top of page

ჭიათურის თეატრი სიძის მოლოდინში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

D91508D3-D877-44ED-936E-217F61CF55AC.png

10.01.2026

მანანა თევზაძე

ჭიათურის თეატრი სიძის მოლოდინში

ჭიათურის თეატრის ახალ სპექტაკლს „სიძე მოვალს“ ჰქვია, თუმცა იქვე განმარტებად ახლავს ქვესათაური - „ანუ დღესასწაული პატარა ქალაქში“. იგი რეჟისორმა გოგა თავაძემ დადგა, მხატვარია ანკა კალატოზიშვილი, კომპოზიტორი - დავით თავაძე.

ამთავითვე ვიტყვი, რომ პიესა, რომელიც  ლიტერატურული წყობით, ენამოსწრებულობითა და სიუჟეტური განვითარებით მომეწონა, თავად რეჟისორს ეკუთვნის და ცნობილი ინგლისელი დრამატურგის არნოლდ უესკერის პიესა „ფესვების“ გადმოქართულებული, სტილიზებული ვერსია აღმოჩნდა.

კოპწია იმერეთის ქალაქ ჭიათურაში, მისი ცნობილი თეატრის, რობერტ სტურუას მიერ მოხატული შენობის ნახვას ველოდი, თუმცა იგი ხანგრძლივ აღდგენით, სარემონტო პროცესში აღმოჩნდა. თეატრის შემოქმდებითი და ტექნიკური კოლექტივის დიდი მონდომებითა და ქალაქის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, თეატრმა, დროებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის მესამე სართული დაიკავა და შემოქმედებითი მუშაობა ექსპერიმენტულ სივრცეში - „თეატრი მესამე სართულზე“ განაგრძო. სულ ცოტა ხნის წინ, ამ სივრცეში, რეჟისორ ანდრო ენუქიძის მიერ დადგმული რუმინელი დრამატურგის ლუჩიან ბელიანოს პიესის „მოდარაჯე ძაღლების“ პრემიერა შედგა და აი ახლა, კვლავ პრემიერა: „სიძე მოვალს“...

სპექტაკლის დაწყების წინ დამდგმელ რეჟისორსაც და თეატრის დირექტორს, რეჟისორ - დათო ნიკოლაძეს, რომელიც უკვე მერამდენე წელია რთულ პირობებში თავდაუზოგავად უძღვება თეატრს, მღელვარება შევატყე, მხოლოდ ეს მღელვარება უფრო დარბაზის სიმცირის გამო მაყურებელთათვის განკუთვნილმა სკამებმა გამოიწვია. გოგა თავაძემ იუმორითაც კი აღნიშნა, - როგორც „იმერულ ესკიზებშია“, ყველა თავის სკამით  მოდისო...

სცენაზე, თეთრი ტილოს ოთხი შირმისგან შემდგარი კედელი დგას, რომლის რკინის კარკასზე ლამაზად გაბანტულ ტილოებს მიღმა კარვისებური სახურავი სჩანს. ტყავის შარვალსა და ქურთუკში ჩაცმულმა, ზურჩანთიანმა გოგონამ თავი გაგვაცნო, ბებიას საპატივცემულოდ დარქმეული ოლიკოს ნაცვლად ახლა ოლო მქვიაო...

ოლო დამწყები ფოტოგრაფია, მისი სატრფო - ბილი კი, იგივე ბილიხოძე,  ნამდვილი ფოტოგრაფი, რომელიც სულ მალე ესტუმრება ოლოს ოჯახს, ოლოს იმედით, სავარაუდოდ, მისი ხელის სათხოვნელად.

 შირმის კედლის გაწევის შემდეგ რკინის კონსტრუქიით რამდენიმე პატარა უჯრედად დაყოფილი მოედანი გამოჩნდა. ყოველი უჯრედი ოლოს ოჯახის წევრთა ოთახია: ერთში ოლოს და ცხოვრობს ქმართან ერთად, მეორეში - ოლოს დედა და ოლოს მამის პორტრეტი ჩარჩოში... მესამე უჯრედი მათ მეზობელ ტოგოს ეკუთვნის. იქვე ახლოს მიდი-მოდის ტექნიკუმ-კოლეჯის კანცლერი; დედის ოთახში მისი ვაჟი პალიკოც შემოჰყოფს ხოლმე მორიდებით თავს; სცენას დრო და დრო იეზუიტურ მოსასახამიანი ვიღაცეები სტუმრობენ... მოკლედ რომ ვთქვათ, სამეზობლო საცხოვრებელია...

