top of page

ბუდაპეშტის თეატრალური ფესტივალი

1.jpg
2.jpg
3.jpg
4.jpg
5.jpg
6.jpg
7.jpg

ნუცა კობაიძე

ბუდაპეშტის თეატრალური ფესტივალი

1995 წელს საბერძნეთში შეიქმნა თეატრალური ოლიმპიადა, რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი რეჟისორები და დრამატურგები. დროთა განმავლობაში მსოფლიო თეატრის ერთ–ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული ღონისძიება იდებს ბინას კონკრეტულ ქალაქებში.

2014 წელს ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის დირექტორმა ატილა ვიდნიანსკიმ და მისმა კოლეგებმა დააარსეს უნგრეთის საერთაშორისო ფესტივალი - „MITEM“ (Madách International Theatre Meeting). ფესტივალის ისტორიაში 2023 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ქვეყანამ უმასპინძლა მთავარ საერთაშორისო სახელოვნებო შეხვედრას. ბუდაპეშტის ეროვნული თეატრი მე-10 თეატრალური ოლიმპიადის მასპინძელი და მე-10 „MITEM“-ის ორგანიზატორი, საერთაშორისო თეატრალური ცხოვრების კერად იქცა, რამაც გააძლიერა მათი პოზიცია მსოფლიო თეატრალურ რუკაზე.

ბუდაპეშტის ნაციონალურ თეატრში წელს (2023), 11-17 ოქტომბრის ჩათვლით ვნახე 7 წარმოდგენა (ისე კი ფესტივალი 30 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე გაგრძელდა). ეს სპექტაკლებია: უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ - რეჟისორი ანდრეი შოთი (კოშიცეს ნაციონალური თეატრი, სლოვაკეთი), გეორგ ბიუხნერის „ვოიცეკი“ - რეჟისორი ატილა ვიდნიანსკი უმცროსი (ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრი, უნგრეთი), სოფოკლეს „ოიდიპოსი“ - რეჟისორი ვიტო ტაუფერი (იუგოსლავიის დრამატული თეატრი, ბელგრადი, სერბეთი), მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ - რეჟისორი ალექსანდრ პოპოვსკი (ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრი, უნგრეთი), ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ - რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი (ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრი, უნგრეთი), კირილ ფოკინის „REX“ - რეჟისორი ვალერი ფოკინი (ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრი, უნგრეთი), იოზეფ კატონას „BÁNK BÁN“ - რეჟისორი ატილა ვიდნიანსკი  (ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის, უნგრეთი). შევეცდები მოკლედ ვისაუბრო ნანახის შესახებ და პატარა წარმოდგენა შეგიქმნათ ფესტივალის ხარისხზე.

 

შექსპირის კლასიკური ტრაგედიის თანამედროვე ბალეტის ენად გადაქცევა რთული ამოცანაა. ანდრეი შოთის (ქორეოგრაფი, რეჟისორი, მხატვარი და კოშიცეს სახელმწიფო თეატრის დირექტორი) დადგმა - „ჰამლეტი“ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის. პიესის ინოვაციური საცეკვაო ადაპტაცია (ქორეოგრაფები: ნელსონ რეგერა პერესი, მაკსიმ სკლიარი) წარმოდგენას განსაკუთრებულს ხდის. ძალაუფლება, ღალატი, შურისძიება, სიყვარულის ნგრევა ბალეტის ენით გასაკვირად მარტივი გასაგები აღმოჩნდა. პიესის ამბავი წყალივით მოედინება მაქს რიხტერის მიერ შექმნილი მუსიკის ფონზე (ასევე გამოყენებულია ბაირონ მეტკალფის, ისტვან სქაისა და ჯორჯო მაინერიას კომპოზიციები) და მეც, დაძაბულობის გარეშე, მოკალათებული ჩემს სავარძელში, დიდ სიამოვნებას განვიცდი კრეატიული მხატვრული დადგმით. ეფექტურ ვიზუალს ქმნის განათება, რაც ემოციურ გავლენას ახდენს მაყურებელზე. სპექტაკლის სცენოგრაფიაში (Juraj Fábry) ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მბრუნავი კედელია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და ქმნის დინამიკურ ფონს. მსახიობები მისი მეშვეობით არაერთ შთამბეჭდავ სცენას ქმნიან, თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ტექნიკის ეფექტურობა ცვდება, მცირდება მისი სისტემატური გამოყენებით, რაც უკვე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე. კარგი იქნება შემცირდეს მბრუნავი კედლის ხშირი ჩართულობა, რომ არ გახდეს მომაბეზრებელი და მაყურებელიც უფრო მეტად კონცენტრირდეს სპექტაკლზე. წარმოდგენის ვიზუალურ მომხიბვლელობაში დიდ როლს ასრულებს კოსტიუმებიც. ელეგანტური, დახვეწილი სამოსი ამშვენებს მსახიობებს. საგულდაგულოდ შერჩეული ტანსაცმელი თავდაჯერებულობას მატებს მათ.  მოცეკვავეთა ჯგუფი/ქორო ჩნდება სცენაზე, როგორც არავერბალური პოეზია. მათი ქორეოგრაფიული მოძრაობები სიტყვებად იქცევა და ჩუმ მთხრობელებად გვევლინებიან. მოხდენილი და ექსპრესიული რითმით სიცოცხლეს მატებენ, ამდიდრებენ სპექტაკლს.

