არიან თუ არა „წმინდა ურჩხულები“ მართლა ურჩხულები?

გიორგი ყაჯრიშვილი

 

არიან თუ არა „წმინდა ურჩხულები“ მართლა ურჩხულები?

 

 

 ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი ჟან კოკტოს „წმინდა ურჩხულების“ მოტივებზე შექმნილი მარჯანიშვილის სახ. თეატრში ვარსკვლავურ-ბენეფისურია. პიესის შერჩევა და ადაპტაცია მორგებულია მთავარი როლის შემსრულებელზე - გურანდა გაბუნიაზე. ლევენ წულაძე  ერთგვარ „ხარკს“ უხდის უფროსი თაობის მსახიობებს, რომლებიც ამ თეატრში მოღვაწეობენ და შესანიშნავ საშემსრულებლო გარემოს უქმნის მათ. ამის მაგალითად თუნდაც ეს ძალიან ლამაზი, ეფექტური, სახალისო და უზადო ოსტატობით  შერულებული კომედია გამოდგება, უფრო სწორად ტრაგი-ფარსი, სადაც ღვაწლმოსილ მსახიობს გვერდს უმშვენებენ შუა თაობისა თუ ახალგაზრდა მსახიობები.

რეჟისორმა და ადაპტაციის ავტორმა თავისი სპექტაკლისთვის პიესის  სიუჟეტის ერთ-ერთი ხაზი შეარჩია, რომელიც ძალიან  კარგ შედეგს აღწევს. მან  სრულიად მოუხსნა პირველწყაროს პოლიტიკური კონტენტი და მდგენელი. ცნობილია რომ პიესა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში (1940 წ.) შეიქმნა და მის რემარკებში ჟან კოკტო მიუთითებდა, რომ მაყურებელი უნდა მოწყვეტოდა რეალურ დროს და თავი ისე ეგრძნო, თითქოს გარშემო ომის საშინელება არ ტრიალებდა. სპექტაკლს უნდა ჰქონოდა მხოლოდ თანამედროვე დატვირთვა ომის გარეშე. ეს იყო ჟან კოკტოს ერთგვარი პროტესტი მომხდური მტრის წინააღმდეგ, რომელმაც პარიზი დაიკავა.

რასაკვირველი ეს ყველაფერი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე არაა, მაგრამ სპექტაკლი ძალზე თანამედროვეა,  მიუხედავად იმის, რომ სცენაზე თითქოს პრიმადონა სარა ბერნარი დგას (ესეც სხვათაშორის ავტორისეული ჩანაფიქრია) და ერთგვარად გურანდა გაბუნიას მიერ ცოტახნის წინ შესრულებული როლის გაგრძელებად აღიქვება - მხედველობაში მაქვს ამავე თეატრში რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ დადგმული ჯონ მარლის „მემუარები“ , სადაც მსახიობი სარა ბერნარს განსახიერებდა.

დეკორაცია და პერსონაჟთა კოსტუმები (სცენოგრაფია ლევან წულაძე, კოსტუმების ავტორი ნინო სურგულაძე) „ზედმეტად“ პომპეზურ-სადღესასწაულოა, რას სავსებით გასაგებია და ხაზს უსვავს გარემოს თეატრალობას, თუ გნებავთ „მესჩანობასაც“ კი, რაც ასევე ბუნებრივია, რადგან პიესისა და სპექტაკლის მთავარი გმირები ე.წ. დაბალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ და უეცრად (თუმცა დიდი შრომის შედეგად) პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული თეატრის წამყვან მსახიობებად იქცნენ და ქალაქის მაღალი საზოგადოების წრეში აღმოჩნდნენ.

თუ ისევ პიესას დავუბრუნდებით, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, ლევან წულაძემ  პირველწყაროს ჩამოაცილა  სხვადასხვა სიუჟეტური ხაზები და კონცენტრაცია გააკეთა ერთ-ორ მათგანზე - კერძოდ კი იმაზე,  რა გზებით ხდება კარიერისკენ ბრძოლა, თუ რა არის ცოლ-ქმრული ღალატი და როგორ ისჯება ის.

გურანდა გაბუნის პერსონაჟი - ესთერი პარიზის ცნობილი მსახიობია, ხანშიშესული, მაგრამ ჯერ კიდევ წარმატების მწვერვალზე მყოფი.  მისი ყოველი წარმოდგენა ოვაციებითა და ყვავილების თაიგულებით თავდება - ასაკის მიუხედავად იგი შემოქმედების მწვერვალზეა და თეატრიც დიდ შემოსავალს ღებულობს. თავის თავში დარწმუნებული ესთერი არად მიიჩნევს ახალგაზრდა მსახიობის გამოჩენას თეატრში, რომელიც შეიძლება მისი შემცვლელიც კი გახდეს - ლიანას (ანკა ვასაძე), რომელიც ჯერ როგორც ჟურნალისტი ისე გამოეცხადება, ხოლო  სულ მალე საიდუმლოსაც გაუმხელს - რომ მის მეუღლესთან ჰქონდა რომანი. ესთერისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღიარებაა და აქ იწყება მისი ნიჭიერების კიდევ ერთი გამოვლენა - როგორ ჩამოიცილოს თავიდან ახალგაზრდა მეტოქე და დაიბრუნოს მეუღლე. მისი მიერ არჩეული ხერხი - მოწაფედ აიყვანოს ლიანა, შექმნას მისგან  კარგი მსახიობი, დაასახლოს ფლორანსის ახლოს და ხელი შეუწყოს  მათი რომანის გავითარებას - საბოლოო ჯამში ამართლებს კიდევაც.

ამ გზით იგი  აღწევს საწადელ მიზანს - ფლორანსი ვეღარ უძლებს ლიანის  დაოკებელ ამბიციებს და ლტოლვას ჰოლივუდისკენ, საითაც ფლორანსაც ექაჩება და ყოფილი მეუღლე ისევ  ესთერს სთხოვს ისხნას  მისგან.

ესთერის თეატრიდან დროებით წასვლა (პირადი გადაწყვეტილებით)   მხოლოდ აღმზრდელობით-შურისძიებით ფუნქციას ატარებს, ხოლო დაბრუნება კი ტრიუმფალურია. აი, ახლა კი,  ესთერი თავის ამპლუაშია - ძლიერია, ენერგიით აღსავსე, მიზანდასახული, რომელიც ყველაფრში აღწევს წარმატებას, სცენაზეც, თეატრშიც და პირად ცხოვრებაშიც.

მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი ანსამბლურია, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები მთავარი პესონაჟის - ესთერის გარშემო ტრიალებს. წარმოდგენის ყოველი მონაწილე როგორც შუა (ქეთევან გეგეშიძე, ზაზა გოგუაძე) ასევე ახალგაზრდა (ანკა ვასაძე, კონსტანტინე როინიშვილი) თაობის წარმომდგენლები საუკეთესო  სახასიათო-კომედიურ სახეებს ქმნიან. ისინი ღირსეულ პარტნიორობას უწევენ გურანდა გაბუნიას, რომლის პერსონაჟის ბუნება ძალიან ცვალებადია: სპექტაკლის განმავლობაში მისი ხასიათი და გრძობათა ბუნება იცვლება - კომედიიდან გადადის ტრაგიზმსა  და სასოწარკვეთაში, დრამიდან ფარსში და გროტესკში. სპექტაკლის სხვა მონაწილენი კვალდაკვალ მიჰყვებიან ამ ჟანრობრივ პერიპეტიებს - განიცდიან და მხიარულობენ, ხუმრობენ და ტირიან მასთან ერთად. რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს სახასიათო როლების შესრულება-ინტერპრეტაცია ახალგაზრდა მსახიობები შესანიშნავად ართმევენ მათზე დაკისრებული როლების განსახიერებას. 

ლიანა - ანკა ვასაძე გამოცდილი ავატიურისტია, საკუთარი კარიერისთვის იგი ყველაფერზე მიდის, ტყუილზეც, ათასგვარ ხრიკებს იყენებს, რომ წამყვანი ადგილი დაიმკვიდროს თეატრში, მაგრამ მისთვის მხოლოდ ეს არ კმარა. მომხიბლავი, არცთუ უნიჭო, გამოცდილი მაცდუნებელი ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებობს და მისთვის ფლორანსი მხოლოდ „ეტაპია“ ამ მიზნის მისაღწევად. ისიც და ესთერის მისთვის „წმინდა ურჩხულები“ არიან, მაგრამ მიანც ურჩხულები. ფლორანსი - ზაზა გოგუაძე უდნავ გულუბრყვილი, მიმნდობი ადამიანია. მან მთელი ცხოვრება ესთერთან გაატარა,  მის ჩრდილ ქვეშ აღწევდა წარმატებას და ეს სულაც არც აწუხებს. პრიმადონას მეუღლის სტატუსით სრულიად კმაყოფილი მოღვაწეობს თეატრში და ლიანის მცდელობებიც დასაწყისში, პირველ  ეტაპზე სრულიად უშედეგოა. მხოლოდ იმის შემდგომ, როცა ლიანა  შეძლებს მის შეცდენას, თავგზააბნეული ღალატის მორევში გადაშვება და დაისჯება კიდევაც. გაიგებს რა თითქოსდა „ღალატის“ ესთერი ოსტატურად და  ხელოვნურად ცდილობს მისი და ლიანას დაახლოებას - საძინებელ ოთახში მარტო სტოვებს, ლიანას ფლორანსის საპარტნიორო როლსაც მოუნახავს და დიდხან ამეცადინებს მსახიობის ოსტატობაში. ფლორანსი ადვილად ებმება ორივე ქალის მახეში და ლიანას „კლანჭებში“ აღმოჩნდება, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება ეს „იდილია“ - შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან გამოსვლისთვის ისევ ესთერია საჭირო, რომელსაც ლიანა მოუხმობს დასახმარებლად თავისი მიზნის მისაღწევად.

ლულუ - ქეთევან გეგეშიძე  თეატრის წარმატებული დირექტორია, რომელსაც არც პირადი ცხოვრება აქვს და არც სხვა რაიმე აინტერესებს - მისი ცხოვრება ეს თეატრია და ამ თეატრის მსახიობები - მისი მეგობრები  ესთერი, ფლორანსი. ლულუ  რამოდენიმეჯერ იცვლის გარეგნულ „იმიჯს“, თუმცა მაინც ისეთივე საქმიან ბიზნეს-ვუმენად რჩება აქტიურად ჩართული ფლორანსის და ესთერის ცხოვრების პერიპეტიებში.

ძალიან საინტერესო სახეს  ქმნის  კონსტანტინე როინიშვილი - ჟაკი; ის აქტიურადაა ჩართული თეატრის და მსახიობების ცხოვრებაში. ფუნქციურად რეჟისორის ასისტენტი, ბუტაფორისტი და გამნათებელიცაა, ეს რაღაც „უსქესო“ ადამიანი ამავდროულად ყველას მესაიდუმლეა, არც თუ იუმორს მოკლებული და ოდნავ ცინიკოსიც. მის მზერას არ გამორჩება არც ლიანის მახინაციები, არც ფლორანსის ღამის ფათერაკები და არც ლულუს განცდები პირადი ცხოვრების წარუმატებლობის შესახებ. სწორედ მისი რჩევით იცვლის თეატრის დირექტორი  გარეგნულ სახეს და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. მაგრამ პირველ რიგში ის მაინც ესთერის მესაიდუმლე და მეგობარია.

ცეკვას გურანდა გაბუნია - ესთერი:  ტრიუმფატორი და გამარჯვებული, მომხიბლავი და თითქმის გაახაზრდავებული.

 „წმინდა ურჩხული“ - ესთერი არა მხოლოდ ქმარს დაიბრუნებს, არამედ ლიანასაც გააძევებს და ისევ ამ თეატრის პრიმადონად რჩება.

 

გიორგი ყაჯრიშვილი