top of page

ბრმა ძაღლების ხროვად ქცეული საზოგადოება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

449948360_906429138190789_2017863667088239494_n.jpg

მაკა (მარინე) ვასაძე

ბრმა ძაღლების ხროვად ქცეული საზოგადოება

სახელგანთქმული ლიტერატორი, მეცნიერი, ქართული ლიტერატურის მკვლევარი, წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ყველა ახალგაზრდისთვის უსაყვარლესი ლექტორი და მეგობარი, ვაჟას შემოქმედების ძირეულად და ახლებურად შემსწავლელი, უნივერსიტეტში ვაჟას კაბინეტის დამაარსებელი გრიგოლ კიკნაძე, დავით კლდიაშვილის შესახებ სამეცნიერო ნაშრომში წერდა: „დავით კლდიაშვილის ამ ნაწარმოებთა მოქმედი პირების ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება ასე თუ ისე მაღალ იდეალებს, საზოგადოებრივი საკითხებით დაინტერესებას - ყოველი მისი გმირი თავისი ყოველდღიური ცხოვრების ვიწრო ნაჭუჭშია მოქცეული და უკვე აღარავითარ საზოგადოებრივ ძალას აღარ წარმოადგენს. და, საგულისხმოა, რომ ასეთი ადამიანები (თუ ოჯახები) ერთეულებს კი არ წარმოადგენენ, არამედ მოსახლეობის გარკვეულ ფენას, რომლის სმენაც სავსებით დახშულია საზოგადოებრივი ხმისათვის“.[1]

დავით კლდიაშვილის დრამატურგიასა თუ პროზაული ნაწარმოებების ინსცენირება-ინტერპრეტაციები (მათი დაწერის თუ გამოქვეყნების დღიდან მოყოლებული) ქართულ სცენაზე ყველაზე ხშირად იდგმება. წლიდან წლამდე თეატრალური სეზონი ისე არ ჩაივლის, რომ დავით კლდიაშვილი არ დადგმულიყო რომელიმე თეატრში. გამოჩენილი  რეჟისორების საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლების ჩამონათვალშიც აუცილებლად გაიჟღერებს კლდიაშვილის მიხედვით შექმნილი წარმოდგენა. მაგალითად, რობერტ სტურუას და თემურ ჩხეიძის „სამანიშვილის დედინაცვალი“, მიხეილ თუმანიშვილის „ბაკულას ღორები“, შალვა გაწერელიას „ირინეს ბედნიერება“, რობერტ სტურუას და ზაზა პაპუაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, გოგი (გიორგი) მარგველაშვილის „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“, ლევან წულაძის „ბაკულას ღორები“  და სხვა. კლდიაშვილის ნაწარმოებებში არსებული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემატიკა ყველა დროში აქტუალური და მნიშვნელოვანია, ტრაგი-კომიკური პერსონაჟები და ტიპაჟები კი იმდენად „ცოცხლად“ ჰყავს ავტორს შექმნილ-გამოძერწილი, რომ მსახიობები მათ  ხორცსავსე სცენურ პერსონაჟებად გარდაქმნიან ხოლმე. ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჩალაძემაც, ალბათ, სწორედ ამ მუდამ თანადროულობის, მუდამ აქტუალობის, ცოცხალი, ქმედითი პერსონაჟების არსებობის გამო გადაწყვიტა, მოზარდმაყურებელთა თეატრში „ბრმა ძაღლების“ განხორციელება, ერთმოქმედებიანი დრამატურგიული სურათის - „უბედურების“ მიხედვით. გიორგი ჩალაძე იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც შესაძლოა ხშირად არ დგამენ, მაგრამ მუშაობენ სკრუპულოზურად, დაწყებული დრამატურგიული ნაწარმოების შერჩევით, პიესის ტექსტის სასცენო ტექსტად გადაკეთებით, მხატვართან, კომპოზიტორთან თუ მუსიკალურ გამფორმებელთან, ტექნიკურ პერსონალთან და, რაც მთავარია, მსახიობებთან მუშაობით გაგრძელებული.

