ბურკაში შეფუთული მედეას სიშიშვლე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

278727363_110094541676737_3130920533593138376_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

ბურკაში შეფუთული მედეას სიშიშვლე

 

დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა, რამდენიმე დღის განმავლობაში, მხატვარ შოთა ბაგალიშვილის, რეჟისორ ვანო ხუციშვილის და მსახიობ ენდი ძიძავას ერთობლივ პერფორმანსს „მედეას ბურკა“ მასპინძლობდა.

 

ექსპოზიცია-პერფორმანსი, რომელიც დიდი იშვიათობაა ჩვენს სახელოვნებო სივრცეში, აერთიანებდა ინსტალაციას, ვიდეო არტს, ტექსტსა და მუსიკას (მუსიკალური გაფორმება გიორგი ჯიქია). არტისტები შეეცადნენ დღემდე ამოუცნობი და ამიტომაც, მარადიულად მიმზიდველი მითოლოგიური სახე-ხატის - კოლხი მედეას მხატვრული სახის ახლებურ გადამუშავება-გააზრებას, რომლისთვისაც რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა თანამედროვე ბერძენი ავტორის ანდრეას ფლურაკისის მონოპიესის ტექსტი „მედეას ბურკა“ (თარგმანი სოფიო შამანიდი) გამოიყენა. ეს არ გახლდათ დრამატურგიული ტექსტის სცენური ინტერპრეტაცია, რომელიც საბოლოო ჯამში სპექტაკლს ქმნის, არც სპექტაკლი იყო ალტერნატიულ სივრცეში. საზოგადოებამ იხილა პერფორმანსის კანონებით შექმნილი სანახაობა, რომელიც აცოცხლებს და იდენტიფიცირებას ახდენს სტიქიებისა (მიწა-წყალი) და იდუმალებით მოცული მითოლოგიური სახის.

 

„მედეას ბურკა“ არის სინთეზური პერფორმანსი, რომელშიც თანაბრად წარმოჩინდა სამი არტისტის - მხატვრის, რეჟისორის და მსახიობის (პერფორმერის) ნაფიქრ-ნააზრევი, რომელიც თითოეულ დამთვალიერებელ-მაყურებელში სუბიექტურ ასოციაციებს აღძრავს. აუდიო-ვიზუალური წარმოდგენა ერთდროულად რამდენიმე განსხვავებულ  ემოციას იწვევს, რაც განპირობებულია სიმბოლო-მეტაფორების (რომელიც მრავლად გვხდება პერფორმანსში) ინდივიდუალური აღქმით.

 

„მედეას ბურკაში“ მხოლოდ შავი ფერი დომინანტობს: შავი ბილიკი, შავი ბურკა, შავი ზღვა, შავი მიწა... ყველაფერი რაც მედეასთან არის დაკავშირებული ბურუსით არის მოცული. სწორედ ამ მეტაფორულ სიბნელეში, მედეას ფიქრებისა და განცდების ლაბირინთში გვამოგზაურებენ პერფორმანსის შემქმნელები.

 

მედეა - ენდი ძიძავა, აბობოქრებული შავი ზღვიდან „იბადება“, რომელიც შავ ბურკაშია შეფუთული. უზარმაზარი შავი ცელოფანი, რომელიც მღელვარე შავი ზღვის ასოციაციას ბადებს, ჭერამდე ფარავს მთელ საგამოფენო სივრცეს, რომლიდანაც ამოიზვირთება მისი ნაწილი, შავ ბურკაში შეფუთული მედეა.

 

აღელვებული შავი ზღვა, რომელიც შობს მედეას, ამ იდუმალი გმირის სულიერ მდგომარეობას გამოხატავს. ენდი ძიძავა ძალიან ახლოს მიდის მაყურებელთან, რომლის დაფარული სხეულიდან და სახიდან ტიტანური შინაგანი ენერგია ამოედინება. ბურკაში შეფუთული მედეა (რომელიც მისი თავშესაფარია მანამ, სანამ იასონს ამხელს და მერე შურს იძიებს მასზე, რაც განაჩენია მოღალატის და საკუთარი თავის მიმართ) ინტრიგასთან ერთად, მისტიკურობას ქმნის, რომელიც ეტაპობრივად ეზოტერიკულიდან ეგზოტერიკულში გადადის. „მედეა ბურკა“ მომზადებულ დამთვალიერებელზე, მაყურებელზეა გათვლილი...

 

პერფორმანსში „მედეას ბურკა“ ერთმანეთს უპირისპირდება ორი ცივილიზაცია, ორი განსხვავებული ტრადიცია. თუ ძველბერძნული მითოლოგია ოჯახის კულტზე დგას, მედეა სიყვარულის გამო ღალატობს ოჯახს, სამშობლოს და ტოვებს თავის მიწა-წყალს... მაგრამ ის არ პატიობს ღალატს ქმარს, რომელმაც მის სიყვარულს უღალატა. მოღალატე, კარიერისტ და გაღორებულ იასონს მედეა საკადრისად სჯის. ამიტომაც, ჯერ ისმის ღორის ჭყიპინი, ხოლო შემდეგ რეალურად ჩნდება დაკლული ღორი მედეას ხელში. მედეა-ენდი ძიძავა ხანგრძლივი მონოლოგის შინაარსს ხან თავად მსახიობი გადმოგვცემს ვიზუალური თანხლებით, ხანაც საგამოფენო სივრცეში დამონტაჟებული პროექცია, რომლის ერთგვარ ტყვეობაში აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოება. ინფორმაციას არა მხოლოდ მედეას მონოლოგიდან, არამედ პროექციის საშუალებით კედელზე გაშვებული ინსტალაციიდანაც იღებს მაყურებელი. მედეა ეტაპობრივად გვახედებს საკუთარ სამყაროში და გვიზიარებს მის განცდებს. მისი ბურკაც ჯერ ნიქაბად, შემდეგ ჩადრად გადაიქცევა. ენდი ძიძავა - მედეა აშიშვლებს მის სულს და აჩენს ბურკაში შეფუთულ ნამდვილ სახეს, რომელზედაც აირეკლება მისი ცხოვრება - ღალატით გამოწვეული ბრაზი, იმედგაცრუება, ჩადენილი დანაშაულებით გამოწვეული ტანჯვა...

 

პერფორმანსში გამოყენებულია საგამოფენო სივრცეში გამოფენილი ყველა ექსპონატი. მათ შორის, მედეას ერთ-ერთი მთავარი საბრძოლო იარაღი - დანა, რომელსაც დამთვალიერებელი კრებულის სახით ხედავს კედელზე. ასევე ვერცხლისფერი ურიკები, როგორც გვამთა გადაყვანის საშუალებაა; დაფასოებული (გასაყიდად?) მიწა თუ მიწის კედლები და გორაკები, რომელშიც მედეა მარხავს შვილებს და რომლისგანაც საკუთარ ძეგლს ქმნის ამავდროულად. მედეა თავად ზელს მიწას და მერე მასში აბეტონებს საკუთარ მეხსიერებას, წარსულს, დრამატულ ისტორიას. ყოფითი საგნები მეტაფორულ დატვირთვას იძენს, რომელიც აზრობრივად მედეას მითთან აკავშირებს მაყურებელს.

 

მიწისა და წყლის სტიქიებთან გაიგივებული მედეა ბოლოს ისევ შავ ზღვას უბრუნდება; იმას, რამაც შვა ის და ასე გადადის მარადიულობაში.