 

ატილა ვიდნიანსკი უმცროსი (რეჟისორი, თეატრალური სახელოსნოს Sztalker Group-ის დამფუძნებელი) თავის ახალგაზრდა შემოქმედებით გუნდთან ერთად სპექტაკლში „ვოიცეკი“ (გეორგ ბიუხნერის პიესა) ეძებს კითხვებზე პასუხს - შეგვიძლია თუ არა კვლავ ამოვიცნოთ და გავაცოცხლოთ ჩვენი ემოციები და ადამიანობა აშკარა მარტოობაში, გამოგონილი იდეებისთვის ბრძოლაში? ვინ ვართ ჩვენ? - სოციალური პროცესების დესტრუქციული პროდუქტი? მთავარი გმირი ვოიცეკი უსუსური ადამიანის განსახიერებაა, ზნეობისა და სათნოების გმირია, რომელსაც არ შეუძლია ომის და საზოგადოების მანკიერი მხარეების მიღება. ის გაუცხოებულია სამყაროს მიმართ. მთელი მსოფლიო მოქცეული ერთ პატარა ღარიბ ბინაში. კლაუსტროფობიური სცენოგრაფია და გიჟური იმპროვიზაციები ორი საათის განმავლობაში სუნთქვის საშუალებას არ იძლევა და მაყურებელი თითქოს მახეში ებმება. პოსტერებიდან და ტელევიზორის ეკრანიდან გადმოსული მსახიობები აზარტული თამაშით ილუზიად ქცეულ ცხოვრებას წარმოგვიდგენენ. ეს არის ამბავი თუ როგორ იმსხვერპლა პოპ-კულტურამ ადამიანი 21-ე საუკუნეში. სერიალები, ფილმები, რეკლამები... ისტორიები სუპერგმირებზე, შოუსა და რეალობის შეჯახება - ხალხი სრულიად იკარგება ამ დამაბნეველ სამყაროში. მთელი წარმოდგენის განმავლობაში საზღვრები რეალურ და არარეალურ სცენებს შორის ბუნდოვანია. აუდიტორიისთვის ძნელი გასარჩევია რა არის ფანტასტიკა და რა - რეალობა. ეს სპექტაკლი არის კვლევა იმისა, თუ როგორი საზიანო შეიძლება იყოს პოპ-კულტურა ადამიანებისთვის.

 

