top of page

„ბერსერკები 1: მისია“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

350013032_755265326395719_9184543178302997231_n.jpeg

გიორგი შერვაშიძე

„ბერსერკები 1: მისია“

 

თეატრში მივდივარ. ვჩქარობ. არ მინდა, დავაგვიანო. ზუსტად რვაზე ადგილზე ვარ. მიკვირს, რომ არ დავაგვიანე, თუმცა არც ეგ იქნებოდა პრობლემა, რადგან თეატრიც იგვიანებს.

მიყვარს თეატრი. ეს ხომ ის ადგილია, სადაც შენს პრობლემებს, ფიქრებსა და ცხობრებას ცოტა ხნით გარეთ ტოვებ და სხვისი ცხოვრებით, პრობლემებითა და ფიქრებით იწყებ ცხოვრობას. ნეტა ახლაც თუ იქნება ასე? ნეტა ახლაც თუ შედგება თეატრი, გროტესკი? წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ვერც აფიშით და ვერც იმ მცირე ინფორმაციით, რაც ამ სპექტაკლზე მაქვს.

ისე, აფიშიდანვე ჩანს, რომ რაღაც უცხო და ახალი უნდა იყოს. ერთგვარი ექსპერიმენტი. ან კი დიდი ექსპერიმენტი. დეკორაციის მინიმალიზმით, ნიღბების მაქსიმალიზმითა და ჭრელი ფერებით… ექსპერიმენტი არაა ცუდი, თუმცა სჩვევია ფიასკო… ნეტა ახლა როგორ იქნება? არ მინდა ფიასკო და ტყუილად დახარჯული დრო. დრო ხომ ისედაც ცოტაა და  არ ღირს ფიასკოებში მისი გადაცვლა.

იწყება. საინტერესო სივრცეა, ღვინის სარდაფს ჰგავს. სცენა და დარბაზი სუსტად არის გამიჯნული ერთმანეთისგან. საკმაოდ ინტიმური გარემოა. ადგილები დანომრილი არაა. ეს უკვე შფოთის საფუძველია. ანუ ისევ უნდა იჩქარო, რათა დაჯდე იქ, სადაც არ იცი… არ მიყვარს გაურკვევლობა. რიტმიდან მაგდებს და მაფორიაქებს. თეატრში განსატვირთად მივდივარ, სკამებზე საჭიდაოთ კი არა?!

დაიწყო. თავიდანვე თვალში საცემია ჭრელი ფერები, ხორხისმიერი ხმები და დამუხტული ატმოსფერო. ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო სილაღე სუფევს, თუმცა რაღაც არის… რაღაც უცხო და… კი გითრევს. ესე იგი, მართლა დაიწყო… მსახიობებს ისე უნათებთ თვალები და იმხელა მუხტსა თუ ენერგიას დებენ უცნაური ინტონაციით წარმოთქმულ ფრაზებში, რომ ცოტა ვერ ხვდები, რა სამყაროში ხარ. ეს არაა ჩვეული დრო და სივრცე. კონტურებიც ნელ-ნელა საერთოდ იშლება, ქრება. შინაარსიც... და ხვდები, რომ ეს სრული სიგიჟეა. მორიგი იდიოტობა? არა, ეს საიხლეა ჩარჩოებისა და სტიგმების გარეშე. გროტესკი გაჯერებული სატირითა და მისტერიებით. ეეე, არაა ცუდი, ხომ იცი…

ვიღაცები გადიან. ჯერ ორი ტოვებს დარბაზს. მერე კიდევ ორი. მერე მთლიანი რიგი იხსნება და გრუხუნით ჩაიქროლებს მატარებლის შემადგენლობასავით. ჰო, ეს არაა კაი ამბავი. ვერც მაგათ ვამტყუნებ. არაა ეს წარმოდგენაა ის, რასაც მავანი ელოდა, თუმცა მაინც მაგრად ტეხავს, აი, ასე… ასე დემონსტრაციულად მთელი რიგის გასვლა. არადა, ვერ გაიგო ამ ხალხმა, რა ხდებოდა აქ, ამათ სამყაროში. ემძიმა, ცოტა დაიზაფრა კიდეც და ვეღარ გაუძლო. ვერ დაუმუღამა... არ მიკვირს. სანამ მეტად გავერკვეოდი რა და როგორ, უფრო კი სანამ დავამუღამებდი სად და რატომ, მეც გამიჩნდა ეგ სურვილი. არაა ეს ჩვეულებრივი წარმოდგენა. ოღონდ ეს თავიდან. სანამ ჩემითრევდა. ახლა კი აღარ. ახლა ზუსტად ვიცი სადაც ვარ და ძალიანაც მაინტერესებს მერე რა იქნება.

