top of page

ბერსერკები: მისია - ერთი მითის გახსენება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

88a413e3-942f-458c-813d-99ba1ac89b67.jpeg

25.05.2026

ანი ცხვედაძე

ბერსერკები: მისია - ერთი მითის გახსენება

უახლესი ქართული თეატრის ისტორიაში - ბერსერკების ციკლის მორიგი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა - აპრილის უმშვენიერეს თვეს, <ჰარაკის> სახელოვნებო სივრცეში.
ჰაინერ მიულერის პიესის „მისია - ერთი რევოლუციის გახსენების“ გარდა, 5 საათიანი (მე ვიტყოდი) სპექტაკლ-პერფორმანსის ეპისტოლარული ასპექტი საკმაოდ მრავალფეროვან ავტორთა ტექსტების სინთეზს მოიაზრებს და ამანიფესტირებს კიდეც;
მიულერის კვალდაკვალ გაიჟღერებს, ბრეხტის, არტოს, ქართველი ავტორების, დავით წერედიანის პოეზია და თარგმანები, გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველიდან“ ამონარიდები; შეხვდებით გერმანელ თანამედროვე დრამატურგებს და რასაკვირველია, რომ თავად სპექტაკლის კონცეფციური სეგმენტის ავტორის, რეჟისორის ადვილად საცნობი ტექსტები ჟღერდება და ასევე, ადვილად საცნობი იმპროვიზაციულ-სპონტანური ჩანართები დროდადრო და მომენტალურად მსახიობებისგან.

5 საათიანი წარმოდგენა, რომელსაც მე ვესწრებოდი ფაქტობრივად, მოულოდნელად გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხების გამო სამდღიან „ლოდინის მისტერიაში“ გადაიზარდა. დენის წასვლის შედეგად, მომლოდინე აუდიტორიამ 17 აპრილს ვერ იხილა ბერსერკები სცენაზე, თუმცა ერთდღიანი ინტერვალის შემდეგ, 19 აპრილის წარმოდგენის რეპრეზენტაციას კიდევ მეტი ინტერესითა და ენთუზიაზმით შეხვდა.


მითის მემქმნელნი და მონაწილენი: არლეკინი - მათე ხიდეშელი; პიერო - ირაკლი სირბილაშვილი; ქალღმერთი - ნინი იაშვილი; მცველი - ბექა ხაჩიძე; პოეტი - სოფიკო გვიმრაძე; შკ - შალვა დევდარიანი; მეტისი გია - სანდრო თედიაშვილი; სფერო - ზურაბ ბაბუნაშვილი; მილორდი - თემო რეხვიაშვილი; მეამინე - გვანცა ენუქიძე; ვამპირი - გიორგი წერეთელი; მორგანა - თამარა ჩუმაშვილი; შშშ - შიო ხიდაშელი; აჩი - აჩი არგანაშვილი; საბა - საბა ფადიურაშვილი; ნინკა - ნინი დუმბაძე; ბაია - ბაია მაისურაძე; აეთერი - ქეთო ყანჩაველი; თამარა მაღლაფერიძე; ნიმფა - მარიამ პაიჭაძე; შავშამშე - გიორგი ჯამბურია.

ბერსერკების მისია: ერთი მითის გახსენება’ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბინარული კონსტრუქციითაა წარმოდგენილი - ანტრაქტამდე და ანტრაქტის შემდეგ, ფერთა პალიტრით, ატმოსფერულად, განწყობით, ემოციათა კონდენსაციითა და რეპრეზენტაციულობის არტიკულაციური ჟღერადობის თვალსაზრისით.


პირველი ნაწილი, ანუ ანტრაქტამდე მონაკვეთი ტემპო-რიტმულად, დინამიკით, ხმის მოდულაციებით და მთლიანი დრამატურგიული არქიტექტონიკით - ბრუტალურ და თვალში საცემად აქრომატულ ელფერში მიედინება;


მაშინ, როცა საკმაოდ ხანგრძლივი და ოდნავ მომაბეზრებელი ანტრაქტის შემდეგ, სპექტაკლი კარდინალურად განსხვავებულ რიტმულ კონდიციაში იხსნება.


