top of page

ბერსერკების 8 საათიანი მისტერია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

491C1E5F-F55E-41B6-9179-6CE69E19BE59.png

ანი ცხვედაძე

ბერსერკების 8 საათიანი მისტერია
 

„ბერსერკებთან: შინ“ 8 საათიანი უწყვეტი კვლევითი-ლაბორატორიაა, რომელსაც რეჟისორმა და დრამატურგმა - გიორგი ჯამბურიამ სინოფსისში <ღია ლაბორატორია> უწოდა.
თეატრალურმა კომპანია „ჰარაკმა“ და Performing Arts Laboratory-საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორიამ 2025 წლის ივნისში თეატრით დაინტერესებულ პუბლიკას უნიკალური შანსი მისცა.

 


მელიქიშვილის #20-ში <ღიად> გადაიშალა, როგორც განსაზღვრული სქემატური სტრუქტურული ასპექტი, ისე განუსაზღვრელ-სპონტანური, მოულოდნელობებით სავსე ქმედებებით ჯადოსნური ენერგეტიკული სივრცე.

• რეჟისორი: გიორგი ჯამბურია

• რეჟისორის ასისტენტი: რატი ლაბაძე

• კოსტიუმების მხატვარი: მათე ხიდეშელი, თამარა მაღლაფერიძე

• პროდიუსერი: მარიამ პაიჭაძე

• კამერა: დენოლა გუგავა, შიო ხიდაშელი

• განათება: აჩი არგანაშვილი, შიო ხიდაშელი
 

ლაბორატორიის მონაწილეები:

• არლეკინი - მათე ხიდეშელი

• პოეტი - სოფიკო გვიმრაძე

• ქალღმერთი - ნინი იაშვილი

• მცველი - ბექა ხაჩიძე

• შკ - შალვა დევდარიანი

• მეტისი გია - სანდრო თედიაშვილი

• სფერო - ზურაბ ბაბუნაშვილი

• მილორდი - თემო რეხვიაშვილი

• მეამინე - გვანცა ენუქიძე

• მხოლოდ შეყვარებულნი დარჩნენ ცოცხალნი - ნატალია გაბისონია, გიორგი წერეთელი

• ამორძალი - ეთო რასელი

• მორგანა - თამარა ჩუმაშვილი

• სტუმარი - ირაკლი სირბილაშვილი

• ქალთევზა - მარიამ გაბუნია

• სირინოზი - ანანო რევაზიშვილი

• დრაკონი - ანა ნიკოლაშვილი

• პადრე თუ პაჩო - გიორგი კიკვიძე

• მენადები:

ისტერია - თუთა ოქროპირიძე

სულების მკურნალი - ქეთო ტატიშვილი

მეძავი - ნინი სოსელია

• პანი - გიორგი კარტოზია

• თვალი - დენოლა გუგავა

• შ - შიო ხიდაშელი

• აჩი - აჩი არგანაშვილი

• გრიშა - გრიგოლ ნოდია

• ლქს - ლექსო პირმისაშვილი

• ილიჩ - ილიკო ღოღობერიძე

• ზარების დესპანი - გიორგი კობერიძე

• თამარა მაღლაფერიძე

• ნიმფა - მარიამ პაიჭაძე

• შავშამშე - გიორგი ჯამბურია.

 

ღია ლაბორატორიაში მონაწილე ბერსერკების კინეტიკური კონფიგურაცია მომენტალურად ქმნის სამოდელო ინდუსტრიის ერთგვარ ალუზიას. პირადად ჩემთვის, მათი სხეულების პერმანენტული დემონსტრირება, სწორედ სამოდელო ესთეტიზმის ერთგვარი რემინისცენციაა.

