top of page

„ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

E4C7368F-2C41-43A6-846D-A78CCD5341F3.png

10.11.2025

თამარ ქუთათელაძე

„ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“

 

თამაზ ჭილაძის პოლიტიკური დრამა „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“, 2003 წელსაა გამოქვეყნებული. თუ გავითვალისწინებით წინაპერიოდში განვითარებულ მოვლენებს,  შესაძლოა აღინიშნოს, რომ ავტორმა მისი პიესა, ჩვენი ახლო წარსულის მტკივნეული წლების გააზრებით შექმნა და შეეცადა განეჭვრიტა მოსალოდნელი საფრთხეები. მიმდინარე სეზონის პირველ პრემიერად, სწორედ თამაზ ჭილაძის ეს პიესა განხორციელდა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. სპექტაკლის რეჟისორი ახალგაზრდა, ჯერ კიდევ სტუდენტი ტარიელ კუბლაშვილია. მან გასული სათეატრო სეზონის მიწურულს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი  საკურსო ნამუშევრით, ნიკოლო მაკიაველის „მანდრაგორა“ მიიპყრო ფართო აუდიტორიის ყურადღება. გარდა ამისა, კომედიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გამართული ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსშიც  გაიმარჯვა და 28-29 ივნისს, რუსთავის დრამატულ  თეატრში დადგა ქართველი დრამატურგის ნინო ბასილიას აბსურდული კომედია ,,და რა შუაშია აქ თაგვი?“, დაფუძნებული ჩვენს სოციუმში არსებულ მწვავე პრობლემებზე. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა რეჟისორის უმთავრესი ორიენტირი ამ ეტაპზე, ჩვენი სინამდვილის პორტრეტული ჩვენებაა. მისი მორიგი სპექტაკლიც თამაზ ჭილაძის დრამა „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“, მრავალაზროვნად ეხმიანება ახალი ათასწლეულის მსოფლიოში, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოურ სივრცეში განვითარებულ კატაკლიზმებს, რომლის საწყისებიც  ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან „გაფორმდა“.

      

სპექტაკლის ექსპოზიციური ნაწილი ემოციური მუხტით ზაფრავს მაყურებელს. ჯერ კიდევ სიბნელეში, დარბაზში შემოჭრილი უკმაყოფილო მოქალაქეების ტალღა, თავგანწირული შეძახილებით მექრთამეობაში, ქვეყნის დაქცევაში, ღალატსა და ეროვნული მიწა-წყლის გასხვისებაში ადანაშაულებს პოლიტიკურ ავანსცენაზე გამაგრებულ ორ პერსონას, ყოფილ „თანამებრძოლებს“. მათი დიალოგი სულ მალე თავზარს დასცემს მაყურებელს ღია ცინიზმითა და ნაცნობი, მკაცრი სიმართლით. მალევე ვიღაცის მძლავრი ხელი მოგუდავს ხალხის ხმას, უსწრაფესად ალაგმავს სასოწარკვეთილთა სამართლიან აგრესიას, ელვისებური სისწრაფით გააქრობს ხალხის გულწრფელ ამბოხს.  სცენაზე გამეფებულ სქელ ნისლში კი ნელ-ნელა იკვეთება სპექტაკლის მთავარი მოქმედი პირის, ანდროს სიზმრის სცენა. ავანსცენისკენ ლასლასით მოემართება ხანგრძლივი, გაუსაძლისი მსვლელობით ღონემიხდილი, სიცივისაგან აკანკალებული, პლედში საბრალობლად გახვეული  კაცი და შავსამოსიანი ქალი. ქალს უზარმაზარი ჩანთა ჩაუბღუჯავს. მოდიან ლტოლვილებივით. ისე, როგორც იმ ავადსახსენებელ, ნაომარ წელს. მამაკაცი ცდილობს ქალს ხელი შეაშველოს მძიმე ჩანთის ტარებაში, მაგრამ ქალი არ ანებებს ძვირფას ტვირთს, სადაც მიცვალებული ბავშვი ასვენია, რომლის დამარხვაც შეუძლებელია. მიწა - გაყიდულია.

