top of page

კომედიის ფესტივალი 2018 წელს

1511065_258800530958464_885161445_n.jpg

გვანცა გულიაშვილი

კომედიის ფესტივალი 2018 წელს

კომედიის ფესტივალი, რომელიც  სენტიმენტალური და   კეთილშობილური მიზნით დაარსდა, ქალაქ გორში წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა. ხუთი წლის წინ  იმჟამად გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ გადაწყვიტა ქალაქში, რომელიც  ომის ნაკვალევს  ამ მხარისთვის დამახასიათებელი  სიდინჯით და თავშეკავებულობით ართმევდა თავს შეექმნა თეატრალური ფესტივალი, რომელიც ღიმილს დაუბრუნებდა ნაომარ გორს. ასეთი დევიზით გაჩნდა ქართულ თეატრალურ სივრცეში კიდევ ერთი თეატრალური ფესტივალი, სრულიად გამორჩეული ჟანრული მახასიათებლით. ფესტივალის ერთადერთი და მთავარი მოთხოვნა კომედიური ჟანრის სპექტაკლების ჩვენება გახლავთ. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ ის ერთადერთი ფესტივალია რომელიც კონკრეტულად ჟანრის და ამ შემთხვევაში კომედიის პოპულარიზებას უწყობს ხელს. კომედია თავის არსით უაღრესად საინტერესო და მრავლისმომცველი ჟანრია. ვარაუდი, რომ კომედიის დადგმა ან თამაში მარტივია რბილად რომ ვთქვათ არაპროფესიონალურია, რადგან თავისი არსით კლასიკური  კომედია უაღრესად მტკივნეული, აქტუალური და მწვავე პრობლემის ჩვენებას ისახავს მიზნად, ხოლო ფორმა, თუ სტილი დაწყებული დე ლარტედან ბუფონადითა თუ ვოდევილით დამთავრებული რეჟისორის გემოვნებისა და პრობლემასთან მისი დამოკიდებულების საკითხია.

თუ მცირე ექსკურს გავაკეთებთ, ქართულ თეატრში კომედიური ჟანრის სპექტაკლებს დროსთან მიმართებაში ძალიან ადეკვატური და საინტერესო განვითარების ისტორია აქვთ. ჯერ კიდევ ქართული თეატრის დაარსების პირველ ეტაპზე ეს ჟანრი კონკრეტულად კი ვოდევილი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. რადგან ეს იყო ფორმა, რომლითაც რეჟისორსა თუ მსახიობს შეეძლო ზოგჯერ ძალიან მწვავე და მტკივნეული პრობლემა სიცილისა და იუმორის შლეიფით შეეტყუებინა მაყურებლისთვის, დაეფიქსირებინა როგორც სიმწვავე ამ პრობლემის, ისე მისი მანკიერი მხარეები და სრულიად არ გაეღიზიანებინა მაყურებელი, რომელიც სიცილით მიღებული სიამოვნების მიღმა აუცილებლად იწყებდა ფიქრს პრობლემაზე, რომელიც ასე უმტკივნეულოდ უჩვენეს და მისცეს შესაძლებლობა მისი სიმწვავე თავად განესაჯა.  საბჭოთა ცენზურა 30-იანი წლების უმძიმესი რეპრესიების შემდეგ ქართული თეატრის მიმართ შეიძლება ითქვას რამდენადმე ლოიალური გახდა, ალბათ საკამათოა ეს მოსაზრება, თუმცა თუ გადავავლებთ თვალს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში  თეატრალურ პროცესებს არავისთვის იქნება სიახლე, რომ ეს ნამდვილად იყო აღმოჩენების, ძიების, კვლევის, თამამი ექსპერიმენტების და ხშირ შემთხვევაში უდიდესი რისკის ფასად მოპოვებული წარმატებების ეპოქა. თავს შევიკავებ კონკრეტული სახელებისა და გვარების ჩამოთვლისგან, მხოლოდ ერთს მინდა გავუსვა ხაზი, რომ საბჭოთა ცენზურის მიუხედავად, თეატრალური პროცესი ძალიან საინტერესო და მიზანმიმართლი პოლიტიკური რაკურსით ვითარდებოდა და ცხადია, ის იყო პოლიტიკური და მიუხედავად ამისა მაინც ახერხებდა საბჭოთა მარწუხებისგან შებოჭილ ხელოვნებას ეთქვა და ეჩვენებინა სიმართლე, რომელსაც ალეგორიული საბურველი სიმწვავეს არათუ ვერ აკლებდა, პირიქით უმძაფრებდა კიდეც. ძალიან შორს წაგვიყვანს საუბარი იმ პერიოდის კომედიურ სპექტაკლებსა და რეჟისორულ აღმოჩენებზე, თუმცა ცალსახაა, რომ საბჭოთა ცენზურის მიუხედავად ქართულ სინამდვილეში კომედიური ჟანრი ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული.

