ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ელენე კერესელიძე
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
როდესაც საუბარია ისტორიული დრამის ინსცენირებაზე, აუცილებელია ფაქტების და მოვლენების უტყუარობის წარმოდგენა, გარდა ამისა, რეჟისორისეული ინტერპრეტაციებიც კი დოკუმენტებით უნდა იყოს განმტკიცებული. ამ მხრივ, ისტორიული თემატიკის შემოტანა თეატრში მეტად საფრთხილოა. თუმცა, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი ჯგუფის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ პასუხისმგებლობას თავი ღირსეულად გაართვეს და ისტორიული ნაწილის სიღრმისეული კვლევით სპექტაკლს მეტი დამაჯერებლობა შესძინეს.
ის საკითხები, რომელიც სპექტაკლში რეჟისორმა წინ წამოწია, სამწუხაროდ დღესაც აქტუალური და უცვლელი რჩება. ჩვენ ქვეყანას კვლავ უწევს გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას, ხშირ შემთხვევაში შიშველი ხელებით შეაჩეროს ერთმორწმუნე მეზობელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც ოკუპირებული აქვს. მაშინ, როცა რუსეთი რბილი ძალის გამოყენებით ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, ერის გამოფხიზლება და მათთვის ჩვენი ისტორიული გამოცდილების შეხსენება,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრმა დიდი პასუხისმგებლობა იკისრა საკუთარ თავზე. სპექტაკლის თემატიკიდან გამომდინარე კი, რთული არ არის ამოვიკითხოთ რეჟისორის ჩანაფიქრი, მისი სათქმელი და ის, თუ რა ამოცანას უყენებს მსახიობებს.
მუდმივი დავა და მსჯელობა, თუ რა გზა უნდა აირჩიოს ქვეყანამ,სპექტაკლის მთავარი ხაზია. შეეკედლოს „ერთმორწმუნე რუსეთს“ თუ დამოუკიდებლობისთვის ურთულესი ბრძოლა გარისკოს? ამ საკითხს რეჟისორი არაერთხელ სვამს წარმოდგენაში და საკუთარ პოზიციასაც ნათლად გამოხატავს. გოჩა კაპანაძე,არა მხოლოდ გურიის, არამედ ზოგადად საქართველოს დამოუკიდებლობის აპოლოგეტია და თავისი იდეალის განსახიერებად სწორედ გურიის დედოფალს მიიჩნევს. ამ ისტორიული პერსონაჟის იდეალიზაციისათვის ის სხვადასხვა ხერხს იყენებს, რაც ზოგჯერ პათეტიკაშიც გადაიზრდება და სპექტაკლის ქრონომეტრაჟზეც ახდენს გავლენას.
აქვე უნდა აღინიშნოს სპექტაკლის სცენოგრაფია, რომელიც მხატვარ ლომგულ მუსერიძეს ეკუთვნის. ტრილოგია მოიცავს გოჩა კაპანაძის ორი დადგმას - ,,გურიის დედოფალი’’ და ,,ექვთიმე’’. ორივე მათგანის მხატვრულ გაფორმებაზე სწორედ ლომგულ მუსერიძემ იმუშავა. მისი ხელწერა და ესთეტიკა ადეკვატურად პასუხობს დადგმის თემატიკას, ხასიათსა და რეჟისორის ხედვას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ავანსცენაზე გაწყობილი ჭაობის იმიტაციაა, რაც ცალსახად უძრაობის, ლპობის და გარკვეული თვალსაზრისით სიკვდილის ნიშანია.
იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ისტორიულ დრამაზე, კერძოდ, XIX საუკუნის 20-იან წლებზე, XXI საუკუნის თანამედროვე სამოსში გამოწყობილი გოგონას ( მსახიობი - ციცი ბუცხრიკიძე) შემოსვლა მოლოდინებს ცვლის. მსახიობი გარემოსთან მიმართებაში სრულიად გაუცხოებულია. ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა წიგნის სახელწოდებას კითხულობს - „გურიის უკანასკნელი დედოფალი სოფიო“, შემდეგ იღებს მობილურ ტელეფონს და იწყებს ძიებას. რეჟისორის ეს გადაწყვეტა მიგვანიშნებს, რომ ჩვენს დროში უსამართლოდ არიან მივიწყებული ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ისტორიის ღირსეული, გმირულ წლები შექმნეს, იბრძოდნენ და სიცოცხლეს ფასად იცავდნენ ქვეყანას. გარდა ამისა, ახალგაზრდა გოგონას გამოჩენა მიგვანიშნებს, რომ სპექტაკლში ასახული იქნება ორი დრო - წარსული და მომავალი. მარტივი და ეფექტურია სცენიდან მოხსნილი გამჭვირვალე ფარდა, რომელიც აწმყოსა და წარსულის პირობითად გამყოფი ხაზი, ორ მოცემულობას შორის არსებული კედლის იმიტაციაა.
გოგონა მობილური ტელეფონით „მოგზაურობს“ ისტორიის იმ პერიოდში, როცა დედოფალი სოფიო თავადებს კრებს და მათგან ფიცის დადებას ითხოვს. ისმის ეკლესიის ზარის ავისმომასწავებელი ხმა და ჰანს ზიმერის მუსიკა ,,რეკვიემი დრამისთვის’’ ( ,,Requiem For A Drama''), რომელიც კიდევ უფრო მეტ დრამატულობას სძენს აღნიშნულ სცენას. ზიმერის კომპოზიცია სპექტაკლს დასაწყისიდანვე ფონად გასდევს. აქვე, შეიძლება ითქვას, რომ სოფიოს ( მსახიობი - თამარ მდინარაძე) შინაგანი ბუნების, შემართებისა და სულიერი სიმტკიცის წარმოსაჩენად მუსიკალური გაფორმება ნამდვილად ეფექტური ხერხია. მაყურებელი სპექტაკლის მსვლელობის დროს ძალიან ახლოს გრძნობს ეპოქის მაჯისცემას. ამას ნაწილობრივ მუსიკალური კომპოზიცია უზრუნველყოფს, რომელსაც საოცარი დინამიკა შემოაქვს სცენაზე.
სცენის სიღრმიდან შემოსული მსახიობები ისე განლაგდებიან, როგორც საჭადრაკო დაფაზე. თითქოს თითოეული მათგანი წინასწარ გრძნობს კრიტიკულ სიტუაციას და თავის გადამწყვეტ, საპასუხისმგებლო სვლას დაძაბული ელოდება.
მკაფიო და კონკრეტულია სპექტაკლის მთავარი გზავნილი - „რუსს აქ არაფერი ესაქმება!“ ეს არის იდეა, რომელზეც აგებულია პიესაში არსებული მონოლოგებისა თუ დიალოგების ძირითადი ნაწილი. რა არის ბრძოლის მთავარი მიზეზი? ის, რაც ათასწლეულებია ქართველ ერს ამოძრავებს - არავის აქვს უფლება იბატონოს სხვის მიწაზე და განუსაზღვროს მას ცხოვრების წესი. სწორედ ამას შეეწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის იყო სოფიო, გურიის უკანასკნელი დედოფალი. „შავი ჭირივით მოედნენ რუსები ქვეყანას, გურიაღა დარჩა გადასაყლაპი. ამხელა იმპერია აქვთ და მაინც ვერა ძღებიან. პირსისხლიანი აფთრები.“
მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ოდიშის მთავრის, თავადი დადიანისა (მსახიობი - დავით კვერღელიძე) და სოფიოს ( მსახიობი - თამარ მდინარაძე) დიალოგი. აქ თავადი დადიანი ცალსახად იჭერს პრორუსულ პოზიციას და ამბობს - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო!“. რამდენად შეურაცხმყოფელია, განსაკუთრებით მთავრის მხრიდან ეს სიტყვები, რომელიც მუდმივი კონფორმიზმისაკენ უბიძგებს საზოგადოებას, კარგად ჩანს სოფიოს სიტყვებში - „ჯიბილო, დათვის მოკვლაც რომ შეიძლება ეგ თუ იცი შენ?!“. რამდენიმე წამიან დიალოგში თავადი დადიანისა და სოფიოს პერსონაჟების საკმაოდ მკაფიო მახასიათებელი გამოიკვეთა. გარდა ამისა, რეჟისორი გვთავაზობს ვიაზროვნოთ ჭკუით და მოხერხებით, გაბედულად შევებრძოლოთ ჩვენზე ძლიერ მტერს. თუნდაც მოწინააღმდეგე რიცხობრივად აღგვემატებოდეს „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ - ამბობს სოფიო. ეს ის ფრაზაა, რომელიც სპექტაკლში არაერთხელ, როგორც ,,მთავარი ხმა’’ ისე გაისმის.
