top of page

„ჩემი როლი მარტივი არ არის“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

936e4ee2-f3d8-42cc-bb83-c066077e8626.jpeg

22.06.2026

ლაშა ჩხარტიშვილი

„ჩემი როლი მარტივი არ არის“

 

ჟან ანუის „ანტიგონე“ ის პიესაა, რომელიც ყოველ ახალ ეპოქაში განსხვავებული ინტერპრეტაციით ბრუნდება სცენაზე და, ამავდროულად, არასოდეს კარგავს აქტუალობას. დღესაც, როგორც ყველა ეპოქაში, ერთმანეთს ორი რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობა უპირისპირდება: ინდივიდის მორალური პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესრიგი.

 

თბილისის სანდრო ახმეტელის თეატრში ირაკლი გოგიას მიერ დადგმული „ანტიგონე“ სწორედ ამ დაპირისპირებას თანამედროვე პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის ჭრილში განიხილავს. რეჟისორს მოქმედება ჩვენს ეპოქაში გადმოაქვს. პერსონაჟებს თანამედროვე სამოსი აცვიათ, სცენურ სივრცეში კი მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება ვიდეოპროექციას (აბსტრაქტული გამოსახულებით - რადიო ტალღების მსგავსი, რომელსაც ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს), რომელიც გამჭვირვალე ბადეზე აისახება და რეალურ და სიმბოლურ სივრცეებს შორის დამატებით შრეს ქმნის.

 

ანდრია გველესიანის კრეონის მიერ სიმკვეთრით ნათქვამი ფრაზა, „ჩემი როლი მარტივი არ არის“, სპექტაკლის ერთგვარ გასაღებად იქცევა. ირაკლი გოგიას ინტერპრეტაციაში კრეონი არ არის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პერსონაჟი, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება ამოძრავებს. ის მმართველია, რომელმაც იცის სიმართლე, აცნობიერებს საკუთარი გადაწყვეტილების ტრაგიკულ შედეგებს, მაგრამ მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მართვა პირად გრძნობებზე უარის თქმას მოითხოვს. მისი არჩევანი არა ადამიანურ სისასტიკეს, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დამახინჯებულ გაგებას ეფუძნება. სწორედ ამაშია კრეონის ტრაგედია: ვიდრე კანონს გამოსცემს, თავად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ საკუთარი სისტემის ტყვედ იქცევა. ასეთ შედეგს, შემზარავი მიზანსცენით გვიჩვენებს რეჟისორი, როცა კრეონი გვამებთან ერთად მორალურად განადგურებული იწყებს კვდომას.

 

ირაკლი გოგიას სპექტაკლში მარიკა კვაჭაძისა და ლანა გოგოლაძის მიერ შექმნილი სცენოგრაფია მონუმენტურია, მრავალშრიანი და სიმბოლურად დატვირთული. სცენის ცენტრში მოთავსებული დიდი, ჯაჭვებზე დაკიდებული პლატფორმა ერთდროულად რამდენიმე ასოციაციას იწვევს: საოპერაციო მაგიდას, კუბოს, ტრიბუნას, სასამართლო სივრცესა და მსხვერპლშეწირვის საკურთხეველს. ეს არის ადგილი, სადაც ძალაუფლება ადამიანის ბედს განაგებს და სადაც პირადი ტრაგედია საჯარო მოვლენად გარდაიქმნება.

 

მოქმედება გამჭვირვალე ბადის მიღმა ვითარდება, რაც მაყურებელსა და პერსონაჟებს შორის დამატებით დისტანციას ქმნის. ბადე მხოლოდ სცენოგრაფიული ელემენტი არ არის. ის მუდმივი კონტროლის, იზოლაციისა და გაუცხოების მეტაფორად იქცევა. პერსონაჟები თითქოს მუდმივი დაკვირვების ობიექტები არიან, მათი ყოველი ნაბიჯი ხილულია, თუმცა ამავე დროს ისინი ერთმანეთამდე სრულფასოვნად ვერ აღწევენ. ეს პასაჟი გიზო ჟორდანიას სპექტაკლს „აკვარიუმს“ მოგვაგონებს, სადაც მოქმედება აკვარიუმში ვითარდებოდა. შუშის გამჭირვალე სივრცე ფასადურ თავისუფლებას აღნიშნავს, ირაკლი გოგიას სპექტაკლშიც ყველაფერი გამჭირვალეა, სუნთქვაც შესაძლებელია, მაგრამ მაინც ჭირს, რადგან გამჭირვალე ბადე მაინც ჩაკეტილ სივრცეს ქმნის, რომელშიც მოქცეული არიან სპექტაკლის პერსონაჟები. დროგამოშვებით ისინი გარეთაც გამოდიან და მეტ თავისუფლებას გრძნობენ.