ნამგზავრი და მოშიებული ოლო უხერხული სიცილით ელაპარაკება თავის დას და მის ქმარს - ჯიმის, იგივე ჯიმშერს, უამბობს დიდ ქალაქში ცხოვრების ამბავს. უსიამოვნო ნიავი ქრის მათ შორის, რადგან ოლო მამის დაკრძალვაზე არ ჩამოსულა. ასე ამბობს, - რა მექნა, არ შემეძლოო...

არ შეეძლო და რა ექნა?

მერე ლექსებით მოლაპარაკე ავტოპარკის ყოფილ დირექტორს, სულ მუდამ მთვრალ ტოგოს უყვება ბილის შესახებ...

მერე დედას უამბობს ბილის შესახებ...

მერე პალიკოს უამბობს...

ბილი, ბილი, ბილი... სულ მისი სახელი ისმის... ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ეს ბილი?

და მის გასაცნობად ჩანაწერში ისმის ბილის ბრძნული შეგონებებიდან უმთავრესი: - საკუთარი თავის საპოვნელად ჭიპლარი უნდა გადაჭრა საკუთარ დედასთან, მამასთან, მთელ სანათესაოსთან, საკუთარ ქვეყანასთანაც კი...

შვილების მოუწყობელი ცხოვრების გამო დედის ჩვეული გაწყრომის ფონზე, მოულოდნელი და სახალისო მოჩუქურთმებულ ჩარჩოდან მამის გამოსვლა და ინვალიდის ეტლში მოკალათებაა.  მამასა და შვილს შორის იმდენად მოშლილა ურთიერთობა, რომ შვილმა არც იცის, რატომ ზის მამა ეტლში და საოცარი პასუხი ესმის, თურმე მამას ფეხებში და ხელებში ძალა სულ წართმევია...

- მე მგონი დედაშენი გწერდა, ავად რომ გავხდიო! - შეფარვით საყვედურობს შვილს, რაზეც კიდევ უფრო საოცარი პასუხი აქვს ოლოს, - -არ მჯეროდა, მეგონა, როგორც ყოველთვის ამეტებდაო...

მაგრამ მამას უხარია, რომ ანდაზები ახსოვს და სძულს თავისი ტექნიკუმ-კოლეჯის კანცლერი, რომელიც სილაბუსების წერას სთხოვს. მასალათა გამძლეობაში ცოდნით აღჭურვილი კაცი სილაბუსებთან ბრძოლისას სრულიად უნუგეშოა, რადგან ბებიას ღიღინი უდგას ყურებში...

პიესა თანამედროვე საყოფაცხოვრებო ლექსიკითაა შეიარაღებული. მაგალითად ოლოს რეპლიკები:

- და საერთოდ, მე მე ვარ ჯერ და მერე ვარ დედა, მამა, და, ძმა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ჩემი ოჯახი, ჩემი ქალაქი და ა. შ.! თუ ადამიანი ამ ყველაფრისგან არ გათავისუფლდი, საკუთარ თავს ვერასოდეს იპოვი!

ან კიდევ:

- მამაჩემს მაინც ვეღარ გავაცოცხლებდი და მე შეიძლება ისევ უსამსახუროდ დავრჩენილიყავი! ეს თქვენ დროს იყო მამა, დედა, ოჯახი და სანათესაო მთავარი! ახლა სხვა დროა, ახლა შენი საქმე და პერსპექტივაა მთავარი!

ან თუნდაც ბილის შემდგომი სენტენცია:

- მე მხოლოდ მაშინ ვიგინები, როცა რაღაც განსაკუთრებული მეტაფორის თქმა მინდა და და ლიტერატურული ენა საამისოდ მკვდარი მეჩვენება! მაშინ თავს უფლებას ვაძლევ დავარღვიო ენობრივი ნორმები, მივმართო ჟარგონს, გამოვიყენო გინების ყველაზე უწმაწური ფორმები! გინება დასაშვებია, თუ ის შემოქმედების ნაწილია!