სპექტაკლზე მსჯელობა კი, გროგოლ კიკნაძის სტატიიდან ამონარიდით დავიწყე, ვინაიდან გიორგი ჩალაძის კონცეფცია, სწორედ გათითოებული, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი, მხოლოდ პირადი ინტერესებით მცხოვრები, სმენადახშული, დაბრმავებული, გაბოროტებული, ძაღლების ხროვად ქცეული - ადამიანების წარმოჩენაა. ადამიანების, რომლებთანაც ეგრეთ წოდებული მაღალ იდეალებზე საუბარი, საზოგადოებრივზე ფიქრი თუ ზრუნვა ცარიელ სიტყვებად რჩება. ჩვენ საზოგადოებად აღარ ვიწოდებით, რადგანაც ჩვენ, „გადმოგდებული ძვლის“ დასაუფლებლად მყეფარე და მოჩხუბარი ძაღლების მსგავსნი გავხდით (ყველას გვინახავს ქუჩის ძაღლები სხვა ტერიტორიიდან მოსულ თანამოძმეებს როგორ აგდებენ, რიყავენ).

დრამატურგიული ნაწარმოების ინტერპრეტირებისას, კლდიაშვილისეული ტექსტის სასცენო ტექსტად გარდაქმნის პროცესში, რეჟისორი ავტორისეული იდეის, მინიშნებების ერთგული დარჩა; მიუხედავად იმისა, რომ ერთ სურათად დაწერილი, შეიძლება ითქვას დაუმთავრებელი პიესა, არ ითვლება კლდიაშვილის საუკეთესო დრამატურგიულ ნაწარმოებად. ჩალაძის სპექტაკლის ნახვის შემდეგ, სხვა თვალით შევხედე, სხვაგვარად შევაფასე „უბედურება“. რეჟისორმა ტექსტი დაამონტაჟა, ჩართო მასში ფრაზები, როგორც კლდიაშვილის სხვა ნაწარმოებებიდან, ასევე საკუთარი, გადააადგილა აქცენტები, ზოგიერთი პერსონაჟი ამოაგდო (ნატალია, ვასილა, პატარა ბიჭი) და შედეგად მაყურებელს შესთავაზა ძალიან, საინტერესო, თანამედროვეობის ამსახველი და თანამედროვე პრობლემებით დატვირთული წარმოდგენა.

სოფლის მაცხოვრებლები ყანას კი არ თოხნიან, არამედ მშენებლობაზე მუშაობით ირჩენენ თავს. ოჯახის მარჩენალი, ჯანმრთელობაშერყეული ანტონაც, რომელიც რეჟისორმა უსულო მანეკენად აქცია, სწორედ მშენებლობაზე ხდება ცუდად და მომაკვდავს მოიყვანენ სახლში. სპექტაკლის სახელწოდების იდეაც - „ბრმა ძაღლები“, ალბათ, ტექსტიდან გამომდინარე გაუჩნდა რეჟისორს. ანტონას შეუძლოდ ყოფნის გამო, ოჯახის წევრების თუ მეზობლების „ვიშვიშისა“ და შეცხადებების დროს: „ანტონა ანტონაა და ამდენ სულს რა ეშველება? მუშა კაცის ასეთ დროს წაქცევა...  [...] ეს ოჯახის ამოგდებაა ნამდვილი!“. პავლია (დათო ხახიძე) უპასუხებს: „რატომ, შე კაცო, რატომ უნდა გაოხრდეს? ნუ გავაოხრებთ, ბრმები ხომ არა ვართ, ხომ ყველა ვხედავთ, რა ყოფაში ჩავარდა ჩვენი მეზობელი?“. 

