
„ბოშე ბი“: ტექსტიდან სცენამდე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

21.07.2026
ნინო გაბედავა
„ბოშები“: ტექსტიდან სცენამდე
„წავიდნენ ჩვენი ბოშები...
თან წაიღეს ჩვენი სოფლის ერთი ციცქნა დოვლათი,
სამაგიეროდ, იმედის ისეთი კოცონი
დაგვიტოვეს, დღესაც მანთია გულში.“[1]
1943 წელი... ომით დამძიმებული და მგლოვიარე მოსახლეობა, გაჭირვება, მუდმივი მოლოდინი და ბრძოლა გადარჩენისთვის... ნოდარ დუმბაძე სწორედ ამ ურთულეს პერიოდში გვამოგზაურებს პროზაულ ნაწარმოებში „ბოშები“. აქ იმედის რწმენა, ადამიანური თანადგომა და სიყვარული ხშირად ის ძალაა, რომელიც ადამიანს სიცოცხლისუნარიანს ხდის. განსაკუთრებული სიფაქიზით გვიჩვენებს, რომ ყველაზე მძიმე დროსაც კი ადამიანს შეუძლია იპოვოს სინათლე. ნაწარმოები განსაკუთრებულია იმით, რომ გაუბედურებულ რეალობაში ადამიანს მაინც უჩნდება მომავლის რწმენა, რომელიც აიძულებს იმოქმედოს და არ დანებდეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიამ „მოდი ნახე“, ნუგზარ ბუცხრიკიძის რეჟისორობითა და ახლებური ხედვით, სწორედ ნოდარ დუმბაძის „ბოშები“ წარმოადგინა.
ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება გურიის სოფელ ზენობანში, სადაც გაურკვეველი დროით ბოშები დასახლდნენ. თვითონ ავტორი აღნიშნავს, რომ მათი დაბანაკება ისე აღვიქვი, როგორც ყაჩაღების შემოსევა, რადგან ყაჩაღიცა და ბოშებიც (მეორენაირად ციგნებად მოიხსენიებს) ეშმაკის სინონიმია გურიაშიო. იმ დროს სოფლის ნახევარი მოსახლეობა მგლოვიარე იყო და ხანდახან ერთი დეპეშა ხუთ ოჯახს ჩააცმევდა თურმე ძაძებს. როგორც ბოშებს სჩვევიათ, თავიანთი ჩვეულებებით, ცეკვა-თამაშით, მხიარულებითა და მარჩიელობით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ამ გაუბედურებულ სოფელში მათი არსებობა კი ის ნათელი ძალა აღმოჩნდა, რომელმაც ომის სისასტიკით დამძიმებულ მოსახლეობას მომავლის რწმენა მაინც გაუღვივა.
ნუგზარ ბუცხრიკიძემ თავისი ინტერპრეტაციით, „ბოშების“ ახლებური ვერსია წარმოადგინა.
სცენოგრაფია (მხატვარი - ნუგზარ ბუცხრიკიძე) მაქსიმალურად რეალისტურია და გარკვეულ ატმოსფეროს ქმნის. სცენაზე განთავსებული თეთრი ზეწარი, თითქოს ზღვარს ქმნის სცენურ სამყაროსა და მაყურებელს შორის, ამასთან, ტექნიკურ დანიშნულებასაც ასრულებს სცენის ცვლილების დროს. ერთადერთი რაც თვალშისაცემია ბოშების საკმაოდ ფერადი და მკვეთრი კოსტიუმებია, თუმცა ეს მათ განწყობასა და ინდივიდუალიზმს გამოხატავს.
აქ ვხვდებით დუმბაძის ცნობილ სხვა პერსონაჟებს, მაგალითად - სოსოია მამალაძე (მსახიობი - გუგა ჩარგეიშვილი) ნაწარმოებიდან „მე ვხედავ მზეს“. ის ასევე მთხრობელია და თავისუფლად ძერწავს დუმბაძისეულ უბრალო, უშუალო, გულკეთილი პერსონაჟის სახეს. სწორედ სოსოია გვიამბობს ამბავს და გვაუწყებს მოქმედებების თანმიმდევრობას. აღსანიშნავია გუგა ჩარგეიშვილის სამსახიობო ოსტატობა თუ როგორ ქმნის გმირის ფსიქო-პორტრეტს, არ კარგავს ავტორისეულ იუმორს და როგორ მჭიდრო კავშირშია მაყურებელთან. ზოგადად, დუმბაძის ნაწარმოებებში ხშირად ვხვდებით საკითხს, რომელიც ადამიანურ ღირებულებებსა და იმედის რწმენას უკავშირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ორი ნაწარმოების სინთეზი შემთხვევითი არ არის და არ იწვევს არეულობას, არამედ ორგანულად ერწყმის ერთმანეთს, თუმცა ჩავარდნები და გაწელილი სცენები მაინც წარმოქმნა.