მისტერიის მონაწილეების უწყვეტ რიტმში თანხმოვნებითა და რეპლიკებით სწრაფი ჩავლა პარტერის შუა, გვერდითა და სხვადასხვა მხარეს; თავბრუდამხვევი ენერგეტიკა, რომელიც იძულებულს გხდის ბუნებრივად და ძალდაუტანებლად გაშლილ სივრცეში - შენთვის სასურველ ადგილზე მდგარ ბერსერკზე კონცენტრირდე და დააკვირდე თუ რა ქმედებას ჩადის იმ წამს და მომენტალურად. რას ჯადოსნობს, რას ძერწავს, ხან ხმამაღალი შეძახილით, ხან კიდევ მდუმარედ, ფსიქოდელიურად და რომანტიკულად.

რითმთან თან დართული, ფაქტობრივად, სინთეზირებული ნარატიული არალინეარულობა, დეკონსტრუირებულ-კონსტრუირებული სივრცეების ქმნადობა, რეჟისორთან ხშირი გაბაასება სცენაზე მყოფი ბერსერკებისა - მთლიან პანორამულ ხედს ბაროკოსეული ტენებრიზმის ატმოსფეროში ხვევს; სიბნელისა და სიკაშკაშის ფაქიზი კონტრასტულობით, ვიზუალურ-ვერბალური ანტინომიით.

<ბერსერკებთან: შინ> წარმოადგენს ლაბორატორიული ექსპერიმენტის სრულ შიგთავსს, იმანენტური ინტენციის გამოვლენას, ეგზოგენურ პლასტებთან ერთად - ნატიფად დაფარულსა და ინტროსპექტულს.

მკაცრად განსაზღვრული მენტორულ-სქემატური ჩონჩხის ნაცვლად, მიახლოებითი სპონტანურობით, მკაცრად განუსაზღვრელი კონცეპტის არეალში ცნობისმოყვარედ ჟონგლიორობენ მსახიობები და რეჟისორი ერთობლივად, სიმბიოზურად!..
 

კარდინალურად აღსანიშნავია რამდენიმე სენტენციური გასროლა აბსოლუტურად არამონოტონურ ვერბალურ სპექტრში: ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბიპოლარულობის, ერთგვარი დიქოტომიური გახლეჩის, ორპარტიულობაზე მსჯელობის აკრძალვა სარკასტული პათოსით; და რომ აუტანლად მოწყვლადი „პოლიტიზებულობა თეატრში“ სულაც არ ნიშნავს „აქტუალურობას თეატრში“.

ამავე დროს, ძალზე ნიშანდობლივ სენტენციად მივიჩნიე - სკაბრეზულ-ობსცენური ლექსიკის სუმბურულ-ირონიზებული კრიტიკაც, როცა რეჟისორის ხმა გვესმის მიკროფონიდან, რომელიც უშლის ბექა ხაჩიძის ბერსერკს გინებას სცენაზე, რადგან ეს მათ სცენარში არ წერია: ამ მომენტის ორგვარი გაგება შეიძლება არსებობდეს: ერთი მხრივ - პოზიციონირება იმისა, რომ სკაბრეზი <დიდად არ მოსულა სცენაზე და ამის გარეშეც შესაძლებელია თვითგამოხატვაში თავისუფლების პოვნა!> და მეორე მხრივ - აღნიშნული ჰიპერბოლიზებით, სწორედ <რომ მოსულა სცენაზე გინებაც და ამით სამყარო არ დემორალიზდება!> თუ რომელ კონოტაციას ემხრობა ან არ ემხრობა თავად ტექსტის ავტორი ეს არ იკვეთება (ან იქნებ იკვეთება კიდეც), ჩვენ კი აღქმის მრავალფეროვნება შეგვიძლია, მაშასადამე ჩვენეულ ინტერპრეტაციებში თავისუფლად ლივლივი, რის პრეროგატივასაც ფუნდამენტში ყველანაირი თეატრი იძლევა.

