გრჟეგორჟ ბრალის სიმრერები დაპორტრეტები
გრჟეგორჟ ბრალის სიმღერები და პორტრეტები
ლელა ოჩიაური
პირველად 2 წლის წინ ვნახეთ. ვნახეთ და მოვუსმინეთ. და მივიღეთ ერთ-ერთი ძლიერი და ემოციურად დაუვიწყარი შთაბეჭდილება, რომელიც თეატრის, რეჟისორის, მსახიობების შესაძლებლობების გამოყენების ახალ და მოულოდნელად სფეროებს გაცნობს. რომელიც გიჩვენებს, თურმე კიდევ რა შეუძლია თეატრს და როგორ იყენებს ამ საშუალებებს. რომელიც გაგრძნობინებს. განგაცდევინებს. გაღელვებს. იმ მუსიკასავით, რომელიც ოდესღაც და ბევრგან აღელვებდა ადამიანებს, ოდესღაც არსებობდა და დღეს ახალი ჟღერადობა შეიძინა. იმ ცეკვებივით - გრძნობების უკიდურეს დაძაბულობას რომ გამოხატავენ და ნაცნობ ამბავს ახალი ენით გიყვებიან. იმ სიმღერებივით, რომლებიც საუკუნეებია გაისმის მაშინ, როდესაც სამყარო იხლიჩება, ირღვევა და ადამიანები ყველაფერს კარგავენ. მაშინ, როდესაც „მეფე ლირს“ „მეფე ლირის სიმღერებით“ გიამბობენ. როდესაც შექსპირის „მეფე ლირს“ გჟეგოჟ ბრალი და მისი კომპანია „თხის სიმღერა“ წარმოგიდგენს.
შემდეგ აღარც გვჯეროდა, თუ ეს შეხვედრა საქართველოში ოდესმე განმეორდებოდა. ვფიქრობდით, ვიხსენებდით, ჩანაწერებს ვნახულობდით და კვლავ ვიხსენებდით პოლონელებს ვროცლავიდან. და ისინი მოულოდნელად კვლავ ჩამოვიდნენ და კვლავ ახალი სამყარო აღმოგვაჩენინეს. ახლებურად და თავიდან დაგვანახეს ის, რაც ვიცოდით და რაც ბევრჯერ, სხვისი გვენახა. ამჯერად ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღით“ – „ალუბლის ბაღის პორტრეტებით“ - კვლავ გრჟეგორჟ ბრალის განუმეორებელი ვერსიით.
ჩამოვიდნენ მაშინაც და ახლაც თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. არა ერთ სხვა, ღირებულ, მნიშვნელოვან, მსოფლიოში სახელგანთქმულ დასებთან ერთად და მათ შორისაც კი, განსაკუთრებული, თავისთავადი, გრძნობებზე, შეგრძნებებზე (რომლებიც ყველას საერთო და ერთმანეთთან დამაკავშირებელი გვაქვს) აწყობილი სანახაობით დაგვაჯილდოვეს. დაგვაჯილდოვეს იმ უთქმელი და გაუბედავი მოლოდინისთვის, რომელიც, გვეგონა, მხოლოდ ოცნება იყო და აგვიხდა.
„ალუბლის ბაღის პორტრეტები“ (რომელიც ჩეხოვის პიესის მხოლოდ მესამე, ბოლო აქტის - გამოსათხოვარი წვეულების - გრჟეგორჟ ბრალისეული ვარიაციაა), როგორც „ლირის სიმღერები“ 2 წლის წინ, სამეფო უბნის თეატრში წარმოადგინეს. მისი სცენა და დარბაზის სივრცე დამსხვრეული ილუზიების, სასოწარკვეთილი ადამიანების, დაკარგული ბავშვების, უსიყვარულობისა და უფუნქციობის ამსახველ ვოკალურ-პლასტიკურ-მუსიკალურ დრამად იქცა, რომელშიც ყველა თავის პარტიას ასრულებს, ყველა საკუთარ პრობლემებს აზიარებს საერთო გუნდიდან გამოყოფითა და მიკროფონთან განმარტოებოთ. პრობლემებს, რომლებიც თვითონვე შეიქმნეს შეუბრალებელი სამყაროს პირისპირ დგომისას და არაფერი გააკეთეს საკუთარი თავისა თუ სხვა ადამიანის - ილუზორული და სამუდამოდ დაკარგგული ალუბლის ბაღის - გადასარჩენად.
სპექტაკლის შემდეგ გრჟეგორჟ ბრალმა მაყურებელთან შეხვედრა გამართა და ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა და პრობლემა წამოჭრა საუბრისას. ეს საუბარი და მონათხრობი ისეთივე ხარისხისა და მასშტაბის აღმოჩნდა, ისეთივე მრავლისმომცველი და მრავალფეროვანი, როგორც მისი სპექტაკლები, რომლებსაც ერთი და მნიშვნელოვანი მიზანი აქვთ - ააღელვონ ადამიანები და მათში ნამდვილი და არა ყალბი გრძნობები აღძრან. გაახსენონ ის, რომ ოდესღაც ყველაფერი სხვანაირად იყო და ალუბლები ყვაოდნენ. რომ მიწა, რომელზეც საზოგადოება ცხოვრობდა სიცოცხლეს ატარებდა და უგულობისა და განშორებებისგან გვიცავდა. რომ მუსიკა, სიმღერა, ჟესტი, მოძრაობა სიტყვაზე არანაკლებ გამომსახველია და რომ მთავარია არა ფიქრი და ქმედება, არამედ გრძნობა და განცდა, რადგან მხოლოდ გრძნობას შეუძლია იყოს მართალი და ხელჩასაჭიდი მაშინ, როდესაც სხვა ყველაფერი უკვე გამქრალია.
