top of page

ჩემი ვალია ბოროტების ვპოვო სათავე...

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

278657038_5006178322784471_4447635197745850557_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

ჩემი ვალია ბოროტების ვპოვო სათავე...

 

სოფოკლეს „ოიდიპოსი“ ვასო აბაშიძის „ახალი თეატრის“ პირველი სპექტაკლია, რომელიც ამ განახლებულ შენობაში დაიდგა, მისი ტექნიკური შესაძლებლობით, თანამედროვე სცენით და დარბაზით, თუ არ ჩავთვლით აღდგენილ „მუსიკის ჰანგებს“. სპექტაკლის რეჟისორ დავით დოიაშვილი ერთმნიშვნელოვნად კონცეპტუალისტი რეჟისორია, არა მხოლოდ დრამატურგიული ტექსტის გაგებისა და წარმოდგენის თვალსაზრისით, ჩანაფიქრის მხატვრული გაფორმებით (სცენოგრაფია, კოსტიუმები, მუსიკალური და მხატვრული განათება) მაყურებელთა სკამები სახელურზე განლაგებული შტრიხ-კოდების (ამაზე მოგვიანებით) გათვალისწინებით. ეს ძველ თეატრშიც ცხადად ვლინდებოდა და „ახალში“ მით უმეტეს, თეატრის შესანიშნავი დარბაზი და სცენა, მისი ტექნიკური საშუალებები - შესანიშნავი სამსახიობო დასი - ადამიანური რესურსები მისი ყოველი იდეის განხორციელების საშუალებას იძლევა.

ფარდის ახდის შემდეგ (რას ასე იშვიათი გახდა დღევანდელ თეატრში) ჩვენ წინ მრავალპლანიანი სცენა ნათდება, რომლის წინ, საშუალო, უკანა და გვერდითი პლანი აქტიურად გამოიყენება სპექტაკლის მიმდინარეობის დროს. დასაწყისში აქ დიდ ასოებით ნათდება Οιδίποδας Τύραννος- ოიდიპოსი ტირანი. სპეცსამოსში გამოწყობილები გარშემო დეზინფექციის სითხეს მიმოაბნევენ - თებეში პანდემია მძვინვარებს, ისევე როგორც დღეს მთელ სამყაროში.

დავით დოიაშვილი გვიყვება არა თებეს მეფის ისტორიას, არამედ ადამიანის, ოიდიპოსის ამბავს, რომელიც დაბადებიდანვე განწირული იყო საკუთარი მამის ლაიოსის დანაშაულებრივი ქმედებების გამო, ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ბედისწერა. ბოროტი როკი, რომელიც მას დაბადებიდან თან სდევს და რისი მსხვერპლიც გახდება, პიროვნება, რომელიც დაბადებიდან მოკლებული იყო არჩევანის უფლებას - ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდებოდა, ყველა საქციელი, რაც მან ჩაიდინა სულაც არ იყო მასზე დამოკიდებული და მხოლოდ ერთხელ - ყველაფრის მერე, როდესაც სინამდვილე მისთვის გასაგები გახდება, მაშინ, როცა არჩევანის გაკეთება უკვე შესაძლებელია, იგი იღებს ბედისწერისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას - თვალებს ითხრის

- „თვალიც რომ მქონდეს, ხომ სირცხვილით ვერ შეგხედავდით?“.

კახა კინწურაშვილის ოიდიპოსი სიმართლისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანია, რაზეც მეტყველების მისი თვით კახა კინწურაშვილის ბოლო მონოლოგი, არა სოფოკლეს, არამედ პირადია, მისი სულის ამონათქვამი - ბედნიერებასა და თავისუფლებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ჩვენს დღევანდელობაზე, რომელიც თავისთავად იმ განცდების გამოძახილია, რაც მან ამ უკანასკნელი ორ საათის განმავლობაში განიცადა ოიდიპოსად ყოფნისას.