          

სიზმრის სცენა საბედისწეროდ აფხიზლებს ანდროს ცნობიერებას, სიმშვიდეს უქრობს სულ ცოტა ხნის წინ დიდი ფულის მოხვეჭის მარათონში ჩართულს, რადიკალურად აშორებს მის გუშინდელ დღეს. სპექტაკლის მანძილზე რამდენჯერმე ჩნდება ავანსცენისკენ გამოჭრილი, მსახიობ ნოდარ ბჟალავას მიერ განსახიერებული მოხუცი დავითი, ანდროს მამა, რომელიც ეროვნულ დროშას აფრიალებს და თავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს. მისი ხილვაც იმ მივიწყებულ წარსულს ახსენებს ანდროს, როცა თავადაც გულანთებული, უშიშრად იბრძოდა თავისუფლებისთვის, თუმცა მოგვიანებით, ძალაუფლების ხიბლით მოჯადოვებული, თავადვე აღმოჩნდა სანატრელი, მოპოვებული თავისუფლების მესაფლავე.

        

წარმოდგენაში ანდროს როლს ნახევარტონებში წარმოგვიდგენს მსახიობი ჯანო იზორია. უმთავრესად სომნამბულურ მდგომარეობაში მყოფი მისი პერსონაჟი, თავადაც ვერ გარკვეულა როგორ აღმოჩნდა ასეთ სამარცხვინო, უპატიებელ ყოფაში, რატომ განიცადა თავზარდამცემი, რადიკალური ტრანსფორმაცია, სრული კრახი. თითქმის ბავშვობიდან დისიდენტს, განუყრელ მეგობარ ბაადურთან ერთად (მსახიობი - ბექა ჯუმუტია), მშობლიური ქვეყნის თავისუფლებისათვის მებრძოლს, არაერთგზის ნატუსაღარსა და მოულოდნელად ხელისუფლებაში მოკალათებულს, ევროპული ყაიდის  ელიტური ცხოვრების მოწყობით მოხიბლულს, სრულიად გადაავიწყდა საკუთარი ღირებულებები.

       

სპექტაკლში ძალაუფლებით გათავხედებული, უცხოური ინვესტიციების დატაცებით სამშობლოს გაყიდვაში გაწაფული ყოფილი დისიდენტი მეგობრების მძაფრ ისტორიას, ემოციური სისავსითა და კონტრასტული პორტრეტებით წარუდგენს   მაყურებელს ბექა ჯუმუტიასა და ჯანო იზორიას დუეტი. დეგრადაციის პიკზე მყოფი, სახედაკარგული ორი ყოფილი თანამზრახველი, სრულად აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს.  მსახიობი ბექა ჯუმუტია სცენაზე ქმნის ფულის სიყვარულითა და შიშის მძლავრი შემოტევებით თითქმის შეშლილობის ზღვარზე მყოფი, მთასავით აზვირთული, ცინიზმის პიკზე აღმოჩენილი, გადაჯიშებული ქართველი კაცის სახეს. ბექა ჯუმუტიას მიერ განსახიერებული ბაადურის სახისმეტყველება, მისი ძნელად დათრგუნული სულიერი მღელვარება, წარმოაჩენს მის რეალურ განწყობას. მას სწამს, რომ ამიერიდან კატასტროფისთვის განწირულს, ინერციით სვლის უფლებაღა შერჩა. შეუძლებელია დიდ პოლიტიკაში ჩართულმა შეძლოს ოსტატურად დაგებული ხაფანგიდან თავდახსნა. მეგობრის „ღალატი“, დომინოს პრინციპით ჩამოანგრევს მთელ „ხუხულას“ და ნანგრევებში მოიყოლებს არაერთ „თანამზრახველს“. ამიტომაც მისი ძნელად გაღვიძებული სულიერი ტკივილის მკურნალი მოახლოვებულ ფინალამდე, მხოლოდ სასმელი   ან ნარკოტიკია. თუ ჯანო იზორიას სცენური გმირი თავდავიწყებით ცდილობს  მოძებნოს საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებებისგან თავდახსნის გზა, ბექა ჯუმუტიას -  ბაადური აცნობიერებს, რომ არჩევანის უნარდაკარგული, გამოუვალ ჩიხში მომწყვდეული არსებაა. არავინ აპატიებს „ღალატს“ და ბედს მინდობილი, ნებაყოფლობით მიექანება უფსკრულისკენ.