გრჟეგორჟ ბრალთან ინტერვიუ უშუალოდ შემოქმედებით საკითხებზე მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ საუბარმა გეზი ნაწილობრივ იცვალა და არეალიც გაფართოვდა, რითაც რეჟისორის ინტერესების სხვა სფეროებიც, პიროვნული და მოქალაქეობრივი პოზიცია და ადამიანებზე, სამყაროზე, ომსა და მშვიდობაზე მისი ფიქრები და წუხილები გამოიკვეთა. ხელოვანის, რომელიც არა მხოლოდ ფიქრობს და წუხს, არამედ მოქმედებს, დგამს, მოგზაურობს, ხალხს ხვდება, ასწავლის, ფესტივალებს ატარებს, ქველმოქმედებს - ყოველგვარი პათეტიკის გარეშე - კულტურების, ერების, საზოგადოებების სულიერების გადასარჩენად. მისი - ერთი კაცის ხმა, ცარიელ და უგულო სამყაროში ისმის, როგორც პოლიფონიური მუსიკა. როგორც ემოციური და მძაფრად ჟღერადი სიმღერა.
-
როგორ და რის საფუძველზე შეიქმნა კომპანია „თხის სიმღერა“? რა მეთოდით მუშაობს. გუშინდელ შეხვედრაზე ასევე საუბრობდით სხვა აქტივობებზე, რომლებსაც მისდევთ. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მკითხველსაც მოუყევით ამის შესახებ.
-
1996 წელს, მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა ვროცლავში, გროტოვსკის ინსტიტუტში, ვორქშოფების ჩასატარებლად მიგვიწვიეს, 19 ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა გამოუცდელი მსახიობისთვის. იმ წელს გროტოვსკიმ ნება დართო ინსტიტუტს, თავისი მეთოდის მიმდევრებს, რომ მისი თეატრალური ლაბორატორიის სივრცე არტისტებს რეზიდენტურისთვის გამოეყენებინათ. თვითონ გროტოვსკი, იმ პერიოდში, უკვე იტალიაში იყო და ქმნიდა კომპანიას, სადაც 1999 წლამდე, გარდაცვალებამდე მუშაობდა.
ჩვენ 3 თვე ვიმუშავეთ ევრიპიდეს „ბაქჰ ქალებზე“ და გავაკეთეთ რაღაც პრეზენტაციის მსგავსი. იმ წელს დავდგით ჩვენი პირველი სპექტაკლი, რომელსაც „თხის სიმღერა“ ვუწოდეთ. როდესაც წარმოდგენა მზად იყო, ბევრმა გვითხრა - „უნდა გააგრძელოთ. უნდა გააგრძელოთ, როგორც თეატრის ხელმძღვანელმა, რადგან თქვენ უკვე გაქვთ თეატრი“.
თუმცა მანამდე, 1993 წელს შევხვდი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს - ეს იყო ჩემი ტიბეტელი მასწავლებელი. ჩვენ გვქონდა გარკვეული მედიტაციური პრაქტიკა, რომლის დროსაც მეკითხებოდა, რას ვაკეთებდი პირად ცხოვრებაში. ერთხელ ვუამბე, რომ მანამდე ვმუშაობდი თეატრალურ კომპანიაში, მაგრამ მაშინ უკვე გაჩერებული ვიყავი, რომ ვიყავი უმუშევარი და მან მითხრა: „მომავალში შენ შექმნი თეატრს და მე დაგეხმარები“.
ამდენად, 1993 წელს ჩემმა მასწავლებელმა დამიწყო სხვადასხვა რჩევის მოცემა. სხვადასხვა რჩევის, თუ როგორ მემუშავა ადამიანებთან ამ მიმართულებით. რომ ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ თეატრი, არამედ ვარჯიშიც. საინტერესო ვარჯიში და ეს ტრენინგები იყო დასაწყისი, გამეგო, რომ ყველაფერი, ყველაფერი ცხოვრებაში ურთიერთგადაბმულია. არაფერი არსებობს დამოუკიდებლად. რომ ყველაფერი ყოველთვის გადაჯაჭვულია.
თუ თქვენ ცხოვრებას დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ესაა საგნების მუდმივი კავშირის ცვლილება, სადაც არაფერია მუდივი, არაფერია უსასრულო, მაგრამ ყველაფერი უწყვეტად რაღაცას უკავშირდება.
ეს იყო პირველი, რისი პრაქტიკაში გამოყენება და დამუშავება დავიწყე, როგორც ქმედითი გამოცდილების - სცენაზე ყველაფერი დაკავშირებულია - მუსიკა, რიტმი, პლასტიკა, ტექსტი, წარმოსახვა, ენერგია და ა.შ. და ა.შ.
მოკლედ, ჩემთვის ყველაფერი რეალურად დაიწო 1996 წელს, იმ პირველი პროდუქციით და მას შემდეგ, უკვე 20 წელია ვამუშავებ კომპანიას, ვქმნი ახალ წარმოდგენებს... მაგრამ, როგორც იცით, ჩემი საქმიანობა არაა მხოლოდ სპექტაკლები. ჩვენ ასევე ბევრს ვმოგზაურობთ. ზოგჯერ 3-თვიან ტურნეს ვაწყობთ ამერიკში, ლონდონში, კოლუმბიაში... ჩამოვდივართ თბილისში. ვასწავლით ბევრს. ალიშამ (ალიშა ბრალი - გჟეგოჟ ბრალის მეუღლე. პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. ლ.ო.), გახსნა და ხელმძღვანელობს ჩვენ სამსახიობო სკოლას ლონდონში.