სცენაზე ისტორიული თემატიკის გაცოცხლება და ფაქტების ქრონოლოგიურად გადმოცემა გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა წარმოდგენილ პერიოდს ორი საუკუნე გვაშორებს. დადგმაში ერთმანეთს ხვდება ორი დრო, ამიტომ აუცილებელია გარკვეული ბალანსის დაცვა, რაც ბასრ ზედაპირზე სიარულს ჰგავს, ამიტომ სპექტაკლში არსებული გადაცდომებიც შესამჩნევია. სასურველი შედეგის მისაღწევად კი რეჟისორს მთელი თავისი შემოქმედებითი უნარების მობილიზება სჭირდება. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ გოჩა კაპანაძემ ოზურგეთის განახლებული თეატრის ტექნიკური შესაძლებლობები, თითქმის სრული დატვირთვით, საკმაოდ საინტერესოდ და ესთეტიკურად გამოიყენა. მაგალითად, ავანსცენაზე ე.წ ორმოდან ამოსული ოფიცრები ( მსახიობები - ნიკა ძნელაძე, გიორგი დოლიძე) ქვესკნელიდან მოვლენილი ქვეწარმავლების ასოციაციას ქმნიან . აქ გიორგი დოლიძე პოლკოვნიკი ბებუთოვის როლს ასრულებს, თუმცა ნიკა ძნელაძესა ( პირველი ოფიცერი ) და გიორგი ჩავლეშვილთან ( მეორე ოფიცერი ) ერთად, ის მთხრობლის ფუნქციასაც ითავსებს. მსახიობები სპექტაკლის მსვლელობისას დამპყრობელი სახელმწიფოს ენით გვესაუბრებიან და მათ დამოკიდებულებას ავლენენ. ისინი ცინიკურად გვიამბობენ ფაქტებს და აფასებენ მოვლენებს, რომელიც დაუმორჩილებელ გურიაში ვითარდება. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ სამივე მათგანი, ჭაობის მცენარეებს ამოფარებული, მიმართავს მაყურებელს. დაცინვა, ირონია, სიხარულისგან, ხანაც სიმწრისგან გამოწვეული სიცილი, ამ პერსონაჟებისთვის ერთგვარი იარაღია. „რა საშინელი ქვეყანაა“ დაუმორჩილებელი ქალები!“ - ამბობს პირველი ოფიცერი. მსახიობები სპექტაკლში ძალიან მნიშვნელოვან ფონს ქმნიან. პერსონაჟების ხმის ინტონაციით, ჟესტიკულაციით, პლასტიკით განასახიერებენ და ბუნებრივად ქმნიან იმპერიის მსახურთა განწყობის ამსახველ პორტრეტს.