 

სივრცეში გამოყენებული მეტალის კონსტრუქციები, ცივი განათება და ოფისის მოძრავი სავარძლები ანტიკური მითის თანამედროვე პოლიტიკურ რეალობაში გადმოტანის მცდელობას უსვამს ხაზს. აქ სასახლე სახელმწიფო ადმინისტრაციის უსახურ სივრცედ არის ქცეული, ხოლო კრეონის ძალაუფლება ბიუროკრატიული მექანიზმების მეშვეობით მოქმედებს. ეს აღარ არის მხოლოდ მითოლოგიური თებე. ეს არის ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო, სადაც ადამიანური ურთიერთობები ინსტიტუციურ წესრიგს ეწირება.

 

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფერთა სისტემა. ნეიტრალური, მონოქრომული გარემოს ფონზე აევრიდიკეს (სოფია სებისკვერაძე) წითელი კოსტიუმი მკვეთრ ვიზუალურ აქცენტად გვევლინება. წითელი აქ სიყვარულის, წინააღმდეგობის, სიცოცხლისა და გარდაუვალი მსხვერპლის ფერიაა. პერსონაჟი თითქოს თავიდანვე გამორჩეულია საერთო მასიდან, რაც მის განწირულობას კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს.

 

ვერტიკალურად დაშვებული ჯაჭვები და ჰაერში დაკიდებული პლატფორმა მუდმივი არასტაბილურობის განცდას ქმნის. მუდმივი ბიძგები და რწევა, ეს სივრცე თითქოს ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოიშალოს. ამ დაუცველ, არამდგრად და არასტაბილურ გარემოში გმირები არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ სისტემასთან, საკუთარ არჩევანთან და გარდაუვალ ბედისწერასთანაც რჩებიან პირისპირ.

 

ეს სცენოგრაფია ეფექტურია იმითაც, რომ არ ცდილობს მოქმედების ილუსტრირებას. პირიქით, ის ქმნის ატმოსფეროს, რომელიც სპექტაკლის მთავარ თემებს, ძალაუფლებას, კონტროლს, წინააღმდეგობასა და ადამიანურ მარტოობას, ვიზუალური ფორმით გამოხატავს.

 

ირაკლი გოგიას მთავარი მიგნება ანტიგონეს პერსონაჟის თანამედროვე აქტივისტად გააზრებაშია. ძიძის მიერ ანტიგონეს ზურგჩანთის შემოწმების ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და შთამბეჭდავი სცენური პასაჟია. აირწინაღი, ხმის გამაძლიერებელი, თვალების დამცავი ნიღაბი და სხვა ატრიბუტები ცხადყოფს, რომ ანტიგონე აქციიდან დაბრუნებული ახალგაზრდაა. ეს დეტალი არა მხოლოდ აახლოებს პერსონაჟს უახლეს რეალობასთან, არამედ მის სამოქალაქო პოზიციასაც მკაფიოდ განსაზღვრავს. ამ ვერსიაში ანტიგონე (ანა ჯავახიშვილი) სრულად აცნობიერებს საკუთარი გადაწყვეტილების შედეგებს, თუმცა არსებული მოცემულობა მას არჩევანის საშუალებას არ უტოვებს. მისი შინაგანი აუცილებლობა კანონს აღემატება.

 

განსაკუთრებით საინტერესოა ანტიგონესა (ანა ჯავახიშვილი) და ისმენეს (ანანო გულედანი) დიალოგი, რომელიც ახალგაზრდობის ორ განსხვავებულ მოდელს წარმოგვიდგენს. ერთი მხარეს დგას შეგუებული, ფრთხილი და კომპრომისისკენ მიდრეკილი ადამიანი, მეორე მხარეს კი მეამბოხე, შეურიგებელი და რადიკალური ახალგაზრდაა. მათი კამათი მხოლოდ ძმის დაკრძალვის ვალდებულებას არ ეხება. საუბარი ქალის როლზე, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის აუცილებლობაზე გადადის. როდესაც ისმენე ამბობს, რომ პოლიტიკა ქალების საქმე არ არის, რეჟისორი კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს ეხება.

