ჭიათურის დრამატული თეატრი
XIX საუკუნის ბოლოს, ქართველი საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევითა და ინიციატივით, საქართველოში ერთდროულად რამდენიმე თეატრი გაიხსნა. მათ შორის ერთ–ერთი ქალაქ ჭიათურის დრამატული თეატრი იყო, რომელიც 1894 წლის 11 დეკემბრიდან ამოქმედდა.
1901 წელს თეატრში, ცნობილი ქართველი მწერლის – აკაკი წერეთლის თანდასწრებით, მისი გახმაურებული პიესა „პატარა კახი“ დაიდგა.
1910 წლიდან თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავს, იგი რიგით მესამე მუდმივ მოქმედი დასია საქართველოში, რუსთაველისა და მარჯანიშვილის დასების შემდეგ.
თეატრის ,,ოქროს ხანად“ არის მიჩნეული XX საუკუნის 20–30–იანი წლები, როდესაც პავლე ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით სცენაზე ეროვნული დრამატურგიის პარალელურად, მსოფლიოში ცნობილი დრამატურგების, უილიამ შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას და სხვათა ნაწარმოებები გაცოცხლდა.
ჭიათურის თეატრს აკაკი წერეთლის სახელი 1949 წელს მიენიჭა.
XX საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა: ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალებზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.
XXI საუკუნეში ჭიათურის თეატრმა ახალი ძალებით გააგრძელა შემოქმედებითი საქმიანობა, თეატრი შეივსო ახალგაზრდა პროფესიონალი მსახიობებით, მოწვეული იქნა ცნობილი რეჟისორი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანდრო.ენუქიძე, რომელმაც განაახლა დასი და ახალი საინტერესო ნაწარმოებებით შეავსო თეატრის რეპერტუარი.
2013 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია მამუკა ცერცვაძე.
2018 წელს ჭიათურის თეატრმა მონაწილეობა მიიღო სომხეთში გამართულ თეტრალურ ფესტივალში „ლორე ფესტი“ და წარმატებით წარმოადგინა მამუკა ცერცვაძის სპექტაკლი „მოუხელთებელი“. 2019 წელს უკრაინაში ქალაქ კამიანსკოეში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე „კლასიკა დღეს“ მამუკა ცერცვაძის სპექტაკლმა „ნოსტრადამუსი“ მთავარი პრემია სუკეთესო რეჟისურა დაიმსახურა. თეატრი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალებში, ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე გიორგი. შალუტაშვილის სპექტაკლმა „მეთევზე ერთი... ორი...“ სპეციალური პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ დაიმსახურა.
ჭიათურის თეატრთან აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი რეჟისორები, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები. სამხატვრო ხელმძღვანელი: მამუკა ცერცვაძე; თეატრის დირექტორი: ნანა წერეთელი.