top of page

რუდნიცკი ქართველი თეატრმცოდნეების წინააღმდეგ

5a1af1345af83ee21b09b2da3f8af410.jpg

 ჭეშმარიტების დასადგენად

გუბაზ მეგრელიძე


მინდა ჩემი შეხედულება გამოვთქვა ჟურნალ `თეატრში” (2019 წ. #1) დაბეჭდილ მანანა ახმეტელისა და გიორგი ცქიტიშვილის წერილებთან დაკავშირებით, რომლებზედაც პასუხის გაცემა მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ორივე წერილში დასმული საკითხი პრობლემურია და საზოგადოებრივ შეფასებას საჭიროებს. ეს პოლემიკა გამოწვეულია არა პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, არამედ დასმულ საკითხებზე სწორი პასუხების გაცემის მიზნით. ამ განზრახვითაა განპირობებული ჩემი დისკუსია, რომ საბოლოოდ მოხდეს გარკვეული შეხდულებების იდენტიფიკაცია ისტორიულ სინამდვილესთან.  


              კ. რუდნიცკი ქართველი თეატრმცოდნეების წინააღმდეგ 


მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელმა გამოაქვეყნა ცნობილი რუსი თეატრმცოდნის კონსტანტინე რუდნიცკის წერილი `ახმეტელის მისია”. მასში ბევრია საკამათო, მაგრამ უპირველესად უნდა შევჩერდე რუდნიცკის წერილზე ქალბატონ მანანას მიერ  დართულ შესავალზე, რომლითაც იგი აკნინებს ქართველ თეატრმცოდნეთა ღვაწლს, ბაბუამისის, სანდრო ახმეტელის, შემოქმედების შესწავლის საქმეში. მისი თქმით, ს. ახმეტელის შემოქმედება `ჭეშმარიტების აღიარების” გარეშე დარჩებოდა, კ. რუდნიცკის თავისი წერილი პირადად მისთვის, როგორც `ყველაზე სანდო და საიმედო პირისთვის”,Eარ გამოეგზავნა.Oცოტა გადაჭარბებული ხომ არ არისDსაკუთარი თავის წარმოჩენა?! ალბათ ასეა, რადგან მანანა ახმეტელმა ბაბუამისის შემოქმედების `შემსწავლა” საკმაოდ გვიან ასაკშიAგადაწყვიტა. დროც შესაფერისად შეარჩია, როდესაც სანდრო ახმეტელის შემოქმედების რეაბლიტაციის ავტორები, ნინო შვანგირაძე და ვასო კიკნაძე, ცოცხლი აღარ არიან... არადა, მახსოვს, როგორი მადლიერებით შესციცინებდა თვალებში ორივეს... ახლა კი, თურმე კ. რუდნიცკი ყოფილა ყველაფერი. ერთი ალ. ფევრალსკიმ (რომლის შეცდომებასაც იგი არ ახსენებს) დაადგა `ნათელი” რუსთაველის თეატრს თავისი სუბიექტური წიგნით და მეორე კ. რუდნიცკიმ `ამოხსნა” სანდრო ახმეტელის მისია. ქალბატონ მანანას კი საბჭოთა მენტალიტეტი არ დაჰკარგვია და მადლიერებით ქედს იხრის რუსი თეატრმცოდნის წინაშე. 


მაკვირვებს, მანანა ახმეტელს საიდან დაუგროვდა ამდენი აგრესია ქართველი თეატრმცოდნეების მიმართ, რომ მათ ღვაწლს, რაც თავის დროზე გმირობის ტოლფასი გახლდათ, ასე ამცირებს? აბა რას ნიშნავს მისი  კომენტარი: `...ბატონმა რუდნიცკიმ, როგორც ჩანს, კარგად იცოდა, რომ საქართველოში იმხანად მისი წერილი დღის სინათლეს ასე ადვილად ვერ იხილავდა; ისიც იცოდა, რომ ოდესმე ჭეშმარიტების აღიარების ჟამი დადგებოდა. ეს კი მოხდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა სანდრო ახმეტელის მიმართ მტრული ძალები ასპარეზიდან წავიდოდნენ, როცა მისი სახელის გარშემო ჩამოწოლილი შავი ღრუბლები საბოლოოდ გაიფანტებოდა (თუმცა, ამაში ბოლომდე არც დღეს ვარ დარწმუნებული, მიუხედავად იმისა, რომ  სანდრო ახმეტელის შემოქმედების რეაბლიტაციისათვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა).” 