 

ანა ჯავახიშვილი ანტიგონეს სახეს ახალგაზრდული სიჯიუტითა და გულწრფელობით ქმნის. მსახიობი პერსონაჟის შინაგან შეურიგებლობას ვიზუალური ეფექტებით ავლენს, თუმცა შესრულებაში შესამჩნევია გარკვეული არათანაბრობა. ცალკეულ ეპიზოდებში ინტონაცია ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ემოციური რეაქციები, განსაკუთრებით სიცილი, უფრო დეკლარაციულად ჟღერს, ვიდრე ორგანულად. მიუხედავად ამისა, მსახიობი ახერხებს პერსონაჟის საერთო პორტრეტის შექმნას, თუმცა ხასიათის შტრიხების დეტალიზაცია და ფსიქოლოგიური სიღრმე ჯერ კიდევ დასამუშავებელია.

 

სპექტაკლის მთავარი საყრდენი ანდრია გველესიანის კრეონია. რეჟისორი მას არა ასაკოვან და გამოცდილ მმართველად, არამედ ახალგაზრდა პოლიტიკოსად წარმოგვიდგენს, რომელიც ძალაუფლების მექანიზმებს კარგად ფლობს და საჯარო და პირად სივრცეში განსხვავებული ენით საუბრობს. თავად მსახიობიც განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა, სადაც გამოვლინდა მისი არტისტული შესაძლებლობების აქამდე უცნობი სხვა მხარეც - პერსონაჟის ხასიათის მრავალწახნაგოვნება, რომელიც ლოგიკურ შესაბამისობაში მოდის მის გამომსახველობით ხერხებთან.

 

კრეონი ოპოზიციას რეფლექსურად ადანაშაულებს, მათ ჩაცმულობასა და ქცევას აკრიტიკებს, თუმცა თავადაც იმავე პრივილეგირებული სამყაროს ნაწილია. მისი განცხადებები ხშირად დღევანდელი პოლიტიკური რიტორიკის ექოდ აღიქმება. განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ კრეონმა ყველაფერი იცის. მან იცის სიმართლე, მაგრამ საჯარო სივრცეში სხვაგვარ ნარატივს ქმნის.

 

ანდრია გველესიანი კრეონს თანმიმდევრულ, რაციონალურ და, ზოგჯერ, ფარისეველ პერსონაჟად წარმოგვიდგენს. მისი კრეონი თითქოს ცდილობს ანტიგონეს გადარჩენას, თუმცა რეალურად ძალაუფლების დათმობას არც ერთ ეტაპზე არ განიხილავს. ანტიგონეს სურს ბოლომდე დარჩეს საკუთარი სიმართლის ერთგული, კრეონი კი მუდმივად იმეორებს, რომ თავადაც არ უნდა ამის გაკეთება, მაგრამ სახელმწიფოებრივ აუცილებლობას ემორჩილება.

 

მსახიობი არ თამაშობს ემოციებს და სწორედ ეს თავშეკავებულობა ქმნის მისი პერსონაჟის სიძლიერეს. ზოგჯერ ის ცინიკური და ირონიულიც კი არის,  განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ჰემონთან დიალოგი, როდესაც კრეონი შვილს უხსნის, რომ ხელისუფლება ადამიანს თავისუფლებას ართმევს: ვიდრე კანონს გამოსცემ, მმართველი ხარ, მაგრამ მისი ამოქმედების შემდეგ თავად ხდები მისი ტყვე.

 

ერთ-ერთი საინტერესო სცენაა პიჯაკის ეპიზოდი, როდესაც კრეონი შვილს ჰემონს (კორჯი დვალიშვილი) ძალაუფლების სიმბოლოს გადასცემს, სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მეტაფორაა. ჰემონის უარი ამ მემკვიდრეობაზე არა მხოლოდ მამის, არამედ მთელი სისტემის უარყოფად იქცევა. ჯორჯი დვალიშვილის ჰემონი მამის მიმართ ემოციურ შანტაჟს მიმართავს, თუმცა პერსონაჟის ტრაგიზმი მის უუნარობაში მდგომარეობს, შეცვალოს არსებული წესრიგი. მისთვის თვითმკვლელობა ერთადერთი გამოსავალი ხდება.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფია სებისკვერაძის ევრიდიკე. მსახიობი თითქმის უსიტყვოდ, მხოლოდ მზერითა და მიმიკით ქმნის პერსონაჟს. წითელ, გამჭვირვალე კოსტიუმში გამოწყობილი ევრიდიკე თითოეულ პერსონაჟთან საკუთარ დამოკიდებულებას ავლენს და სცენაზე ძლიერი ემოციური ფონის შექმნას ახერხებს.

