
ჩვენო ს ამშობლო მხარეო
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

26.05.2026
ლელა ოჩიაური
ჩვენო სამშობლო მხარეო
თეატრი - ტაძარი, სახლი, სამსახური, სახელოვნებო სივრცე, შემოქმედების არენა - ნებისმიერი, ამ თუ კიდევ სხვა კატეგორიების მინიჭებით - ადგილია, რომელიც უნდა იყოს - თანადროული, ცოცხალი, ქმედითი, დამოუკიდებელი; სადაც, სხვადასხვა თეატრალური ფორმით, ხერხითა და საშუალებით, უნდა საუბრობდნენ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას ეხება და აღელვებს; ეხმიანება, თუნდაც, ერთი ადამიანის ან საზოგადოების ერთი წრის პრობლემებს - ეს „ფორმულა“, როგორ პათეტიკურადაც და პლაკატურადაც უნდა ჟღერდეს, ყოველთვის იყო და რჩება თეატრის არსის, დანიშნულებისა და ფუნქციის მთავარ და უალტერნატივო განმსაზღვრელად.
ცოტა ხნის წინათ, სოციალურ თუ მედია სივრცეში, ქუჩებში - პლაკატებისა და ბანერების პარალელურად, ოფიციალურ საიტებსა და ფეისბუქის გვერდებზე, ასეთი ინფორმაცია გამოჩნდა - თუმანიშვილის თეატრი, ემილია-რომანიას ეროვნული თეატრი/ ERT/Teatro Nazionale, ფესტივალ „საჩუქარის“, კულტურის ფონდის ATER მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ თეატრალური კომპანიის Kepler452 ორიგინალურ წარმოდგენას „წასული“. იდეა და ტექსტი: ენრიკო ბარალდი, ნიკოლა ბორგეზი, რიკარდო ტაბილიო, რეჟისორები: ენრიკო ბარალდი, ნიკოლა ბორგეზი; თარგმანი და ადაპტაცია: თათია მთვარელიძე, სცენოგრაფი და კოსტუმების მხატვარი: სიმონ მაჩაბელი, კომპოზიტორი: გოგი ძოძუაშვილი, ტექნიკური დირექტორი: ანუკი ხოშტარია, სინქრონული თარგმანი: გვანცა ფიფია; მონაწილეობენ: ნინო ბურდული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ლუკა ჩიბუხაია, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, ქეთა შათირიშვილი, ლიზა ნიკვაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ახალი სპექტაკლი „წასული“, როგორც განაცხადშიც ჩანს - საქართველოსა და იტალიის ერთობლივი პროდუქციაა. დავამატებ, რომ ეს არა „უბრალოდ“ სპექტაკლია, ქეთი დოლიძის დაარსებული (1997 წელს უკვე 29 წლის), მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალისთვის, არამედ, ამ ტიპის, პირველი საერთაშორისო პროექტი. რომელიც, ამავე დროს, არა „ერთჯერადია“, არამედ, გამიზნულია თეატრალური ცხოვრების გასაგრძელებლადაც, თუმანიშვილის თეატრის სარეპერტუაროდ და მსოფლიო (მათგან, ბუნებრივია, პირველ რიგში, იტალიელი) საზოგადოებისთვის - საქართველოს, მისი რეალობის, პრობლემების, კულტურის გასაცნობად. სპექტაკლის მიხედვით, პრობლემები ემიგრაციისა და მისი მიზეზების, გამომწვევი პირობებისა და ამ ყოველივეს გავლით, სოციალური, ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური ვითარების კვლევას მოიცავს.
ენრიკო ბარალდისა და ნიკოლა ბორგეზის გადაწყვეტილებით, „წასულში“ მოქმედება აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, სარეგისტრაციო დახლის გარშემო ხდება. სამოქმედო არეს მხატვარი სიმონ მაჩაბელი - აეროპორტის მინიატურული მოდელით ქმნის - მოსაცდელი სკამებით, თამბაქოს მოსაწევი კაბინით, რბილი სათამაშოების მოსახელთებელი კაუჭებიანი აპარატით, გამჭვირვალე ფარდა-კედლითა და გეითისკენ მიმავალი კიბით - კარიბჭისკენ, რომლის მიღმაც - გაურკვევლობა და უცხოობაა.