დრო თავის მოთხოვნებსა და ვალდებულებებს უწესებს ხელოვნების ნებისმიერ მიმართულებას, თეატრი მისი უაღრესად მრავალფეროვანი და სინთეზური ბუნებიდან გამომდინარე განსაკუთრებით მძაფრად ამჟღავნებს, როგორც აქტუალობას და კომუნიკაციას თანამედროვეობასთან, ასევე აცდენას და შეუსაბამობას. პოსტსაბჭოთა პეროიდის ქართული თეატრი მოიცვა ერთი მხრივ პატრიოტულ-ჰეროიკული და მეორე მხრივ მანიფესტური ხასიათის სპექტაკლებმა, ამ შემთხვევაში ვთვლი რომ თეატრი აბსოლუტურად ჯანსაღ კომუნიკაციაში იყო დროსა და გარემოებებთან. რამდენიმე ომისა და სრულიად განსხვავებული მოცემულობის პირობებში დაბნეული, დამარცხებული და შეშინებული საზოგადოება ყველაზე მეტად ალბათ  გამხნევებას საჭიროებდა და სწორედ ეს ფუნქცია იტვირთა, იმ პირდაპირი მნიშვნელობით ბნელ წლებში ქართულმა თეატრმა. აქაც შეგვიძლია ვიდაოთ და უამრავი განსხვავებული მოსაზრება გავიზიაროთ ან უარვყოთ, თუმცა ჩემი წერილის მაშტაბი ვერ დაიტევს და ამიტომ მხოლოდ ზოგადი აქცენტების გახსენებით შემოვიფარგლები. სწორედ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჯერ თითქმის ქრება კომედიური ჟანრის სპექტაკლები, ხოლო მოგვიანებით იწყება სრულიად ახალი და ვფიქრობ საინტერესო ძიება ამ ჟანრის თეატრალურ ცხოვრებაში დაბრუნების. იქმნება დამოუკიდებელი, მცირე და ნოვატორული სივრცეები სადაც რეჟისორები ცდილობენ არა ვოდევილისა თუ სიტუაციური, ან ხასიათების ტრადიციულ ფორმაში გადაწყვეტილი კომედიების დადგმას, არამედ ჩნდება აბსურდისტული პიესების პირველი სცენური ინტერპრეტაციები. ეს პროცესი დღესაც დინამიკაშია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მკვლევარი თუ საშემსრულებლო მიმართულების თეატრალი რადიკალურად ეწინააღმდეგება ქართულ სინამდვილეში გააზრებულ აბუსრდს, როგორც მიმდინარეობას, ვფიქრობ, რომ ის მაინც ერთ-ერთ მთავარ და საინტერესო საკვლევ თემად იქცა ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში.

