top of page

ბერსერკების რიტუალებისგან დისტანცირებული „შინ“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

2.jpg

ანი ცხვედაძე

ბერსერკების რიტუალებისგან დისტანცირებული „შინ“

 

 

არლეკინი: <მე კი სულ იმას ვფიქრობ, თუ რატომ დავიდა სიყვარულის გულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკა ნულამდე? რატომ აღარავინ იკლავს თავს სიყვარულის გულისთვის? ხომ იყო დრო, როდესაც ხალხი სიყვარულის გულისთვის თავს იკლავდა? ხომ იყო დრო, როდესაც ეს ჯერ კიდევ რაღაცას ნიშნავდა, ეს, სიყვარული.>

„ბერსერკების“ მესამე ნაწილის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია, სწორედ ეს თვითირონიული, ესოდენ სარკასტული ფრაზა _ სიყვარულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკის გაქრობას რომ შეგვახსენებს. იმპროვიზაციულ-სპონტანური ნაზავით შექმნილი უწყვეტი აზრთა ნაკადის ერთგვარი რეფრენია, რომელიც ირონიულ კონტექსტთან ერთად, კრიტიკული ინტონაციით ჟღერდება; სიყვარულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკა თუ ნულამდეა დასული, ესე იგი _ დიდად არც არავის უყვარს ერთმანეთი _ აი, ამ პათოსით!

„ბერსერკების“ ეტიმოლოგია მომდინარეობს ძველგერმანული სიტყვისგან „berserkr” - მოიაზრებიან მეომრებს, რომლებიც ბრძოლაში შესაშური ამტანობით და ტკივილისადმი უგრძნობლობით გამოირჩევიან. ბერსერკები ფონეტიკურად ჰგავს ქართულ ნიღბების იმპროვიზაციულ თეატრ “ბერიკაობას“, ხოლო ფიზიკური მოქმედების პარტიტურით კი მეტად უახლოვდება იტალიურ ნიღბოსანთა იმპროვიზაციულ სახალხო თეატრ „კომედია დელ’არტეს“.

რაფინირებული კონდენსირებით მოწოდებული სოციალურ-ფილოსოფიური კონოტაციის მქონე ტექსტები, გალექსილი მონაკვეთები თუ არსებული სოციო-პოლიტიკური მანკიერებანის ირონიზირებული მხილება არის, რეჟისორისა და მსახიობების, როგორც ინტელექტუალურ/შემოქმედებითი, იმდენად, იმპროვიზაციული ქმედითობის - რეტროგრადული შტამპებისგან თავისუფალი რეფლექსია!.. საიდანაც, კომედია დელ’არტეს არლეკინიც გვეკონტაქტება და უშუალოდ ჩვენი დროის გაშარჟებული ხატების აჩრდილებსაც მსუყედ შეიგრძნობთ.

ბერსერკული, მე ვიტყოდი, თვითნაბადი ვერბალიზაცია, ინტონირება, ხმის მოდულაციები, უმშვენიერეს სპონტანურობის საბურველში რომ ლივლივებს საათნახევრის მანძილზე, აკუსტიკურად უწყვეტ ‘მელოდიურ ანტურაჟად’ აღიქმება _ პოლიტონური მუსიკალური არანჟირების კვალდაკვალ. აბსოლუტურად რიტმულია, თითოეული ბერსერკის, ხან ზლაზვნითი, ხან კიდევ აჩქარებული სხეულებრივი ქმედება.
 

ბერსერკული კონცეპტის ავტორები, რეჟისორი და მსახიობები „ბერსერკები: შინ“-ის ფარგლებში დისტანცირდებიან თავიანთ კონცეფციასთან, შესაბამისად, ამგვარი ფორმით, ისინი ახდენენ საკუთარი თავის თვითირონირებასა და კომენტირებას ერთდროულად.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი: გიორგი ჯამბურია. მუსიკალური ხელმძღვანელი: ზურაბ ბაბუნაშვილი. კოსტიუმების მხატვარი: მათე ხიდეშელი. განათება: აჩი არგანაშვილი./ მონაწილეობენ: ნინი იაშვილი, მათე ხიდეშელი, სოფიკო გვიმრაძე, შალვა დევდარიანი.

უპირობო გულწრფელობა, სილაღე, ირონიზირებული კრიტიციზმი, მსუბუქ რომანტიზმთან კორელაციაში მყოფი მელანქოლიურობა - ბერსერკების ტექსტების ხმოვანებას კიდევ მეტ მიმზიდველობას სძენს!..

ბერსერკების მშვენიერი <პროსოდიები> აკუსტიკური თვალსაზრისით, წარმოდგენა-პერფორმანსის ბგერათა განყენებულ სპექტრს ქმნის; რომლის უწყვეტი მელოდიურობა ენერგეტიკულ მუხტს ინარჩუნებს პირველი წამიდან დასკვნით წამამდე.
მათე ხიდეშელის არტიკულაციური ლაფსუსით არაერთხელ განმეორებული: „რა გამოვტოვე?! აი, რა გამოვტოვე?!“ ნიშნავს იმას, რომ ეს თუ გამოტოვეთ და არ ნახეთ მომავალ სეზონზე, ესე იგი, თქვენ ძალიან ბევრს გამოტოვებთ(!). მით უმეტეს, როგორც გიორგიმ მითხრა: „ბერსერკები გრძელდება, კიდევ რამდენიმე სპექტაკლის იდეა უკვე არსებობს, პროექტის ხასიათიდან გამომდინარე დასასრული როდის და როგორი იქნება არ არის განსაზღვრული.“

სრულიად გასაგები ანოტაცია აქვს სპექტაკლს, მაშასადამე, ყოველი განმარტება სრულ სინქრონშია წარმოდგენის პრაქტიკული განხორციელების ასპექტთან:

<„შინ“ თეატრალურ პროექტ „ბერსერკების“ ახალი, ექსპერიმენტული ნაწარმოებია, რომელიც არ არის „ბერსერკული რიტუალების“ ციკლის ნაწილი (მაგალითად, ბერსერკები I-მისია და ბერსერკები II-მზიანი მხარე). „ბერსერკები: შინ” პროექტის პირველ ორ ნაწილში გამოჩენილ ბერსერკებს სხვა კუთხიდან წარმოგვიჩენს. ამ შემთხვევაში მაყურებელს საშუალება ეძლევათ ბერსერკების „შიდა სამზარეულოში“ შეაბიჯონ და ნახონ როგორები არიან ბერსერკები „შინ“, ანუ მაშინ, როდესაც ისინი ბერსერკულ რიტუალებს არ აწყობენ. „ბერსერკები: შინ“ არის ერთგვარი სპექტაკლი-ლაბორატორია, რომლის ტექსტი რეჟისორმა და მსახიობებმა ერთობლივად შეიმუშავეს. სპექტაკლი ჩვენს რეალობასთან ერთგვარ დაუსრულებელ დიალოგში იმყოფება და ამრიგად ყოველი წარმოდგენა გაახლებული და განსხვავებული სახით გათამაშდება ხოლმე.>

 

...და მაინც, მე ჩემი მხრივ მსურს ვკითხო კომედია დელ’არტეს ე.წ. ვენეციის კვარტეტიდან უსაყვარლეს არლეკინს:

<რატომ აღარავინ იკლავს თავს სიყვარულის გულისთვის> არლეკინ?!..

bottom of page