გოჩა კაპანაძე სპექტაკლში დიდი დატვირთვით იყენებს მოსასხამს, როგორც სიმბოლოს - ხან სულის სამოსელის და ხან როგორც ტვირთის მნიშვნელობით. სპექტაკლის პირველივე ნაწილში, მამის ( მსახიობი - ზვიად ჯორბენაძე) აჩრდილთან საუბრის დროს, რუსი ჩინოვნიკების წინაშე, თითქმის მარტოდმარტო, უიმედოდ დარჩენილი სოფიო, გურიის რუკაში გაეხვევა და თითქოს ლოდად იქცევა. ნათელია, რომ ამ „მოსასხამს“ ის არავის დაუთმობს. რეჟისორი გოჩა კაპანაძე სპექტაკლში ორაზროვნად ქმნის სოფიოს პორტრეტს. ის მინიშნებებით ხატავს ზოგიერთი მოსაზრებით არსებულ ავანტიურისტი ქალის სახეს და იქვე, მოხერხებულად წარმოგვიდგენს სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ, უსაზღვროდ მამაც და პატრიოტ დედოფალს. სოფიოსთვის უმძიმეს წუთებში სისხლიან თეთრ პერანგში გახვეული მამის აჩრდილი იწონებს შეუდრეკელი ქალიშვილის საქციელს, ამხნევებს და კალთაში უდებს გურიის რუკას, რომელიც წამის წინ, ლოდივით მძიმე ტვირთად ქცეული, თავადვე ააცალა სიფრიფანა სხეულიდან.
ასეთივე სიმბოლურა სპექტაკლის მეორე ნაწილში სოფიოს წითელი ფერის, გრძელი მანდილი. ეს დეტალი პერსონაჟის სამოსს ემატება მას შემდეგ, რაც დედოფლის მეთაურობით აჯანყებას შეეწირება უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე. სამი შვილის დედა - როდანი ( მსახიობი - ბელა კიკვაძე ), რომლის შვილებსაც თავები მოჰკვეთეს, ყველაფერში სოფიოს სდებს ბრალს. აქვეა სპექტაკლის ერთ-ერთი ემოციური სცენა - გურული დედის დატირება. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ თავზარდაცემულ ქალს შეუძლია სოფიო სასიკვდილოდ გაწიროს, მაგრამ მისი ხილვის შემდეგ ირწმუნებს დედოფლის ღირსებას და მზადაა მუხლი მოიყაროს მის წინაშე. რაც შეეხება სოფიოს, ის არ გაურბის პასუხისმგებლობას და მზადაა „სისხლიანი“ მანტია სიცოცხლის ბოლომდე ატაროს, რადგან იცის მიზანი გაცილებით უფრო დიდია - „არ ვნანობ, არ ვნანობ, ქვეყნის თავისუფლებას შევწირე მე ძალაუფლება, ქალობა, დედობა, სიცოცხლე.’’
სპექტაკლში მუსიკალურ ნაწილს დიდი ადგილი უჭირავს ( მუსიკალური გაფორმება - გოჩა კაპანაძე). გამონაკლისი არც ბრძოლის სცენაა. მოწინააღმდეგე მხარეთა შეტაკება შენელებული მოძრაობით, ე.წ კინოხერხის გამოყენებითაა გათამაშებული. ნისლში გახვეულ სცენაზე, მსახიობთა მხოლოდ სილუეტები ჩანს. რეჟისორმა ამ დრამატული მონაკვეთისთვის როკ ბენდი ,,Globus’’ -ის კომპოზიცია ,,Preliator’’ შეარჩია. მუსიკის სახელწოდება ლათინურიდან ითარგმნება,როგორც მებრძოლი, მეომარი. ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული სწორი და ქმედითი გადაწყვეტაა.
გამჭვირვალე წითელი მანდილით იფარავს მთლიან სხეულ სოფიო მაშინ, როცა უმძიმესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - რომელი შვილი დატოვოს და რომელი წაიყვანოს. განმარტოებული დედოფალი საშინელ ტანჯვას განიცდის. თავის შვილებს როდანს, შვილმკვდარ დედას ანდობს, რადგან სჯერა, რომ მათ ღირსეულ ქართველებად აღზრდის. აღნიშნულ სცენას ფონად გასდევს ,,გურული ნანა’’, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სოფიოს, არა როგორც დედოფლის, არამედ დედის ტრაგიკულ ბედს. წითელი, გრძელი მანდილი, როგორც ბრძოლაში დაღვრილი სისხლის დემონსტრირება, რეჟისორისთვის შინაარსობრივად დატვირთული და რაც მთავარია, ქმედითი ელემენტია.