ვატარებ ძალიან დიდ ფესტივალს „ბრეივ ფესტივალს“, რომელზეც თავს ვუყრი მარგინალიზებულ და მივიწყებულ კულტურებს მსოფლიოდან. და ვახორციელებ მეორე და ძალიან მნიშვნელოვან პროექტს - „ბრეივ ქიდს“, რომელზეც ასევე ჩამომყავს ნიჭიერი ბავშვები მთელი მსოფლიოდან, რომ ერთად ვიმუშავოთ, დავმეგობრდეთ, ერთად დავდგათ სპექტაკლები. და ასევე ბევრს ვმუშაობთ ქველმოქმედებისთვის - ვეხმარებით უსახლკარო ადამიანებს, ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი მიდის ტიბეტელი ბავშვების განათლების ხელშესაწყობად.
ასე რომ, ჩემი თეატრი და საინიციატივო პირველი იდეა, რომ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, მოდის ჩემი ტიბეტელი მასწავლებლისგან. რის საფუძველზეც უფრო ფართოდ გაიშალა სხვადასხვა ტიპის აქტივობები. აი, ესაა ჩემი საქმიანობის 20 წელი. ახალი პროექტები კი წინ გვაქვს.
-
გუშინ, სპექტაკლის შემდეგ თქვენ ასევე ისაუბრეთ მომაკვდავ, გაქრობის პირას მყოფი ერების, კულტურების გადარჩენის აუცილებლობაზე. ფესტივალი „ბრეივ“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება. არის რეალურად შესაძლებელი და როგორ შეიძლება მომაკვდავი კულტურების გადარჩენა?
-
მე არ ვიცი, როგორ შეიძლება მომაკვდავი კულტურების გადარჩენა, მაგრამ შემიძლია
გითხრათ, როგორ ვხედავ ამას.
კულტურის გადარჩენა დღეს, ვფიქრობ, რთულია, მაგრამ პოეტურად თუ ვიტყვი, ფულის მოხვეჭის დემონი იმდენად დიდია, რომ უმანკოება რეალურად ვერ გადარჩება. ინდუსტრიის, ფულის, ბანკების, არმიის, ძალადობის ძალა იმდენად დიდია, რომ ამ პატარა კულტურებს (და მათი რიცხვი მსოფლიოში ათასობითაა), არა აქვთ გადარჩენის შანსი.
ამ დემონების დასამარცხებლად, სამწუხაროდ, ისაა, რისი გაკეთებაც თითოეულ ჩვენგანს მხოლოდ ინდივიდუალურად შეუძლია. მე ვერ შევებრძოლები საბანკო სისტემას, ვერ შევებრძოლები კორპორაციებს, ვერ შევებრძოლები რუსეთის, ჩინეთისა თუ რომელიმე სხვა ხელისუფლებას, მაგრამ, რაც ძალმიძს, შემიძლია საკუთარ დემონებს ვებრძოლო.
უპირველესად, ვფიქრობ, რომ პატარა კულტურები და გაქრობის პირას მყოფი ერები უნდა გაერთიანდნენ. და დიახ, ესაა, რასაც ვცდილობ „ბრეივ ფესტივალით“ - ადამიანების შეკრებით მათ გადარჩენას. პატარა თემები უნდა გაერთიანდნენ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მაგრამ არა პოლიტიკური, არამედ კულტურების გაერთიანებით. პოლიტიკოსები, სინამდვილეში არ არიან კულტურების გაერთიანებით დაინტერესებული და ამდენად, ისინი გადარჩენას არ უწყობენ ხელს.
ინდოეთის ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა და შექმნა - ხელოვნების მფარველობის დოკუმენტი. ეს კარგი ნაბიჯია და ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს კულტურაზე.
თუმცა, არსებობს ბევრი სხვა კულტურა, მაგალითად, როგორიცაა ტიბეტური - ტიბეტში - ჰიმალაებში - მთავრობა მას არ იცავს. არ იცავს ტიბეტურ ტრადიციებს.
არის სხვა ქვეყნებიც, სადაც ხელისუფლება არ მფარველობს ტრადიციებს, კულტურას. პოლონეთის ჩათვლით. პოლონეთს ათასობოთ ტრადიცია აქვს, რომლებიც მეც მახსოვს, რომლებიც ჩემ ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ არსებობდა და ახლა მათგან აღარაფერია შემორჩენილი.
ტრადიციები იკარგება და ჩვენც ვკარგავთ ჩვენ წეს-ჩვეულებებს, იდენტურობას. ჩვენი იდენტურება ევროგაერთიანებად იქცა და იქცა ბაზრობად. ევროკავშირი დიდი ბაზრობაა. ვხედავ, რომ ქართველ ხალხს ევროგაერთიანებაში უნდა შესვლა და მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენც ბაზრობად იქცევით და თქვენი თავისთავადობა გაქრება. ევროკავშირი ესაა ფული და არა, ვთქვათ, თქვენი საკვები. მე და ალიშა ბევრს ვმოგზაურობთ მსოფლიოში და მხოლოდ თქვენ გაქვთ კარგი პროდუქტები. მხოლოდ საქართველოში გავსინჯეთ ნამდვილი პომიდორი, ნამდვილი ხილი, ნამდვილი რძე, ნამდვილი ქლიავი. ჩვენ ნამყოფები ვართ მსოფლიოს ყველა დიდ დედაქალაქში და ნამდვილი საჭმელი არსად გვინახავს. და გაფრთხილებთ, თუ თქვენ ევროკავშირის წევრი გახდებით, საკუთარ თავს დაკარგავთ.
ეკონომიკურად შეიძლება გქონდეთ შენობები, გზები, მეტი ფული კულტურისთვის, მაგრამ თავისთავადობა აღარ გექნებათ. მე გპირდებით. ესაა, რაც მოხდა ყველა ევროპულ ქვეყანაში. ვიცი, ჩემი არ გჯერათ, მაგრამ ჩვენ ეს გავიარეთ პოლონეთში და ვხედავ - ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი ფინანსები, მაგრამ მეტად ნაკლები სულიერება.