ვეცადე, ძალიან მოკლედ და როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი აქცენტების გამოკვეთის დონეზე გადამევლო თვალი კომედიის როგორც ჟანრის განვითარების თავისებურებებისთვის. ვფიქრობ მას უდაოდ ახასიათებს დროისა და სივრცის ზუსტი აღქმა და რეალობისადმი ერთგვარი ანგარიშვალდებულებითი დამოკიდებულება. როდესაც ვსაუბრობთ სახელოვნებო ფესტივალის არსებობაზე, უპირველესი, რაც ალბათ უნდა განვსაზღვრო არის მისი ფუნქციური მნიშვნელობა. კომედიის ფესტივალის შემთხვევაში გამოვყოფდი ორ ძირითად ფუნქციურ მახასიათებელს, რომლების გამოც ვთვლი, რომ ღირებულია ამ ფესტივალის არსებობა. ის რეგიონის თეატრის პროდუქტია და  არავისთვისაა სიახლე, რომ ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა რეგიონის თეატრებში. ათასი სპეციფიური თუ სრულიად პრაგმატული მიზეზით რთულია არა მხოლოდ მაყურებლის დაინტერესება არამედ თავად მსახიობებსა თუ რეჟისორებში სურვილის მოტივირება იმუშაონ პერიფერიულ თეატრებში, რასაც თავის მხრივ აქვს უამრავი სრულიად საფუძვლიანი მიზეზი. ამდენად ხარისხიანი სახელოვნებო პროდუქტის შექმნა დედაქალაქის ფარგლებს გარეთ უკვე მიმაჩნია წარმატებად. ის რომ კომედიის ფესტივალი შემდგარი პროდუქტია ყველაზე უკეთ ჩანს იმ მაყურებლის სიმრავლით, რომელიც უკვე წლიდან წლამდე ელის ფესტივალს და ეს მხოლოდ გორის მოსახლეობას არ გულისხმობს, თუმცა უშუალოდ გორისთვის ვთვლი, რომ ფესტივალის სახით იქმნება მაშტაბური კულტურული პროცესი, რომელიც ათი დღის განმავლობაში ამ ქალაქს აქცევ თეატრალური ცხოვრების ეპიცენტრად. ფესტივალში მონაწილეობს თითქმის ყველა რეგიონის თეატრი და დედაქალაქის ყველა მოქმედი თეატრალური დასი. შესაბამისად იკვრება ერთგვარი სივრცე სადაც სეზონის დასრულებამდე გვაქვს შესაძლებლობა თვალი გადავავლოთ ქართულ თეატრალურ პროცესს, გავუზიაროთ ერთმანეთს შეხედულებები, გამოცდილებები. რეგიონული თეატრალური ფესტივალების არსებობას აქვს ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რამდენიმე თეატრალური ფესტივალი, რომლებიც რეგიონებში ტარდება, მაინც ძირითადი კულტურული ეპიცენტრის სტატუსს დედაქალაქი ინარჩუნებს, შესაბამისად რაც უფრო მეტად გამრავალფეროვნდება სახელოვნებო ფესტივალების გეოგრაფია მით მეტად შეუწყობს ხელს ეს პროცესი კულტურის დეცენტრალიზებას, რაც ზოგადი კულტურული ცხოვრების და ამ შემთხვევაში თეატრალური ცხოვრების განვითარების დინამიკას აუცილებლად დაეხმარება. მეორე და ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციური მახასიეთებელი, რომელიც კონკრეტულად კომედიის ფესტივალს გამოარჩევს ყველა სხვა ფესტივალისგან არის ჟანრის პოპულარიზება, ეს ნიშა თავისთავად ძალიან საინტერსეო და საყურადღებოა, დღეს უკვე, სწორედ კომედიის ფესტივალის არსებობა ქმნის ერთგვარ განწყობას თეატრალურ ცხოვრებაში, რომელიც ყველა მოქმედ თეატრს აძლევს მოტივაციას რეპერტუარში კომედიური ჟანრის სპექტაკლი აუცილებლად ჰქონდეს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს თეატრების სარეპერტუარო პოლიტიკაზე, ხდის მათ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს. ჩემი, იქნებ უკიდურესად, სუბიექტური თვალსაზრისით კომედიის ფესტივალი არის თეატრალური პროდუქტი, რომელიც შედგა. მან ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია, რაც ვიცით რომ არ არის მარტივი და არა თუ რეგიონში დედაქალაქშიც ძალიან რთულია მაყურებლის დაინტერესება, რომელიც გაიღებს ძვირფას დროს, კიდევ უფრო ძვირფას მატერიალურ სახსარს და საღამოს დაუთმობს სპექტაკლს, რომელსაც თანმედროვე ეპოქა უამრავ „მოწინააღმდეგეს“ უპირისპირებს. ასევე ვთვლი რომ კომედიის ფესტივალი ფუნქციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული თეატრალური პროცესის განვითარებისთვის და ხუთი წლის თავზე შეიძლება თამამად ვთქვათ რომ მან დაიკავა კონკრეტული ნიშა და ყოველწლიურად ჩვენ ვხედავთ დინამიკას, რომელიც უდაოდ ავლენს განვითარებისა და სრულყოფის სურვილს.

