top of page

ჩანაწერები ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან

ნაწილი მესამე - ,,ნილი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.iRfeLGD58GXkAnDGrDP8cObjBq-H2uNOV-73LB2Rnt8.jpg

ნერონ აბულაძე

ჩანაწერები ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან

ნაწილი მესამე - ,,ნილი“

    

როგორც წინა რეცენზიებში (1, 2) აღვნიშნეთ წლევანდელი ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა საორგანიზაციო გუნდის მიერ კარგად იყო შერჩეული. თითოეული წარმოდგენა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, როგორც ჟანრის, სტილის, ისე მხატვრული ფორმისა და შესრულების ტექნიკის თვალსაზრისით. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება და შესაბამისად მოწონება ესპანური თეატრალური კომპანიის - ,,Mnusmal” მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა - ,,ნილი“ დაიმსახურა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ სპექტაკლი ნომინაციის გარეშე არ დარჩებოდა. იდენტური აღმოჩნდა საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც სპექტაკლს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო - გრან პრი“ გადაეცა.

      

რეჟისორი რაიმონ რუიზი თავად არის აღნიშნული თეატრალური კომპანიის დამფუძნებელი და ასევე სპექტაკლის ავტორ - რეჟისორი. კომპანიის პროფესიული საქმიანობის ძირითად მიზანს არავერბალური წარმოდგენების განხორციელება წარმოადგენს, სადაც ვიზუალურ - გამომსახველობით საშუალებებს ენიჭება უპირატესი ყურადღება. პროფესიით ფიზიკოს - გამომგონებელი, მუსიკოსი და თვითნასწავლი მეთოჯინე ქმნის თეატრალურ კომპანიას, რომელიც მალევე ხდება პოპულარული მთელს ესპანეთში. უფრო მეტიც, ფიზიკოსი უპრობლემოდ გადაბარგდა თეატრალურ ხელოვნებაში და თავისი შემოქმედება მსოფლიოს არაერთ ქვეყანას გააცნო.

     

 ,,ნილი“ - ასე ჰქვია რაიმონ რუიზის სპექტაკლს, სადაც ისეთი მარტივი პროცესი, როგორიც მართკუთხა ყუთის გახსნაა, საბოლოოდ გადაუჭრელ თავსატეხად იქცევა. დასასრულს ვხვდებით, რომ თითოეულ ჩვენგანს ამ ცხოვრებაში ჩვენ - ჩვენი ყუთი გვაქვს გასახსნელი...არც იმის გამოცნობა მარტივი, თუ რა დაგვხვდება ყუთში, რომელიც მთელი ჩვენი არსებობის თავსატეხს წარმოადგენს. იქნებ მომაჯადოებელი ნათება, რაც ყუთის ნასვრეტებიდან უხვად იღვრება, დასასრულს მირაჟი შეიძლება აღმოჩნდეს და საბოლოოდ ისევ საკუთარი თავის პირისპირ აღმოვჩნდეთ. რეჟისორ - ავტორი, რომელიც აღნიშნულ წარმოდგენა - შოუს ქმნიდა სავარაუდოდ თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა საერთაშორისო ფესტივალებთან ურთიერთობა, რადგან დეკორაცია მარტივი, ნაკლებად მოცულობითია, რაც ასევე მარტივად ექვემდებარება ტრანსპორტირებას. სცენური სივრცე წარმოდგენილია ხის პრიმიტიული მართკუთხა კონსტრუქციებით, მცირე ზომის ნასვრეტებიანი ყუთით და მარიონეტებით. თოჯინური ხელოვნებით დაინტერესებულმა ნებისმიერმა ადამიანმა, მით უფრო პროფესიონალმა მეთოჯინეებმა კარგად იციან, რომ მარიონეტი თოჯინათა სხვა ნაირსახეობებთან შედარებით რთული სამართავია. მარიონეტი, რომელიც თავისი პლასტიკითა და შესაძლებლობებით, გამომსახველობითა და სტილით მრავლის მოქმედია, მართვისას მაქსიმალურ სიზუსტეს, მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. აქვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაიმონ რუიზმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სპექტაკლში ვხვდებით ოთხ მარიონეტს, რომელთა ყველა დეტალი, ყველა კიდურის დაბოლოება მოძრავი და მეტყველია.

        

ადამიანის შექმნის არსი რელიგიამ და მითოსმა ერთნაირი მსოფლმხედველობრივი პრინციპით განსაზღვრეს. ეს განსაზღვრება ერთ სიტყვაში გამოისახება - ძიება. ყველა თანხმდება ამაში მორწმუნეც და ურწმუნოც, გონიერიც და უგონოც... თვით ადამიანის ფაქტურაა აგებული ძიებაზე და ამ ძიების ამოსავალი წერტილიც უმთავრესად საკუთარ თავში სხვის და სხვაში საკუთარი ინდივიდის პოვნაა. ამის შესახებ იწერება რომანები, სტატიები, გამოკვლევები, ამის შესახებ იდგმება სპექტაკლები, ფილმები და იქმნება მხატვრული ტილოები. ღმერთმა შექმნა თუ ევოლუციურმა პროცესმა, ჰომო-საპიენს მთელი თავისი ცხოვრება ეძებს (სარჩოს, მეწყვილეს, გამოუცნობი მოვლენების ახსნა-პასუხებს, შემოქმედებით შთაგონებას, დანაკარგს და სხვა მრავალს). რაც ადამიანი ღმერთმა ედემიდან გააძევა, იგი ღმერთსაც ეძებს ყველგან და ყველაფერში, ყველასთან და ყველასგან... ამ მარადი ძიებას ხან ღვთისნიერებამდე მივყავდით, ხან უღმერთობამდე.

        

სპექტაკლი, რომელიც რაიმონ რუიზმა წარმოგვიდგინა, არის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი თავდავიწყების ნაზავი. მსახიობი და ამავე დროს რეჟისორი პროფესიით ფიზიკოსია, რომელმაც აშკარად ინოვაციური იდეები შემოიტანა თოჯინურ სპეციფიკაში. ეს მონო-სპექტაკლი მდიდარია მიგნებებით როგორც ტექნიკური, ისე გამომსახველობითი მრავალფეროვნების თვალსაზრისით. აქ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის მითოსური და რელიგიური იდუმალება. აქ მთავარ ატრიბუტს დალუქული ყუთი წარმოადგენს, რომელიც სულაც არ არის რეკვიზიტი და ბუტაფორია. სწორედ მასშია ჩადებული მითოსური განხეთქილება. იმთავითვე ინტრიგა - თუ რა არის ყუთში, დასასრულს მოულოდნელი ფინალით სრულდება. რა თქმა უნდა, ეს არაა შავი ყუთი, იქამდე მისი ღრიჭოებიდან შუქიც კი გამოდის, დამატყვევებელი და მიმზიდველი. ეს კი ინტრიგას უფრო ამძაფრებს და ჩეხოვის თეორიისა არ იყოს, წარმოდგენის ბოლოს ეს ყუთი აუცილებლად გაიხსნება.

      

მსახიობს თანაშემსრულებლებად შემოჰყავს რამდენიმე თოჯინა - მარიონეტი, ისინი ერთად ფიქრობენ, თუ როგორ გააღონ ეს ყუთი. მიზანი თანდათანობით იდეაში გადაიზრდება, იდეა ახალ იდეას ბადებს და იწყება იდეათა ჭიდილი. ხან ველოსიპედით უვლიან გარს ამ იდუმალ მისტიკას, ხან ნაღმავენ, ხანაც დარბაზიდან იხმობენ მაყურებელს დასახმარებლად, რათა ამ ნაღმს რაღაც მოუხერხოს. ცდილობენ ლომებითა და ჯოხებით გატეხონ ყუთი, მაგრამ ამაოდ. ესაა ძიების პროცესი - ხან გროტესკული, ხან კომიკური, ხან დრამატული, ხან ტრაგიკული, ხანაც ბანალური გზებით, მაგრამ ყველა ერთად და ყველა ცალ-ცალკე წინსვლის აუცილებელი პირობაა. როცა აღმოაჩენენ, გაიხსნება ყუთი, ან გატყდება, ან აფეთქდება და სამზეოზე გამოვა მისი შიგთავსი, უმეტეს შემთხვევაში გულაცრუება დაგვეუფლება ზუსტად ისეთი, როგორც ებრაელებს, რომლებიც ელოდნენ მესიას სხვანაირს და მიიღეს სხვანაირი. დიახ, ყუთი გაიხსნა, აფეთქდა საბოლოოდ და მასში საკუთარი თავი იყო... და ისევ დილემა ამ ფინალიდან გამომდინარე - ღმერთმა შექმნა ადამიანი, თუ ადამიანმა გამოიგონა ღმერთი იმისათვის, რომ შეექმნა ადამიანი.

    

სპექტაკლი არის გამართული ლაკონიურობის პრინციპით, უსიტყვოდ, თითქმის იგავური მეტყველებით და ამაშია მისი მთავარი ღირსება - მარტივად გასაგები ყველასათვის. არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა თემატური სირთულის მიუხედავად. გგონია მუნჯი ფილმის ეპოქაში ვართ, მაგრამ ვგრძნობთ რამდენად მართებულადაა გაშლილი თემა, რომ ყველაფერი გასაგებია და ალაგ-ალაგ სახალისოც. ამით არ ტოვებს გულგრილს ავტორი და მსახიობი არც ერთი თაობის მაყურებელს. ენობრივი ბარიერი იმთავითვე მოხსნილია, თითქმის კლოუნადის დონემდეა დაყვანილი ეპიზოდები, მაგრამ მათში დევს სწორედ ის ნაღმი, რომელიც თანდათან ნათდება იმ ყუთის ღრიჭოებივით, ნათდება გონება და იწვევს შინაგანი აფეთქების პროვოცირებას. ამ სპექტაკლის მიხედვით შეგვიძლია თამამად ვთქვათ - „რაც მარტივია, ყოველთვის უბრალო არაა და რაც უბრალოა, ის შეიძლება გაუგონარზე უფრო რთული აღსაქმელი გამოდგეს.“

bottom of page