 

გვანცა კანდელაკის ძიძა კი მკაცრი, თუმცა მზრუნველი გამზრდელია. იგი ერთდროულად წარმოადგენს ტრადიციისა და ადამიანური თანაგრძნობის მხარეს. მიუხედავად გარეგნული სიმკაცრისა, მისი ქმედებები ცხადყოფს, რომ შინაგანად ანტიგონეს არჩევანს იზიარებს. ამას მსახიობი აჩვენებს დამაჯერებლად და ზუსტად.

 

ნიკა თეთრაძის ჩაფარი სპექტაკლში მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი პერსონაჟია. ის იმ სისტემის ნაწილია, რომელიც კრეონის გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ ემსახურება და ძალაუფლების მექანიზმის ერთგვარ გაგრძელებად გვევლინება. სწორედ ასეთი პერსონაჟების მეშვეობით იძენს სახელმწიფო ძალადობა ყოველდღიურ და ჩვეულებრივ სახეს. მსახიობი პერსონაჟის შინაგან წინააღმდეგობას გარეგნული სიმშვიდის მიღმა მალავს. ჩაფარი არ არის აგრესიული ან სასტიკი, პირიქით, ის საკუთარ მოვალეობას რუტინულად ასრულებს, რაც მის სახეს კიდევ უფრო დამაფიქრებელს ხდის. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ჩაფარი არც გმირია და არც ანტიგმირი. ის იმ უმრავლესობას განასახიერებს, რომელიც სისტემის უსამართლობას ხედავს, მაგრამ წინააღმდეგობის ძალა ან სურვილი არ გააჩნია. ნიკა თეთრაძე ზედმეტი ემოციურობისა და თეატრალურობის გარეშე ქმნის თავშეკავებულ, ფუნქციურ სახეს, რომელიც ორგანულად ეწერება სპექტაკლის ცივ, ბიუროკრატიულ ატმოსფეროში.

 

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში მსახიობები მუდმივად მოძრაობენ, წარმოდგენა ზოგჯერ პარადოქსულად სტატიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი მთავარი კონფლიქტის არათანაბარი მსახიობური ენერგიაა. ანდრია გველესიანის ძლიერი და ზუსტად აგებული კრეონის ფონზე ანტიგონეს სახე ყოველთვის თანაბარი ინტენსივობით ვერ მუშაობს. შედეგად, ორი თაობის, ორი მორალური სისტემისა და ორი მსოფლმხედველობის დაპირისპირება ზოგიერთ ეპიზოდში სრულ ძალას ვერ აღწევს.

 

სპექტაკლის ფინალი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ჰემონისა და ევრიდიკეს სიკვდილის შემდეგ კრეონი მარტო რჩება. ახლა მის წინ სამი გვამია: შვილი, ცოლი და ძმისშვილი. იგი მათ გვერდით წვება და ამ ჟესტით რეჟისორი ხაზს უსვამს, რომ მორალურად კრეონიც მოკვდა.

 

„კარგი იქნებოდა მარადიული ძილი...“ ამ სიტყვებით დასრულებული სპექტაკლი მაყურებელს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ძალაუფლების მთავარი ტრაგედია არა გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ იმ ფასშია, რომლის გადახდაც ამ გადაწყვეტილებებს მოჰყვება.

 

ირაკლი გოგიას „ანტიგონე“ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს, თუმცა სპექტაკლი სვამს რთულ კითხვებს: სად გადის ზღვარი სახელმწიფოებრივ აუცილებლობასა და ადამიანურ ღირსებას შორის? რა ხდება მაშინ, როდესაც კანონი მორალზე მაღლა დგება? ამ კითხვებზე პასუხები სპექტაკლს არ აქვს, მაგრამ სწორედ მათი სიმწვავე აქცევს ახმეტელის თეატრის „ანტიგონეს“ აქტუალურ თემაზე დადგმულ მორიგ სპექტაკლად.

bottom of page