კომედიის ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრის წარმოდგენით გაიხსნა. შექსპირის „როგორც გენებოთ“, არის კლასკად ქცეული პიესის  ინტერპრეტირებული სცენური ვერსია, რომელიც რეჟისორმა ლევან წულაძემ დრამატურგ ლაშა ბუღაძეის მიერ ადაბტირებული ტექსტის მიხედვით   დადგა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლის პრემიერა შედგა „გლობუსის“ თეატრის სცენაზე და მას დიდი წარმატება ხვდა წილად, როგორც შექსპირის მშობლიურ თეატრში, ასევე  მრავალ სხვა ქვეყანაში.

სპექტაკლის ფორმა, „თეატრი თეატრში“ ნამდვილად არ არის ნოვაცია და მას სიახლისა და აღმოჩენის მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ, თუმცა თავისთავად თამაშის ეს ფორმა არის საინტერესო და მოითხოვს მსახიობებისგან ინპროვიზაციის,  სითამამის და სათუთი ზომიერების განცდას.  სცენაზე რომლის შუაგულს ოდნავ ამაღლებული ფიცარნაგი ავსებს მსახიობები ეტუდების სახით წარმოადგენენ ეპიზოდებს პიესიდან, აქვეა კულისებიც, მაყურებლისთვის ხილული ხდება სცენური სივრცის მიღმა რეალობა. თითქოს ყველაფერი თამაშია და ამ თამაშში ყველაფერი ზედმეტად ნამდვილი.

საკმაოდ მრავალრიცხოვანია სპექტაკლის სამსახიობო შემადგენლობა. ზოგადად არ არის მარტივი სცენაზე მართო ბევრი არტისტი და მართო ისე, რომ ყველას ზუსტად ესმოდეს და გამოსდიოდეს საკუთარი ამოცანა. კონკრეტული სპექტაკლის შემთხვევაში ეს საკითხი კიდევ უფრო რთულდება, რამდენადაც არ  მხოლოდ ავანსცენაზე გათამაშებულ მოქმედებებს უყურებს მაყურებელი, არამედ კულისებსაც, სადაც ასევე უწყვეტ რეჟიმში უწევთ მსახიობებს გაამართლონ საკუთარი არსებობა სცენაზე, იქნება ეს შეფასება, კონკრეტული რეპლიკა, ჟესტი თუ სხვა. სპექტაკლი უდაოდ ანსამბლურია, აქ ყველამ იცის საკუთარი ამოცანა, რომელიც საბოლოოდ ერთიანდება და ქმნის საერთო ატმოსფეროს, შესაბამისად მსახიობები რომლებიც თითქმის მთელი წარმოდგენის განმავლობაში არ ტოვებენ სცენას მუდმივად არიან ერთმანეთთან გარკვეული ტიპის კომუნიკაციაში და ეს ერთიანობა კრავს სპექტალის რთულ და საინტერესო თამაშის ხერხს.

კოსტუმების მხატვარი ნინო სურგულაძე ცდილობს არ დაკონკრეტდეს  არც  გეოგრაფიული მახასიათებლის და არც ეპოქისათვის ნიშნეული დეტალებით, ის პასტელური ტონებითა და მინიმალისტური დეკორებით ქმნის პერსონაჟთა ისეთ ვიზუალს, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა მთელ აქცენტს ადამიანური ბუნების, მისი ტრაგიზმის, ბედნიერების, წარმატებისა  თუ წარუმატებლობის მნიშვნელობაზე აკეთებს.

სპექტაკლის ქორეოგრაფია გია მარღანია. ვერ ვიტყვით რომ „როგორც გენებოთ“ ქორეოგრაფიული თალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი სპექტაკლია, მსუბუქი და სადა მოძრაობები,  საერთო ატმოსფეროს კონტექსტს ესადაგება და მთლიანობაში აბსოლუტურად ორგანულად ერწყმის რეჟისორის მხატვრულ ჩანაფიქრს.

კომპოზიტორი ვატო კახიძე გვთავაზობს ქართული და დასავლური ტრადიციული მელოდიების ერთგვარ სინთეზს, რომელიც ვფიქრობ სპექტაკლის ზოგად განწყობას ყველაზე ზუსტად გადმოსცემს.

ლევან წულაძის „როგორც გენებოთ“ არის წარმოდგენა ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურობის რუტინულ ერთფეროვნებაში ეძებენ ბედნიერების ცისარტყელებს და ხშირად მთელ ცხოვრებასაც კი ამ ძიებას უთმობენ და ამ ძიებაშია მათი ცხოვრების ტრაგიზმიც და ბედნიერებაც.

