„ჩვენ ყველა მოჩვენებები ვართ“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

258855904_426369189059213_3764918127400472845_n.jpg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

„ჩვენ ყველა მოჩვენებები ვართ“


თავისუფალ თეატრში 2021 წლის 20 ოქტომბერს საბა ასლამაზაშვილის სპექტაკლის პრემიერა „მოჩვენებები“ შედგა, რომელიც ჰენრიკ იბსენის პიესის („მოჩვენებანი“) მიხედვით დაიდგა. დღეს საბა ასლამაზიშვილი ქართულ თეატრში ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე აქტიური ახალგაზრდა რეჟისორია, რომლის შემოქმედებასაც მაყურებელი უკვე კარგად იცნობს. თუ მის წინა ნამუშევრებს გავიხსენებთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ რეჟისორი თავისი მანევრული ხერხით ცდილობს მაყურებელთან კონტაქტის დამყარებას, რასაც ერთგვარად ერთფეროვნებამდე მივყავართ, მისი ბოლო ნამუშევარი „მოჩვენებები“ სწორედ ამიტომაა გამორჩეული, რომ რეჟისორი გვთავაზობს მისთვის სრულიად განსხვავებულ ხელწერას, რაც საკმაოდ შესამჩნევია.
     

საბა ასლამაზიშვილის ნამუშევრებს ყოველთვის მოჰყვება არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება და არც „მოჩვენებები“ აღმოჩნდა გამონაკლისი. მეტიც, სპექტაკლმა აალაპარაკა ახალგაზრდა თუ პროფესიონალი, გამოცდილი თეატრმცოდნეები და მაყურებელი.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო დებიუტანტი სცენოგრაფის - ანდრია ვაჭრიძის ნამუშევარი, რომელიც ერთი მხრივ სადად და შესაძლოა ითქვას მშრალად, მეორე მხრივ კი იშვიათი სიზუსტითაა გადაწყვეტილი. სცენა არ არის გადატვირთული დეკორაციითა და რეკვიზიტებით. სპექტაკლში არსებული ყველა ნივთი თამაშობს. განსაკუთრებული ყურადღება კი მინდა გავამახვილო სცენის კუთხეში მდგარ ხის ჯვარზე, რომელიც (მსახიობების დახმარებით) ქრისტეს წამების ასოციაციას გვიქმნის.


ასევე შეუძლებელია ხაზი არ გავუსვა სარკეს, რომელიც სცენის ცენტრშია. სარკე არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტის მისაღწევად, არამედ რეჟისორი და მხატვარი მისი საშუალებით პერსონაჟების ხასიათებისა და გვერდით და დაფარულ მხარეს გვაჩვენებს, სარკეში ხშირად მაყურებელიც აფიქსირებს თავის თავს (აღვნიშნავ, რომ მაყურებელი უფრო ხედავს საკუთარ ანარეკლს,ვიდრე მსახიობები) სარკეში ასახული მანკიერი და შემზარავი კადრები პერსონაჟთა ეგოცენტრულ ბუნებას უსვამს ხაზს. მოგვიანებით კი მისტიკითა და საიდუმლოებებით გაჟღენთილი სარკე ოსვალდის პერსონაჟს აწვება და სრესს. სარკის უკან მხარეს კი აგებულია თავშესაფრის მაკეტი, რომელიც იწვის და, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ ოსვალდს აწევს უაღრესი სიმძიმის ცოდვები. ვფიქრობ, რეჟისორისა და მხატვრის ამგვარი მიგნება საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისათვის.

კოსტუმების მხატვარი გახლავთ ბარბარე ასლამაზი, რომელმაც ფერთა სიმბოლური დატვირთვით შექმნა თითოეული პერსონაჟის კოსტუმი, რამაც უფრო თვალსაჩინო გახადა მოქმედი პირების სულიერი თუ შინაგანი მდგომარეობა. პირადად მე, გამოვარჩევდი ოსვალდის (გივიკო ბარათაშვილის) კოსტუმს, რომელიც სპექტაკლის დასაწყისში თეთრი ფერის საცვლითა და წინდებითაა, შემდეგ კი ლურჯი მოსასხამით და სამკაულებით ასხმული გამოდის.

სპექტაკლს თან სდევს ვახტანგ გვახარიას მუსიკა, რომელმაც უმალ დაიპყრო მაყურებლის გული, ყოველივე კი განაპირობა მუსიკის სიზუსტემ. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე სცენას ეხმარება კიდეც. სპექტაკლის მუსიკა იმდენად ზუსტია და დასამახსოვრებელი, რომ მაყურებელს ეს თემა აეკვიატება და დიდხანს მიჰყვება.
 
თავად იბსენი ამბობდა: პერსონაჟებს ისე უნდა იცნობდე, თითქოს ერთი თვე მათთან ერთად საკანში იყავი გამომწყვდეულიო. ამ შემთხვევაში, რეჟისორს მსახიობებთან განსაკუთრებული სიფრთხილით აქვს ნამუშევარი. პიესაში სადაც პროტაგონისტი ფრაუ ალვინგია, სპექტაკლში რეჟისორის გადაწყვეტით წინა  ხაზზე ოსვალდის პერსონაჟი დგას.


გივიკო ბარათაშვილი ოსვალდის პერსონაჟს ძალიან საინტერესოდ გვთავაზობს. მე რომ მკითხოთ, სცენიდან იგრძნობა მისი დამოკიდებულება, რომ ერთნაირად თამაშობს საკუთარი თავისთვის და მაყურებლისთვის, რაც ეხმარება იმ მუხტის გასამყარებლად, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში აქვს. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ერთდროულად თანამედროვე და ანტიკური ეპოქის პერსონაჟის ხილვა, რაც მსახიობმა შესანიშნავად მოახერხა.