მაჟორულ-ირონიულ ელფერზე ტრანსფორმირდება; ჭარბი სარკაზმით, თვითირონიით სავსე რეპლიკებით, მცირე თუ ვრცელი „ტირადების“ მსგავსი დეკლამაციური სტრუქტურით.
ბერსერკული მისიის პროლოგი პოეტის (სოფიკო გვიმრაძის) მწვავედ რეფლექსიური მონაკვეთით იწყება, რომლის ‘აკუსტიკური ჟღერადობა’ სხვადასხვანაირად ლავირებს, თამაშობს, წაიმღერებს, რისხვას ასხივებს.

ფაქტობრივად, თითოეული ბერსერკი ინდივიდუალურად მიგნებულ დიქციასა და ინტონაციაში ახორციელებს ურთულესი სემანტიკის მქონე შიგთავსის მანიფესტაციას ბერსერკული სპექტაკლების ციკლში.


ნაცნობი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი თითოეული ტიპაჟი ბერსერკებისა, მიუხედავად თანხმოვნების მელოდიურობის ერთნაირი ბაზისური რუდიმენტისა, ნიშანდობლივად განსხვავებული და არაიდენტურია ერთმანეთისგან, რაც ბუნებრივ მრავალფეროვნებას წარმოშობს, თავისუფალ ატმოსფერულ სივრცეს და ამ კომპონენტის გათვალისწინებითაც, ჯერ კიდევ არ წყდება (უკვე სამწლიანი) ბერსერკული სპექტაკლების ციკლის მიმართ ინტერესი.


<ბერსერკები: მისია - ერთი მითის გახსენება> არლეკინის პერსონაჟით, დეკლამაციურობის, როგორც ასეთის, სარკასტულ ჭრილში წარმოჩენას საკმაოდ ჰიპერაქტიურად ახორციელებს. პრაქტიკულად დეკლამაციური პათოსის მწვავედ გაირონიულების მცდელობაა მიმდინარე ლოკალურ ქართულ თეატრში, კვლავინდებურად მწვავედ რომ სჭარბობს ყველა “სხვა სიკეთესთან“ ერთად, არაადეკვატურად კორელატურ და ასე პარადიგმულ ნარატივში(!).

ბერსერკული კონცეფციის ავტორს, რეჟისორსა და დრამატურგს უნდა აღინიშნოს, რომ უყვარს პუბლიკის დაღლა რამენაირად, ერთთავად მაყურებლის ჰიპნოზურ კონდიციამდე მიყვანა, როცა ვეღარ ასხვავებ დროისა და სივრცის კუთხით - აწმყოს მყოფადობას.
ავტორის მიერ თავისუფალი, სპონტანურ-იმპროვიზაციული გარემო იქმნება, რომელიც ამავდროულად, ძალიან განსაზღვრული სქემის ფუნქციასაც ატარებს, აგენერირებს აბსოლუტურად ძალდაუტანებლად თავისუფალი ატმოსფეროს შეგრძნებას, სადაც იშლება სადემარკაციო ზღვარი კარგსა და ცუდს, პროფესიონალიზმსა და დილეტანტიზმს, ესთეტიკურობასა და ბრეიგელისეულ არამიმზიდველ ფორმებს შორის, მულტიკულტურალიზმსა და სუბკულტურულ პროცესს შორის.

ლაფსუსები, არტიკულაციური ასონანსები თუ რიგიდული ფრაგმენტაცია პრობლემად არ აღიქმება, არამედ, გაგიკვირდებათ და, ძალიან ორგანული ჰარმონიით ერწყმის ფუნდამენტურ კონცეპტს, და არც დიდად გაუცხოებულად მოჩანს მთლიან <სტრუქტურულ ინტეგრალში>, რაც რეჟისორის არჩეული გუნდის ძალისხმევა და დამსახურებაა, ასე უდარდელად, რომ იკენწლება, ლავირებს, იცინის, ბრაზობს, კაიფობს, ფლირტაობს და რეფლექსირებს სცენაზე ბერსერკულ ნიღბებში.