ამ ციტატაში ბევრია საკამათო. ჯერ ერთი, კ. რუდნიცკიმ ნამდვილად არ იცოდა, რომ მის წერილს დაბეჭდავდნენ თუ არა. თანაც რომელ მტრულ ძალებზეა ლაპარაკი? 1984 წელს სადავო აღარ იყო ს. ახმეტელის შემოქმედება და მას საყოველთაო Aაღიარება ჰქონდა მოპოვებული. ამის დასტურია 1958 წელს გამოსული ს. ახმეტელის კრებული (შემდგენელი ნ. შვანგირაძე) და წიგნი რუსთაველის თეატრის შესახებ (შ. აფხაიძე, ნ. შვანგირაძე, რუსულ ენაზე). 1964 წელს გამოვიდა მეორე კრებული (შემდგენელი ვ. კიკნაძე), აგრეთვე, 1967 წელს გაიმართა მისი დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო (აღარაფერს ვამბობთ სხვა გამოცემებზე, რაც შორს წაგვიყვანდა). მაშინ არავის გამოუთქვამს საწინააღმდეგო მოსაზრებები, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი იყო კ. მარჯანიშვილის მომხრეთა ნაწილი, რომლებიც ს. ახმეტელის შემოქმედებითი რეაბლიტაციის დაწყებისას მართლაც დიდი მოწინააღმდეგეები იყვნენ. ამის მაგალითია საქართველოს თეატრალური საზოგადოების 1960 წელს გამართული პლენუმი, სადაც ცნობოლმა თეატრმცოდნემ, ქალბატონმა ნინო შვანგირაძემ, ისაუბრა ს. ახმეტელის შემოქმედების შესახებ და მოწინააღმდეგეთა მხრიდან არაერთი თავდასხმა მოიგერია. ამდენად, ე.წ. `შავი ღრუბლები” კარგა ხნის გაფანტული იყო და გაუგებარია, რაზე დავობს მ. ახმეტელი! უფრო გასაოცარია მისი ნათქვამი, თითქოს იგი დღესაც არ არის დარწმუნებული ამ `შავი ღრუბლების” გაფანტვაში, რაც სრულიად მიუღებელი და უმართებულოა, ვინაიდან დღეს უკვე აღიარებულია და ეჭვს ქვეშ არავინ აყენებს დიდი ხელოვანის შემოქმედებას. პირიქით, გრძელდება სამეცნიერო კვლევები და ს. ახმეტელის შემოქმედებისადმი ინტერესი არ იკარგება. მაშ, რამ ააფორიაქა მანანა ახმეტელი? საკუთარი ამბიციების წარმოჩენის დრო დაუდგა, თუ მეხსიერებამ უმტყუნა?!


აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს მანანა ახმეტელის შემდეგი სიტყვებიც: `მისი წერილის ქართული თარგმანი მაშინვე შევთავაზე რამდენიმე რედაქციას, მაგრამ დაბეჭდვის სურვილი არავის გამოუთქვამს...” ამის პრობლემა მას არ ჰქონდა, ვინაიდან იმჟამად დიდი ავტორიტეტის მცონე ჟურნალ `საბჭოთა ხელოვნებაში” განყოფილების გამგე გახლდათ და წინააღმდეგობაც არ ექნებოდა. ფაქტის დასადგენად მივმართე მის ყოფილ რედაქტორს, ბატონ ნოდარ გურაბანიძეს, რომელმაც მოითხრა, მსგავსი რამ პირველად მესმის და ქალბატონ მანანას ჩემთვის არ მოუმართავსო. არც ჟურნალ `თეატრალური მოამბის” რედაქტორი წავიდოდა წინააღმდეგი, ქალბატონ მანანას რომ მიემართა. მაშ, რომელ რედაქციას გულისხმობს ავტორი გაურკვეველია და თუ წერდა, უნდა დაესახელებინა კიდევაც... მაგრამ არარსებულს, ალბათ, ვერ დაასახელებ.