იუგოსლავიის დრამატულმა თეატრმა თანამედროვე კონტექსტით წარმოადგინა, ანტიკური დრამატურგიის შედევრი - სოფოკლეს „ოიდიპოსი“ (რეჟისორი ვიტო ტაუფერი). მოქმედება თამაშდება საკონფერენციო დარბაზში, რომელსაც ანაცვლებს კლუბის ტიპის რესტორანი. კოსტიუმები (Marija Marković Milojev), სცენოგრაფია (Lazar Bodroža), მუსიკა (Robert Pešut) - თანამედროვეა. მხოლოდ ტირესიასის კოსტიუმია განსხვავებული - აცვია მამაკაცის სამოსი და წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რითაც განასახიერებს მის ორმაგ იდენტობას. ბერძნულ მითოლოგიაში ტირესიასის პერსონაჟი მართლაც ასოცირდება გენდერის საინტერესო და ამბივალენტურ ასახვასთან - მან 7 წელი გაატარა ქალად. ერთი  შეხედვით, მშვიდი, ბოჰემური გარემო, სადაც ადამიანები სიამოვნებას არიან მიცემულნი, ნელ-ნელა გადაიქცევა დაძაბულ ატმოსფეროდ. ოიდიპოსი თავისი ვიზუალით პოლიტიკოსს წააგავს. ის არ ჰგავს იმ ბრძენ ადამიანს, რომელიც მიხვდება სფინქსის გამოცანას. აი თავად მსახიობი კი პარტერში მჯდომი ქალბატონების გულთამპყრობელი ნამდვილად აღმოჩნდა. ჩემი ვარაუდით, სპექტაკლმა მისი დამსახურებით მიიღო ხანგრძლივი ოვაცია და შეძახილები. აშკარაა რეჟისორის ინოვაციური მიზანსცენები და საინტერესო ხედვა, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, სპექტაკლმა ვერ მომხიბლა. ანტიკური დრამატურგიის ამ გზით მოდერნიზაციის მცდელობა ჩემთვის უინტერესოა. მირჩევნია კონკრეტული პიესის ინსპირაციით შექმნილი თანამედროვე დრამატურგის პიესის გასცენურება, რაც შთაგონებული იქნება ძველი შედევრის სიუჟეტით, და არა დღევანდელობაზე  გარემოთი ან კოსტიუმებით მორგებული შინაარსით.

 

„ოსტატი და მარგარიტა“ - სპექტაკლი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და ჩემი მოლოდინიც გამართლდა. – ჩვენ გვინდოდა გამოგვეყენებინა ეს მოსკოვურ-ბულგაკოვისეული სამყარო სისტემის მჩაგვრელი ბუნების წარმოსაჩენად. ჩვენ გავთავისუფლდით რომანის „კომუნისტური“ ხაზისგან. დღევანდელი ლიბერალური კაპიტალისტური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა შიშითა და იმედგაცრუებით - ამბობს რეჟისორი ალექსანდრე პოპოვსკი. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმის გასაოცარი, სიმბოლურ-ვიზუალური წარმოდგენა. სპექტაკლის დეკორაცია (სცენოგრაფია: Numen/For Use + Ivana Jonke) ქმნის ჯადოსნურ, ზებუნებრივ ატმოსფეროს, რაც ხაზს უსვამს სიუჟეტის ფანტასტიკურ ასპექტებს. მთელ დარბაზში გაბმული თოკები, რაც დომინირებს სცენაზეც სპექტაკლის ცენტრალური ვიზუალური ელემენტია. ის წარმოადგენს რეჟიმის მეტაფორას - კონტროლს, შეზღუდვებს, ჩაგვრას. ბადე არის სიუჟეტში არსებული სტრუქტურული ძალადობისა და აბსურდის ფიზიკური გამოვლინება. განათება და ხმის დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის სიურრეალისტურ გარემოს, რაც აჯადოებს მაყურებელს. ეს ნამდვილი მაგიაა, ოღონდ თეატრის და არა ვოლანდის.  რეჟისორ ალექსანდრე პოპოვსკის მიერ „ოსტატი და მარგარიტას“ ადაპტაცია, გაბედული და პროვოკაციულია. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა დადგმაში, მაგალითად, ჰელა - ვოლანდის თანმხლები ჯადოქარი, რომელიც ირგებს მთხრობლის როლსაც. ასევე, სიუჟეტში მეტი ინტიმური დეტალის შეტანა - სპექტაკლის დაწყებისთანავე ვხედავთ მარგარიტას, რომელიც კუბოს კიდეზე ზის და სექსუალურ სიამოვნებას განიცდის კითხვისას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების ადაპტაცია ხშირად მოიცავს შემოქმედებით თავისუფლებას, ორიგინალურ მასალაში ახალი პერსპექტივებისა და ინტერპრეტაციების შემოტანას. პოპოვსკი „ოსტატი და მარგარიტაში“ ცდილობს ნაწარმოების ტრადიციულ გაგებას აუაროს გვერდი და გამოიკვლიოს ადამიანის სურვილის სიღრმეები და სირთულეები ისე, რომ აუდიტორია თანამონაწილე გახადოს.