გიორგი ჩალაძემ სპექტაკლი, ადამიანის სულიდან აღმომხდარი, ტკივილნარევი, ემოციური სიტყვების, ადამიანის გულისცემის რიტმზე ააგო. კლდიაშვილთან ერთი და იგივე სიტყვა თუ ფრაზა რამდენჯერმე მეორდება ხოლმე. კლდიაშვილისეულ ამ ოსტატურ სიტყვათა თამაშს „ჩაავლო“ რეჟისორმა და სპექტაკლის ტემპო-რიტმის განმსაზღვრელად აქცია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ერთი ამოსუნთქვის რიტმზე აგებულ სპექტაკლში, გაწელილი ეპიზოდები, ე. წ. „ჩავარდნებიცაა“. მაგალითად, ნიკოს (გიორგი შავგულიძე) და ლომინას (ვახო ნოზაძე), ნიკოსა და სერაპიონის (გიორგი გოგიშვილი) სცენები, რაც კლდიაშვილის ამ კონკრეტულ პიესა-სურათში არ არის, რეჟისორს გადმოტანილი აქვს სხვა ნაწარმოებებიდან, რაც, ვფიქრობ, სრულიად ზედმეტი იყო.

ზევით აღვნიშნე, რომ გიორგი ჩალაძის კლდიაშვილისეული ნაწარმოების ინტერპრეტირებული კონცეფცია, ადამიანში ადამიანურობის, ჰუმანურობის დაკარგვის, ადამიანთა საზოგადოების ძაღლების ხროვად ქცევაა. სარეჟისორო კონცეფციას გამოსახავს ანანო დოლიძის სცენოგრაფია, რომელმაც რობერტ სტურუას „ყვარყვარეს“ ასოციაციები აღმიძრა. უკანა კედელზე პანოა გაკეთებული, ღვთისმშობლის, ქრისტეს, თუ არ ვცდები, მოგვების გამოსახულებებით. პანოს ზევით არსებულ გრძელ აივანს სხვადასხვა ეპიზოდში იყენებენ მსახიობები, ანტონას, მაიას, ტუფიას სახლის მიმანიშნებელია სცენის მარჯვენა მხარეს გაკეთებული კიბე, ფუნქციურია აგრეთვე ე. წ. სცენის ორმო, საიდანაც მოხუცი ამირანა (ზურა ავსაჯანაშვილი) მოგვევლინება მაყურებელს. ია გოგიშვილის სხვადასხვა ნაწარმოებიდან (Cowboy Bebop, Tank; Tan Chaplin’s Smile features; Cuando Corpus Morietur, Choi Cheolho და სხვ.) შექმნილი მუსიკალური რიგი (ასევე, რატომღაც სტურუას სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება გამახსენა) ჰარმონიულად ერწყმის სპექტაკლის მიმდინარეობას, მოვლენათა რიგის განვითარებას, ქმნის განწყობას. აქვე აღვნიშნავ, რომ კარგი მიგნებაა, სურათიდან სურათზე, ეპიზოდიდან ეპიზოდზე გადასვლა გონგის ხმის თანხლებით.