„ბერსერკებთან: შინ“ მაყურებლები მუდმივი ფუსფუსის მონაწილეები არიან, რამეთუ თითოეული ბერსერკი უწყვეტ დინამიკაშია, თითქოს მათი რიტმი ღიად მიგვანიშნებს, რომ ისინი გაუჩერებლად <ძერწავენ>; <ქსოვენ>; მათი მოქმედების კარდიოგრამა ვისცერულ განზომილებას იძენს. მათი სამზარეულო მონაწილე მაყურებლების თვალწინაა დაუფარავად გადაშლილი, მაყურებლის გვერდით, უშუალოდ, ანფასში, ხან პროფილში, ხან უკანა პლანზე, ხან ავანსცენაზე-ძალიან ახლოს, ინტიმურად ახლოს.

დამკვირვებელ-მაყურებელი ვერაფრით გრძნობს თავს გაუცხოებულად „აკადემიური მაყურებლის“ ამპლუაში, არამედ ორგანულად ერწყმის შექმნილ გარემოს და ატმოსფეროს სრულუფლებიანი ნაწილი ხდება. ისიც (მაყურებელიც) ღია ლაბორატორიის პრინციპით - ბერსერკებთან ერთად მოძრაობს, გადის, შემოდის, კონცენტრირდება, რამდენიმე წუთით დისტანცირდება მათი ენერგეტიკისგან და კვლავ ბრუნდება და მუდმივი რეგენერაციის ნაწილი ხდება ავტომატურად.

ის კი ცალსახად აღსანიშნავია, რომ მაყურებელი მონაწილეა კვლევითი-ლაბორატორიული სისტემისა, არა რაიმე სახის ძალდატანებით, არამედ აბსოლუტურად ბუნებრივად, რაფინირებულად. ყველანაირი ზეწოლის გარეშე მაყურებელი მოიაზრება ბერსერკების <8 საათიანი ქმნადობის> შესისხლხორცებულ ნაწილად; ერთ სივრცეში 8 საათიანი, თუნდაც ნაკლებ დროს ერთად თანაარსებობა - უკვე არის ჰუმანურობის და ფილანთროპიის ერთგვარი აქტი(!).

დამკვირვებელი ამ დროს ვეღარ არის ოპონენტი მსახიობისა და არც მსახიობია ანტაგონისტურად განწყობილი მაყურებლისადმი, ერთად მრავალსაათიანი თანაარსებობა მათ ერთმთლიანობაში გარდაქმნის; თითქოს შეყვარებულ წყვილად მეტამორფოზდება - ეს ორი, ხშირ შემთხვევაში აროგანტული კომპონენტი თეატრისა - მაყურებელი და მსახიობი. ხანგრძლივი დროით ერთ განზომილებაში მყოფი სუბიექტები ერთმანეთისადმი უკიდურესი ემპათიით აღიჭურვებიან, სადაც ქრება რეზისტენტულობის არეალი. და ეს ძირითადად ჰუმანურ და ჰომოესთეტიკურ სფეროებს შეუძლიათ, მათ შორის კი თეატრი ერთ-ერთი პირველია.


ჩემი დაკვირვებით, გიორგი ჯამბურიას <ღია ლაბორატორიის პრინციპმა> სწორედ ამგვარი შეგრძნებების პროვოცირებას შეუწყო ხელი.

<ღია ლაბორატორიის> ვიზუალიზაცია აბსოლუტურად მაგნეტურ ატმოსფეროს ქმნის მაყურებლისთვის (და ჩემთვის, როგორც ერთი მაყურებლისთვის); სცენაა ბერესერკებისთვის პარტერიც და სცენის მიღმა გადაშლილი უკანა პლანიც, ამ სივრცულ ლოკაციებში ლაბორატორიის მონაწილეები მუდმივად მონაცვლეობენ.

მაყურებელი ე.წ. კულისის თანამონაწილეა, როგორც სცენის ავანსცენაზე ბერსერკების მონოლოგების მელოდიკაზე კონცენტრირდება, ისე სცენის სიღრმეში მიმოფანტული ბერსერკების ქმედებებს ადევნებს თვალს; მაყურებლის მზერა პერმანენტულად მონაცვლეობს - სცენის ავანსცენიდან პარტერის მიდამოებში, ხან კი სცენის ჩაკარგულ ლაბირინთებში...