 

ამ ერთი კვირის მანძილზე ფაქტობრივად სრულიად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები ვნახე. ნამდვილად გამიმართლა, რომ ბუდაპეშტში ჩემი ვიზიტის დროს ასეთი მრავალფეროვანი რეპერტუარი დაემთხვა. შემდეგი წარმოდგენა რაზეც უნდა ვისაუბრო არის მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის ვალერი ფოკინის სამეცნიერო ფანტასტიკა „REX“. პიესის ავტორი მისი ვაჟი, ცნობილი დრამატურგი, კირილ ფოკინია. ის განსაკუთრებით დაინტერესებულია გამოგონილი, ალტერნატიული სამყაროთი. „REX“ სატირულ- დისტოპიური პიესაა, რომელიც ბადებს ფილოსოფიურ კითხვებს ცივილიზაციის მომავალზე, კაცობრიობის გლობალიზაციაზე. ვალერი ფოკინი თავის სპექტაკლში შემაშფოთებელი სცენებით გვაფრთხილებს მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. ადამიანის სიცოცხლე გაუფასურებულია, ემოციური და ფსიქოლოგიური ზარალი - დამანგრეველი. ოცნებებისა და მისწრაფებების არარსებობა დაუნდობელი კონფლიქტების და მისგან გამოწვეული ემოციური დაღლილობის შედეგია.  სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ხშირად გვხვდება ანდროიდები, ადამიანის მასთან ურთიერთქმედება, რაც შლის ზღვარს სიცოცხლესა და მანქანას შორის. ვალერი ფოკინმა ოსტატურად გამოიყენა სცენის სივრცე და კოსტიუმები, რომ შეექმნა მკაფიო კონტრასტი ადამიანსა და რობოტს შორის. ამ კონტექსტით ფოკინის ნამუშევრები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ფინალურ სცენაში ის გვაიძულებს დავუპირისპირდეთ ჩვენი საზოგადოების კოლექტიურ ტრავმას და გავაგრძელოთ ოცნება...

 

ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის ატილა ვიდნიანსკის სპექტაკლი „BANK BAN“ (იოზეფ კატონას ეროვნული კლასიკური პიესა) ისტორიულ-პატრიოტული წარმოდგენაა, სადაც რეჟისორი ეხება იმ საკითხებს, რაც საუკუნეების განმავლობაში აწუხებდა უნგრეთს - განხეთქილებები, უთანხმოებები, სიძულვილი... სიმართლე  გითხრათ  სპექტაკლი ჩემთვის დამღლელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხიბლავი იყო კოსტიუმები და მიზანსცენები, სამი საათი დიდი დროა იმისთვის, რომ მხოლოდ ამით დაიჭირო მაყურებელი. ჩემთვის სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ არ იყო სინქრონული თარგმანი და დახუნძლული ტექსტის სუბტიტრების კითხვა მიხდებოდა (სხვა სპექტაკლებზე ეს პრობლემა არ ყოფილა). ამიტომაც ჩემი შეფასება აქ ზერელეა, თუმცა ადგილობრივი მაყურებლისთვისაც წარმოდგენა მოსაწყენი იყო.

 

დაბოლოს, რამდენად საამაყოა, როცა მსოფლიო დონის რეჟისორების ჩამონათვალში ვკითხულობთ ჩვენს ქართველ რეჟისორს - ავთანდილ ვარსიმაშვილს. თეატრალური ოლიმპიადის ფარგლებში გათამაშდა მისი სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“. 3 საათის და 15 წუთის მანძილზე ვხედავდი ემოციით სავსე მაყურებელს.  ზუსტად ოთხჯერ გამოიძახეს მსახიობები სცენაზე, რომ ოვაციით დაეჯილდოვებინათ. ჩემთვის ეს ძალიან გულისამაჩუყებელი  იყო. ავთანდილ ვარსიმაშვილი ბუდაპეშტის ნაციონალურ თეატრში უკვე მეორე სპექტაკლზე მუშაობს და იმედია არანაკლებ მოწონებას დაიმსახურებს უნგრელი მაყურებლისგან. მე კი მადლობა მინდა ვუთხრა მას იმისთვის, რომ მისი დამსახურებით მომეცა საშუალება დავსწრებოდი თეატრალურ ოლიმპიადას ბუდაპეშტში და დიდი წარმატება ვუსურვო მსოფლიო თეატრალურ ასპარეზზე.

ფოტოები გამოყენებულია ვებგვერდიდან mitem.hu

bottom of page