Οιδίποδας Τύραννος პიესის ეს ბერძნული სახელი, სულაც არ ნიშნავს რომ ოიდიპოსი ცუდი მეფე და ტირანი იყო, რა გაგებითაც ეს ტერმინი ახლა გამოიყენება. ტირანი ბერძნების გაგებით იყო მეფემ, რომელმაც ტახტი მემკვიდრეობით კი არა, სხვა გზებით მიიღო, თუნდაც ეს ხალხის არჩევანი ყოფილიყო, როგორც ოიდიპოსის შემთხვევაში მოხდა. ოიდიპოსი ნამდვილად კარგი მმართველია - მისი მეფობის პერიოდში გაძლიერდა თებე და ახლა, როცა მის ქვეყანას საშინელი ეპიდემია მძვინვარებს, პირველი, რომელიც მზადაა თავი გასწიროს - ოიდიპოსია. საორკესტრო ორმოს კიდესთან დიდი გრძელი შავი მაგიდაა, მასზე განთავსებული მონიტორებით, რომელიც დროდადრო სათამაშო ასპარეზადაც გამოიყენება. უკანა პლანზე სამი გამჭვირვალე ოთახია, მარცხნივ სააბაზანო, დუში და თეთრი აბაზანით, მარჯვნივ ტუალეტი უნიტაზით და მესამე - შუაში სკამით, რომელზეც ჩვენკენ ზურგით მამაკაცი ზის. ეს ოიდიპოსია, რომელიც თავის ხალხს მიმართავს - ეკრანებზე ჩნდება მისი დაღლილი სახე, მაგრამ ძლიერი და მიზანდასახული თავზე რომ შარავანდედი ადგას:

„ო, საყვარელნო, შვილნო ჩემნო, რარიგ მებრალვით!

მესმის აქ რატომ შეკრებილხართ, ან რას მავედრით...“

ქურუმი - გიგი ქარსელაძე, საკლუბო ტანსაცმელში გამოწყობილი (კოსტიუმების მხატვარი ანანო მოსიძე) მაყურებელს მიმართავს. რეჟისორი ინტერაქტივს იყენებს, რათა მაყურებელი აქტიურად ჩაერთოს წარმოდგენაში. ეს პოსტ პოსტმოდერნისტული მიმდინარეობის ერთ-ერთი ხერხია, როცა მაყურებელი არა მხოლოდ „მაცქერალი და მსმენელია“, არამედ ქმედების აქტიური მონაწილე ხდება და უფრო მეტიც გადაწყვეტილებასაც იღებს, ისე როგორც ეს ამ სპექტაკლის ფინალშია, როცა მიმდინარეობს კენჭისყრა გაგრძელდეს თუ არა წარმოდგენა. პოსტ პოსტმოდერნისტულია ასევე ეკრანების, ვიდეოკამერების გამოყენება, როდესაც შემსრულებელთა სახეები „ახლო პლანით“ ეკრანზე ჩნდება - ე.წ. „ციფრომოდერნიზმი“ - ტექნიკური საშუალების მხატვრულ ქმნილებაში გამოყენება. პოსტ პოსტმოდენდისტულია აგრეთვე ტექსტის და ქმედების დეკონსტრუქცია, რასაც დოიაშვილი იყენებს ამ სპექტაკლში და შემდგომ მის ხელახლა კონსტრუირება ინტერაქტივის მეშვეობით. უფრო დეტალურად კი პოსტ პოსტმოდერნიზმმა თავის წინამორბედისგან „ისესხა“ ჟაკ დერიდას დეკონსტრუქციის ხერხი, მხატვრული ნაწარმოების „პირველად“ და „მეორად“ ტექსტად დაშლა, როცა ძირითად სიუჟეტის სიმაღლეზე ამოდის „მეორედი“ ტექსტის გააზრებაც. ეს რასაკვირველია დრამატურგიის და თეატრალური ხელოვნებისთვის სულაც არ იყო ახალი. რეჟისორის პროფესიის გაჩენის შემდეგ პიესის ქვეტექსტის ამოკითხვა, ანუ დერიდასუელი „მეორადი“ ტექსტი ამ პროფესიის ერთ-ერთი მთავარი მომენტია იყო. ამდენად, ამ სპექტაკლში ოიდიპოსის მიერ მთავარი სიუჟეტის, ე.წ. დამნაშავის ძიების გვერდით, რასაც იგი მიმართავს, რეჟისორმა ამავე დონეზე ამოწია მთავარი გმირის ყოველდღიური ცხოვრება, ტრენაჟორზე ვარჯიში თუ მაგიდის ჩოგბურთით გატაცება, მისი და იოკასტეს სიყვარული და ვნება, ჟინიანი, სადღაც ძალადობრივიც, თუნდაც მაზოხისტურიც, მათი კისერზე ქამარშემოჭერილების სექსი მონიტორებზე რომ აისახება, შემდგომში ფროიდისტულ „ოიდიპოსის კომპლექსად“ წოდებული, ოიდიპოსის ქამარი, რომელიც იოკასტეს დიდხანს კისერზე აქვს ჩამოკიდებული და ამ ქამრითვე ჩამოიხრჩო თავი, იდილია ოჯახში - იოკასტე კოვზით კვებავს ანტიგონეს და ოიდიპოსსაც სთავაზობს დააგემოვნოს ბავშვის საკვებს, ფრანგული იავნანით „Bonjour! Bonjour! Comment ça va“ რომ აძინებს ოიდიპოსი ანტიგონეს, სპექტაკლის ფინალში თვალდათხრილი ოიდიპოსისა და „მკვდრად აღდგენილი“ იოკასტეს სცენაზე დაბრუნება, ოიდიპოსი - სფინქსი, დიდი მკერდით და პატარა ოიდიპოსით ხელში და ბოლოს კახა კინწურაშვილის მონოლოგი. ყოველივე ეს ორი პარალელური ტექსტები ინტერაქტივით და დარბაზის ჩართულებით ხელახლა იკვრება „რეკონსტრუირდება“, რეჟისორის ჩანაფიქრში ერთიანდება და წარდგება მაყურებლის სამსჯავროზე.