ისე, მართლაც სად ვარ და საერთოდ, რა ხდება სცენაზე? ძირითადი ხაზი და შინაარსი ღრუბლებში დამალული მთვარესავითაა. ხან გამოანათებს და ხანაც ისევ წყვდიადში ქრება. კი ნაღდად ასეა. სცენაზე იმდენი შიშველი ემოცია, ხორხისმიერი ხმა, დაძარღვული სიტყვა და სიგიჟეა თავმოყრილი, რომ შინაარს წყდები. მერე ისევ უბრუნდები. გასაკვირი ისაა, რომ მთლიანობა არ ირღვევა. კი ნამდვილად ასეა. რატომ? მგონი, სიზმარია. დიახ, სიზმარს ჩვევია ასეთი რამ. თემიდან თემაზე უეცარი გადასვლა, გადახტომა და თან რაღაც ხაზის მაინც შენარჩუნება. ეს ხაზი კი სწორედ სიზმარია. ის სიბრტყე, რომელიც ერთ ნასკვად კრავს ამდენ ბუნდოვანებას და უჩვეულო ფორმასაც აძლევს. მგონი, სხვის სიზმარში ვარ. არც ესაა ცუდი მიგნება.

ორი მოქმედება ყოფილა. მეორეს კიდევ უფრო შეთხელებული რიგებით ვხვდებით. ასე თუ გაგრძელდა, ბოლოს მგონი, მარტო მე და ჩემი მეუღლე დავრჩებით. არა, კიდევ ის ორიც… და ისინიც... ჰო, ალბათ ნახევარი დარბაზი მაინც დარჩება. ეს მგონი, რეჟისორმაც იცის. მსახიობებმაც. მათ სიზმარში ბევრი ვერ იპოვნის თავის ადგილს.

ბოლომდე ვერ ვხვდები რა მითრევს და რა მომწონს. არადა, მომწონს და მიუხედავად მოუხერხებელი სავარძლისა, სრულიად მოწყვეტილი ვარ რეალობას. ძალიან მხიბლავს ის ერთობა, რაც აქ იგრძნობა. ვეღარ ვხდები სადაა რეჟიროსი და სად მსახიობი. გამნათებელიც... ხმაც… სად შეიყარა ამდენი მსგავსი სულისკვეთების მქონე ადამიანი ერთად და ასე სინქრონულად სუნთქავს როგორ ახერხებენ? ძალიან კარგები არიან. ძალიან უცხოები, გულწრფელები და ემოციურები. ეს ახალგაზრდობას ახასიათებს. ეს სიხისტე, მოუქნელობა და დაუხვეწელობაც, მაგრამ აქ მთავარი სხვაა. აქ მთავარია ძარღვი. ის ძარღვი, რომლის პულსაც გასმენინებს რეჟისორი, დასი, სულ ყველა… და ვხვდები, რომ ამას ასე მეორედ ვეღარ გაიმეორებენ. ეს მხოლოდ ერთხელ ხდება. როცა შენ ხარ ახალგაზრდა, თამამი, იდეებით აღსავსე, ცოტა ტლანქი, ცოტა უხეში და ნაკლებად დახვეწილიც. სწორედ მაშინ გამოგაქვს გარეთ ასე მძაფრად შენი სამყაროს სიშიშვლე და ამას მერე ვეღარ იმეორებ. მერე ბევრი რამე იცვლება და დროც ,,გაშალაშინებს“. გამუდმებით ტრიალებ სარკის წინ და გამოცდილებაც გემატება. შეიძლება, უკეთესი გახდე. შეიძლება, არც. თუმცა ასეთი ,,პირველადი” და ნაღდი ვეღარასოდეს იქნები. და მეც სწორედ ეს მომწონს ყველაზე მეტად. ამათი ყველასი ,,პირველყოფილობა“. აი, ეს ძარღვი, აი, ეს მუხტი და აი, ეს გადარეული რიტმი, რომელიც ახლა აქ იბადება და მომავალში ასეთი ვეღარასოდეს იქნება.