ახლა კი მივყვეთ  მ. ახმეტელის მიერ ცაში აყვანილ და ლამის საპროგრამო წერილად შერაცხულ კ. რუდნიცკის წერილს `ახმეტელის მისია”. ავტორი დასაწყისიდანვე ცდილობს ისეთი სურათი დახატოს, თითქოს ქართული თეატრმცოდნეობა მხოლოდ კ. მარჯანიშვილისა და ს. ახმეტელის პირადი ურთიერთობებისა და დაპირისპირების კვლევით იყო გატაცებული, ამიტომაც გვერდზე დარჩა შემოქმედებითი ასპექტები, `...რაც საშუალებას არ გვაძლევს, ჩავწვდეთ და გავიაზროთ ორი უდიდესი ქართველი რეჟისორის შემოქმედების ჭეშმარიტი არსი”. ეს მტკნარი სიცრუა და ქართველი თეატრმცოდნეების შეურაცხყოფაა. კ. რუდნიცკი ცუდად იცნობს ქართული თეატრის ისტორიას, ვინაიდან წერს, რომ მარჯანიშვილელებმა ქუთაისში ახალი კოლექტივი ჩამოაყალიბეს, ხოლო `...ამავდროულად ახმეტელის გარშემო გაერთიანდნენ დარჩენილი რუსთაველელები და დააარსეს კიდეც ახალი თეატრი”. მსგავსი სისულელე გაგონილა? რუსთაველის თეატრი თურმე თავიდან დაუარსებიათ... ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა რუსთაველის თეატრში განაგრძეს მუშაობაო. ამის შემდეგ რუსი რუდნიცკი ყურადღებას ამახვილებს ორივე რეჟისორის გარშემო გავრცელებულ ჭორებზე, თითქოს ყველაფერი ბრალდებოდა დისციპლინასა და ხასიათთა შეუთავსებლობას. ამაზე რუდნიცკი იმიტომ ამახვილებს ყურადღებას, რომ დაასკვნას: `...აბსოლუტურად ნათელია, რომ უთანხმოება გამოწვეული იყო ერთმანეთისათვის მიუღებელი ესთეტიკური პოზიციებით”. მერედა ვინ უარყოფს ამას? პირიქით, შეიქმნა არაერთი ნაშრომი, სადაც ეს საკითხებია განხილილი, რომელთა შესახებაც რუდნიცკის წარმოდგენაც კი არა აქვს. სამაგალითოდ შეიძლება დავასახელოთ: შ. აფხაიძის, ნ. შვანგირაძის `რუსთაველის თეატრი” (რუსულ ენაზე, 1958); შ. მაჭავარიანის `კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის შემოქმედებითი ურთიერთობა” (1961); ეთ. გუგუშვილის მონოგრაფიაში `კოტე მარჯანიშვილი” (1972) თავში `ქართული საბჭოთა თეატრის ფუძემდებელი”, გარკვეული ნაწილი ს. ახმტელსა და კორპორაცია `დურუჯის” ურთიერთობებს ეთმობა (გვ. 426-435), ვ. კიკნაძის წიგნში `სანდრო ახმეტელი” (1977) სპეციალურადაა გამოყოფილი თავი `კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის შემოქმედებითი ურთიერთობის საკითხისათვის” (გვ. 54-97); ეთ. დავითაიას `მარჯანიშვილისა და ახმეტელის ერთობლივი დადგმები” (1981); აი, რა საფუძვლიანად იკვლევდნენ ქართველი თეატრმცოდნეები მათ შემოქმედებას და კ. რუდნიცკივით არ იყვნენ ჭორებს აყოლილნი. თანაც, დასახელებული ლიტერატურა რუდნიცკის წერილამდეა დაბეჭდილი და რუსი თეატრმცოდნე ვალდებული იყო მათ გაცნობოდა, მაგრამ მაშინ კრიტიკა ხომ არ გამოუვიდოდა... ამიტომაც უსაფუძვლოა კ. რუდნიცკის ყალბი დასკვნა: `ამ კამათში რა პოზიციები ეჯახებოდა ერთმანეთს? კითხვაზე ქართული თეატრმცოდნეობითი ლიტერატურა არ იძლევა მკაფიო პასუხს”. 