რამდენი ხანი შეიძლება აიღო სისხლი ჩემი სხეულიდან, სანამ მოვკვდები? რამდენი ხანი შეიძლება ამოიღო ნავთობი, მინარალები ან ნებისმიერი წიაღისეული, სანამ დედამიწა ცოცხალია? გუშინ წავიკითხე ინტერნეტში, რომ ფუტკრები ნადგურდებიან. იცით, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ აღარ იქნებიან ფუტკრები და აღარ იქნება ვაშლი, ატამი, ალუბალი, ყვავილები, ხეები - აღარაფერი, თუ ჩვენ ფუტკრებს დავკარგავთ. აი, ესაა ევროკავშირი.
რამდენ ხანს იცოცხლებთ, თუ ღვიძლს ამოგაცლიან? გულს ამოგგლეჯენ სხეულიდან? ეს ერთი და იგივეა.
კულტურები, მცირე ერები, ადამიანები შეიძლება მხოლოდ მაშინ გადარჩნენ, თუ გაერთიანდებიან. და შექმნიან სამყაროს, რომელიც მათ ყველას დაიცავს. და ასე ხელჩაჭიდებულები იტყვიან - ჩვენ დაცვა გვჭირდება, რადგან ჩვენი ფასეულობები უხილავია, მაგრამ აქვს სული, თქვენი კი ხილული, მაგრამ სული არა აქვს. რა არის უფრო მნიშვნელოვანო - ფული, რომელსაც ხედავ, თუ - თანადგომა, რომელსაც გრძნობ?
და მე ვფიქრობ, რომ სამყაროს მეტი თანაგრძნობა სჭირდება, ჩვენ, ყველას გვჭირდება მეტი თანაგრძნობა. არ გვჭირდება მეტი ფული. ჩვენ გვაქვს მეტი ფული და ნაკლები - სულიერება.
მეორე საკითხია - კულტურის მფარველობას ხმა უნდა მისცენ - ჟურნალისტებმა, პრომოუტერებმა, აგენტებმა, თეატრებმა, შემოქმედებმა, ფესტივალებმა. ადამიანებს უნდა მისცენ ხმის უფლება. უნდა მისცენ უფლება - ილაპარაკონ, უფლება უნდა მისცენ - იმღერონ, იცეკვონ, დაუკრან, აჩვენონ საკუთარი რიტუალები, მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებით. ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს განათლება, მიიღოს ცოდნა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენ ბავშვებს, რომ ტრადიციები გააგრძელონ.
თქვენ აკეთებთ ამას საქართველოში. თქვენი ბავშვები! მე ვნახე გუშინ ბავშვები, რომლებიც უკრავენ, ცეკვავენ, მღერიან - მსოფლიოს მომავლისთვის. მართლა!
-
რა მიზნით ნახეთ ეს ბავშვები?
-
ვფიქრობ, მესამე ელემენტია - ბავშვების განათლება, კულტურის მფარველობა და ხელშეწყობა. თუ ბავშვები შეინარჩენებენ კულტურას, ეს ჩვენთვის პატარა იმედი იქნება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ბავშვები შეხვდნენ სხვა ბავშვებს, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანები ტოლერანტულები უნდა იყვნენ. არ ვიცი, როგორ! ძალიან ზრდასრულთათვის რთულია იყვნენ შემწყნარებლები. ბავშვებისთვის ეს არაფერია. ბავშვები ბუნებრივად ტოლერანტულები არიან.
ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ბავშვები, ჩვენ უნდა შევცვალოთ უფროსები. მაგრამ ეს შეუძლებელია. ვერავინ შემცვლის მე, მე ვერ შეგცვლით თქვენ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბავშვებს ნება დავრთოთ, ითამაშონ სხვა კულტურების ბავშვებთან, იმეგობრონ, რადგან მათ ბუნებრივად შეუძლიათ შეცვალონ ერთმანეთი, მათ ბუნებრივად შეუძლიათ იყვნენ ტოლერანტულები. ისინი ნამდვილად ქმნიან ღიაობას და ა.შ.
ჩვენ შეგვიძლია გავუკეთოთ ბავშვებს კარგი ზურგი, კარგი საფუძველი. რაც მათ შეუძლიათ, უფროსებს არ შეუძლიათ. რომ შეეძლოთ, მსოფლიო უფრო მშვიდობიანი იქნებოდა.
გუშინ ბავშვების ჯგუფმა სცენაზე, პატარა ინტერვიუ მოგვცა. და მე ვკითხე, რას ფიქრობენ, რა არის მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. და ერთმა გოგომ მიპასუხა, რამაც ძალიან გამაოცა და გამაბედნიერა - „ჩვენ შევხვდით, რომ ერმანეთის ვირწმუნოთ, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება, რადგან ერთმანეთის რწმენა დავკარგეთ. როდესაც დედაჩემი მეუბნება, რომ ყველას ნუ ვენდობი, ჩვენ ვკარგავთ ერთმანეთის რწმენას - მაგრამ, რა ვქნა, როდესაც მინდა, რომ ერთმანეთის, ყველასი გვჯეროდეს?!“
რა მტკივნეულია, როდესაც ბავშვები ამბობენ, რომ მათ არ ჯერათ უფროსების. რა შემაშფოთებელია, როდესაც ბავშვები გრძნობენ, რომ ჩვენი იმედი არა აქვთ!!! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით კონფლიქტს იმას შორის, რასაც ვეუბნებით და იმას, რასაც ვაკეთებთ. და ბავშვები ამას ხედავენ!