ამ სივრცეს - სცენას - ჩემოდნებიანი და ზურგჩანთებიანი, სხვადასხვა ასაკის ადამიანები, უმეტესად, ახალგაზრდები, ავსებენ. თავიანთი რეისების მოლოდინში ნელ-ნელა გროვდებიან. მალევე ირკვევა, რომ ეს არაა სამოგზაუროდ, შთაბეჭდილებების მისაღებად, ხანმოკლე დროით მიმავალი ტურისტების თავყრილობა. ესაა ემიგრაციაში და სავარაუდოდ, სამუდამოდ (როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე) წამსვლელი ადამიანების შემთხვევითი შეხვედრა, ხანგრძლივი გამგზავრების წინ.
შვიდი მგზავრი - თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, ქეთა შათირიშვილი, ლიზა ნიკვაშვილი და გიორგი ჩაჩანიძე - რეგისტრაციის გავლისას, ერთმანეთს - დროებით თანამგზავრებს და ალბათ, საკუთარ თავსაც, აეროპორტის ორ თანამშრომელს - ნინო ბურდულსა და ლუკა ჩიბუხაიას - და მაყურებელს - მიკროფონში მორიგეობით - თავიანთ ამბებს, სხვადასხვა ფაქტს, ცხოვრებისეულ შემთხვევას, ინფორმაციას უზიარებენ. უზიარებენ, რაც თავს გადახდათ, აღელვებთ და ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილების მიზეზებს უყვებიან. თავიანთი ნამდვილი სახელითა და პროფესიების მითითებით. თამაშის ეს ხერხი სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტის მთავარი ხერხია - დოკუმენტისა და პირობითობის ერთობა. და შეუმჩნეველი გრადაცია.
პიესა ენრიკო ბარალდიმ, ნიკოლა ბორგეზიმ და რიკარდო ტაბილიომ - სწორედ მათი მონათხრობის მიხედვით შექმნეს. ზოგი ამბავი კონკრეტულ ფაქტებზეა აგებული, ზოგი - განზოგადებული რეალობაა, ზოგის ავტობიოგრაფიის ნაწილი, ზოგი - ყოველდღიური ყოფისა და ზოგი, მასშტაბური მოვლენის ამსახველი. ზოგი - მსახიობების პირადია - მოგონება თუ შემაფასებელი და პოზიციის გამომხატველი, ზოგი - სხვის თავსგადახდენილი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ეპიზოდი, მინიატურული ნოველა, ერთნაირად ნამდვილი და განცდილია. ალბათ, მანამდე, რეპეტიციების დაწყებამდეც, შემდეგ, სპექტაკლზე მუშაობის პროცესში და უკვე მაყურებლის წინაშე წარდგენისას - მოფიქრებულის, დამუშავებულის აწყობილ სტრუქტურაში იმწამიერი შეგრძნებებით გამოწვეული და ცოცხალ იმპროვიზაციებზე აწყობილი ჩანართებით. ყველაფერი ერთად კი, საერთო ვითარების მეტაფორაა, დაუფარავად გამოთქმული, შესატყვისი დამოკიდებულებებით, თავისთავადი ფორმითა და მანერით. ეს სამყარო, ეს სივრცე შინაგანად და ფორმის მხრივაც ძალიან დატვირთული და დამუხტულია. დაძაბულობისა და რაღაც უცნაური მოლოდინის ეფექტს აძლიერებს ხმები, ხმაურები, ჩანართები, გოგი ძოძუაშვილის მუსიკა, მუსიკალური პაუზები, ჟღერადობის თავისებურებები, რიტმი და ჩამოწოლილი სიჩუმის სიმძიმე.