პროტაგონისტი პირველივე სცენიდან გვაჩვენებს მის ხასიათს, (როდესაც აივანზე მოწყობილ სახელოსნოში ხატავს ღვინით) მსახიობს (რეჟისორთან ერთად) ნამუშევარი აქვს თითოეულ დეტალზე. რაც განაპირობებს, რომ პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობა სრული სიზუსტითაა გადმოცემული. შესაძლოა ოსვალდს გააზრებული ჰქონდეს, რომ მისი ცხოვრება „უაზროა“ და საბოლოოდ განწირულია მამის ცოდვების გამო, თუმცა მაინც ეძებს გზას ან სწორ ადამიანს ვინც დახმარების ხელს გამოუწვდის,მაგრამ ოსვალდს კვლავ არ უმართლებს, რასაც ისევ ბედისწერამდე მივყავართ.
 

სცენაში, სადაც ირკვევა, რომ ოსვალდსა და რეგინას (ვიკა ბოკერია) ურთიერთობა უაღრესად დიდი ცოდვაა (ინცესტი) სცენაზე მდგომ მსახიობებს აბსოლუტურად განსხვავებული რეაქცია აქვთ. მარტივად შესამჩნევი და უცნაურია რეგინას შეფასება, რადგან იგი ამ სცენაში მხოლოდ მოქმედების მოწმედ დგას. თუ ეს რეჟისორის გადაწყვეტაა, მაშინ ოდნავ გაუგებარია. სავარაუდოა ასევე ისიც, რომ მსახიობს დააკლდა ემოცია მეტი დამაჯერებლობისთვის. (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვიკა ბოკერია გახლავთ ახლახანს კურსდამთავრებული მსახიობი, რომელსაც სჭირდება გამოცდილება და მუშაობა. ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწეს და არა მხოლოდ...)
        

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია სლავა ნათენაძის როლი (ენგსტრანდი), რომელიც ვფიქრობ, არ არის საკამათო, რომ აბსოლუტურად შესანიშნავად არის შექმნილი. მის მიერ დამუშავებული პერსონაჟი ერთდროულად რამდენიმე სახეს გვაჩვენებს, ერთი მხრივ, უმწეო, მეორე მხრივ კი უღირსი, რომელიც ფულს არის დამონებული. მისი გმირი ერთდროულად თანაგრძნობასაც იწვევს და გაღიზიანებასაც. მსახიობი მინიმალისტურად და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას, რათა პირველივე სცენაში მოპოვებული მუხტი არ დაკარგოს.


საბა ასლამაზიშვილის განსხვავებული ინტერპრეტაცია გამოვლინდა ასევე ანი იმნაძის პერსონაჟთან მუშაობისას, სადაც მებრძოლი ქალის სახეა შექმნილი, თუმცა როგორც სხვა პერსონაჟებთან, ჰელენ ალვინგთანაც ვხვდებით მეორე მხარეს, რაც განსაკუთრებულად თვალსაჩინოა ბოლო, ფინალურ სცენაში. პარტნიორები შთამბეჭდავად ასრულებენ ამოცანას, რაც მაყურებლისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. დედისთვის შესაძლოა შვება აღმოჩნდეს შვილის სიკვდილი. ამ საკამათო სცენას კი მსახიობი ზედმეტი გადათამაშებული ხერხების გამოყენების გარეშე ახერხებს.


მოძღვარი მანდერსის როლს თამაშობს არჩილ ბარათაშვილი, რომელიც მეტად სახასიათო სახეს ქმნის, ვიდრე პიესაში გვხვდება.მისი გაწონასწორებული და სტაბილური თამაშით სრულიად „ამართლებს“ პერსონაჟის დამოკიდებულებას მორალისა თუ რწმენის მიმართ, რადგან მისთვის მცირე კანონდარღვევაც მიუღებელია. პასტორ მანდერსის ნიჰილისტური დამოკიდებულება შესაძლოა მაყურებლის გაღიზიანებას იწვევდეს. პასტორი ბოროტია თუ კეთილი? დამნაშავეა თუ არა იგი? კითხვები შესაძლოა გაუჩნდეს მაყურებელს, თუმცა სპექტაკლის მიწურულს ირკვევა,რომ პასტორ მანდერსი მსხვერპლია, რომელსაც დაუმსახურებლად (უნებურად) ატყდება უბედურება, რაც განაპირობებს პერსონაჟის მიმართ სიბრალულს.


ორ მოქმედებიანი დრამა „მოჩვენებები“ საბა ასლამაზიშვილის განსაკუთრებულ და გამორჩეულ ნამუშევრად მიმაჩნია (ჯერჯერობით). ეს ნამუშევარი საკმარისია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა რეჟისორი მნიშვნელოვან კვალს დატოვებს თეატრალურ გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოქმედება გაცილებით აქტიური და მოქმედია, მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაყურებელი მთლიანად ჩართულია. არ არის გასაკვირი, რომ სპექტაკლს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, ამის დასტური კი რეჟისორის ამგვარი ინტერპრეტაცია და ნამუშევარია. სწორედ, რეჟისორის საინტერესო და ღრმა გადაწყვეტები მაძლევს საფუძველს, რომ ნამუშევარს კარგი და აუცილებლად სანახავი სპექტაკლი ვუწოდო.