და ბედნიერი ვიყავი, როდესაც იმ გოგონამ თქვა, რომ უნდა ყველასი სჯეროდეს, რომ არ უნდა აირჩიოს, ვისი სჯეროდეს და ვისი - არა, რადგან არ იცის, როგორ გააკეთოს არჩევანი. საიდან უნდა იცოდეს - მე უნდა დამიჯეროს თუ შენ? დამიჯეროს, თუ არ დამიჯეროს! ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვებს უფლება ერთმანეთის სწამდეთ, რადგან ჩვენ აღარ გვენდობიან.
- სპექტაკლებში, რომლებიც თბილისში ჩამოიტანეთ, იყენებთ ბევრ სიმღერას, მუსიკას, ცეკვას, პლასტიკას და სიტყვას - დიალოგს თითქმის არა. საერთოდ ესაა, როგორც ვიცი, თქვენი თეატრი. და სიმღერა, ცეკვა, ჟესტი, მუსიკა არანაკლებ მძაფრად და ექსპრესიულად გამოხატავს ამბავსაც, სათქმელსაც, ხასიათსაც. რა არის ამ მეთოდის, ასეთი ფორმის საფუძველი? როგორია თქვენი თეატრის კონცეფცია?
- მუშაობის ჩემი გზა მომდინარეობს იმის გაგებიდან, რომ ადამიანები ცხოვრებაში უამრავ სიტყვას იყენებენ, რაც არაფერს ნიშნავს. სიტყვა სამყაროში არის მხოლოდ სხვებთან საუბრის საშუალება და არა მოსმენის. ჩვენ დავკარგეთ მოსმენის ჩვევა. როდესაც ვამბობ - დავკარგეთ, ვგულისხმობ, რომ ყველამ და მე ვაანალიზებ ამას.
მაგალითს გეტყვით. მოვისმინე ინტერვიუ, რომელშიც პერუელი თანამდებობის პირი ქალი (მოხუცი იყო, ალბათ 80-ის) ამბობდა - „მე მახსოვს, როგორ ელაპარაკებოდნენ ხეები ერთმანეთს, როგორ გველაპარაკებოდნენ მდინარეები. ბალახი სიტყვების ენერგიით გამოხატავდა თავის გრძნობებს. მე მახსოვს ეს დღეები. მაგრამ შემდეგმ, რაც თვითმფრინავება და სხვა ტექნიკამ ბუნების მოწამვლა დაიწყეს, ხეები დადუმდნენ“.
ფილოსოფიაში ცნობილია, რომ რაღაც ხნის შემდეგ ენა ზიანდება. და რას ნიშნავს ენის დაზიანება? იმას, რომ სიტყვების ენერგია უარყოფით ძალად გარდაიქმნება.
მაგალითად, პოლიტიკოსები - ისინი იყენებენ ლამაზ სიტყვებს, ცუდი მიზნებისთვის. მათ აქვთ მიზნები, ბიზნესი, დღის წესრიგი, რომლითაც პერსონალურად იბრძვიან ძალაუფლებისათვის და იყენებენ ენას, რომელიც გვესმის, მაგრამ ეს ენა არ ნიშნავს, რასაც ფიქრობენ. ასე რომ, ესაა კორუმპირებული სამყარო, რომლის ენა კორუმპირებულია.
დიდებულმა კინორეჟისორმა, პიერ-პაოლო პაზოლინიმ დაწერა რამდენიმე ესსე, თუ როგორ იქცა იტალიური ენა მთლიანად კორუმპირებულად.
ძველ საბერძნეთში ენა იყო იმის გამოხატულება, რასაც ადამიანები ფიქრობდნენ. არ არსებობდა განსხვავება, რასაც ამბობდნენ და რა სიტყვებს იყენებდნენ. თუ იტყოდნენ - მომწონხარ, ეს ყველასთვის ერთი და იგივეს ნიშნავდა. ჩვენ დროში, როდესაც გეუბნებით - მომწონხარ! - გეუბნებით იმიტომ, რომ ბიზნესი მაქვს.
როდესაც შედიხარ მაღაზიაში ლონდონში, ყველა გიღიმის. მაგრამ ეს ღიმილი არაა -მარკეტიგია. ესაა გზა, რომ უკეთ გაყიდო მეტი პროდუქტი. მაშინ, როდესაც უბრალო ღიმილის არ გჯერა. შენ გაშლილი ხელებით გხვდებიან, მაგრამ ეს არაა გაშლილი ხელებით ნამდვილი შეხვედრა. მარკეტინგია. შემიძლია მილიონი სხვა მაგალითი მოგიყვანოთ, რომ, რასაც ადამიანები ამბობენ, რასაც ადამიანები აკეთებენ - არ ნიშნავს იმას, რასაც ფიქრობენ. ასე არაა?
-
სამწუხაროდ, ასეა. მაგრამ ესეც ხომ ცხოვრებისეული, დღევანდელი რეალობაა, რომელსაც ვერსად დავემალებით.
-
სწორედ ამიტომ ვიყენებ მუსიკას, რადგამ მუსიკა გამორიცხავს ფიქრს. მე მინდა ადამიანებს ისეთი ვითარება შევუქმნა, რომ მათ კიდევ ერთხელ რაღაც იგრძნონ. იგრძნონ! როდესაც ტექსტს ვიყენებ, ადამიანები იწყებენ ფიქრს. და ანალიზს. ეს მკვდარია. რადგან, როდესაც თქვენ რაღაცას უსმენთ, უსმენთ სიტყვებს, თქვენ ისმენთ ფიქრებს. თქვენ ისმენთ ჩემ სიტყვებს და ისმენთ საკუთარ მონოლოგს, რომელიც დიალოგს იწყებს ჩემს ტექსტთან. როდესაც თქვენ რაღაცას ამბობთ, მე ვიწყებ ფიქრს, რა თქვით და ჩემი პასუხები დუმან.