და კიდევ:

- შენს ქალაქში ცხოვრება, როცა არ მოგწონს, სხვა ქალაქის საძებნელად უნდა წახვიდე! შენი ოჯახი, როცა არ მოგწონს... ოჯახი ხომ ადამიანზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა დედამიწაზე!

ეს განწყობილებები სურდოსავით გადამდებია, რადგან პალიკოც, ოლოს ძმაც სულ მალე წარმოსთქვამს „შესანიშნავ“ ფრაზას:

გული მერევა სადღეგრძელოებზე!

რასაც მშვენივრად აგრძელებს ოლო:

- ყველაზე საშინელი სადღეგრძელო, სამშობლოს სადღეგრძელოა! იმიტომ რომ თქვენ არ იცით რა არის სამშობლო! სამშობლო არ არის კეჟერა ფხალი და დიმპიტაური! არც შენი სოფლის მდინარე და ბაბუაშენის ქამარ - ხანჯალი!..

და აგვირგვინებს ბილის ხმა, რომელიც დროდადრო, სოკრატესავით მოძღვრავს აქ მყოფთ, მხოლოდ უჩინრად, ჩანაწერებიდან.

- სამშობლო ეს არის სივრცე, სადაც შენ ადამიანად გთვლიან  და სადაც დაცულია შენი უფლებები და თავისუფლებები!

პიესის ტექსტი მართლაც კარგადაა გამართული. არ ვიცი დედანში როგორ ჟღერს, მაგრამ ქართულად ნამდვილად კარგია. პიესა სხარტულასავითაა, ენამოსწრებული დიალოგებითა თუ  მონოლოგებით სავსე. გოგა თავაძეს, როგორც რეჟისორს ვიცნობდი, ახლა კი გავიცანი, როგორც მწერალი, ქართული სიტყვის ხვეულების კარგად მგრძნობი.

და ის, რომ თამაშის მანერით, სტილით, ჭიათურის თეატრი სრულიად თანამედროვე თეატრია და მსახიობები თამაშის ამ სტილს ბუნებრივად აღიქვამენ, მიჰყვებიან, რა თქმა უნდა, რეჟისორის დამსახურებაა.

სკამებს, ზურგიდან, თეთრი ტილოს ტომრები ჰკიდია და ამ საზურგე ტომრებიდან, სპექტაკლის მკვიდრთ, საპატარძლო თეთრი, გამჭვირვალე მოსასხამები ამოაქვთ. ბილის მოლოდინში აფრიალებული მოსასხამებით მიუსხდებიან მაგიდას. მერე ლეონარდოს „სერობის ჟამის“ მსაგავსად მაგიდასთან მსხდარნი, თავისი ქალაქის სიყვარულში ეჯიბრებიან ერთმანეთს, სადღეგრძელოებსაც სვამენ და ერთმანეთს ანგარიშს უსწორებენ.

ოლო მათი მოსამართლეცაა და პროკურორიც და ადვოკატიც, ერთდროულად. მისდგომია თავის ახლობლებს და ამათრახებს და ამათრახებს ამ უბრალო ხალხს, რომლებიც მასალათა გამძლეობას ასწავლიან, ხაჭაპურს აცხობენ, სადილად ქათამს ხოხბავენ... მეტი რა ჰქნან ამ ახლებურად ენაგაწვრთნილ ოლოს მოსაწონი?

არაყს მიძალებულ ტოგოს ჭის წყლის გემო დავიწყნია, მაგრამ მთლად არყის ბრალიც რომ არ არის ჭის წყლის გემოს  გადავიწყება? ასე წუხილში ეთხოვება იგი ცხოვრებას და ოლოს მამის ნათქვამის არ იყოს, ყველა ბედნიერება და უბედურება ერთ მდინარეში იყრის თავს.

ამ გაუგებრობაში ცეკვავენ ხელგაშლილი სიძე და ქალიშვილი. ამ გაუგებრობისაგან დაბნეული ამბობს დიდ ქალაქში გადასახლების მოსურნე პალიკო, - დიდ ქალაქში მე თვითონ გავქრები და დედა არ შემაწუხებს!