ასეთი ფინალით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავარმა გმირებმა ოიდიპოსმა და იოკასტემ მაინც შეცვალეს ბედისწერა, აჯობეს ღმერთების წინასწარმეტყველებას, გადარჩნენ და ალბათ სულ სხვანაირად განაგრძობენ საკუთარ ყოფას.

რეჟისორი მაყურებელს ქოროს ფუნქციას სთავაზობს და დარბაზიც აქტიურად ერთვება გამოკითხვაში: პანდემიაზე, მიმდინარე ომზე - საზოგადოება აქაც ორადაა გაყოფილი, უპირისპირდებიან, შეძახილებით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს (ნატა ბერეჟიანი, ანა ქურთუბაძე). ოიდიპოსი ტრენაჟორზე ვარჯიშს ამთავრებს, შავ პიჯაკს იცვამს და საზოგადოებას წინ წარადგება დაცვის თანხლებით, ლაოსის სიკვდილს ამბებს გვაუწყებს. ძირითად ორი ფერი დომინირებს: ოიდიპოსი და იოკასტე, მეორე მწყემსი შავ სამოსელში, პირველი მწყემსი და ტირესი თეთრებში (მხატვარი ანანო მოსიძე) - ბოროტი და ნათელი - დამნაშავენი და უდანაშაულონი. ტირესის (მარინა ჯოხაძე) მედიდური შემოსვლა ძრწოლას და პატივისცემას იწვევს ოიდიპოსში, იმედს უღვივებს მას, რომ სიმართლე, რასაც მისგან მოისმენს, ფარდას ახდის გაურკვევლობას. გრძელ შავ მაგიდას მიუსხდებიან ორთავე: ოიდიპოსი თავში - ტირესი ბოლოში - მათ შორის უსაზღვრო სივრცეა - მარინა ჯოხაძე (ეს მისი დებიუტია ამ როლში, სხვა შემსრულებელი ამირან ამირანაშვილია) გრძნეული, უასაკო და უსქესო, სასწაულ გრიმსა და ვარცხნილობაში, გულახდილად ცდილობს ააცილოს ოიდიპოსს ის მწარე სიმართლე, რომელიც მისთვისაა ცნობილი, მაგრამ მეფის ბრძანება შეუვალია და აქ პირველად ოიდიპოსი იგებს იმას, რაც სრულად დაუჯერებლად მიაჩნია. იმდენად, რომ თავი შეთქმულების მსხვერპლად მიიჩნევს, რომელსაც ძალაუფლებამონდომებული კრეონი უწყობს. მძიმეა კრეონისა (დავით ბეშიტაიშვილი) და ოიდიპოსის (კახა კინწურაშვილი) შეხვედრა - ამ სცენას რეჟისორი დავით დოიაშვილი სცენის შუა სივრცეში აგებს და თანამედროვე ტოქშოუს ჩამოჰგავს, ტელეგადაცემაში რომ გვინახავს: მრგვალი მაგიდა, წამყვანი ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ დაპირისპირებული მხარეები; ოიდიპოსი კატეგორიული და მკაცრია, არაფრით იღებს კრეონის არგუმენტებსა და სამეფოდან აძევებს, თუმცა ეჭვმა უკვე დაისადგურა მის სულში, კარგავს მოსვენებას და ერთადერთ ნუგეშს ისევ იოკასტესთან იღებს, თუმცა მათ ურთიერთობაშიც უკვე გაჩნდა ბზარი. იოკასტე (ნინო კასრაძე) მშვენივრად გრძნობის იმ ცვლილებებს, რაც ოიდიპოსში მოხდა, თუმცა მთავარი მიზეზი მისთვისაც ჯერ უცნობია - საბედისწერო ფრაზა წამოსცდება: „ავაზაკებმა მოკლეს სამი გზის ჯვარედინზე“. და აქ ოიდიპოსი პირველად იჯერებს მწარე სიმართლეს. მეფე და დედოფალი ამაოდ ცდილობენ ლაოსსა და ოიდიპოსს პორტრეტებს შორს განსხვავება აღმოაჩინონ, სხვადასხვა დროის სურათებს ადარებენ ერთმანეთს, ოიდიპოსი საკუთარ ქსეროასლსაც კი შექმნის, მაგრამ მათი მსგავსება სახეზეა.