აღსანიშნავია სპექტაკლში გამოყენებული ფერთა სპექტრი. ძირითადად რეჟისორი განათებაში ცისფერი და იასამნისფერ ფერებს იყენებს, რითაც მისტიკურ და ამავდროულად მკაცრ, ცივ ატმოსფეროს ქმნის. ფაქტობრივად, გოჩა კაპანაძე სულ რამდენიმე ფერს, მაგრამ საინტერესო მნიშვნელობით იყენებს. პერსონაჟთა კოსტიუმები ( მხატვრები - ქეთი ციციშვილი, თეო კუხიანიძე ) მუქ ტონებშია გადაწყვეტილი, მაგრამ გასათვალისწინებელია კონტრასტი, რომელიც პოლკოვნიკი ბებუთოვის ( მსახიობი - გიორგი დოლიძე) სამოსში გვხვდება - თეთრი ფერის სამხედრო ფორმა. გარკვეულწილად ირონიულია, რომ პირსისხლიან რუსს ყველასაგან გამორჩეული, კაშკაშა , სიწმინდესთან ასოცირებული თეთრი ფერის სამოსი აცვია. აქვე მინდა აღვნიშნო სპექტაკლის განმავლობაში უწყვეტად გამოყენებული ე.წ ,,სასცენო ნისლი’’, რამაც დადგმას მეტი დრამატულობა შესძინა. გარდა ამისა, ამ დამხმარე ელემენტის გამოყენებით, შეიქმნა ჭაობში ჩამდგარი ნისლის ატმოსფერო, საიდანაც არათუ ამოსვლა , არამედ მცირე მანძილზე რაიმეს აღქმაც კი შეუძლებელია.
რეჟისორი არ ერიდება აჩვენოს სოფიოს სისუსტეები. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ძლიერი, მამაცი და მტკიცე ქალია, სპექტაკლში აქცენტი იმაზეც კეთდება, რომ გარდა მისი დაუმორჩილებელი, უდრეკი ხასიათისა, სოფიო ჩვეულებრივი ადამიანია თავისი ქალური სისუსტეებით, რომელიც ჯერ მამასთან დიალოგში და შემდეგ შვილებთან მიმართებაში ვლინდება - „ბედისწერამ კუთხეში მიმიმწყვდია“. დედა-შვილობა მისი სისუსტეა. მამასთან საუბრის სცენაში ჩანს, რომ ბავშვობიდანვე ძლიერი ხასიათის ადამიანი იყო, არასოდეს უტირია, მხოლოდ ერთხელ, როცა დედამ უსაყვედურა.
სპექტაკლი ,,გურიის დედოფალი’’ არაერთ სიმბოლოს მოიცავს და მათი საშუალებით რეჟისორი კონკრეტულ აქცენტებს სვამს. ასეთია, ჩამოხრჩობილი გვამები, ყვავები, ჭაობის მცენარეები და ჩექმა, რომელიც , შეიძლება ითქვას, დიდი ხნის წინ დამკვიდრებული სიმბოლოა და არაერთ დადგმაში გვხვდება. გოჩა კაპანაძე ძალიან კონკრეტულ პასუხს გვთავაზობს კითხვაზე, თუ როგორია კეთილმოსურნე მეზობლის ნამდვილი სახე. ამ მხრივ, მინდა გამოვყო პოლკოვნიკი ბებუთოვის პერსონაჟი, რომელსაც გიორგი დოლიძე განასახიერებს. მსახიობი თავისი პლასტიკით, სახეცვლილი მიმიკით და განსაკუთრებით ხმის ტემბრით წარმოაჩენს დამპყრობლის დამოკიდებულებას ჩვენი ფასეულობების მიმართ. ასეთივე მინიშნებაა ბებუთოვისა და სოფიოს დიალოგში, როცა პოლკოვნიკი ეკლესიის ქვაზე, რომელიც თავადვე დაანგრიეს, ფეხით დგება.
