top of page

ბულგაკოვის „ძაღლის გული“ თავისუფალი თეატრის სცენაზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

503382073_1093295876157198_454049742225107108_n.jpg

12.06.2026

გუბაზ მეგრელიძე

ბულგაკოვის „ძაღლის გული“ თავისუფალი თეატრის სცენაზე

მიხეილ ბულგაკოვის „ძაღლის გული“ თავისუფალი თეატრის სცენაზე სრულიად მოულოდნელი აქცენტებით გაცოცხლდა. რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და დრამატურგმა ნინა სადღობელაშვილმა საუკუნოვანი სატირა თანამედროვე იგავად აქციეს. სპექტაკლი უბრალო პოლიტიკურ კრიტიკაზე ბევრად შორს მიდის — ის ადამიანის იდენტობის ძალადობრივ გადაკეთებასა და შემოქმედის პასუხისმგებლობაზე გვიყვება, სადაც მაყურებელი დღევანდელი საზოგადოების ანარეკლს მკაფიოდ ხედავს.

მხატვარ თეო კუხიანიძის სცენოგრაფია მინიმალისტური, მაგრამ სიმბოლოებით დატვირთულია. სცენის წინა პლანზე გაჭიმული გამჭვირვალე ბადე-ფარდა ერთდროულად კლინიკურ იზოლაციასა და დროის ბურუსს მოგვაგონებს. სპექტაკლის ვიზუალური ღერძი ორი განათებული, მრგვალი ე.წ. კუნძულია (მინი სცენა), რომლებიც ხან იდეოლოგიურ პედესტალ-ბარიერებად იქცევიან და ხანაც - პერსონაჟების გაუცხოების სივრცედ.

ამ გარემოში გადამწყვეტი როლი კაბარეს სტილიზაციას ენიჭება. მაგიდის შავ-თეთრი გადასაფარებლები, შამპანურის ჭიქები და საცეკვაო ბოძი მაყურებელს ატრაქციონის ეპიცენტრში აბრუნებს. ამ გადასაფარებლების პერიოდული ახდითა და დაფარვით, რეჟისორი ლოკაციებს წამებში ცვლის: პროფესორის არისტოკრატული მისაღები მომენტალურად ტრანსფორმირდება კაბარედ. ეს ილუზია კარგად აშიშვლებს მთავარ სათქმელს - როცა საზოგადოება ღირებულებებს კარგავს, ყოველდღიურობაც იაფფასიან შოუდ იქცევა.

ამ  ნათურებით განათებული ჩარჩო-სცენის ცენტრში დგას დრამი - პროფესორ პრეობრაჟენსკის (გიორგი გიორგიძე) მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც იგი ბუნების კანონების დამორჩილებასა  და მაყურებლის გარკვეული სცენებისადმი ყურადღების მიპყრობას  ცდილობს. განსაკუთრებული მისია აქვს კახა მიქიაშვილის მთხრობელს - ის ერთგვარი გონების თვალია, რომელიც ზევიდან დაჰყურებს ამ ქაოსს. ერთ-ერთ სცენაში, მინი სცენაზე მდგომი, იგი თითქოს ღმერთის სიმაღლიდან აკვირდება მიწიერ ფარსს, მისი მისტიკური ფრაზა კი — „იმაზე ვამბობ, ვისაც არ ვახსენებთო“ - მაყურებელს უზენაეს წესრიგს ახსენებს. ბიბლიური ქრისტეს მცნებების კარნახით იგი სპექტაკლს რელიგიურ-მორალურ ჭრილს სძენს და უმძიმეს განაჩენს აჟღერებს: „ადამიანი ყველაზე საშიში ცხოველია ამ სამყაროში...“ ვიზუალურ მინიმალიზმს კომპოზიტორ ანი მურღულიას კლასიკური მუსიკა აძლიერებს, რომელიც პერსონაჟების შინაგან ქაოსსა და მოახლოებულ კატასტროფას ეხმიანება. კლასიკური მუსიკა და ცინიკური ცხოვრებისეული რეალობა უფრო ამძაფრებს მორალური ფასეულობებისა და ნიჰილისტური დამოკიდებულებების შეპირისპირებას.

სპექტაკლის პოლიტიკურ ხაზს ყველაზე კარგად „ორგანიზაციის“ მეტაფორული წევრები აშიშვლებენ - ბულგაკოვისეული საბჭოთა ჩინოვნიკების თანამედროვე ვერსიები. ლიზა რუხაძის პერსონაჟი, კორსეტიანი ქალი, კაბარეს სტილის ცეკვებით საზოგადოების ზედაპირულობას ააშკარავებს. ოთო ლასხიშვილის გმირი კი, როცა პროფესორისგან ბინის წართმევას ვერ ახერხებს, მაშინვე ფსევდო-პროგრესული უფლებადამცველის ნიღაბს ირგებს. თანაც მისი არასრულფასოვანი მორალური სახე ნათლად უპირისპირდება პროფესორ პრეობრაჟენსკისა და დოქტორ ბორმენტალს.