ბერსერკები გვევლინებიან კიბეებზე მდგარი, ხშირად მოსიარულე, ხან დუმილით, ხან კიდევ გარითმული ვერბალიზაციით, ესთეტიკური მოძრაობებით, შენელებული, ან ზოგჯერ სწრაფი ქმედებებით - ეს არის ჰოლისტური ჯადოსნური კონტექსტი ვიზუალურ-ვერბალური პალიტრისა _ 8 საათიან უწყვეტ რიტმში რომ ცირკულირებდა.,

ბერსერკული მისტერია რიტმულ თანხმოვანთა ულამაზესი შერწყმაა, გალექსილი მონაკვეთების <პოლიფონიური უნისონი>, როცა რამდენიმე ბერსერკი სინქრონში ჟღერად არქიტექტონიკას ძერწავს_თავისებურად უნიკალური კოლორატურით.


ლაბორატორიის თითოეული მონაწილის ვერბალური ასპექტი, გარდა ექსპრესიულობისა, სრულიად ინდივიდუალურ, ცნობისმოყვარულ კუნძულს წარმოადგენს, მაშასადამე <ინდივიდუმის> სინგულარულ განზომილებად აღქმადია და მთლიან მაგნეტურ პანორამაში ან იქნებ, პანთეისტურად ესთეტიკურ სურათში მრავალფეროვნად სინთეზირდება.

ჩვენს წინ რეალური ლაბორატორიული მუშაობის სიმბიოტიკის ნიმუშია წარმოდგენილი!..
ტექსტუალური ასპექტის განხილვისას არ უნდა ეცადო, მშრალი, ლინეარული ხაზის დანახვას, ქრონოლოგიურ-კონვენციურ წყობას. პირიქით, რევერსიულად, ქაოსურად ჟღერადი ტექსტუალური რითმები, თავად არის ერთი დიდი მისტერია, რომელიც კონკრეტული ამბის დემონსტრირებამდე ვერაფრით შემცირდება(!).


აქ სხვაგვარი და მითურად მიმზიდველი პროცესის პრეცედენტი თამაშდება, დიახ, სწორედ რომ პრეცედენტი ქართული თეატრალური სივრცისთვის.,

ღია ლაბორატორიულობის, მაშასადამე, შიგთავსის სრული გამომჟღავნების პოსტულირებით - მაყურებელი უშუალო მონაწილეა <კულისებს მიღმა> არსებული სიტუაციებისა: ბერსერკები ლაბორატორიაში ღიად მსჯელობენ - ტექსტის დამახსოვრების ტექნიკებზე, სხვადასხვა ნიუანსზე, იქნება ეს ლაბორატორიის წევრების კონფიგურაციული სქემა, სინქრონიზაცია თუ ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დეკონსტრუქცია.


ცალსახად საინტერესო და არც ისე ადაპტაციურია ქართული თეატრალური წიაღის პრეისტორიაში - მსახიობების რეჟისორთან ირონიული შეკამათების ნიმუშები, ხან კი <გასერიოზულებულ ტონში> კამათის დაუფარავი იმიტაცია.

ბერსერკებმა ღია ლაბორატორიაში მაყურებლის თვალ წინ გამოძერწეს - 8 საათიანი მისტერიის უწყვეტი ციკლი (3 ანტრაქტით). შინაარსობრივად არამონოტონური, მრავალშრიანი, კონდენსირებულ-სიმბიოზური, აბსტრაჰირებული, პარადოქსული და ანტინომიური ჯადოსნური ენერგეტიკული სივრცე, სადაც აბსოლუტურად ძალდაუტანებლად დამოგზაურობს მაყურებლის ცნობისმოყვარე თვალი(!).

 

ფოტოები: შიო ხიდაშელი, გურამ წიბახაშვილი

bottom of page