რეალობისა და გამონაგონის ურთიერთობა და მხატვრულ სახეებად გადაქცეული პერსონაჟები, მათი ამბები, სიტუაციები ისევ იხლართება და იცვლება, ეპიზოდიდან ეპიზოდამდე. სპექტაკლში ხშირად იცვლება ჟანრი და მსახიობებიც ხშირად ცვლიან საშემსრულებლო ხერხებს - დრამატული, სახასიათო, იუმორით, ირონიით, გროტესკით, ფსიქოლოგიური, სიტუაციური კატეგორიების მიხედვითა და დამოკიდებულებებით. და ქმნიან - სხვადასხვა ბედის, მდგომარეობის, ცხოვრების წესისა და ვითარების სხვადასხვაგვარი აღქმით, სხვადასხვა ტემპერამენტის, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების - საზოგადოების პორტრეტს.
ისინი იმდენად დამაჯერებელი, გულწრფელი და „მართალი“ არიან, რომ ხშირად „ტყუვდები“ და კარგავ შეგრძნებას, რომ თეატრში ხარ და რომ, რაც სცენაზე - გარშემო - ხდება სპექტაკლია და არა სინამდვილე და რომ ყველაფერს მსახიობები „თამაშობენ“. რომ თავიანთ ამბებს თუ სხვისგან მოსმენილს იხსენებენ და თავიანთ თუ სხვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, შეგრძნებებს, განწყობას აჩვენებენ. ესაა სხვადასხვა ხასიათის, აზროვნების ადამიანებისგან, საგანგებოდ შეკრული ჯგუფი, კრებითი სახეებით, თითოეულის კონკრეტული პერსონალური მახასიათებლებით, დაჩეხილი სიუჟეტითა და თითქოს სპონტანურად თავმოყრილი ამბების კრებულით.
სიტუაციების, ფორმებისა და ხერხების ცვალებადობა და არაერთგვაროვნება მთელი სპექტაკლის სტილისტიკის მახასიათებელია. „წასულის“ ჟანრი და თემატიკა განსაკუთრებულ გახსნილობას მოითხოვს. მაქსიმალურ სიახლოვეს მონათხრობთან და გაცხადებულთან. უშუალობა თამაშის „მთავარი“ ხერხია.
ამბების თხრობასა და გაცნობის პროცესს ლუკა ჩიბუხაია იწყებს, რომელიც, თუ არა პირადით, შესაძლოა, საგამოცდო ტურებზე რომელიღაც აბიტურიენტის თავსგადახდენილი ამბით აღწერს ვითარებას, პატარა და ქმედითი ეტიუდით გამოცდისა და კომისიის წევრის მშვენიერ პაროდიასა და შარჟს ქმნის. შემდეგ იგი, სხვა პარტნიორების მსგავსად და მოვლენების ცვალებადობა-განვითარების მიხედვით, ახალი შტრიხებით, ნიუანსებით ავსებს და ამდიდრებს პერსონაჟის სახეს, თუმცა, ბოლომდე სინათლისა და სიხალისის ნაკა
დის მთავარ გამტარად რჩება.
ტრაგიკომიკურია ქეთა შათირიშვილის შექმნილი სახეც, რომელიც ყველაზე აქტიურია, ყველაზე მეტად ცდილობს, მიკროფონის ხელში ჩაგდებას და გრძელი მონოლოგით პოზიციის გამოხატვას. არ/ვერ ისვენებს, არ ჩერდება, მოძრაობს, შეწყვეტილ საუბარს აგრძელებს, შემდეგ, მორიგ სცენაში ახლებურად ერთვება. სხვა ეპიზოდში, მოხუც კაცს უვლის, დასდევს, ტელეფონზე საუბრობს, ისევ ცდილობს თავისი ამბის მოყოლას. საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენას.
რა თქმა უნდა, ნინო ბურდულს აეროპორტში არასდროს უმუშავია და არც არასდროს მდგარა სარეგისტრაციო დახლის „მეორე“ მხარეს. ის „სხვის“ როლს „თამაშობს“ და სხვადასხვა ხერხს იყენებს პერსონაჟის ამგვარი სახის შესაქმნელად - პლასტიკიდან დაწყებული, ხმის ტემბრითა თუ საუბრის მანერით დასრულებული, უნიფორმა/კოსტუმითა და ვარცხნილობის ჩათვლით. სწორედ მისი, როგორც კორიფეს გადაწყვეტილებებით იმართება აეროპორტის სისტემა, პროცედურები, მოვლენები და მათი თანმიმდევრობა, სწორედ მისი „ფუნქცია“, გავლენის ძალა და არგუმენტები აცვლევინებენ პერსონაჟებს გადაწყვეტილებას და „დარჩენილების“ გუნდში აერთიანებენ.
