top of page

ბერნარდა ალბას სახლი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

404848768_350861147752944_6741810254006596705_n.jpg

თამთა ქაჯაია

ბერნარდა ალბას სახლი

 

ფედერიკო გარსია ლორკას ცხოვრება სირთულეებით, წინააღმდეგობებითა და ტრაგიკული ცხოვრებით არის ცნობილი. პოეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ეპატაჟით, იყო ქარიზმატული/მეამბოხე და მუდამ ღიად აფიქსირებდა საკუთარ ჰომოსექსუალიზმს - რაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა. მასზე ასეც უთქვამთ - იგი იყო კაცი რომელსაც საუკუნეებით ელოდა ესპანეთი, მაგრამ ის მაინც დახვრიტეს. მან თეატრალურ ხელოვნებაში დაამკვიდრა ტერმინი „დუენდე“ - შთაგონების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც გარეგნული ხერხების მინიმალური გამოყენებით გადმოიცემა. „დუენდეს თეორიაში“ მაგალითად მოყვანილია მატადორისა და ხარის შერკინება, შეძლებს თუ ვერ შეძლებს მატადორი ხარისთვის ქედში დაშნის გაყრას, მასზე დამოკიდებულია როგორც ხარის ასევე მატადორის სიცოცხლე. სწორედ აქ იქმნება დაძაბულობის მუხტი, რასაც ლორკა უწოდებდა „დუენდეს“ და რაც მის შემოქმედებას თან ახლავს.

მან ბოლო პიესა „ბერნარდა ალბას სახლი“ დახვრეტამდე სამი თვით ადრე დაწერა. სიუჟეტის ინსპირაცია მეზობელი ქალის, ფრასკიტა ალბას პერსონა გახდა - კედლებზე ყურმიდებული ფედერიკო ქალების დიალოგებს ისმენდა. პიესის სიუჟეტი აგებულია ტირან ბერნარდაზე, რომელიც ჩაკეტილი/ჩარაზული სახლიდან თავის დაღწევის საშუალებას არავის აძლევს, რასაც გაგიჟება ან მკვლელობა შეიძლება მოყვეს. „ამ რვა წლის განმავლობაში, სანამ გლოვა არ დამთავრდება, ამ სახლში ნიავმაც კი არ უნდა შემოაღწიოს“... ამბობს ბერნარდა.

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სცენაზე, ამავე უნივერსიტეტის მაგისტრმა-რეჟისორმა გიორგი კაშიამ ფედერიკოს გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ დადგა. გულწრფელი ვიქნები და დიდი ინტერესით მივედი სპექტაკლზე და ასევე გულწრფელი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ძალიან იმედგაცრუებული დავბრუნდი. რატომ? ვეცდები ვიყო კონკრეტული და არგუმენტირებულად (პროფესიულად) განვმარტო ჩემი იმედგაცრუების მიზეზები.

ტრენდულობამ ტრივიალურად აქცია მაყურებლის სცენაზე ჯდომა, რადგან ეს ყოველივე ვფიქრობ გარკვეულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მიზანი კი შემდეგნაირია, რეჟისორს სურს მაყურებელი იყოს სცენასთან ახლოს, რათა შექმნას ატმოსფერო/ინტიმი, არ იყოს ტექსტის გაგების პრობლემა და მოკლედ რომ ვთქვა უფრო ჩართული იყოს სპექტაკლის მსვლელობაში.  მაგრამ, ამ მიზნის გარდა ყველაფერს ემსახურება აღნიშნული ხერხი. ექვს რიგად დაყოფილ  სცენის პარტერში, მაინც ტექსტის გაგების პრობლემაა, ვერაფერს ხედავდა ფეხზე წამომდგარიც კი რომ ცდილობ სცენაზე მიმდინარე მოვლენების დანახვას, მაინც არაფერი გამოგდის. ამას კი მოჰყვება შემდეგი უხერხულობა, რომელიც თეატრის შინაგანაწესს გარღვევინებს, ცდილობ შენი გვერდზე მჯდომისგან გაარკვიო რა მოხდა. შესაბამისად, პირველი კითხვა რაც მიჩნდება არის ლოგიკური, რატომ დაგვსვეს სცენაზე თუ მაინც არ მესმის? რატომ დაგვსვეს სცენაზე თუ ვერაფერს ვხედავ და არაფერი მესმის?!

სცენაზე (მხატვარი- ირიკო აბულაძე) ცენტრში, სასახლეა განთავსებული, კედლები დაფარულია შავი ფარდებით - პანაშვიდზე აღმოვჩნდით, სადაც ექვსი მგლოვიარე ქალია. ეს ქალები „უბრალოდ უკაცო ქალები არიან.. ეს კი ისეთი რამ არის, რომ საკუთარი დედა დაგავიწყდება“, ამ სიტყვებს მარია ხოსეფა ამბობს პიესაში, (ბერნარდას დედა), სპექტაკლში კი ეს პერსონაჟი საერთოდ არ არსებობს. დრამატურგი თითქოს ამართლებს დების სიძულვილის, რომელიც ერთმანეთის მიმართ აქვთ.