გაცილებით ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, იქნებ მეც მხარი ამება პალიკოსათვის, ოლოსთვის და გავქცეულიყავი დიდ ქალაქში ბედის საძიებლად, მაგრამ ამ პატარა ქალაქსაც ხომ სჭირდება თავისი მოქალაქენი, მოსიყვარულენი...

რატომ აკლიათ აქ ყველას ყველაფერი?

უპირველეს ყოვლისა, მამას შვილის ცრემლი, ხმა...

და საგონებელში ჩავარდნილი ვფიქრობ, უყვართ თუ სძულთ ერთმანეთი?

ბილი კი არ სჩანს...

ღმერთო, რა მწუხარეა მათი ცხოვრება და ვფიქრობ, ეს ერთი ცალკე შემთხვევაა თუ ყველა ასე ცხოვრობს, წყალწაღებულად? განმარტოებულად?

ჰო, სევდიანი სანახაობაა, ძალიან სევდიანი, რადგან გამოთხოვებაა რაღაც ძალიან ძველთან, ნამდვილთან, საყვარელთან და შეხვედრა უცნობთან, გაუგებართან, ილუზორულთან, რომელიც არ სჩანს, არ მოდის და არც მოვა, რადგან უცხოა ამ ქალაქისათვის, ამ ხალხისათვის, ოლოსთვისაც კი უცხოა, ვერაფერი გაიგო მისი მუსიკის, მისი წიგნების, მისი ლაპარაკის, მისი საქციელის, თუმცა სწორედ ამ შეუცნობლობის გამო შეუყვარდა ეს ვიღაც ბილიხოძე ბილი...

ფინალისკენ სპექტაკლი, მოულოდნელად, ლონდას მელოდრამატული მონოლოგით შეიკრა, თუმცა ისედაც გასაგები იყო ყველაფერი: ამ ქალაქიდან ყველას გაქცევა უნდა, აქ ყველას აკლია სითბო და სიყვარული და ყველა წყალწაღებულია.

მამის და ტოგოს ორი მოჩარჩოებული პორტრეტი სპექტაკლის სომბოლოდაც შეიძლება ითქვას.

ერთადერთ იმედად, საბოლოოდ, ჯიმის მიერ ნათქვამი სიტყვა რჩება - ლონდა ორსულადაა!

მსუბუქი მუსიკა თან ახლავს, ხაზს უსვამს სპექტაკლის საერთო სევდიან განწყობილებას და თავში მიტრიალებს კლდიაშვილისეული ფრაზები: რატომ ბატონო? რატომ შვილო?

მართლაც რატომ?..

დასასრულს არ შემიძლია ამ შესანიშნავი მსახიობების შესახებ არ ვთქვა რამდენიმე სიტყვა. ისეთი მონდომება, პასუხისმგებლობა, სიყვარული და თანაზიარობა იგრძნობა მათ თითოეულ სიტყვაში,  გამოხედვაში, სისადავესა და ერთმანეთის მიმართ სიფრთხილეში, რომ გული გითბებათ და გავიწყდებათ, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე მსახიობებს სულაც არ აქვთ ადვილი და მსუბუქი ცხოვრება, რადგან ცხოვრება საერთოდაც უამრავი განსაცდელითაა სავსე და მსახიობის ცხოვრება კი, მით უფრო, რადგან საკუთართან ერთად სხვა ადამიანის ცხოვრებითაც უწევთ ცხოვრება.

ამ საღამოს მადლობელი ვარ თინა კუპატაძე-მიქაუტაძის და ამირან ნასყიდაშვილის, ანზორ ცაბაძის, სოფო გოგოლაძის და გელა მოდებაძის, ანდრო ბარათაშვილის, გიორგი მუყმანიანის და ქრისტინე კენჭოშვილის მიერ სცენური გმირების ასე კეთილად, სიყვარულით განსახიერებისათვის, თავისი გმირების ასე სიმართლით განცდისა და თანაგანცდისათვის. საკუთარ, პატარა ქალაქ ჭიათურისათვის კიდევ ერთი სასიყვარულო გამხელისათვის...

სადაა ბილი?

ისიც ჭიათურის თეატრის შენობის დასრულებას ხომ არ ელოდება?

bottom of page