         

მხატვარ სანდრო ჯავახიშვილის მიერ სპექტაკლისთვის შექმნილ სცენოგრაფიაში სქელ-სქელ ფენად აკრული თეთრი ფურცლებია. ეს ის ხელმოწერილი ხელშეკრულებების დასტებია, რომლებიც უცხოელ ინვესტორებთან უხვად ფორმდება ხოლმე დახურულ კარს მიღმა. ფურცლების ეს სქელ-სქელი გროვაც, აქ კარების ფუნქციას ასრულებს. მათი წაკითხვა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუძლებელია. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მაყურებელი მხოლოდ მის ცარიელ გვერდებს ხედავს. ტექსტი შეუბრუნებულია სცენის სიღრმისკენ, სადაც სატუსაღოს საწოლების მსგავსი რკინის კონსტრუქციებია აღმართული.

      

დეკორაციისაგან განძარცვული სცენაზე, რეალობიდან გაქცევა-განრიდების, თავდავიწყებისთვის აუცილებელი  - ბორბლებიანი მოძრავი ბარი დგას სასმელითა და ჭიქებით. სასცენო მოედნის მცირე, მაგრამ თითქმის ცარიელ სივრცეში, მსახიობთა პროფესიული ღირსებები თუ თამაშის წესი, მკაფიოდ აღიქმება. მსახიობები თამაშობენ არა მხოლოდ მათ სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესებსა და ნიღბებს, არამედ ტექსტის ქვეტექსტთა სახიერებას. სპექტაკლი გაჟღენთილია ვერჩახშობილი სულიერი ტკივილით, სევდით, ცინიზმითა და ღალატით. გაუცხოვებული, ამჯერად უკვე სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმული, გამხეცებულ არსებებად ქცეული ყოფილი მეგობრები თუ მათი ცხოვრებისეული პარტნიორები, თავიანთი უღირსებო არსებობის დასასრულთან დგანან. ამას აცნობიერებს ყველა. ქვეყანა-სატუსაღოდ გადაქცეულ გარემოში, დიდი ფულის ხიბლს ერთნაირად დამონებია ქალი და კაცი. ყველა ღირსებისაგან განძარცვულებს, მხოლოდ სარფიანი, ეპიზოდური გარიგებებიღა აერთიანებთ.

        

ამ გადაგვარებულ საზოგადოებაში ყველაზე ძირეული დეგრადაცია ქორწინების ინსტიტუტს, განსაკუთრებით კი ქალებს განუცდიათ. დიდი ფულის მაცდური ძალით მონუსხული სუსტი სქესის მშვენიერი არსებები, საკუთარი კომფორტის დასაცავად ყალყზე შემართულ მხეცებს დამსგავსებულნი, უყოყმანოდ სწირავენ მრავალწლიან მეგობრებსა თუ ცხოვრებისეულ პარტნიორებს. ემოციებისგან დაცლილნი, აღმაშფოთებელი სიმშვიდით, მორჩილად ასრულებენ პარტიულსა თუ კლანურ დავალებებს.   არტისტულობით გამოირჩევა მსახიობ ანი ანდღულაძის მიერ შექმნილი  ბაადურის ცოლის, ანდროს ყოფილი საყვარლისა და სავარაუდო რძლის, - დელის სცენური სახე. სიცოცხლისა და უკეთესი ყოფის მოწყობით ისტერიის ზღვარზე მყოფი ქალი, სცენაზე შექმნილ თითქმის ტრაგიკულ სახეთა შორის მრავალფეროვანი გამომსახველობითი ხერხებით შექმნილი პერსონაჟია. ის უშედეგოდ ცდილობს ყველა ხერხს მიმართოს ანდროსგან ქვეყნის დამაქცევარი მორიგი ხელშეკრულების გაფორმების მისაღწევად. თვითგადარჩენისათვის თავგანწირვით გარჯილი ქალი, დასაღუპად განწირულ, ჭალასა თუ ჭაობში უმწეოდ მოფართხალე მორიგ ფრთამოტეხილ ჩიტად წარმოგვიდგება.