როგორც აღვნიშნე, გიორგი დოლიძის შექმნილი მხატვრული სახის ორგანული ნაწილი და მახასიათებელია მისი კოსტიუმი, გრიმი და გამომსახველობითი ხერხები, რაც სცენაზე გამოჩენისთანავე ყურადღებას იპყრობს. მისი უხეში სამხედრო სვლა, მტაცებლური გამომეტყველება და შავი კონტურით გამოკვეთილი თვალები, ბებუთოვის, როგორც იმპერიის ზოგადი სახის, კარგი წარმოჩინებაა. ასევე, ,,ერთმორწმუნე ერის’’ დამოკიდებულება ქრისტიანული ფასეულობებისადმი იმაშიც ვლინდება, თუ როგორ უდიერად ეპყრობიან ისინი სახარებას. „ამ საგანძურს ქართველები ქეიფსა და დროსტარებაში გაანიავებენ. ჩვენ, რუსები უკეთ შევინახავთ.“ - პოლკოვნიკის ეს ფრაზა ერთგვარი მხილებაცაა იმის, რომ რუსები მუდამ მტაცებლის „ყნოსვით“ ეძებდნენ ჩვენს და ჩვენში არსებული სიწმინდეებს. ეროვნულ საგანძურს კი იმ პირობით იბარებდნენ, რომ „უკეთ შეინახავდნენ“ , თუმცა მას თავადვე ანადგურებდნენ.
ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - მღვდელი ( მსახიობი - ზაზა ჯინჭარაძე ). მისი და დედოფლის დიალოგი, წმინდად ისტორიული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმოა. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას ჯერ კიდევ შემორჩა ფაქტები, როცა სარწმუნოების დაკარგვით შეშინებული ეკლესია და სასულიერო პირები ხშირად თმობდნენ ეროვნულ, სწორ, ჭეშმარიტ პოზიციას და ამის გამო არა მხოლოდ ჩრდილს აყენებდნენ ეკლესიის ავტორიტეტს, როგორც ერის სულიერ კერას, არამედ ჩვენი მარცხის თანამონაწილენი ხდებოდნენ. შიშმორეული, შემთანხმებლური პოლიტიკისა და თვითგადარჩენისთვის განწყობილი მღვდელი, დათმობისკენ მოუწოდებს სოფიოს - „სახარებაში წერია, ტანჯვითა და მოთმინებითა შენითა, იხსენ ოჯახი და ადამის მოდგმაო“. ამ ფაქტით აღშფოთებული, ბრძოლის ვნებით შეპყრობილი დედოფლის პოზიცია ურყევია და ამიტომ მოღალატე მღვდელმსახურთა განკიცხვად ჟღერს მისი სიტყვები - „ნუთუ ვერ ხვდებით მამაო, როგორი შეფარული გეგმით მოქმედებს რუსეთი. ჯერ მოდის ის, როგორც გადამრჩენელი „Спаситель!“.. მერე კი აუქმებს სამეფო ტახტს, აპატიმრებს და ასახლებს ბაგრატიონებს, ხურავს და კირით ლესავს ქართულ ეკლესიებს.’’
