
ქართ ული თოჯინების თეატრი და სპექტაკლი - ,,საქართველო“ ჩინეთში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.01.2026
ნერონ აბულაძე
ქართული თოჯინების თეატრი და სპექტაკლი - ,,საქართველო“ ჩინეთში
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალმა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ჩინეთში პირველი გასტროლი გამართა. თეატრი 31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს, ქალაქ შენჭენში, ლუნგმას თეატრალური საზოგადოების კულტურის ცენტრში წარდგა რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო პროექტით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სპექტაკლით „საქართველო“.
თეატრალურ დასს ცნობილმა ჩინელმა მსახიობმა და ლუნგმას თეატრალური საზოგადოების შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა ჭანგ კუოლიმ უმასპინძლა.
ჭანგ კუოლის ინიციატივით, მასსა და ქართველ რეჟისორს შორის შედგა დიალოგი საქართველოს თოჯინებისა და ჩინეთის ჩრდილების თეატრების როლის, მათი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ. თოჯინების სახელმწიფო თეატრი ჩინეთში კომპანია "Vancy Culture-ის" მიწვევით იმყოფებოდა. ეს კომპანია წლებია, ჩინეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო დონის სახელოვნებო პროექტებს ახორციელებს.
თოჯინების თეატრი ერთ-ერთი უძველესი თეატრალური ფორმაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ კულტურაში დამოუკიდებლად წარმოიშვა და მისი უმთავრესი დანიშნულება უსულო ნივთების გაცოცხლება, ამ გზით კი ადამიანური ფიქრების ემოციებისა და გრძნობების გადმოცემა იყო. თოჯინური სპეციფიკა თავისი არსით მაგიურ რიტუალურ პრაქტიკებს უკავშირდება, რა პრაქტიკებიც ადრეულ საზოგადოებებში ადამიანური სამყაროსა და ზებუნებრივ ძალებს შორის ურთიერთობების გამოხატულება იყო. საქართველოში თოჯინურ ხელოვნებას უძველესი დროიდან ეყრება საფუძველი და ეტაპობრივად ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი თეატრალური ფორმა და მიმართულება.
საბჭოთა პერიოდში თოჯინების თეატრი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ის ძირითადად ბავშვთა აღზრდისა და განათლების მიღებაზე იყო ორიენტირებული. მიუხედავად იმ პერიოდის ცენზურისა, ქართველი მეთოჯინეები ხშირად მიმართავდნენ სომბოლოებს, ალეგორიას, როგორც რთულ სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე საუბრის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს. ამ გზით ნელ-ნელა თოჯინების თეატრი არა მხოლოდ ბავშვების გართობის საშუალებად, არამედ კულტურული თვითგამოხატვის მხატვრულ ფორმად ყალიბდებოდა. თანამედროვე ქართული თოჯინების თეატრი დღეისათვის მრავალმხვრივ ვითარდება, რაშიც უდიდესი წვლილი რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილს მიუძღვის. ამდენად თოჯინების თეატრი საქართველოში მდიდარ მემკვიდრეობას წარმოადგენს და ის საუკუნეების განმავლობაში პირველადი რიტუალებიდან პროფესიულ ხელოვნებად გარდაიქმნა, როგორც სარკე საზოგადოების სულიერი და კულტურული განვითარებისა.
სპექტაკლი „საქართველო“ რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო პროექტია, მისივე ინსცენირებითა და სცენოგრაფიით. სპექტაკლის მთავარი გმირები არიან ვირი და ყვავი. ორთავე სიმბოლურად განასახიერებენ შემეცნებას მთელი საქართველოსი, ერთი სწავლობს, მეორე უხსნის არსის მნიშვნელობას. ეს წარმოდგენა აგებულია შემეცნების პრინციპზე, თუ რას წარმოადგენს ცნება „საქართველო“ ყოველგვარი ენციკლოპედიური ცნობარების გარეშე, ცხადლივ, სცენიური მაგალითებით. თუ ვირის პერსონაჟი მოწადინებულია შეიმეცნოს, ყვავის პერსონაჟი ერთგვარად თეთრი ყვავის ალეგორიულ ასოციაციას აღძრავს მაყურებელში. თითქოს მარტივი სიუჟეტზეა აგებული მთელი ფაბულა - ვირს შეუყვარდება პეპელა, რომელსაც სახელად სულიკოს დაარქმევს (ნიშანდობლივი ნიუანსია - ქართული პოეზიის ერთ-ერთი ნიმუშის ალუზიური სახე), და თანაც მიდის მის საპოვნელად. აი, აქედან შემოდის სიუჟეტურ ქარგაში საქართველოს განყენებული ცნება თავისი ეთნო-კულტურული წიაღსველებით: სოფლის პანორამა, შრომა და ბრძოლა ქართველი ხალხის... და ყველაფერ ამის თანამგზავრი ყვავია, რომელიც გზადაგზა უხსნის ვირს მთელ არსს და თავისებურებას ქართველთა ყოფისას. ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც დიდაქტიკურ ელემენტად, ასევე თვით ქართველთა არსებობის ილიუსტრაციად. სპექტაკლი აღსავსეა რომანტიული მისწრაფებებით და რეფრენად გადევნილი სულიკოს ძიებისა და პოვნის დაუშრეტელი წყურვილი. თვით სულიკო იქცევა იდეად თუ არა იდეა-ფიქსად და ეს გამართლებულია, რადგან ძალიან მარტივი და ბავშისთვის გასაგები ენით გადმოცემულია საკრალური მისწრაფება ნებისმიერი ადამიანისა, ძიებისა და პოვნის მუდმივობა. წარმოდგენა მძაფრი ეროვნული სულისკვეთების გამოხატვით გამოირჩევა, სადაც რეჟისორი უხვად გვთავაზობს მრავალმხვრივ გამომსახველობით საშუალებებს, როგორც თვითგამოხატვის მხატვრულ ხერხებს.