მე ვკითხე ჩემ ტიბეტელ მასწავლებელს - როდის ვკარგავთ გრძნობით აღქმის უნარს? მან მითხრა, შეიძლება, 3, შეიძლება 4 წლის ასაკში. შემდეგ საზოგადოება, მასწავლებლები, ბიზნესის მოტივაციები და ა.შ. ასწავლიან, როგორ შეიძლება მოიგო რაღაცეები ცხოვრებაში.
ასე რომ, კიდევ ერთი. მე ვაკეთებ მუსიკას, რადგან ეს არაა მხოლოდ მუსიკა. ეს პოლიფონიაა, რომელიც, თქვენ იცით საქართველოში, რომ ადამიანებს აერთიანებს. სიტყვების გარეშე. ვფიქრობ, ნამდვილი სიტყვები დღეს ერთად სიმღერაა. ვერ ვხედავ სხვა ნამდვილ, მართალ სიტყვებს, ერთად სიმღერის გარდა. როდესაც ადამიანები ტრადიციული კულტურებიდან ერთად მღერიან და მე მჯერა, მწამს - მღერიან და ივიწყებენ, ვინ არიან, რას წარმოადგენენ. და მეორე - როგორც იცით, მუსიკა ისაა, რაც ემოციებს, გრძნობებს გამოხატავს და არა სიტყვები. გრძნობებსა და შეგრძნებებს.
- და ესაა თქვენი მიზანი?
- მე მინდა, რომ ჩემმა თეატრმა ადამიანებს გრძნობები და შეგრძნებები მოუტანოს. მე მინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წარმოსახვა. ხშირად, ჩემი სპექტაკლების შემდეგ მეუბნებიან - ვერაფერი გავიგეო და მე ბედნიერი ვარ. მე არ მინდა, რომ გაიგოთ. თუ თქვენ ძალიან, ძალიან, ძალიან განათლებული ხართ (მაგალითად, ალიშა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, უამრავ მეტატექსტს კითხულობს, კარგია, მაგრამ ეს არაა ადამიანებისთვის აუცილებელი) შეიძლება სხვაზე უკეთ იფიქროთ ნანახზე, მაგრამ მე მინდა, რასაც ადამიანები ნახავენ და მოუსმენენ, იგრძნონ, გულზე შეეხოთ და ამოძრავდნენ. ზოგჯერ ისინი გაოცებულები არიან, რომ რაღაც იგრძნეს.
ჩემმა ავსტრალიელმა (სხვა, დაპყრობილი ქვეყნიდან) სტუდენტმა ერთხელ, ერთი წლის სწავლის შემდეგ, მითხრა - დიდი მადლობა იმისთვის, რომ მაგრძნობინეთ, რომ მე რაღაც მაქვს ცხოვრებაშიო.
ადამიანები ივიწყებენ, რომ ჩვენ გვაქვს გრძნობები და რომ ამ თვისებას, სამწუხაროდ, უფრო და უფრო ვკარგავთ.
მე ჩემი ფეისბუქის მეგობრებიდან ზოგი არც კი მინახავს, წარმოდგება არა მაქვს, ვინ არიან და მაშინ, რატომ გვქვია მეგობრები? ჩვენ ნომრები ვართ - მეათე, მეასე, მეათასე, და ამასობაში ჩვენ ვკარგავთ კავშირს საკუთარ გულთან, ჩვენ შინაგან კავშირებს ერთმანეთთან, ემპათიას.
და მე ვიყენებ მუსიკას იმიტომ, რომ მჯერა, მსოფლიოში ესაა ხერხი და საშუალება იპოვო გრძნობები და შეგრძნებები. განიცადო.
არა მარტო მუსიკა. თქვენ იცით, რომ ნამდვილი, ტრადიციული, ნაციონალური მუსიკა თქვენი სულიერების, სულიერი ცხოვრების ნაწილია. როკი, პოპი, სხვა ამგვარი მუსიკა არაა თქვენი სულიერი ცხოვრების ნაწილი. ესაა მუსიკა, იმისთვის, რომ იშოვო ფული და დიდება.
საქართველოში, როდესაც ერთმანეთს სიმღერისთვის ხვდებით, ამას ფულისა და დიდებისთვის აკეთებთ? არა! ამას აკეთებთ იმიტომ, რომ გინდათ შეხვდეთ მეგობრებს, რომ ერთად იმღეროთ. როდესაც რომელიმე თქვენგანი სცენაზე მიდის სამღერად, ის კარგავს კავშირს ხალხთან. და მართალი არაა, რომ ხალხთან ახლოვდება. იშვიათი გამონაკლისის გარდა. ყველა, ვინც სცენაზე გამოსაჩენად დგება, კლავს ნამდვილ კულტურას.
-
„ალუბლის ბაღის პორტრეტებში“ ფირსი - ჩეხოვის პიესის ყველაზე დაჩაგრული და „უფუნქციო“ პერსონაჟი, რომლის ბედიც არავის აწუხებს, რომელიც ვერაფერს აკეთებს და საერთო ამბავში მეორეხრისხოვანია, თქვენ სპექტაკლში - მთავარ როლშია - მართალია ტექსტი არა აქვს, უშუალოდ არაა ჩაბმული მოვლენების განვითარებში, მაგრამ ყველა პროცესს უძღვება, მართავს. მსახიობი-მუსიკოსი, რომელიც ფირსს ასახიერებს და ჩვენ ამას მხოლოდ დანარჩენების მიმართვიდან ვიდებთ, როიალზე უკრავს და მუსიკალურ და აზრობრივ დრამატურგიას განსაზღვარავს.