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზაზა ჯინჭარაძემ მღვდლის პერსონაჟის სახით სპექტაკლის ყველაზე ძლიერი რგოლი შექმნა. ასევე მსახიობის სასიკეთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მძლავრი და დამაჯერებელი სიტყვა სწორედ მისგან ისმის. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს სხვა, მნიშვნელობით უფრო მეტად დატვირთული გმირები ჰყავს, თუკი გარდასახვაზე ვისაუბრებთ ზაზა ჯინჭარაძემ ეს ყველაზე უკეთ, მაღალ ხარისხში შეძლო. მისი შესრულება ყოველგვარი პათეტიკისგანაა დაცლილი. მას სწამს რომ ასე გაცილებით მარტივია ცხოვრება, თავის გადარჩენა, თუმცა რამდენად აქვს გაცნობიერებული ის, თუ რა შედეგი მოაქვს შემგუებლურ ხასიათს, საკამათო საკითხია. ვიზუალური მხარის გარდა, მღვდლის მხატვრულ სახეს სრულყოფილად წარმოაჩენს სწორად შერჩეული ინდივიდუალური მახასიათებლები, მეტყველების სტილი და შინაგანი სიმშვიდით წარმართული დიალოგი დედოფალ სოფიოსთან, რაც სასულიერო პირისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
სპექტაკლის ფინალურ ნაწილში კვლავ ,,აღდგება’’ პირობითი ზღვარი წარსულსა და აწმყოს შორის. გამჭვირვალე ფარდის დედოფლის წაკითხული მონოლოგი მართლაც შთამბეჭდავი სცენაა. მისი სილუეტი მომავლის სოფიოს (ციცი ბუცხრიკიძე) ესაუბრება და ქვეყნის თვითმყოფადობის დაცვისკენ მოუწოდებს. თუმცა, აქაც კვლავ გაისმის ახალგაზრდა სოფიოს შემზარავი კითხვა -„იქნებ სჯობდა შეჰგუებოდით, ამით ხომ შვილებს გადაარჩენდით?!“. ახალგაზრდა გოგონა უკმაყოფილო და დაეჭვებულია წინაპრების დანატოვარით, მათი გადაწყვეტილებებითა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. სცენაზე თითქოს ერთი ადამიანის ორი ხმა ისმის, ორი სხვადასხვა ეპოქიდან,რაც საკუთარ თავთან დაპირისპირებას ან ქვეცნობიერში გაღვივებულ კონფლიქტს მოგვაგონებს.
„Santa Maria”- ფონზე კი სცენიდან ზემოთ ტაძრის გუმბათი მაღლდება. მსახიობების მზერა მისკენ მიემართება და მავედრებელ პოზაში, მუხლზე დაჩოქილები თვალს ადევნებენ ამ სასწაულს. რეჟისორის ხედვით, რწმენასთან და ღმერთთან გააზრებული სულიერი ერთობა, სიახლოვე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფთათვის ერთადერთ იმედად რჩება.
„თავისუფლებას ვერავინ წაგვართმევს, ეს უფლის ნებაა!“ ისმის სცენიდან, როგორც მარადიული ჭეშმარიტება, რომელიც ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე ასე აქტუალური და მნიშვნელოვანია.
სპექტაკლის დასასრულს დედოფალი სოფიას ბობოქარი, მებრძოლი და დაუდგრომელი სული ისევ საბრძოლველად უხმობს მომავალ თაობას, ხელში ხმალს გადასცემს ახალგაზრდა სოფიოს და შესძახის - „აბა, მოდით და დამამარცხეთ!“. სპექტაკლში გვხვდება პერსონაჟთა სახეები, რომლებიც განზოგადებულ სახეებს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში დედოფალი საქართველოს სიმბოლოა, მტერთან მუდამ მებრძოლი, უშიშარი და მტკიცე, რომელიც ამჯერად, უკვე მარადისობაში გადასული, კვლავაც საბრძოლველად უხმობს ახალი ეპოქის შვილებს. ამ მიზანსცენით გურულები, ისევე როგორც მთლიანად საქართველო, კვლავ იმეორებენ უკვე განვლილ გზასა და ეტაპს, რაც წრიულ მოგზაურობას მოგვაგონებს. ჩვენი უსაზღვროდ მომხიბლავი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ეს ეროვნულ ბედისწერადაც კი იქცა. იცვლებიან ფიგურები, თუმცა არ იცვლება საქართველოსკენ მომართული ხარბი მზერა. მაგრამ, დედოფალი კვლავ დიდი იმედით უყურებს გოგონას, რომელიც სიყვარულით დასცქერის წინაპრისაგან მიძღვნილ განძს. ახლა ახალგაზრდა სოფიოს ჯერია!