გრიგოლ კიკნაძე დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებს „იუმორისტიკულ“ და „არაიუმორისტიკულად“ ყოფს, თუმცა, აღნიშნავს, რომ არაიუმორისტიკულშიც არსებობს იუმორისტიკული ელემენტები; საუბრობს, რა თქმა, უნდა, სატირაზეც. „უბედურება“ სწორედ „არაიუმორისტიკული“ დრამაა, რომლის კითხვის დროს, შესაძლოა მწარედ გაგეცინოს, მწერლის მიერ ხატოვნად შექმნილი პერსონაჟების ყოფა-ცხოვრების, აზროვნების გამო. „ბრმა ძაღლების“ დრამატული ამბავი გიორგი ჩალაძემ  გროტესკისა და ბუფონადის ხერხებით გააზავა. გროტესკულ-ბუფონადურია სოფლის მაცხოვრებლების პირველი შემოსვლა, სათვალეებითა და ხელჯოხებით, ბრმების მსგავსად რომ მოიკვლევენ ჯოხის ცეცებით გზას. გროტესკულია სოფლის მაცხოვრებლების ერთმანეთში ჩხუბის დროს (ვის მხარეს უნდა გადაულოცონ ანტონას ოჯახმა თავს დატეხილი „უბედურება“) ვიდეოპროექციით მოჩხუბარი ძაღლების გამოსახულების გაშვება, ყეფის ხმის თანხლებით; დრამატულ-გროტესკულ-ბუფონადურია ამირანას შარდის შეუკავებლობის გამო, ძაღლივით კუთხეებში შარდვა; თავად ანტონას პერსონაჟის მანეკენად წარმოჩენა გროტესკულ-ბუფონადურია, რომელსაც სიკვდილის შემდეგ ძლივს დაათრევს დედა მაია (თამარ მამულაშვილი) და ცოლი ტუფია (სოფო ფერაძე). რეჟისორის ჩანაფიქრით სპექტაკლი ინტერაქტიურია, მსახიობი-პერსონაჟები ხშირად იმყოფებიან მაყურებელთა შორის. დასაწყისში კი, სოფო ფერაძის ტუფია რამდენიმე წუთის განმავლობაში დგას სავარძლებს შორის გასასვლელ რიგში, მთელი სხეულით კანკალებს და მაყურებელთა დარბაზიდან მიმართავს, როგორც სცენაზე მოქმედ პერსონაჟებს, ასევე, ჩვენ, გარშემო მყოფ ადამიანებს: „დაწყევლილებო, უბედურებო, შეჩვენებულებო ავადმყოფებო“...

გია მარღანიას მიერ შექმნილი პლასტიკურ-ქორეოგრაფიული ნახაზები, მსახიობებს, სხვადასხვა დეტალით (მოძრაობა, სიარულის მანერა, მიხვრა-მოხვრა და სხვ), ეხმარება პერსონაჟთა ხასიათების გამოძერწვასა და წარმოჩენაში. მხატვრობა, განათება, მუსიკალური გაფორმება, სამსახიობო ანსამბლი სრულ ჰარმონიაშია რეჟისორის ინტერპრეტაცია-კონცეფციასთან.

თამარ მამულაშვილის მაიას ცხოვრებისეული კრედოა - „მოთმინება და იმედი“... ამ „ქრისტიანული მორალით“ ცხოვრობს მსახიობის პერსონაჟი, გამხდარი, სიფრიფანა, გეგონება სულს შეუბერავ და გაქრებაო. თუმცა, ფინალში, იმხელა ძალა ეძლევა, რომ გარდაცვლილ შვილს (ანტონას მანეკენს) მარტო დაათრევს. სამწუხაროდ, მისი სიკეთე, სიყვარული, მოთმინებაში ცხოვრების განლევა, სხვების დახმარების სურვილი - გადამდები არ აღმოჩნდა. (აქვე აღვნიშნავ, თამარ მამულაშვილის სამსახიობო ოსტატობას, პროფესიონალიზმს, მეტყველების კულტურას, მსახიობის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა თუ ფრაზა არის ქმედითი, მიდის მაყურებლამდე, არა აქვს მნიშვნელობა, ხმამაღლა თუ ჩურჩულით მეტყველებს). ალბათ, მაიასა და დავით როსტომაშვილის - ილიასნაირების ადგილი ამ საზოგადოებაში აღარ არის. ისინი გადაშენების პირას მყოფი ადამიანთა სახეობის წარმომადგენლები არიან. ხეიბარი ილია - პიესაშიც და სპექტაკლშიც, განათლებული ინტელიგენტია, ადამიანი, ვისაც ჭკუას დაეკითხებიან ხოლმე. რეჟისორის მიცემულ ამოცანას დავით როსტომაშვილი სიზუსტითა და პროფესიონალიზმით ასრულებს, მისი ე. წ. „კოლაფსები“ ადამიანის სულში არსებული, შინაგანი ბრძოლის გარეგნული გამოხატულებაა. ფინალში, სწორედ ილიას პერსონაჟს მივარდება ბრმა ძაღლების ხროვა „გასაგლეჯად“. ადამიანი, რომელსაც მანამდე ჭკუას ეკითხებოდნენ, ერთ წამში სასიკვდილოდ გაიმეტეს. ვინაიდან ილია მათ ამშვიდებდა, არცხვენდა, ცრუ რწმენებისგან გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდა (გადალოცვის გამო).

