ცირკის ჩირაღდნები და ჩრდილები
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლელა ოჩიაური
ცირკის ჩირაღდნები და ჩრდილები
დღეს, როდესაც თეატრსა თუ კულტურის რაიმე სიახლეზე ლაპარაკობ ან წერ, ძალაუნებურად კოვიდზე გეფიქრება და ჯერ ისევ გაკვირვებს ფაქტი, რომ კარანტინის, იზოლირების, კომენდანტის საათის, ლოკდაუნის, საზოგადოებაში ქცევის მკაცრი წესების დაწესებისა და სხვა შეზღუდვების და ზოგადად კატასტროფული მდგომარეობის მიუხედავად, ვიღაც ახერხებს და შემოქმედებით ცხოვრებას არ აჩერებს.
მათ შორის, ვინც ცდილობს, შეძლებისდაგვარად (სხვადასხვა ტიპის წინაღობების მიუხედავად) პროცესი არ დაამუხრუჭოს, ახალ და ძველ დადგმებზე იმუშაოს და არც სპექტაკლების ჩვენება (როდესაც და როგორც, სახელმწიფო რეგულაციებით, ასე თუ ისე, ნებადართულია) შეწყვიტოს, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრიცაა.
ფაქტია - „თოჯინებში“, ბოლო წელიწადნახევარში, 2020-2021 წლებში (პანდემიის პერიოდში) დაიდგა: „დედა ენა“, „უსახური“ - რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი; „მიფრინავდნენ წეროები“ - რეჟისორი თამაზ იმნაძე; „საგზაო ნიშნები“ - რეჟისორი მარიამ გაგლოშვილი, „სამნი ერთ სკამთან“ - რეჟისორი ქეთევან-ხათუნა ბედელაძე და სულ ახლახან - „ცირკი“ - ნიკოლოზ საბაშვილისა და ბახვა წერედიანის რეჟისორობით. 2021 წლის 15 დეკემბრამდე კიდევ სამი პრემიერა იგეგმება - „თოვლია“ – რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი; „სოფლის მაშენებელნი“ – რეჟისორი მალხაზ გაბუნია და „წმინდა ანტუანის სასწაული“ – რეჟისორი დავით თარბა.
„ცირკი“ - თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ, დრამატულ და თოჯინების თეატრის რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილისა და რეჟისორ, მეთოჯინე, მარიონეტების თეატრ „ნიკოლოს“ ხელმძღვანელ ბახვა წერედიანის სპექტაკლი, ნიკოლოზ საბაშვილის პიესაზე და ბახვა წერედიანის მარიონეტები, რომლებსაც მსახიობები - თამთა ბაქრაძე, თათია ბაქრაძე, დავით ბეკოშვილი, დავით ბერიძე, ლევან კაციაშვილი, რამონა მიქელაძე, რატი ნავაძე, ნინო ნატროშვილი, ნინო პაპიაშვილი, გიორგი ღონღაძე, ნათია შეშაბერიძე, მარიკა ძაგნიძე, ხატია ხაზიური, ნათია ხმიადაშვილი - ატარებენ და ახმოვანებენ - ვფიქრობ, ბოლო სეზონების ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია და არა მარტო თოჯინების თეატრის.
ეს საბავშვო-სადიდო მარიონეტული სპექტაკლი (სხვათა შორის, პირველი მარიონეტული სპექტაკლი დასისთვის და თოჯინის მართვის ახალი ხერხი, რომელიც მსახიობებს, ოსტატურად აუთვისებიათ), რომელიც, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ორ სფეროს აერთიანებს - თეატრსა და ცირკს. ილუზიონიზმი - რაც ცირკის (ალბათ, თეატრისაც და მით უფრო, თოჯინურ/მარიონეტულის) ერთ-ერთი მთავარი ნიშანი თუ თავისებურებაა - რეჟისორებმა მხატვრული კონცეფციის, მხატვრული გადაწყვეტის მთავარ საყრდენად გამოიყენეს. ისინი დონეების, შრეების, სივრცეების გათამაშებით მანიპულირებენ, ჟონგლირებენ და რეალობის ამგვარ ილუზიას ქმნიან.
სპექტაკლი რამდენიმე პლანისა და თეატრალური ხერხის ერთიანობითაა აწყობილი. მარიონეტის გარდა გამოყენებულია მუსიკალური, კაბარეს, ჩრდილების თეატრის ელემენტებიც, თანამედროვე ტექნოლოგიებიც, რომლებიც მხატვრული ფორმების დატვირთვას იძენენ - ინსტალაცია, პროექცია. განათებაც შუქწერისა და გამოსახულების „ძერწვის“ სამსახურშია და როგორც ქმედითი ელემენტი - აქტიურდება.