სპექტაკლის პრემიერა 2012 წელს შედგა, ხანდაზმულობა გარკვეულ კვალს აუცილებლად ტოვებს წარმოდგენაზე.ეს კვალი კი თავისმხრივ ზოგჯერ დადებითია ზოგჯერ კი ჩვენ ვხედავთ მსახიობებისგან მობეზრებულ, გადაღეჭილ, ყველა დასაშვებ ინტერპრეტაციაში ნათამაშებ სპექტაკლს და შესაბამისად ის  კარგავს როგორც ხიბლს, ისე დინამიურობას.  ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილმა სპექტაკლმა „ როგორც გენებოთ“ , გამახსენა შეგრძნება, როცა გარკვეული დროის შემდეგ უბრუნდები ერთხელ უკვე წაკითხულ წიგნს და მასში პირველად განცდილ ემოციებს ვეღარსად პოულობ და ფიქრობ, რომ ყველაფერი დროსთან ერთად ხუნდება, ცვდება და კარგავს აქტუალობას, ყველა მიგნება, ყველა აღმოჩენა, ყველა გამარჯვება.

წელს კომედიის ფესტივალს ყაზახური დასი სტუმრობდა. „ჟასტარ თეატრი“  არის ერთ-ერთი წამყვანი თეატრალური დასი ასტანაში, მისი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნურკანატ ჟაკიპბაია. იგი ასევე გახლავთ პედაგოგი და თეატრის ახალგაზრდული დასი ძირითადად მისი მოსწავლეებისგან შედგება. კომედიის ფესტივალზე ყაზახი სტუმრები შექსპირის კომედიით წარსდგნენ ქართველი მაყურებლის წინაშე. „ჭირვეულის მორჯულება“ რეჟისორმა მთლიანად მოარგო კლოუნადის ჟანრს. საკარნავალო, მხიარული განწყობილებით დასმა ძალიან სწრაფად შეძლო მაყურებლის აყოლიება და თეატრისათვის დამახასიათებელი მაგიური რიტუალის თანამონაწილედ გადაქცევა. ეს იყო წარმოდგენა პრიმიტივიზმამდე მარტივი ქორეოგრაფიული ნომრებით, კიჩურად სტილიზებული დეკორაციით და გამომწვევად ფერადი კოსტუმებითა და სცენოგრაფიით. მსახიობთა საკარნავალო კოსტუმებში მინიმალისტურად, მაგრამ მაინც იკითხებოდა ყაზახური ტრადიციული სამოსის დეტალები. საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი მხოლოდ მეამბოხე კატარინას პერსონაჟი გახლდათ ლაქის წითელი კაბითა და მათრახით ხელში, ვფიქრობ ეს ბანალური ალეგორია, რომლითაც რეჟისორმა ხაზი გაუსვა მებრძოლი ქალის ხატს თანამედროვე თეატრალური თუ ზოგადად სახელოვნებო ტედენციებისგან გარკვეულ დისტანციას მიანიშნებს. ისევე როგორც მთელი სპექტაკლის გადაწყვეტა, სადაც რეჟისორი ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიჰყვება შექსპირის ტექსტს და საბოლოოდ თამაშდება კომედია, რომელიც მეამბოხე ქალზე მოძალაე ქმრის გამარჯვებით სრულდება და რაც ყველაზე საგულისხმოა კატარინას თავდავიწყებით უყვარდება მისი მჩაგვრელი და მომთვინიერებელი მეორე ნახევარი. ცხადია, მეტ-ნაკლებად არავისთვის არის უცხო და უცნობი შექსპირის ეს კომედია და მისი შინაარსი, თუმცა მინდა არ დავეთანხმო რეჟისორს რომელიც ფიქრობს რომ ამ ფორმით დღეს აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი ან კომიკურია ან მით უფრო აქტუალური. ნურკანატ ჟაკიპბაი აღნიშნავს, რომ თეატრი აუცილებლად ფეხს უნდა უწყობდეს დროს.ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ის გვთავაზობს კომედიას, რომელიც მიუხედავად მისთვის ასე ზუსტად მორგებული ფორმისა, საკარნავალო განწყობითა და კლოუნადისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სარკაზმულობით, მაინც აბსოლუტურად არააქტუალური და უფრო მეტიც წინააღმდეგობრივია თანამედროვეობის   ღირებულებებისა და ფასეულობებისადმი, როგორც ჩანს ასტანაში ემანსიპაციისათვის მებრძოლი ქალთა დაჯგუფებები ჯერ ისე მყარად ვერ დგანან ფეხზე, რომ თეატრალურ ხელოვნებაზეც ჰქონდეთ გავლენა და შესაბამისად ქალის ჩაგვრა სცენიდან სრულიად დასაშვებ, სახუმარო და თავშესაქცევ თემას წარმოადგენს.

მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და დროისა და გარემოს,  მათი გამოწვევების გააზრებისა რა გითხრათ, მაგრამ დიდი მხიარულების, ამაღლებული და საფესტივალო განწყობის შემქმნელი კი ნამდვილად აღმოჩნდა ყაზახი სტუმრების წარმოდგენა. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც რომ ახალგაზრდა მსახიობები ფლობდნენ პროფესიული ოსტატობის თითქმის უნივერსალურ უნარებს, ისინი ასრულებდნენ არა მხოლოდ ქორეოგრაფიულ ეპიზოდებს, ასევე ავლენდნენ მაღალი დონის ვოკალურ საშემსრულებლო შესაძლებლობებს და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ ფლობდნენ აკრობატიკის ხელოვნებას, რაც თავისთავად მისაბაძი და მისასალმებელი ფაქტია.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული  სახელმწიფო თეატრი კომედიის ფესტივალზე წარსდგა რეჟისორ ოთარ ეგაძის სპექტაკლით „ეზოში ავი ძაღლია“. ერთი ჩვეულებრივი ეზოს მცხოვრებთა ყოფაში ჩაკარგული, თუ პირიქით ამოტივტივებული უკიდურესად პრაგმატული პრობლემები, რომლებიც ხშირად ადამიანთა ხასიათებს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ოთარ ეგაძის სპექტაკლის ინტერპრეტაცია წარმოგვიდგენს არც ისე შორეულ წარსულში დარჩენილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქის თავდადებასა და რუდუნებას, რომელიც დღეს უკვე რეჟისორული გადაწყევტებით უკიდურესი სარკაზმულობითა და საკითხის ირონიზირებით გულწრფელ ღიმილს ჰგვრის სპექტაკლის მაყურებელს. თუმცა სპექტაკლის ქვეტექსტი სულაც არ არის სასაცილო და უფრო მეტიც იქნებ შემაშფოთებელიც კია, რადგან რეჟისორული ამბის თხრობა მიგვანიშნებს რომ ეს წარსული გამოცდილება დღესაც საკმაოდ მძლავრია ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში და სპექტაკლის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს გახლავთ. თუმცა რამდენად ზუსტად და მკაფიოდ ახერხებს რეჟისორი პრობლემის მაყურებლამდე მიტანას ძნელი სათქმელია. ბარიერი, რომელიც ამ შემთხვევაში იქმნება პირველ რიგში ალბათ მაინც მსახიობის ოსტატობის პრობლემამდე მიდის. კატეგორიულად არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ლოიალურად შევაფასოთ რეგიონული თეატრალური დასები და ვფიქრობ რომ თამას ვერასდრო დაიკავებს შესაბამის სიმაღლეს, თუ პრობლემებზე ხმამაღლა და დაუფარავად არ ვისაუბრებთ. გარდა ამისა მიმაჩნია, რომ შემდგარი როლი, ხასიათი, პერსონაჟი, მხოლოდ ერთი კონკრეტული მსახიობის მონაპოვარი არასდროსაა და ეს აუცილებლად გულისხმობს რეჟისორისა და მსახიობის თანამშრომლობით, ერთიანი ძალებით მიღწეულ შედეგს. იგივე ვრცელდება წარუმატებლობის შემთხვევაში, შედეგი მხოლოდ მაშინ არის საუკეთესო, როცა რეჟისორი საკუთარ ამოცანას ზუსტად აუხსნის მსახიობს და მისცემს მას შესაძლებლობას კონკრეტული ამოცანის ფარგლებში მაქსიმალურად წარმოაჩუნოს საკუთარი უნარი და ხედვის მაშტაბი.