- თქვენ იცით, რომ „ალუბლის ბაღის“ ბოლოს, ფირსი სახლში რჩება. ის სულია. მხოლოდ ის ეკუთვნის ამ ადგილს. სხვა მომავალი არ აქვს იქ დარჩენის გარდა. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი. იგი ადგილის არსია. ისევე, როგორც მუსიკაა ერის არსი, რომელიც არსებობს და გრძელდება საუკუნეების განმავლობში, თავს ინარჩუნებს. ის ალკოჰოლივითაა. სურნელია.
ყველა შეიცვლება. ლოპახინიც კი წავა. ფირსი კი დარჩება. ვიმეორებ, ის სახლის, პიესის სულია. ადგილის სული. სიყვარულის სული. და ვიღაც მუდამ ინარჩუნებს, იცავს ამ სულს. ეს, როგორც წესი, ყოველთვის ერთი ადამიანია, ზოგჯერ 2 (და არა მთელი ერი), ვინც კულტურას - სულიერებას იცავს.
ყოველთვის მახსოვს, რომ ძველი კავშირების საპოვნელად არასდროს მივალ ახალგაზრდებთან. მივალ მხოლოდ მოხუცებთან და ბავშვებთან. რადგან სწორედ ისინი ინახავენ ტრადიციებს. მოხუც ხალხს აქვს დროს სხვადასხვა შეგრძნება და განსხვავებული მიზეზი, რომ იყოს პლანეტა დედამიწაზე და ესაა ფირსი.
-
ვინაა ლოპახინი? თქვენი ლოპახინი?
-
ლოპახინი ცხოველია. ლოპახინი, ყოველი ჩვენგანია, რომელიც უარყოფს წარსულს, უარყოფს სულიერებას. მიწას - რომელიც ფირსია. მაგრამ ჩეხოვთან ლოპახინი, რა თქმა უნდა, მართალია, რადგან მონა იყო და რა თქმა უნდა, ცვლილებები უნდა. რადგან მას ჯერა სამართლიანობის და ვიღაცისთვის ლოპახინი ისაა, ვინც ვითარდება, ვინც იზრდება. მას არა აქვს განათლება, არა აქვს ნამდვილი კავშირები საზოგადოებასთან და ამიტომ საკუთარ ღმერთს ირჩევს. მისი საკუთარი ღმერთი კი ფულია. ლოპახინი ერთდროულად მტყუანიცაა და მართალიც. მართალი, რადგან იზრდება, „ვიღაცად“ იქცევა, საკუთარი თავისთვის კარგ ვიღაცად და ამავე დროს, ეს მისი უდიდესი ტრაგედიაა - თუ შენ ცდილობ ებრძოლო სისტემას, თვითონ იქცევი სისტემად. როგორც ჰამლეტი. ჰამლეტი ცდილობს ებრძოლოს სისტემას. ამიტომ თვითონაც სისტემად ქცევით და ის კვდება.
ძალიან ხშირად, რაც გვაგიჟებს, ჭკუას გვაკარგვინებს, ჩვენ ვიყენებთ წამლად, რომ არ შევიშალოთ. და ეს ნამდვილი სიგიჟეა. როგორც პროფესორი ლემანი, ძალიან ცნობილი გერმანელი ექიმი, ამბობდა - პრობლემის დასაძლევად ჩვენ მეტ პრობლემებს ვიგონებთ. აი, ესაა ლოპახინი. პრობლემების მოსაგვარებლად ის მეტ პრობლემებს აძლევს ბიძგს, რადგან პიესის ეკონომიკური არსი არის ვალი. რანევსკაიას უამრავი ვალი აქვს და იმისთვის, რომ დაძლიოს პრობლემები, პერსონაჟები სამუშაოდ კი არ მიდიან, არამედ ყიდიან და ქმნიან ვალებისთვის მეტ პირობას. ეს სიგიჟეა. მე იმიტომ მიყვარს ჩეხოვის ეს პიესა, რომ გიჩვენებს, რომ შეშლილობას შეშლილობით შეიძლება მოერიო. ეს კი შეუძლებელია. სრულიად შეუძლებელი. რაც შესაძლებელია - ისაა, რომ დაიწყო მუშაობა, ხალხთან ურთიერთობით, გაზიარებით, არა ექსპლუატაციის, არამედ მათთან თანამშრომლობის გზით.
ამ პიესის მთავარი პრობლემაა, რომ ყველა მხოლოდ საკუთარ თავს ელაპაკება. ყველა. ამიტომაც დავარქვით ჩვენ სპექტაკლს „ალუბლის ბაღის პორტრეტები“. ყოველი მათგანი გამიჯნულია დანარჩენებისგან - და საუბრობს მიკროფონში, რომ 3 წუთი დაგველაპარაკოს და თავისი გრძნობები გაგვიზიაროს. მხოლოდ თავისი.
ამ პიესაში ყველა ძალიან ეგოისტია. მათ უნდათ გადარჩნენ, რაღაც აქვთ საკუთარი და ყველა თავისებურად შეშლილია. ჩეხოვი გენიოსი იყო სამყარის აღწერაში. ჩემი შეგრძნებაც იგივეა - რომ ჩვენ ვქმნით გიჟურ სისტემებს, რომ დავამარცხოთ სხვა გიჟური სისტემა. რეალობაში კი ეს, არა, არ არსებობს.
-
ბარემ აქვე გკითხავთ - ვინ ხართ თქვენ?
-
მახსოვს, 2005-ში ჩვენ ლონდონში წარვადგინეთ სპექტაკლი - „გილგამეშის ამბავი“ - კიდევ ერთი ისტორია დანაკარგებზე. წარმოდგენის შემდეგ ჩემთან მოხუცი კაცი მოვიდა, 90-ის იქნებოდა და მითხრა - მე ვარ ფსიქოლოგი, ვნახე თქვენი სპექტაკლი და ეს სპექტაკლი არაა. ეს დიაგნოზია.
მე არ ვირჩევ პიესებს დასადგმელად. მე ვირჩევ ტექსტებს, რომლებიც ასახავენ რეალობის ჩემ დიაგნოზებს.