ეს ჯგუფი აქტიურად იწყებს დაიმონ ბაბლის (იგივე შარიკოვის) „უფლებების“ დაცვას. რეჟისორი აქ პირდაპირ მიანიშნებს დღევანდელ იდეოლოგიურ „ბაბლებზე“, რომლებიც უმწეო არსებას უბრალოდ საკუთარი ქულების დასაწერად იყენებენ. ასეთ გარემოში მოხვედრილი თ. კორძაძის ბაბლი ადვილად ითვისებს ადამიანურ მანკიერებებს - სმას, გინებასა და პარაზიტობას. ის აგრესიულად ექცევა მოსამსახურე ზინას (რომელსაც ასევე ლიზა რუხაძე თამაშობს) და ანადგურებს იმ სახლის სიმყუდროვეს, სადაც შეიკედლეს. ბაბლი პროფესორის ბინაში მემკვიდრეობის იმედით რჩება, ითხოვს სახელს, გვარსა და მაღალ სტატუსს. ეს ყველაფერი თავიდან პროფესორს ართობს, თუმცა საბოლოოდ მის უდიდეს სასოწარკვეთად იქცევა.

 

,,უფლებადამცველის“  ნიღაბაფარებული ო. ლასხიშვილის პერსონაჟი პროფესორს მორალურ პასუხისმგებლობას სთხოვს და პირდაპირ ეკითხება - აქვს თუ არა ბაბლის უფლება, ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს? პრეობრაჟენსკი ისევ ძველი, ცივი ამპარტავნებით ამბობს: „შენ განვითარების უმდაბლეს საფეხურზე მყოფი არსება ხარ...“ თავად კოსტიუმიც, რომელიც ბაბლის გარდამავალ პერიოდში აცვია, კარგად გამოხატავს მის ამ დანაწევრებულ, არეულ იდენტობას.

სპექტაკლის მთავარი მიღწევა უდავოდ თიკო კორძაძის მიერ განსახიერებული დაიმონ ბაბლია. მსახიობი საოცარი პლასტიკითა და ენერგეტიკით სრულად იპყრობს დარბაზს. მისი მოძრაობები, ცხოველური ინსტინქტები და იმპულსური ნახტომები სცენაზე ნამდვილ მუხტს აჩენს და სპექტაკლის მთელ ფილოსოფიას ამოძრავებს.

დადგმის ყველაზე საინტერესო და ახალი შტრიხი თ. კორძაძის ბაბლის შინაგანი ბუნებაა — ის თავს უფრო ქალად აღიქვამს, რაც მის ხელოვნურ, ორბუნებოვან არსებობას კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის. სწორედ აქ იწყება სპექტაკლის ყველაზე ჰუმანური ხაზი: ბაბლის დოქტორი ბორმენტალი (მამუკა მუმლაძე) უყვარდება, თუმცა ექიმი ამ გრძნობას ცივად და ზიზღით იგერიებს. ბორმენტალის სასოწარკვეთილი რეპლიკა - „რაც უფრო ადამიანს დაემსგავსე, მით უფრო ცხოველი გახდი... რა დაგემართააა...“ - ზუსტად აჩვენებს ექსპერიმენტის კრახს. ეს არის არსების ნამდვილი ტრაგედია: ის ძალით გამოსტაცეს ცხოველურ უცოდველობას და ადამიანობა აიძულეს, მაგრამ როცა მან ყველაზე ამაღლებული გრძნობით, სიყვარულით უპასუხა, თუმცა მისი ადამიანური განცდები არავინ სცნო.

სპექტაკლის ფინალში, როცა პროფესორი თითქოს „კლავს“ ბაბლის, როლები საბედისწეროდ იცვლება. პრეობრაჟენსკი თავად იცვამს ბაბლის კოსტიუმს და ძაღლივით ყეფს, ბაბლი კი ძაღლის ნიღბით ბრუნდება სცენაზე. რეჟისორის ეს ფინალი ნამდვილი განაჩენია: ის, ვინც ბუნების კანონების დარღვევით ღმერთობანას თამაშობდა, თავად იქცა ცხოველად. მის მიერ შექმნილი დამანგრეველი ძალა კი ნიღაბაფარებული, უკვდავი საფრთხის სახით კვლავ ჩვენს საზოგადოებაში დარჩა.

bottom of page