ნიკოლოზ საბაშვილი და ბახვა წერედიანი მოქმედების გასაშლელად მთელ სცენას იყენებენ, რომელზეც, ერთი მხრივ, „დიდი“ თეატრის (მართალია, შემცირებულ ზომებში) დეკორაციაა აწყობილი, როგორც გარემომცველი სამყაროს მიკრომოდელი. სხვადასხვა რაკურსსა და კონსტრუქციით აწყობილი სახლები, რომლებიც მუდამ იცვლიან სახესა და განლაგებას, მოძრაობენ, ახალ კომპოზიციებად თუ სისტემად გარდაისახებიან, ნათდებიან. ბნელდებიან. განათება ფანჯრებს მიღმა ადამიანების სილუეტებს გამოკვეთს. მოძრავი დეკორაცია, რომელიც რამდენიმე კომპოზიციის მიხედვით ეწყობა - სხვადასხვა სივრცე და სიბრტყე, სხვადასხვა ქუჩა, სხვადასხვაგვარი და სხვადასხვაგვარად განათებული კორპუსების რიგი - მოცულობითსა და მრავალშრიანს ხდის გარემოს. ქალაქის სახეს წარმოადგენს.
ამ გარემოშია მოქცეული ძირითადი სამოქმედო არე, „შიდა“ დეკორაცია, უკვე მინიატურული ფორმატში შესრულებული. სიბრტყეების მასშტაბების (ისევე, როგორც თოჯინებისა და მეთოჯინეების) შეფარდება მაყურებლის აღქმაზე „ოპტიკური“ ილუზიის სრული ძალით მოქმედებს. და რეალურ ზომებად აღიქმება.
პერსონაჟების საცხოვრებლის, საგრიმიოროების ინტერიერები მინიატურული ავეჯით, რეკვიზიტით, ნივთებით, აქსესუარებით, სხვადასხვა ვითარებაში, ერთი და იგივე, სხვადასხვა ზომის მარიონეტით - „ცირკის“ მრავალშრიანობას ქმნიან.
აქ ნამდვილი ზეიმია (საერთოდ ცირკია ზეიმი), რომლის შექმნაში თანაბრად მონაწილეობენ - რეჟისორები, მეთოჯინე, კომპოზიტორი (მუსიკა და მუსიკალური გაფორმება არჩილ იმნაძის), თოჯინები, მსახიობები (რომლებიც თავისუფლად ატარებენ ნებისმიერი ტიპის თოჯინას და რომლების ოსტატობა ეჭვს დიდი ხანია, არ იწვევს), მარიონეტების (რთულად სამართავი) მართვაშიც ოსტატები არიან. ბახვა წერედიანის შექმნილი მარიონეტების, ვიზუალური სპეციფიკური ნიშნებითა და დეტალებით.
ეს თოჯინები - სახე-სიმბოლოები - მკვეთრად დამახასიათებელი და უტრირებული შტრიხებით, გარეგნობით, ფორმებით, მეტყველების სახასიათო მანერით, ხმის ტემბრით, ფრაზების წარმოთქმის მანერით ზუსტად გამოხატავენ პერსონაჟების (შესაბამისად, გარკვეული ტიპის, ხასიათის, კატეგორიის ადამიანების) თვისებებს. ისინი მოქნილი, პლასტიკური და მოძრავები არიან, თავისუფალი ჟესტიკულაციით, სახასიათო კოსტუმებში გამოწყობილი, სრული „აღჭურვილობით“– ყველა დეტალის ქმედითობით.
„ცირკში“ სრულად შენარჩუნებული და გამოყენებულია - ერთი მხრივ, მარიონეტული სპექტაკლის სპეციფიკა და ხასიათი. შინაგანი თუ გარეგანი სტრუქტურა და სისტემა. მეორე მხრივ, საცირკო ხელოვნების წესები თეატრალური თამაშის, თეატრალური პირობითობის ფარგლებს არ არღვევენ და შესაბამისად, საერთო ჯამში, ააქტიურებენ, ამძაფრებენ მაყურებლის წარმოსახვას, აღქმას, რეალობის პირობითობას განსაზღვრავენ, როგორც მხატვრული სინამდვილის კანონებს.