კ. რუდნიცკი ისტორიულ ფაქტებს აყალბებს, როდესაც წერს, რომ კ. მარჯანიშვილი ცდილობდა რუსული და ევროპული რეჟისურის დამკვიდრებას ქართულ სცენაზე `...რომელსაც მანმადე არ გააჩნდა თანამედროვე გაგებით რეჟისორული გამოცდილება”. მაშ, არ აღუზრდია მოსკოვის სამხატვრო თეატრს პირველი პროფესიონალი ქართველი რეჟისორები: ალ. წუწუნავა, აკ. ფაღავა, მ. ქორელი, ვ. შალიკაშვილი, კ. ანდრონიკაშვილი? კ. რუდნიცკის უვიცობა იმაშიც ჩანს, რომ კ. მარჯანიშვილის მიერ თეატრში ქართველი მხატვრების მიწვევის აღნიშვნისას დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ელ. ახვლედიანის გვერდით გამორჩა მთავარი _ პეტრე ოცხელი! კ. რუდნიცკი `მოძღვარავს” ქართულ თეატრმცოდნეობას, რომ თურმე ახმეტელის მისია უპირველესად `რეჟისორული თეატრის ეროვნულ ორკესტრირებაში მდგომარეობდა.” აი, რა `აღმოჩენა” გაუკეთებია რუს კრიტიკოსს, თუმცა ქართველ თეატრმცოდნეთა ნაშრომებში სწორედ ეს ეროვნული საკითხია წამოწეული.


კ. რუდნიცკი ღია კარს ამტვრევს: `ახმეტელის პოზიცია მტკიცე იყო და ნათელი. ეს ცხადზე უცხადესია ისევე, როგორც ორჯერ-ორი რომ ოთხია, რასაც ამტკიცებს მისი სპექტაკლები: `რღვევა”, `ანზორი”, `ლამარა”, `ინ ტირანნოს” (`ყაჩაღები”)”. სამწუხაროდ, რუდნიცკისთვის ორჯერ-ორი ხუთი, ექვსი და სხვა ციფრებია, ვინაიდან ამ სპექტაკლების მაღალმხატვრულობაში არც ერთ ქართველ თეატრმცოდნეს ეჭვი არ შეჰპარვია. სხვათა შორის, მ. ახმეტელს `ინ ტირანნოს”, უნდა ეთარგმნა ლათინურად (Iნ ტირანნოს), როგორც ეს რუდნიცკისთანაა, და სპექტაკლის აფიშაზედაც ასე ეწერა, მაგრამ იცის კი ამდენი ისტორია ქალბატონმა  მანანამ? 


გაურკვეველია, ვის `აკრიტიკებს” კ. რუდნიცკი, როდესაც წერს XX ს. 30-იან წლებში ახმეტელის შემოქმედების შეგნებულ გაყალბებაზე. აქაც ჩანს რუდნიცკის უვიცობა, რადგან აბა რას დაწერდნენ რეპრესირებულ ხელოვანზე?! ამ გარემოებას კი ის საერთოდ არ ახსენებს და ისე წერს მის `ბურჟუაზიულ ნაციონალიზმზე”. მე დავამატებდი, რომ მას ფორმალიზმსაც აბრალებდნენ და ხალხის მტრადაც ჰყავდათ შერაცხული. ეს პოლიტიკურ-იდეოლოგიური კონიუქტურა იყო და არა თეატრმცოდნეთა შეცდომა. ამის შესახებ დაუფარავად წერს ვ. კიკნაძე მონოგრაფის `სანდრო ახმეტელის” თავში `სინამდვილე და მითები”, რომ 1937-1954 წლების არც ერთი დოკუმენტი სანდო არ იყო, ვინაიდან ისინი მხოლოდ ახმეტელის მხილებით იყვნენ გაჟღენთილი (გვ. 397). მე დავამატებ, რომ გვიანებით ალ. ფევრალსკის წიგნში `რუსთაველის თეატრი” მსგავსი არასწორი შეფასებები განმეორდა და ქართულ პრესაში საკმაოდ მკაცრი შეფასებები დაიბეჭდა. ამდენად, ქართველი თეატრმცოდნეებიც ებრძოდნენ ამ არასწორ შეხედულებებს და რუდნიცკის არაფერი აქვს სასაყვედურო. 