სპექტაკლი იმითაა მნიშვნელოვანი და ღირებული, რომ ავტორმა და მთელმა სადადგმო ჯგუფმა თავიანთი შემოქმედებითი მაქსიმუმი ჩადეს, რათა გამომსახველობა და სიუჟეტი ყოფილიყო მიმზიდველი და არა ტრაფარეტული. არტისტული შესრულების თვალსაზრისით - (მალხაზ გაბუნია, გიორგი ღონღაძე, თამთა ბაქრაძე, ხატია ხაზიური, თეა კიწმარიშვილი, მაია მალხაზიშვილი, ნათია შეშაბერიძე, ნათია ხმიადაშვილი) დასი ავლენს პროფესიული შესაძლებლობის მაქსიმუმს. თითოეული სცენა წინდაწინაა გათვლილ-გაანგარიშებული მათემატიკური სიზუსტით საჭირო და აუცილებელი ეფექტის მოსახდენად. მიზანსცენათა კონტრასტული მონაცვლეობისას თანმიმდევრულად იშლება საქართველოს ისტორიის ტრაგიკული ეპოქები, მნიშვნელოვანი ეტაპები და ეს ყველაფერი ერთიან ალეგორიულ მხატვრულ ფორმაშია მოქცეული.
სპექტაკლის სცენოგრაფია ამ შემთხვევაში არა მხოლოდ გარემოს ქმნის, არამედ ხშირად მოქმედების თანაბარ მონაწილედ ხდება. ნივთები ცოცხლდებიან, საგნები გარდაიქმნებიან და ახალ განზომილებას იძენენ. სამყარო რომელსაც რეჟისორ-მხატვარი ქმნის ორგანულად ერწყმის წარმოდგენის ერთიან კონცეფციას. იგივე შეიძლება ითქვას მუსიკალურ გაფორმებაზე, - (თამაზ იმნაძე) სადაც ძირითადი აქცენტი ეროვნულ ფოლკლორზე კეთდება. მუსიკა აქ შესაბამისი ატმოსფეროს შექმნის პარალელურად, უმთავრესად ნარატორის ფუნქციას ასრულებს, ქმნის განწყობას, თემატურ ხაზს, პერსონაჟთა შორის ემოციურ განსხვავებებს. ხმოვანი ეფექტები კი ხელს უწყობენ გარემოს რეალიზაციას და მაყურებლის ყურადღების ფოკუსირებას მთავარი მოვლენებისადმი.
სპექტაკლი ,,საქართველო“ 2015 წლიდან თეატრის რეპერტუარშია და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. თეატრმა აღნიშნული წარმოდგენით არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, მრავალი პროფესიული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის 2022 წელს უნიმას ეგიდით თბილისში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ პესტრივალზე სპექტაკლმა მიიღო უმაღლესი ჯილდო - ,,გრან პრი“. 2023 წელს პოლონეთში, ქალაქ ლომზის 36 - ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლმა - ,,საქართველო“ ასევე ,,გრან პრი“ მოიპოვა. ამავე ფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებლებიც დაჯი8ლდოვდნენ ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი. 2023 წელს სპექტაკლი საგასტროლოდ იმყოფებოდა საფრანგეთში, ლევილის ქართულ ქართულ ფესტივალზე. 2024 წელს თეატრი აღნიშნული სპექტაკლით იმყოფებოდა ბულგარეთში, არასაკონკურსო ქუჩისა და თოჯინრბის თეატრების მე - 13-ე საერთაშორისო ფესტივალზე.
რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი წლების განმავლობაში ხვეწდა საკუთარ შემოქმედებას. თოჯინების თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მოსვლის შემდეგ თეატრისადმი მიდგომა ძირეულად შეცვალა პირველ ყოვლისა თვის სამსახიობო დასში, შემდეგ მაყურებელშიც და ის ორგანულ სუბიექტად აქცია ყველა თაობის მაყურებვლისთვის, ასევე შცვალა გამომსახველობითი საშუალებები და სცენოგრაფიის პრინციპები. მისი თაოსნობით ჩვენს ქალაქში დაარსდა „თოჯინების სახლი“ IXX საუკუნის სალონურ-თეატრალური ანალოგით. ამ სივრცეში იმართება შეხვედრა-დისპუტები, ლექცია-სემინარები, ასევე „თოჯინების სახლის“ რეპერტუარშია სამი სპექტაკლი: „რეჟისორის ცოლი“ (ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი მიძღვნილი თამარ წულუკიძისადმი. დადგმა განხორციელდა 2024 წელს), „ჯაყოს ხიზნები“ ქართველი კლასიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი) და ზემოხსენებული სპექტაკლი „საქართველო“.