რას არ ნახავთ აქ - ცირკის არენას, წითელსა და ოქროსფერში ჩაფლულ დარბაზს, ამფითეატრულად განლაგებულ სკამებს, მაყურებლის ჭრელ რიგებს, საცირკო/სახიფათო და მხიარულ სანახაობასა თუ საკონცერტო ნომრებს, თეატრის ბოროტ და ანგარებიან დირექტორ-შპრეხტალმეისტერს; ცირკის მსახიობებს (აკრობატებს, ჟონგლიორებს, მასხარას, ორიგინალური „ჟანრის“ შემსრულებლებს, ბატუტზე მხტომლებს), ადამიანებთან „გათანაბრებულ“ გაწვრთნილ ლომებსა და თეთრ ფინიას, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია ერთგულება და მეგობრობა. ფანფარების ხმასაც მოისმენთ, მხიარულ, ომახიან და „სასიკვდილო“ ნომრების მაჟორულ მუსიკასაც, „ცოცხალი“ შესრულებით, ბრწყინვალედ შესრულებულ ჯაზს (ვოკალური პარტიებითა და აკოპანიმენტით)... და ეს ყველაფერი „ნამდვილდება“, რადგან დამაჯერებელია.
ცირკის გუმბათსა თუ მანეჟს მიღმა ცხოვრება - კონტრასტულია ცირკის ეპიზოდების, ცირკის ატმოსფეროს, საცირკო სანახაობის ელვარებასა და სიკაშკაშესთან, საცირკო წარმოდგენის დამახასიათებელი ხმების „ბუნებრიობასთან“, მუსიკის ჟღერადობასა და თვალისა და ყურისმომჭრელი სამყაროს დიდებულებასთან.
აქაც ყველაფერი ისევეა, როგორც ცხოვრებაში - იერარქია და სისტემის სტრუქტურა. ხელისუფალი და ადამიანები, რომლებიც ემორჩილებიან ძალაუფლების მქონეებს და როდესაც რაღაც იცვლება, უპირისპირდებიან მას, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მათსავე დიდებას წარმოადგენდა და ვისაც ეთაყვანებოდნენ. თავადვე ამხობენ თავიანთ კერპებს და არ წუხან მომხდარზე, როგორც სინამდვილეშია.
„ცირკის“ სამყაროში მთხრობელი მიგვიძღვის. უფრო კონკრეტულად, მისი ხმა. ხმა თოჯინური/საბავშვო თეატრისთვის სპეციფიკური, „ბავშვური“ ტექსტით, წარმოთქმის თავისებური მანერითა და ინტონაციებით ჰყვება ამბავს, „კადრსმიღმა“, გარედან. ეპიზოდებს შორის პერიოდული ჩართვებით, კომენტარს უკეთებს და აფასებს ფაქტებს, რომლებიც მოხდა, ხდება ან მოხდება, საუბრობს ადამიანების ურთიერთობებზე, თვისებებზე, ხასიათებზე, ნამოქმედარზე; პრობლემებზე, კორონავირუსზე და ყველაზე მნიშვნელოვანზე აკეთებს აქცენტს.
შემდეგ მთხრობელს, ასევე პერიოდულად, ძირითადი ქმედითი ეპიზოდები ცვლიან და მაყურებელიც ბუნებრივად იღებს თოჯინური თეატრის სამყაროში შესვლისა და აღქმის წესებს, პერსონაჟების, ისტორიის პირობითობას და რეალობასთან უპრობლემოდ აიგივებს.
სპექტაკლში პატარა კაცუნას (რომელიც რაღაცით ჩარლი ჩაპლინის პატარა მაწანწალას გვახსენებს) მანეჟზე ტრიუმფული გამოსვლების, თაყვანისმცემლების გუნდის არსებობისა და დაცემის მომსწრე აღმოვჩნდებით. მძიმე პროფესიული ხვედრისა და განცდების მომსწრეებიც ვიქნებით. მისი - სასიყვარულო ისტორიისაც (რომანტიკული სეირნობებით ქალაქში, ფეხითა და საბაგიროთი და ჯადოსნური გაფრენით უსასრულო სივრცეში), შეყვარებულთან განშორებისა და კვლავ შეხვედრის თანამონაწილეებიც. ბოლოს, ამბის ბედნიერად დასასრულსაც ვიზეიმებთ, თოჯინების კომპანიასთან ერთად.
კიდევ ერთი შტრიხი - ცირკის მასხარას სახე (შესაბამისად, თვისებები და სულიერი მდგომარეობა), რომელიც, ტრადიციულად, სპეციფიკურ ჩაცმულობასა და უტრირებულ გრიმს ატარებს (ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში), ნიკოლოზ საბაშვილთან და ბახვა წერედიანთან მოულოდნელი დეტალით - ნიღბით იფარება. ჯამბაზი ნიღაბს ატარებს. ბედნიერი და ღიმილიანი ადამიანის ნიღაბს. მის მიღმა და სინამდვილეში, სხვა პიროვნებაა. სხვა ბუნება, სხვაგვარი თვისებები. იგი იმ საზოგადოების სიმბოლო და ნაწილია, რომელიც ან თვითონ ფარავს ნამდვილ სახეს და ან სხვას აიძულებს, ასე მოქცევას, რადგან საიდუმლოს, ფარული ზრახვების, შეგრძნებებისა და ნამდვილი ბუნების გამჟღავნება, შეიძლება სახიფათოც კი აღმოჩნდეს.