ადვილად იჯერებ, რომ თემო ნატროშვილი მართლა ემიგრაციიდან დაბრუნდა, სადაც მძღოლად მუშაობდა და ზუსტად იგივე ცხოვრება გაიარა, როგორიც მისმა პერსონაჟმა. სევდიანი და უიმედო. ამავე დროს, მსახიობი თხრობის პროცესში ცვლის ხერხს და იუმორით, პაროდირებით, მიმიკებითა და სიტუაციების გათამაშებით, ლაღად ყვება მისი და სხვადასხვა ტიპის მგზავრების ურთიერთობის ამბავს. შემდეგ კიდევ ერთხელ და უკვე სხვა პერსონაჟად გარდაისახება.
ამ შემთხვევაში, იგი დავრდომილი, დემენციით დაავადებული მოხუცია, რომელიც გარემოსგან ცნობიერად გამიჯნულია, „გამომწყვდეულია“ თავის სამყაროში და შიდა ემიგრაციაში მყოფი, ალბათ, სხვაზე უკეთ გრძნობს თავს, რადგან აღარ აწუხებს, რაც ხდება. და რომელსაც ქეთა შათირიშვილის გმირი პატრონობს.
როდესაც სცენის სიღრმეში მუხლებზე მდგომი, პროექციის ფონზე და გამჭვირვალე ფარდის მიღმა, ნიკა წერედიანი თავის ბავშვობასა და სოხუმს იხსენებს, იხსენებს ომსა და დევნილობას, ისიც, მასთან ერთად სცენაზე მდგომებიც და მაყურებელიც, თავიდან გადიან აფხაზეთის ტრაგედიის მთელ სიმძიმეს. მსახიობი მართლა აფხაზეთიდანაა და რასაც ყვება, ნამდვილად გადახდა თავს, ნამდვილად გადაიტანა, როგორც მასთან ერთად სხვა დევნილებმა და სხვა ქვეყნებიდანაც. „იძულებით გადაადგილებული პირებიც“ „ემიგრაციაში“ არიან, საკუთარ სამშობლოში.
როდესაც გიორგი ჩაჩანიძე აქციებზე დგომისთვის ორჯერ დააპატიმრეს, თუმანიშვილის თეატრმა მუშაობა ორი კვირით შეწყვიტა და მხარდამჭერი აქციები გამართა. როდესაც მსახიობი ამ ამბებს ყვება და ვინ იცის, მერამდენედ, თავისთვის თუ საჯაროდ აანალიზებს, ძალიან ზუსტი აქცენტებით აჩვენებს ფაქტობრივ და შინაგან მდგომარეობას, რომელიც პირადად მან გამოიარა და სავარაუდოდ, ბევრი სხვა სინდისის პატიმარი გადის, მაყურებელიც პროცესებს „შიგნიდან“ ადევნებს ყურსა და თვალს და მოვლენების თანამონაწილე ხდება.
ხოლო ტაბლოზე, რომელზეც აეროპორტის რეისებისა თუ პროცედურების ინფორმაცია იწერება, ირთვება რეალური და არა იმიტირებული საინფორმაციო ტიტრიც, რომელიც სპექტაკლის რეპეტიციების დროს გიორგი ჩაჩანიძის დაჭერას იუწყება.
არ ვიცი, უშუალოდ პირადი ამბავია თუ არა, ლიზა ნიკვაშვილი მონათხრობი ემიგრანტ დედაზე, მაგრამ, ძალიან ნამდვილი და ბუნებრივი მონათხრობია. მისი და კატო კალატოზიშვილის პერსონაჟის მიკროფონებით ემოციური გასაუბრება, ძალიან თავშეკავებული, მაგრამ ძალიან ემოციური ვიდეოგზავნილი დედას (სპექტაკლის ერთგვარი კულმინაცია), პირდაპირი ჩართვა დარბაზიდან და მისი ემიგრაციაში წასვლის საბოლოო გადაწყვეტილება - მრავალი ასეთი ისტორიის სიმბოლოდ აღიქმება.