       

კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ფოთის თეატრში განხორციელებული არაერთი დადგმების გამფორმებლად გვევლინება და ამ მხრივ დიდი ავტორიტეტიც მოიპოვა, წარმოდგენის რეჟისორული კონცეფციის ადექვატურად ქმნის ორიგინალურ მუსიკალურ პარტიტურას. იგი ამჯერადაც გამოირჩევა საკვანძო მიზანსცენების ინფორმაციური აქცენტებით. ქორეოგრაფი - ირინა კუპრავას მიერ შექმნილი პლატიკური გამომსახველობა ზუსტად გვთავაზობს მსახიობების, განსაკუთრებით ქალთა როლების შემსრულებელი მსახიობების შინაგანი პორტრეტებისა თუ ზრახვების ემანაციას.       

         

მსახიობ გუკა დვალიშვილის მიერ განსახიერებული ანდროს მცველი ვაჟა, სცენაზე ყოველი შემოსვლისას, თითქმის ღიად თამაშობს ცივსისხლიანი ჯალათის სახეს. ეს მაღალი, კუნთმაგარი დევკაცი, რომელიც უხვად გამოხატავს პატრონისადმი მოჩვენებით კეთილგანწყობას, თავაზიანობასა და ჭარბ ყურადღებას, აშკარად აფრქვევს სავარაუდო მსხვერპლთან ჩასაფრებულ, ნებისმიერი დავალების შესასრულებლად სრულ მზაობაში მყოფი მსახურის მზაკვრულ  ენერგეტიკას.

      

სპექტაკლს ასრულებს ლოგიკური ფინალი, - პარიზის „ქოხიდან“ სპეცრეისით დეპორტირებული ანდროს ცოლის განაჩენი. მსახიობი თამუნა აბშილავა ორგანულად განასახიერებს მეუღლის უეცარი ფერიცვალებით შეშფოთებული ქალის სახეს. ამ უჩვეულოდ ეფექტური, სცენური მომხიბვლელობით გამორჩეული, უსაზღვროდ ცბიერი მანქურთისთვის სიმშვიდე მხოლოდ მზარდ კომფორტთან ასოცირდება. სახადივით აღიქვამს მაღალ ღირებულებათა შემოტევებს. უსარგებლოდ მიიჩნევს სინდისის, ოჯახური სიწმინდის, ერთგულების, სიყვარულისა თუ სამშობლოსა და საკუთარი ერისადმი მსახურების ცნებებს. ამიტომაც, ზნეობრივად გადაგვარებული, ყალბი ღირებულებებით გაკერპებული ეს მედიდური „ბრძენქალი“, ე.წ. თეთრი ხელთათმანით, ოსტატურად ასრულებს მისთვის დაკვეთილ პარტიულ დავალებას.

      

სპექტაკლს ჰყავს კიდევ ერთი მონაწილე, ე.წ. ეპიზოდური როლის შემსრულებელი პერსონაჟი, - მსახიობ ნინო გოშაძის მიერ განსახიერებული დაქირავებული მკვლელი ქალი. წარმოდგენის ფინალურ სცენაში, იგი ინსცენირებს სპექტაკლის დასაწყისში წარმოდგენილ ანდროს სიზმარს და უშეცდომოდ დაახლის ხელისუფალთა ბაკქანალიის ეიფორიიდან განრიდებულს, მდიდართა ჭალაში ამბოხისთვის განწყობილ ე.წ. ჩიტს, ტრადიციულად კუთვნილ, სასიკვდილო ტყვიას.

bottom of page