თემო რეხვიაშვილის მილორდის სპონტანური ინტერაქცია მაყურებლის გასვლისას არის, ნიშანდობლივად ორგანული ფაქტის კონსტატაცია იმისა, თუ როგორ გენეზისდება, ან გნებავთ, ამოიზრდება ცოცხალი ინტერაქციის პოსტულატი(!) - სრული ხელოვნურობისა და წინასწარ განსაზღვრულობის მიღმა. ამგვარი ცოცხალი ქმედითუნარიანობა, გენიალური კომედია დელ’ არტესეული - ხშირად უმთავრესი გამოსავალია მშრალი ფორმალიზმისგან თავის დასაღწევად.


ზოგადად, მიმაჩნია, რომ სწორედ ინტერაქციული შრეების ბუნებრივი, არაძალადობრივი (და ეს ხაზგასმით, რატომღაც ინტერაქცია დიდწილად ძალადობრივ ფორმებში წარმოუდგენიათ ხოლმე მაყურებელთან) და სპონტანური აღმოცენების ნიმუშები უახლეს ქართულ თეატრში - არ იქნება მაინცდამაინც გადაჭარბებული, თუკი ვიტყვით, რომ გიორგი ჯამბურიას მიერ შექმნილ კონცეფციურ სტრუქტურაში გვხვდება; ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპსა და მთლიან სათეატრო სტაგნაციურ პროცესში!..

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის ციტირებ - შექსპირს, ბრეხტს, არტოს თუ ვინმე სხვას, ძალადობრივი კომუნიკაცია მაყურებელთან ყველანაირ სქემაში კატეგორიულად მიუღებელია; და ვუსურვებ ბერსერკების გუნდს, ის ბალანსი რაც ჯერჯერობით იკვეთება ამ თვალსაზრისით, დაე, არ დაარღვიონ!

ცხადია, იმ სპონტანურობის ზედმიწევნითი აღწერა, რაც ბერსერკული ციკლის სპექტაკლებშია, მშრალ ვერბალურ ნარატიულობას არაფრით ექვემდებარება!

ბერსერკების ბაზისური ფუნდამენტის ნაწილი სწორედ, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირ და დაუგეგმავ ინვერსიულ სპონტანურ თამაშს გულისხმობს, რომელიც იმ წამს და მომენტალურად უნდა ნახო, მოისმინო და აბსოლუტურად შეიგრძნო პულსაციის სიხშირე. შემდეგ თავად გაარკვევს მაყურებელი, დამკვირვებელ-აღმქმელი თითოეული პასაჟის მიზიდულობის, ან ნაკლებ მიზიდულობის ხარისხს, სამომავლო იმედს ან ფრუსტრაციას!

თემო რეხვიაშვილის მილორდის და ბექა ხაჩიძის მცველის ბერსერკული ტიპაჟები, მშვენიერ კაპელდინერებთან ფლირტის მინი ჩანართებით (ალუზია ინტერლუდიასთან) ამსუბუქებენ და ასევე აესთეტიკურებენ წარმოდგენის ვერბალური ასპექტის ბრუტალურობას:
შესანიშნავი მაგალითია; ჩემ გვერდით - სცენასთან ახლოს მჯდომ კაპელდინერთან ბექა ხაჩიძის რამდენიმეწუთიანი ჩამოჯდომა/თან ჩახუტება და დროებით მაყურებლის როლის მორგების მომენტი, როცა ისიც მდუმარედ აკვირდება სცენაზე ყოველ ჯერზე დეკონსტრუირება-რეკონსტრუირების პროცესს და ელოდება თავისი <პარტიის შესრულების> წამს.


ბერსერკული ციკლის სპექტაკლები მიმდინარე სათეატრო მდგომარეობაში ქმნის - ყველაზე ცოცხალ ბაზისურ მასალას თეატროლოგიაში - სხვადასხვა რაკურსში კვლევის წარმოების თვალსაზრისით.

bottom of page