაჩენს მის მიერ ჩადენილი შეცდომების ადეკვატურ დასასრულს, რომელმაც უნებურად მოისურვა შეუძლებელი, - თავად ეტვირთა სხვისი ბედის ძალადობრივი მეთოდებით მართვის უფლება.

   

... და ბოლოს, განსახილველ საკითხად მეჩვენება ის ფაქტიც, რომ ბოლო სეზონში ახალგაზრდა რეჟისორების მიერ რამდენჯერმე დაიდგა იბსენის, ლორკას, სტრინდბერგის პიესები, რაც ვფიქრობ, მხოლოდ მაღალმხატვრული დრამატურგიით მათი დაინტერესების მოტივით არ არის განპირობებული და საგანგებო მსჯელობას მოითხოვს.