თუ ყველას არა, უმეტესობას ახსოვს, რა ხდებოდა პანდემიის პირველ ეტაპზე მსოფლიოში, როგორ გააქტიურდა სახელოვნებო სფერო, როგორ მღეროდნენ თუ მუზიცირებდნენ ვოკალისტები და სოლო ინსტრუმენტალისტები, ორკესტრები და გუნდები საკუთარი აივნებიდან, დაცარიელებულ მოედნებზე თუ ონლაინ პლატფორმებით და როგორი მნიშვნელოვანი, საჭირო და იმედის მომცემი იყო ასეთი კონცერტები თუ სხვა ფორმის შემოქმედებითი ინიციატივები საზოგადოებისთვის, იზოლირების დასაწყისში.
ასეთი „ცხოვრებისეული“ ეპიზოდი, ჩვენი ყოველდღიურობიდან და კოვიდის ვირუსების „შემოსევა“ თუ თავდასხმა არის „ცირკის“ ერთ-ერთი საკვანძო და თანადროული ხაზი, ახალი რეალობის ფრაგმენტი, სპექტაკლში თავისებური მხატვრული ხერხით, გამომსახველი მეტაფორით ჩართული, რომელიც პანდემიასაც ეხმიანება და ზოგად ვითარებასაც. რომელსაც რეჟისორები აზოგადებენ კიდეც და უშუალოდ მთავარი სათქმელისა თუ პრობლემის ორგანულ გაგრძელებად წარმოადგენენ.
ამ დროს, ცაზე, თვითმფრინავების ნაცვლად (რომლებიც ექსპოზიციიდან დაწყებული, მთელი სპექტაკლის განმავლობაში, პერიოდულად ჩნდებიან, სამყაროს მოიცავენ, ცას კვამლის ზოლებით სერავენ და სხვა ყველაფერთან ერთად, ჯამბაზის ოცნებასაც აფორიაქებენ), კორონას ცნობილი სახე-სიმბოლოები ჩნდებიან. მტრის - მონსტრების განსახიერებად. თავისუფალი ცხოვრება, კარჩაკეტილობითა და მარტოობით იცვლება, რაც ჯამბაზის პირადი დრამის გაგრძელება და ვიზუალურ-მატერიალური გამომხატველიცაა. მეტიც - პანდემიის მიღმა და გარეშე კარჩაკეტილობისა და მარტოობისაც (როდესაც ადამიანები შინაგან კავშირებს, ურთიერთობებსა და ურთიერთობების სურვილსაც კარგავენ), დღევანდელ სამყაროს, მართლაც, ვირუსივით რომ მოსდებია.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო „ცოცხალ“ და აქტუალურ წარმოდგენად აქცევს „ცირკს“, რეაქციად სინამდვილეზე. რეალობის მწვავე ვითარების გამომსახველ ახალ მხატვრულ სახედ და ახალ მოცემულობად გარდაქმნა-გამოყენების პირობად. თუმცა, იუმორით, ლაღად, თავისუფლად და დრამატიზების გარეშე. და რატომღაც, შენც მშვიდდები.
თუმცა, რა თქმა უნდა, მშვენივრად ხვდები, როგორ ოსტატურად „მოგვატყუეს“, როგორ დაგვაჯერეს, რომ ყველაფერი კარგადაა და უკეთესად იქნება, რადგან ბოროტებას სიკეთე ამარცხებს და რადგან ასეა, ბოროტი ვირუსებიც დამარცხდებიან, ჯამბაზი კვლავ ბედნიერი იქნება და არა ნიღბით, არა დახატული ნიღბით, არამედ უნიღბოდაც გაიღიმებს. სამართლიანობაც იზეიმებს, დამწყვდეული ადამიანები გათავისუფლდებიან. ვისზეც ძალადობენ და ჩაგრავენ, აუცილებლად გაიმარჯვებს.
სწორედ ესაა თეატრისა და „ცირკის“ ძალა. ძალა, რომელიც, მით უფრო დიდია, როდესაც ყველაფერი პროფესიონალურ და მაღალ მხატვრულ დონეზეა შესრულებული. თეატრი ილუზიების ტყვეობაში მოქცევის უპირობო ტერიტორიაა, სადაც ყოველთვის ანთია რამპის ჩირაღდნები, ბავშვისთვისაც და უფროსისთვისაც. სწორედ იმისთვის არსებობს - დაგეხმაროს და იმედი გიწილადოს.