მიჩნდება განცდა, რომ მეც ვმონაწილეობ. მეც ჩამითრიეს ამ ამბავში და მონაწილე გამხადეს თავიანთი არეული სიზმრისა. ხან გვერდით მომიჯდა ვიღაც, ხან ყურში ჩამძახა რაღაც და ხანაც კი ალუბლის წვენი ჩამომისხა ერთჯერად ჭიქაში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ამბავი არ მომწონს. არადა, ასეთი რამები ზოგადად არ მიყვარს. არც ბავშვობაში მიყვარდა ზეიმები, ყურადეების მიქცევა და პირადი სივრცის უხეში დარღვევა.  ესენი კი, ეს რეჟისორი, დასი და სულ ყველა, სულ იმას ცდილობს, რომ მაქსილამურად გაურკვევლობაში გამყოფოს, მაქსიმალურად შეგეხოს, ლამის ფიზიკურადაც და მაქსიმალურად ჩაგითრიოს ამ თავის წარმოდგენაში. გამოსდით კიდეც. მეც კი ჩემი მკაცრი ჩარჩოებით ახლა მათი აბსურდის მონაწილე ვარ. რაღაც მცირე როლიც მაქვს, ვწრუპავ აგერ ამ ჩემ ალუბლის წვენს და ვიცინი. ვეღარ ვხვდები, სად იწყება სცენა და სად მთავრდება პარტერი. ხან წინ ვიყურები და ხან უკან. მგონი, კინოში ვარ? არა, კინო ნაღდად არაა. არადა, არც მთლად სპექტაკლია კლასიკური გაგებით. კაი, იყოს სიზმარი… სხვისი სიზმარი, სადაც სპექტაკლს თამაშობენ და მე კი რატომღაც კინო მგონია.

და მერე ბოლოსკენ, ერთ ადგილზე ისე ჩააჭირეს, ასე მეგონა, თაკარა მზის გულზე გახურებული ბეტონის ფილაზე ვეგდე. ისეთი დისკომფორტი შეიქმნა და დარბაზიც ისეთი უარყოფითი ენერგიით დაიმუხტა, რომ მეგონა, ვიღაცას აუცილებლად ნერვები უმტყუნებდა და დაიყვირებდა, გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარო. მეგონა, ამას ჩემი მეუღლე იზამდა. ველოდი კიდეც. ის ჩემზე ბევრად უფრო ემოციური და ექსპრესიულია. ზუსტად ვიცოდი, რას განიცდიდა და როგორ მოქმედებდა მასზე ეს მორიგი პროვოკაცია. ეს მონოტონური ხმები, მოძრაობები, უძრაობები და ეს… ეს… ძალადობა. კი ეს ქაოტური მონოლოგები ძალიან გავდა სიტყვიერ ძალადობას. ყველაფერთან ერთად ამ რეჟისორმა და ამ დასმა გადაწყვიტა, რომ ცოტა კიდეც ეძალადა მაყურებელზე. გამოუვიდათ კიდეც. მე გავუძელი. მეუღლემაც. არადა, მეგონა, დაიყვირებდა, ,,შშშკკკ“ გეყოფაო, მაგრამ თავი შეიკავა. ეტყობა, შაკო დაენანა.

არ დაგიმალავთ და ფინალი ცოტა გაწელილი მეჩვენა. ამდენი ექპერიმენტის, ფოიერვერკისა და სამ საათიანი დატეხილი რითმების შემდეგ ცოტა კიდეც დავიღალე. არაერთგაროვანი იყო ეს ყველაფერი და ემოციაც არაერთგვაროვანი დატოვა. ,,მოსაწევმა“ იცის ხოლმე ასე, თუ დაუმუღამე ბოლომდე გაგისწორებს და თუ ვერა, მაშინ მაგრად ,,დაგსტრესავს“. აქაც ასე იყო. ვინც დაუმუღამა ისიამოვნა და ვინც ვერ, მაგრად ,,დაისტრესა“. ჰო, ,,მოსაწევის“ სუნიც ალბათ ამიტომ იდგა დარბაზში, თუმცა იქნებ, მე მომეჩვენა და ან კი იქნებ ჩანაფიქრიც ეს იყო. აბა, რას გაიგებ? როცა ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ერთად შეიყრება, იქ ყველაფერი მოსალოდნელია. პარიზული ბოჰემაც, იამაიკური რევოლუციაც და მაგიური რეალიზმიც. და ისიც კი რომ მე ეს ყველაფერი მომეჩვენა და ან მომაჩვენეს.

კარგი იყო? მოდი, ასე ვიტყვი, ჩემთვის ეს სპექტაკლი ტაშის მერეც გაგრძელდა. გზაშიც, სახლშიც, ჩაძინებამდე ფიქრებშიც და მგონი, ჩემს სიზრაშიც. უცნაურია, მაგრამ მესიზმრა, თითქოს, ჩემს სიზმარში სხვის სიზმარს ვხედავდი ორ მოქმედებად და ჩემი მეგონა. სრული აბსურდი… ბრავო, ესაა თეატრი და ექსპერიმენტიც შედგა…

ფოტო კომპანია „ჰარაკის“ facebook გვერდიდან

bottom of page