გიორგი შავგულიძის ნიკო, თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაში არსებული, ტიპური პერსონაჟია. არც ისე ბრძენი, სამაგიეროდ ფულიანი, საკუთარ გამორჩენაზე, სარგებელზე გამუდმებით მზრუნველი, ფარისეველი...

სოფო ფერაძის ტუფია, სიცოცხლით სავსე, ექსცენტრიკული, ავადმყოფი ქმრისგან „დაუკმაყოფილებელი“ ქალის სახეს ქმნის. თავის სექსუალობას, „ათქვირებულ“ სხეულს, შეიძლება ითქვას, „ყველას ცხვირში ტენის“. „ქვეშაფსია“ ამირანას დასცინის კიდეც, როცა სხეულით შეეთამაშება ხოლმე, 80 წელს გადაცილებულ, ეგოისტ მოხუცს (ილიას შესჩივლებს, შვილებმა მიმაგდეს, არ მპატრონობენ, მთავრობასთან უნდა ვუჩივლო, მომიარონო). თავად უძლურ ამირანასაც, თვალი ეპარება ხოლმე ტუფიასკენ.

დათო ხახიძის პავლია და ვახო ნოზაძის ლომინა, რეჟისორის გადაწყვეტით, ერთმანეთში მუდმივად „საქმის“ გამრჩევი, საზოგადოების წარმომადგენლები არიან. თითოეული მათგანი საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული, არ უნდა და არც შეუძლია სხვისი აზრის მოსმენა ან გათვალისწინება. მათი მსგავსნი არიან, ე. წ. საზოგადოება-ხროვის წარმომადგენლები - ვახტანგ ახალაძის რომანოზი და „ძველი ბიჭი“ - მამის „ბიჭი“ სეფე - დევი რეხვიაშვილი. გიორგი გოგიშვილის სერაპიონი კი მზადაა საკუთარი ქალიშვილი „გასწიროს“ ცუდად წასული საქმეების მოსაგვარებლად.

ზემოთ აღვნიშნე, რომ გიორგი ჩალაძემ ჩაავლო კლდიაშვილის ნაწარმოებში არსებულ სიტყვათა თამაშს, რაც სპექტაკლში კიდევ უფრო აქცენტირებული გახადა - ერთი და იმავე სიტყვის და ფრაზის რამდენჯერმე გამეორება პერსონაჟების მიერ. მაგალითად: მოთმინება და იმედი; დაწყევლილებო, უბედურებო, შეჩვენებულებო ავადმყოფებო; ასევე, სიტყვათა გარითმვასაც იყენებს - პროსტიტუცია - კონსტიტუცია და ა. შ.

ბრმა, გაბოროტებულ, აგრესიულ ძაღლებად ქცეული საზოგადოება - ეს, დღეს, ჩვენი ქვეყნის რეალობაა. 

და, ბოლოს, გიორგი ჩალაძემ, კიდევ ერთი კარგი, პროფესიონალთა გუნდის მიერ შექმნილი სპექტაკლი შემატა მოზარდმაყურებელთა თეატრის რეპერტუარს. ხოლო, ქართულ თეატრში გაჩნდა კლდიაშვილის ნაწარმოებების კიდევ ერთი საინტერესო, გამორჩეული, დასამახსოვრებელი ინტერპრეტაცია.

 

[1] გრ. კიკნაძე. დავით კლდიაშვილის იუმორი. თხზულებანი, ტ.II, „თსუ“, 2005. გვ.396.

ფოტო: ბექა ცირეკიძე

bottom of page