დუმბაძისეული „ბოშები“ რეჟისორს ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს, რითაც ნუგზარ ბუცხრიკიძემ სასცენო ვერსია კიდევ უფრო გაამდიდრა. ამის გამოხატულებაა სპექტაკლის მეორე სურათი, სადაც რეჟისორმა დუმბაძის ორი ნაწარმოები - „ბოშები“ და „მე ვხედავ მზეს“ - შეურწყა. მან კი ეს ბმა ბუნებრივად განახორციელა, თუმცა დინამიკა გარკვეულწილად დაირღვა. ძირითადი აზრი - რომ იმედის რწმენა ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს - თითქოს დაიკარგა. ასევე, ვფიქრობ, რომ ტემპო-რიტმის ასეთი დარღვევა გასართობი და სახასიათო ქორეოგრაფიული სცენების სიმრავლემ განაპირობა (ქორეოგრაფი - ცისო კობახიძე). სპექტაკლის ზოგიერთი მონაკვეთი მეტისმეტად გახანგრძლივებულია და მოქმედების დრამატურგიულ დაძაბულობასაც ასუსტებს. შესაბამისად, ამბის მთავარი საკითხი იკარგება. მაყურებლის ყურადღებას იქცევს ფერადი სახასიათო ცეკვა-სიმღერა, რომელიც ბოშურ ყოფასა და განწყობას გადმოსცემს, თუმცა, ემოციური აქცენტები და ის ადამიანური ტრაგედია, რომელზეც დუმბაძე ნაწარმოებში ამახვილებს ყურადღებას - სიმძაფრით ვერ აღწევს მაყურებლამდე.
სპექტაკლი სავსეა იუმორით, ემოციითა და განცდებით, რომელიც მაყურებელს ერთდროულად აცინებს, აფიქრებს და ემპათიისაკენ უბიძგებს, თუმცა ლიტერატურული პირველწყარო მეტად მძაფრია, ვიდრე ეს დადგმაში ჩანს. კონტრასტი - სოფლის ნახევარი მოსახლეობა რომ მგლოვიარეა და აქეთ ცეკვა-თამაშობები გაუმართავთ ბოშებს, რომლებმაც იმედის ნაპერწკალი ააგიზგიზეს მგლოვიარე გურულების გულებში - მკვეთრად არ არის წარმოჩენილი. პროზაულ ნაწარმოებში ნათლადაა გამოხატული თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ერთ კეთილ, გამამხნევებელ სიტყვას და როგორ შეუძლია ადამიანის შინაგანი მდგომარეობის შეცვლა.
მიუხედავად ამისა, დადგმის და, საერთოდ, დასის უმნიშვნელოვანეს ღირსებად ანსამბლურობა მიმაჩნია. აღსანიშნავია შემსრულებელთა ერთიანი და შეკრული მოქმედება, რომელიც საერთო სცენურ ამოცანას ემსახურება. ასეთი ერთობლივი შესრულება წარმოდგენას მთლიანობაში განსაკუთრებულ ატმოსფეროსა და ენერგიას ანიჭებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მათი სამსახიობო ოსტატობა, მით უმეტეს, რომ საქმე არაპროფესიონალ მსახიობებთან გვაქვს, თუმცა არ ჩამოუვარდებიან მოქმედ პროფესიონალ შემსრულებლებს თავიანთი გულწრფელობითა და ენთუზიაზმით. „მოდი ნახეს“ დასი ბუნებრივი და უშუალო შესრულებით დუმბაძისეულ იუმორს და პერსონაჟების ადამიანურ ბუნებას მკაცრად ინარჩუნებენ. მრავალრიცხოვანი მსახიობების მონაწილეობა ხშირად არღვევს ერთიანობას, ანსამბლურობას, თუმცა ამ შემთხვევაში ეს პრობლემა დაძლეულია.
საბოლოოდ, რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის სპექტაკლი „ბოშები“ მეტად მხიარული, ცოცხალი და ფერადოვანია, რომელიც იმ ემოციურ მუხტს ინარჩუნებს, რაც დუმბაძისთვისაა
დამახასიათებელი. წარმოდგენა გვაფიქრებინებს ადამიანურ ურთიერთობებზე, თანადგომაზე და იმ ძალაზე, რომელიც ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი ადამიანს მომავლის რწმენას უნარჩუნებს.
[1] ნოდარ დუმბაძე, „ბოშები“