პეპე რომანო (ვატო სანიკიძე) ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც არ ჩანს მაგრამ სიუჟეტი მის გარშემო ვითარდება. იგი როგორც „დუენდეს თეორიაში“ ხარივით გარს უვლის ბერნარდას ქალიშვილებს და თავს დასტრიალებს. სპექტაკლის დასაწყისში გვევლინება პეპე, რომელიც შესაძლოა მოჩვენებად აღვიქვათ ან მოკვდავ ადამიანად. მუსიკის ფონზე მსახური ქალი (მარიამ ღებრიშვილი) წარმოთქვამს ტექსტს, რომელიც სრულიად გაუგებარია. ასეთ დროს მელოდია უნდა იყოს დაბალ ხმაზე, რადგან მსახიობებს უჭირთ მუსიკის ხმის გადაფარვა. პანაშვიდზე მჯდომი ხუთივე ქალი კერავს - ბერნარდა ამბობს: „ქალს ნემსი და ძაფი კაცს ცხენი და მათრახი“. ისინი მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ნერვიულად და ისტერიულად ქარგავენ ანგუსტიასისთვის საქორწინო კაბას. თუ პიესა წაკითხული გვაქვს, მივხვდებით რას ემსახურება მათი მოძრაობა (ქარგვა/კერვა), მაგრამ სპექტაკლში ეს მიზანსცენა არ იკითხება.

ორმოც წლიანი პაუზის შემდეგ, მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი პირველად დგება თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე და ბერნარდა ალბას როლს განასახიერებს. პიესაში ბერნარდა ალბა, მკაცრი, პირქუში ქალია, რომელსაც არ სურს გაიგოს რეალურად რა ხდება მის სახლში, მას მხოლოდ ძალაუფლება და მორჩილება აინტერესებს. „ერთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ერთმანეთისგან არაფერი გვაქვს დამალული და მაინც წყეულიმც იყოს!“ - პონსია მიმართავს (ელენე ქურთიშვილი).

მსახიობის გადაჭარბებული მკაცრი ემოცია პერსონაჟს ხიბლს, რაც პათეტიკურს ხდის გმირს. მისი სიტყვები ტრაგიზმს მოკლებული და გრძნობებისგან დაცლილია.

მარტირიოსი (ანუკა შარია) რეჟისორმა ბერნარდას მემკვიდრედ, და მისი გზის გამგრძელებლად წარმოგვიდგინა. ხელოვნური სცენაა ალბას სიკვდილი, პონსია მას ისე უჩუმრად მოკლავს, რომ თუ უკან ზიხართ ნამდვილად ვერ დაინახავთ. პიესაში სოციალური იერარქია ხაზგასმულია, სპექტაკლში კი არ ჩანს აღნიშნული ასპექტი, ამიტომაც არაფრის მომცემი ხდება აღნიშნული სცენა. მარტირიო სპექტაკლის დასასრულს ბერნარდას სიტყვებს ციტირებს „ამ რვა წლის განმავლობაში, სანამ გლოვა არ დამთავრდება, ამ სახლში ნიავმაც კი არ უნდა შემოაღწიოს“. პიესაში ბერნარდა არ კვდება, იქ მისი უმცროსი ქალიშვილი ადელა (ნინი ურუმაშვილი) ასრულებს თვითმკვლელობით სიცოცხლეს. სპექტაკლის კონცეფციიდან ამოვარდნილია და აბსოლუტურად უადგილოა მაგდალენასა და მოახლეს შორის კოცნის სცენა.

რთულია სცენაზე გადმოიტანო ისეთი დრამატურგის პიესა, რომლის ცხოვრება დასაწყისში მოკლედ გაგაცანით. რთულია შექმნა სცენაზე ის მუხტი, ემოცია, დუენდე რაზეც წერდა ლორკა. ამ ყველაფერს დიდი შრომა და გამოცდილება ჭირდება. ბევრი დეტალია სპექტაკლში, რომელიც გამოვტოვე, რადგან დაუსრულებელ აბსურდულ ძიებამდე მიგვიყვანდა. კარჩაკეტილობა, ძალაუფლება, იერარქია, არშემდგარი სურვილები და ფანტაზიები - არცერთი ხაზი არ ვითარდება სპექტაკლში. ჩვენ ვხედავთ გაბოროტებულ, აგრესიულ ქალებს, რომლებსაც რა სურთ თავადაც არ იციან.

bottom of page