კ. რუდნიცკი პროკურორადაც გვევლინება, როდესაც უმართებულოდ წერს: `დღეს ეს ტექსტები კურიოზულად გვეჩვენება, მაგრამ ცალკეული დემაგოგიური თეზისები და საშიში იარლიყები დღემდე ტვირთად აწვებათ თეატრის ისტორიკოსებს”. ავტორი მათ არ ასხალებს და ზოგადი მსჯელობით იფარგლება. მხოლოდ ს. ამაღლობელის 30-ინი წლების ტენდენციურობას აღნიშნავს. შეიძლება ავტორს მხედველობაში აქვს დ. ჯანელიძის სტატია `ქართული თეატრი”, რომელიც `საბჭოთა დრამატული თეატრის ისტორიის” მესამე (1967) და მეოთხე (1968) ტომებში დაიბეჭდა და არაერთხელ გახდა ქართველ თეატრმცოდნერთა კრიტიკის ობიექტი. აშკარა დანაშაულია 1984 წელს ამ შეცდომად აღიარებული ბრალდებების უსაფუძვლოდ განახლება. ამიტომაც წარმოუდგენელია რუდნიცკის სიცრუე, თითქოს ქართველი თეატრმცოდნეები ნახევარსაუკუნოვან ბრალდებებს იმეორებდნენ. ეს მხოლოდ რუდნიცკის წარმოსახვის ნაყოფია. 
კვლავ ტყუის რუდნიცკი, როდესაც წერს, XX ს. 40-50-იან წლებში ერთნაირად იყო მივიწყებული მარჯანიშვილისა და ახმეტელის იდეებიო. უკვე აღვნიშნე, რომ ახმეტელის აკრძალვა მის რეპრესირებასთან იყო დაკავშირებული, ხოლო მარჯანიშვილი არავის მიუვიწყებია. კ. რუდნიცკი არ იცნობს ამ პერიოდში მარჯანიაშვილზე დაბეჭდილ ლიტერატურას. მოსკოვში გამოდის გ. კრიჟიცკის წიგნი `კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი” (1946), იმართება კ. მარჯანიშვილის დაბადებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავი იუბილე (1947) და გამოდის კრებული `კოტე მარჯანიშვილი” (1948), იბეჭდება: უშ. ჩხეიძის `კოტე მარჯანიშვილი რეჟისორი და ხელმძღვანელი” (1949), კ. გოგოძის `კოტე მარჯანიშვილი” (კინოში მუშაობის შესახებ, 1953) და კრებული `კოტე მარჯანიშვილი” (რუსულ ენაზე, 1958), კრ. `კოტე მარჯანიშვილი” (ყვარლის სახლ-მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით), შემდგომ გამოცემებზე აღარაფერს ვამბობ. ეს არის `ერთნაირად მივიწყებული მარჯანიშვილი?!” ბოლოს კ. რუდნიცკი ასკვნის: `ქართული სცენის მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად თამამად და თავისუფლად შეძლებენ დღევანდელი რეჟისორები მიღებული მემკვიდრეობის განკარგვას.” ვინ მისცა რუდნიცკის ასეთი მცდარი დასკვნის უფლება, როდესაც უკვე რ. სტურუასა და თ. ჩხეიძეს, სწორედ ამ პოზიციით, უკვე დადგმული ჰქონდათ თავიანთი საუკეთესო სპექტაკლები, რომლებზედაც მოსკოვის თეატრები ვერც კი იოცნებებდნენ. 


ეს წერილი რომ მაშინ დაბეჭდილიყო, მართლაც ატყდებოდა დიდი ვნებათაღელვა და რუდნიცკის `მსჯელობიდან” აღარაფერი დარჩებოდა. მანანა ახმეტელმაც იფიქრა, ხმის ამომღები აღარავინააო და თამამად დაბეჭდა რუდნიცკის თავხედობით, დემაგოგიითა და ქართული თეატრის ისტორიის უვიცობით აღსავსე ეს სისულელე. მართალია, კ. რუდნიცკიმ `ახმეტელის მისია” ვერ ამოხსნა, მაგრამ ქართული საზოგადოების პროვოცირებას აშკარად შეეცადა.   
დასკვნა მხოლოდ ერთია, მანანა ახმეტელმა დათვური სამსახური გაუწია კ. რუდნიცკის, მაგრამ გაუგებარია, რას ერჩოდა მისი დიდი წინაპრის შემოქმედების შემსწავლელ თეატრმცოდნეებს, რომელთა მადლიერი იგი თითქოსდა იყო მათ სიცოცხლეში?!  

bottom of page