ვერც პირველი მწყემსი (ტატო ჩახუნაშვილი) ეტყვის რაიმე საიმედოს, აი, მეორე მწყემსის მოძებნა და მასთან გასაუბრება კი ნამდვილად უკვე დიდ საფრთხეს უქმნის დედოფალს. ნინო კასრაძე - იოკასტე თანდათან ხვდება, რომ მის დანაშაულს სადაცაა ფარდა აეხდება, მეორე მწყემსს ხომ მან გადასცა ახალშობილი ოიდიპოსი. მეორე მწყემსის (არჩილ სოლოღაშვილი) შემოსვლა პომპეზურია, ისიც შავებში, შემაღლებულიდან ეშვება, ხელში ჩემოდანი უჭირავს, გახსნის და იქიდან პატარა ოიდიპოსს ამოიყვანს, მეფე პოლიბოსს რომ აჩუქა. ორ მწყემსს შორისაა მოქცეული ოიდოპოსი, იმ ორ მოწმეს შორის, რომლებმაც სიკვდილისგან იხსნეს, მაგრამ სამუდამო ცოდვაში გახვია.

„ოიდიპოსი (ბურანში წასული)

განა თვითონ მან მოგცა შვილი?

მწყემსი დიახ, მეფე! თვითონ!“

იოკასტეს - ნინო კასრაძეს ძალიან უყვარდაო ლაიოსი არ ითქმის, მისი შავბნელი საქმეები, მუდმივი ღალატი და პედოფილიაც ამის საფუძველს იძლეოდა, მაგრამ ძალაუფლების სიყვარულით, დედოფლობის დაკარგვის შიშით საკუთარ შვილს გასწირავს, რომ ლაიოსის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, მოგვიანებით კი უკვე ქმრად ქცეული ოიდიპოსი კი მისი ბოლო სიყვარულია, მისი ოთხი შვილის მამა. მაგრამ დანაშაულის სიმძიმე, როცა შენივე შვილი შენივე შვილების მამაა, მკაცრი განაჩენისკენ, თვითმკვლელობისკენ უბიძგებს მას.

ოიდიპოსიც საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს, ანტიგონეს ემშვიდობება, ისევ უმღერის ფრანგული იავნანას, იმ ანტიგონეს, რომელიც კოლონოში გაჰყვება და სიკვდილის ბოლომდე იზრუნებს მასზე.

სპექტაკლის ფინალი კი ღმერთებზე გამარჯვებაა - იმდენად ძლიერია სიცოცხლის, ოჯახის სიყვარული და თავისუფლებისკენ ლტოლვა, რომ ოიდიპოსი იმარჯვებს, შეუძლებელს აღწევს და კახა კინწურაშვილის ბოლო მონოლოგი მისი დასტურია, ხოლო ის რომ მაყურებელი მის შეკითხვაზე: - დასრულდეს თუ არა წარმოდგენა დადებითად უპასუხებს იმის მანიშნებელია, რომ მაყურებელს (და რასაკვირველია დამდგმელ რეჟისორს) მოსწონს ასეთი ფინალი, ჩემი აზრით, ის ფინალი, რისთვისაც ეს ანტიკური ტრაგედია დაიდგა.

bottom of page