-
თქვენი ბოლო პროექტის შესახებაც მიამბეთ. შესაძლებელია თუ არა მისი საქართველოსი განხორციელება? ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს. ჩვენთვის დიდი პატივი და მიღწევა იქნება.
-
ეს ყველაფერი ეკა მაზმიშვილზეა დამოკიდებული. თუ კეთილს ინებებს და თუ ფულს იშოვის.
ჯერ მინდა გითხრათ, რომ მიყვარს საქართველოში ჩამოსვლა. მართლა მიყვარს ეს ადგილი. მიყვარს ხალხი. მიყვარს ყველაფერი. ის მაგონებს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს. ნამდვილად. საქართველო ჩემთვის და ჩემი მეუღლე ალიშასთვის ძალიან ახლობელია. მე ვხედავ, ხალხი როგორია! ისინი ისინი არიან, რაც არიან! არ არიან ცრუპენტელები და მატუარები, როგორც დასავლეთში. და თქვენ გაქვთ განსხვავებული ჰაერი. ევროპა დაფარულია ათასნაირი გამონაბოლქვით. ყველგან. თქვენთან სუნთქვა შეიძლება. ამიტომ არ გინდათ ევროკავშირი. თქვენც იგივე გელოდებათ.
ახლა 2 პროექტზე ვმუშაობ. ერთია - „ჰამლეტი“ და მეორე - „ქარიშხალი“. მხოლოდ პირველზე გეტყვით. „ჰამლეტზე“ წელს ვიმუშავეთ. პრემიერაც გვქონდა, მაგრამ პრემიერის დროს ძალიან უბედური ვიყავი, იმიტომ, რომ მუსიკა შევუკვეთე ძალიან კარგ კომპოზიტორს - ის წერს კლასიკურ მუსიკას ორკესტრისთვის და არასოდეს დაუწერია ქორალი, პოლიფონია. რაც გააკეთა, კარგი იყო, მაგრამ მე არ შემეხო. ის არ იყო, რაც მჭირდებოდა.
ახლა მთელი მუსიკა უნდა შევცვალო. მივწერე ჩემ კორისკელ მეგობარს, კომპოზიტორს, კორსიკული ტრადიციული სიმღერების შემსრულებელს. მან ბევრი იცის ქართული მუსიკალური ფოლკლორის შეახებ და ვთხოვე, გაეკეთებინა მიქსი - ტრადიციული კორსიკულისა და ქართულის ნაზავით.
არ ვიცი, რა იქნება. ალბათ ისევ ბევრს ვიმღერებთ და ძალიან მინდა, საქართველოში ჩამოვიყვანო ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომ ვიაროთ მთებში, სოფლებში, ვეძიოთ, შევხვდებით მომღერალ ადამიანებს. ვნახავთ, როგორ მღერიან, რას გრძნობენ, როგორ გამოყურებიან, როგორ ჭამენ და ეს მოგვცემს იმპულსს, როგორც ყოველთვის, ჩვენი პროდუქციის შექმნის დროს.
ბოლოს, რაც მინდა ვთქვა - „ჰამლეტი“ ავიღე იმიტომ, რომ ის ისევ პოლიტიკური მანიპულაციების თეატრია და მინდა გამოვიყენო იმისთვის, რომ გავიგოთ - შეგვიძლია თუ არა თავი დავიცვათ პოლიტიკური უაზრობისგან, რომელშიც ვცხოვრობთ? შეგვიძლია მოვკვდეთ, როგორც ჰამლეტი და ჩვენი ღირსება შევინარჩუნოთ? და თუ ჩვენი ღირსება უკვე მკვდარია და პოლიტიკოსები კი თავისას აგრძელებენ, არის თუ არა სხვა გზა დავეხმაროთ საზოგადობას, იცხოვროს მშვიდობიანად, ჰარმონიულად, მაშინ, როდესაც ახალი და ახალი ომი ახალ მსხვერპლს იწვევს?
რაც სირიაში ხდება - ეს ბიბლიური აპოკალიფსია. როდესაც 1 მილიონი ადამიანი სასიკვდილოდაა განწირული, როდესაც 1 მილიონი ადამიანი მშვიდობიან ცხოვრებას ეძებს, შეიძლება ზოგი მათგანი ჯარისკაცია, შეგზავნილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, 99 პროცენტი ისინი არიან, რომლებიც გაურბიან ძალადობასა და სიკვდილს.
კოლუმბიაში სასაცილო ამბავი გადაგვხდა - „ლირის სიმღერებით“ ვიყავით ჩასული. იქ 35 წელი გრძელდებოდა ომი და მე, სპექტაკლის დაწყებამდე გამოვედი და ვთქვი, რომ წარმოდგენას ვუძღვნით მშვიდობას კოლუმბიაში, რომ მხოლოდ მშვიდობას შეუძლია გადაარჩინოს საზოგადოება და რომ ომი გამოსავალი არასოდეს არ არის.
საოცარი აპლოდისენტები იყო და მივხდით, რომ ყველას უნდა მშვიდობა. ცოტა ხნის შემდეგ გაზეთში წავიკითხე და ტელევიზიითაც ვნახე, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კოლუმბიამ პირველად, ამდენი ხნის განმავლობაში, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. და კაცი, რომელიც იყო პარტიზანი და ტერორისტი, დემოკრატიული პარლამენტის დეპუტატი გახდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი!!!
ჩვენი თეატრი მუშაობს - და „ჰამლეტით“ მინდა ვთქვა - რომ ომი ყველაზე საშინელებაა, რაც არსებობს, ჩვენ ადამიანები ვართ, გვაქვს ვალდებულებები და რომ ომი უდიდესი დანაშაულია, უდიდესი დანაშაული, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ!