
„ჩე მი მატარებელი ბოლო სადგურს უახლოვდება“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

03.03.2026
გიორგი ყაჯრიშვილი
„ჩემი მატარებელი ბოლო სადგურს უახლოვდება“
ნიკო ფიროსმანის ცხოვრება და მოღვაწეობა ბევრი შემოქმედისთვის შთაგონების წყაროდ იქცა: ვადიმ კოროსტილოვის „მარტოობის დღესასწაული“ და „ფიროსმანი“, გასტონ ბუაჩიძის „ფიროსმანი ანუ ირმის განავარდება“ - ამ ნაწარმოებებზე შექმნილი გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლი „მარტოობის დღესასწაული“, მისი და ამირან დარსაველიძის სატელევიზიო ფილმი „გამარჯობა ყველას, ფიროსმანი“, გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“.
ბოლო დროს კვლავ მომრავლდა სპექტაკლები ამ გენიალური მხატვრის შესახებ: ლევან ხვიჩიას „ნიკო“ გურჯაანის კულტურის ცენტრში და ნიკა ლუარსაბიშვილის „ფიროსმანი“ „მოხეტიალე მთვარის თეატრში“ ორივე მათგანი სიღნაღის მოყვარული თეატრების ფესტივალზე იქნა წარმოდგენილი. „ზმანება ფიროსმანი“ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი ჭიათურის თეატრში.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში განხორციელებული „ფიროსმანი“ შექმნილია ვადიმ კოროსტილოვის, ანდრეი ტარკოვსკის, ოთარ ჭილაძის ნაწარმოებების მიხედვით. რეჟისორმა ზაზა სიხარულიძე პირველად არ მიმართავს ამ ორი შემოქმედისა და მოაზროვნის ანდრეი ტარკოვსკის და ოთარ ჭილაძეს - ჯერ კიდევ თავის მოღვაწეობის დასაწყისში ბათუმის თეატრში იგი დგამს სპექტაკლს, მისი ფილმის „რომანსი შეყვარებულებზე“ მიხედვით, ხოლო მოგვიანებით ოთარ ჭილაძის „აიეტიდან“ სპექტაკლს „მედეას ვნებები“.
„ფიროსმანში“ კვლავ ის შემოქმედებით ჯგუფია, ვინც „მედეას ვნებებზე“ იმუშავეს: რეჟისორი ზაზა სიხარულიძე, კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე, მხატვარი ბესო ბესელია, მსახიობი თათია თათარაშვილი, რომელთაც ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე და მსახიობი კახა კობალაძე დაემატა. როგორც მხატვარ ბესო ბესელიას ახასიათებს სცენა არაა გადატვირთული: მხოლოდ საწოლი, და უკანა პანო, რომელშიაც კარებია ამოჭრილი - მასზე თანდათან პროგრესირდება (ნიკა კრასნოპოლსკი) ფიროსმანის ნახატები. მხატვარი და რეჟისორი ფერების კომბინაციით, მხატვრული განათებით (კახა გიგინეიშვილი, ირაკლი კრასნოპოლსკი) აღწევენ სასცენო ეფექტებს, უფრო სახიერ და გამომხატველ გარემოს ქმნიან. და რაც მთავარია მუსიკა, რომელიც მხოლოდ მუსიკალურ გაფორმებას არ წარმოადგენს. ესა რამდენიმე ნაწილიანი, უვერტიურით, ქორალით - აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის სოლისტებით ნინა კოვზიაშვილი, ნუცა მრევლიშვილი, ქრისტინე ჯაფარიძე მუსიკოს შემსრულებლებით - კონსტანტინე გოცირიძე, გიორგი ნადარეიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ გნოლოძე, დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე და ფინალით - მუსიკალური დრამა „ფიროსმანი“, სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის შექმნილი, ავტორი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე. ეს ნაწარმოები საკონცერტო ვარიანტი პირველად შესრულდა ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტში მისი სახელობის ფესტივალზე. კომპოზიტორი ახერხებს თავის ქმნილებაში გადმოგცეს გენიალური მხატვრის გრძნობათა ბუნება, მისი ოცნებები და გაცდები, უპასუხო სიყვარული თუ იმედგაცრუება. ესაა სიზმარი და ცხადი სიკვდილის მიახლოებისას.
მ განცდების, მისი სულიერი სამყაროს გადმოცემის მიზნით რეჟისორი ინსცენირებაში რთავს კონჩალოვსკის ფილოსოფიურ სენტენციებს, რომელიც მის ფილმებში „ანდრეი რუბლოვსა“ და „სარკეში“ ჟღერს.
სპექტაკლი ფიროსმანის (კახა კობალაძე) უკანასკნელ დღეებს გვიჩვენებს, თითქმის ლოგინად ჩავარდნილ მხატვარს საკუთარი სახლი ელანდება: „მე ყურძნის მტევანი ვარ...იქ დავიბადეთ, სადაც მიწისა და მზის გზები შეიყარნენ, მირზაანში. მზე მამა იყო ჩვენი და ჩალისფერი მოზვერივით, სხივების ოქროს თივას გვაჭმევდა. მიწა დედაა და ნოყიერი წიაღის წვენს მასმევს. მე ყურძენი ვარ!“ დიალოგი კი სიკვდილთან (თათია თათარაშვილი) გაუმართავს, რომელიც მის ხილვებში ხან მარგარიტაა და ხანაც მეეზოვე - ისინი ხელობას უწუნებენ და საყვედურებით ავსებენ. თავს იცავს ფიროსმანი - უკვე დუქანიც გაყიდული აქვს, სამი ურემი ვარდებიც შეძენილია და უკვე ადრესატამდეა მისული. „მე შენთვის ტაში არ დამიკრავს. ტაში ვერაგია! მას შეუძლია მერე სილაც გაგაწნას!“ - მიმართავს მარგარიტას.
სიკვდილი ცდილობს თვალი აუხილოს, ახალი სამყაროს შეცნობაში დაეხმაროს: „ცოდვა, მლიქვნელობა, ღვთის გმობა. აი, რა არის ახლა მათი მთავარი საქმე!...ამ ქვეყანას ქრისტე ისევ რომ მოევლინოს, ისევ ჯვარს აცვამენ!“ არ უჯერებს ფიროსმანი, მისი კეთილი ბუნება არ უშვებს ბოროტებს.
„ფიროსმანი- გინდა მითხრა, რომ სიკეთე მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ აკეთონ? სიკვდილი- რას ამოგიჩემებია ეს სიკეთე? ქრისტე ადამიანებს ტაძრებში კრებდა, ასწავლიდა, მოძღვრავდა. და ერთხელ მოწაფენი და მისი მსმენელნი, იცი, რისთვის შეიკრიბნენ? გახსოვს? მოძღვარი რომ დაესაჯათ! (ტარკოვსკი, ა. „ანდრეი რუბლოვი“)“. დიდხანს ეძებდა სიკვდილი ფიროსმანს და როგორც იქნა მიაგნო. ახალი ფიროსმანს საწადელი აუსრულდა - აქვე იგი და სიყვარულზე ესაუბრება:
სიკვდილი - „ქალი, როცა სიყვარულს უხსნიან, მიწას დასცქერის. თითქოს იქ, მიწის დაღარულ სახეში ამოიკითხავს პასუხს, თითქოს სანამ მიწა არ მისცემს ნებას, უფლება არა აქვს, აჰყვეს გულისთქმას.( ჭილაძე ო. „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“).
ფიროსმანი კი ცდილობს გული გადაუშალოს: „სიკვდილი - ვინ ხარ შენ? ნიკალა - ია! ფესვიანად მოგლეჯილი, შინმიტანამდე სუნდაკარგული, ხელში დამჭკნარი ია... ფესვიანად მოგლეჯილი, ხელში დამჭკნარი ია... “. მაგრამ სიკვდილი რა სიკვდილია, მხოლოდ სასაუბროდ იყოს მოსული და აი ოდნავ შეზარხოშებული ფიროსმანი თავის უკანასკნელ გზას დაადგება - ცეკვით, დახვეწილი პლასტიკური მოძრაობით (ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე), შთაგონებით, იმ კარებისკენ, როლის უკან სიკვდილი ელოდება, ეს სცენა მისი ნახატების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც უკანა პლანზე პროეცირდება.
თათია თათარაშვილის მრავალ სახეობრივი (სიკვდილი, მარგარიტა, მეთევზე) პერსონაჟი პოლემიკაში შედის ფიროსმანთან, რომ რაც შეიძლება კარგად წარმოგვიჩინოს მხატვრის სულიერი სამყარო, მისი განცდები, ცხოვრებისეული კრედო, მისი სიკეთე, თუნდაც გულუბრყვილობა, ადამიანთა სიყვარული და მისი განუმეორებელი ტალანტი. კახა კობალაძის ფიროსმანი გარეგნულადაც ძალიან ჰგავს თავის პერსონაჟს, წყნარს, მშვიდს, აუღელვებელს, უნიჭიერეს და კეთილშობილ ადამიანს, სევდიანსა და გულნაკლულის. მისი ბოლო სცენა კი ამ ყველაფრის დემონსტრაციაა, უაღრესი სიზუსტითა და შესანიშნავი პლასტიკი შესრულებული. შემოქმედებითმა კოლექტივმა შექმნა ნაწარმოები, სადაც მუსიკა, რეჟისურა, მსახიობის ოსტატობა, სასცენო განათება და მოძრაობა ვიდეო ინსტალაციასთან ერთად მრავალკომპონენტიან ქმნილებაა, თანხვედრილი, ერთად შეკრული, ღრმა შინაარსით და სულიერებით.