კატო კალატოზიშვილისა და პაატა ინაურის წყვილი - შეიძლება ითქვას, ტიპური, „ნაცნობი“ ოჯახია, კონტრასტული ხასიათებით, არც ისე ჰარმონიული, მაგრამ დაბალანსებული ურთიერთობით. კატო კალატოზიშვილი, ყველაფრის მიუხედავად, სიმშვიდესა და წონასწორობას ინარჩუნებს. არ ამჟღავნებს წუხილსა თუ განცდას. ძლიერი და მზრუნველია. ამხნევებს და ამშვიდებს ლიზა ნიკვაშვილის პერსონაჟს, ცდილობს, საზოგადოდ, „მოაგვაროს“ საკითხები. ამშვიდებს, აშოშმინებს პაატა ინაურს, რომელიც ძლივს ფარავს ნერვულ დაძაბულობას, დიდხანს ცდილობს თავის შეკავებას, უმეტესად დუმს და თავს ტელეფონს აფარებს ან სათამაშოს მრავალგზის უშედეგო მოხელთების მცდელობითაა დაკავებული. შემდეგ, სწორედ „ამიტომ“ ფეთქდება, დარღვეული სიმშვიდისა და თავშეუკავებლობის მიზეზები მის და მათ პრობლემებშია. ხელმოცარულობა და უიმედობა თითოეულის დაფარულ თუ სხვადასხვა აშკარა ფორმითა და მკვეთრად თუ „ჩაკეტილად“ გამოხატულ გრძნობებში გამოსჭვივის.
ისინი, ისევე, როგორც სხვები ნამდვილ სიმშვიდეს, ორჭოფობის, განზრახვაზე უარის თქმისა და შინ დარჩენის გადაწყვეტილების მიღების, არწასვლის შედეგად აღწევენ. საკუთარი სულების გადასარჩენად.
„წასულის“ მსვლელობის დროს ცხადად იგრძნობა, როგორ შეიძლება მაყურებელმა შეწყვიტოს სუნთქვა ან აუჩქარდეს. შემდეგ, ამოისუნთქოს, გაეღიმოს, დასევდიანდეს და ისევ თავიდან. იმის მიუხედავად, აქვს თუ არა რომელიმე პერსონაჟის ბედის მსგავსი „თავისი“ გამოცდილება. ყველა ეს ამბავი ჩვენია და როგორც საკუთარი გვაღელვებს. სპექტაკლი ჩვენი ხმებია, ჩვენი ზოგადი რეალობის ცხადი სურათია, რომლის შესახებ დუმილი არ შეიძლება.
როდესაც ადამიანები იძულებული ხდებიან, სამშობლო დატოვონ და სხვა ქვეყანას
შეაფარონ თავი (რადგან სხვა გზას ვერ ხედავენ საკუთარში არსებობის გასაგრძელებლად);
როდესაც ოჯახები იყოფიან და შვილები უმშობლებოდ იზრდებიან, იმისთვის, რომ იცხოვრონ; როდესაც ქუჩაში დგომით თავის პირად თუ თავისი ქვეყნის უფლებებს იცავენ, ამისთვის კი აპატიმრებენ და თავისუფლებას ართმევენ; როდესაც ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარია, სინდისის პატიმარი, როდესაც... როდესაც აღმოჩნდება, რომ ბავშვებს წამალი არ აქვთ - ანუ არ აქვთ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება, ვიღაცას არ აქვს საჭმელი ან ჭერი ან შრომის დაცვის პირობები და კიდევ ბევრი რამ არ აქვს, აკლია და სჭირდება - თუ სახელმწიფო, საზოგადოება, თეატრი, ფესტივალი გულგრილი და გულცივი რჩებიან ამ ყველაფრის მიმართ, არაფერს აკეთებენ და დუმან, მაშინ ჩვენც გვაქვს მათი არსებობის „საჭიროებაში“ ეჭვის შეტანის სრული უფლება.
აი, „წასული“ არ გვაძლევს ამის უფლებას..
ფოტო: კახა შარტავა