სპექტაკლის მინიმალისტურ დეკორაციას წარმოადგენს „ სტენდი“, რომლის სცენაზე გამოჩენა გაურკვეველი მაგრამ გარდაუვალი განგაშის მიზეზი ხდება და იწყება ერთგვარი მზადება მოსალოდნელი უბედურებისა თუ კატაკლიზმის თავიდან ასარიდებლად. ამ გარდაუვალ პირობითად ხანძარს რუტინული სიმშვიდით მოელიან ეზოს მცხოვრებნი. სპექტაკლის მხატვარი ლევან სოლოღაშვილი პერსონაჟებს სამაშველო თუ სახანძრო სამსახურის თანამშრომლების კოსტუმებს არგებს, რათა კიდევ უფრო მკაფიო გახდეს მათი დაუსრულებელი და უკვე თითქმის ყოფის ნაწილად ქცეული მოლოდინი, რომ დღეს თუ ხვალ რაღაც აუცილებლად გადაიწვება, გაქრება, გაფუჭდება, ან იქნებ უკვე გაფუჭდა კიდეც... ვფიქრობ რეჟისორი ალეგორიულად ცდილობს წარმოგვდგინოს სიტუაცია, რომელიც თანამედროვე ქართული საზოგადოების ჯერ კიდევ ბოლომდე უმწიფარ სამოქალაქო თვითშეგნებას უსვამს ხაზსს. სახლი რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით გერგო და რომელიც დღეს შენთვის ზედმეტი ტვირთია და მიუხედავად ამისა მაინც ხდები დასმენის, ინტრიგისა და შურის მსხვერპლი, რთულია ასეთ დროს არ გაგიჩნდეს უამრავი პარალელი თანამედროვე ქართულ რეალობასთან თუმცა არ ვიქნები ბოლომდე მართალი თუ არ ვიტყვი, რომ მთელი ეს ასოციაციური თუ ალეგრიული რეჟისორული გადაწყვეტები უმეტეს შემთხვევაში მოკლებული იყო თავად რეჟისორის მხრიდან საკუთარი ნამუშევრისადმი ნდობას და სიღრმის სრულყოფილ გააზრებას, შესაბამისად ზედაპირზე დარჩა და მსახიობთა პროფესიული ოსტატობის ანაბარა ბევრი პრობლემა რომელთა წამოწევის მცდელობა ნამდვილად ჩანდა სპექტაკლში.

ვერ ვიტყვით რომ ეგაძისეული ვერსია კიტა ბუაჩიძის ტექსტს მიჰყვება თუმცა ვერც ინტერპრეტაციის თავისებურებებზე ვისაუბრებთ, რადგან ყველაზე თვალში საცემი მაინც რეჟისორის მხრიდან საკითხისადმი ზედაპირული დამოკიდებულება მიმაჩნია, რაც თავისთავად აისახა მსახიობთა ნამუშევარზე, როდესაც ირჩევ პიესას, რომელსაც არ აქვს არც მაღალმხატვრული დონე და არც პრეტენზია მოერგოს ნებისმიერ დროსა თუ მოცემულობას უკვე მიდიხარ გარკვეულ რისკზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაამართლო წინააღმდეგ შემთხვევაში სცენაზე რჩება თითქმის დასრულებული, თითქმის მიგნებული და საბოლოოდ ვერ შეკრული და ვერ გააზრებული პრობლემების ასოციაციური ფაზლი, რომელთა შეკოწიწების ამაო მცდელობა ალბათ ნამდვილად მოგვრის სევდიან ღიმილს მაყურებელს.

ფესტივალის მასპინძელი, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი ახალგაზრდა რეჟისორ ლაშა შეროზიას სპექტაკლით წარსდგა მაყურებლის წინაშე. სლავომირ მორჟეკის აბსურდისტული ტექსტი, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციით გაასცენიურა რეჟისორმა და ჩვენ ვნახეთ, მშვიდი და ამავდროულად ძალიან დინამიური, თითქოს მშრალი და რეალურად წარმოუდგენლად სასტიკი დიალოგები, რომელთა გააზრებასა და გაანალიზებას კიდევ უფრო ამძაფრებდა  რეალობისადმი უკიდურესი ავთენტურობა.

მაკულატურით სავსე სცენაზე შავ-თეთრ კოსტუმებსა და ტონებში გადაწყვეტილი სცენოგრაფია, მაყურებლის მთელ ყურადღებას მიმართავს გრაფიტისკენ. სპექტაკლი ალბათ ამ გრაფიტის აღქმიდან იწყება. იქვე კედელზე საარჩევნო პლაკატები და სცენის შუაგულში საარჩევნო ყუთები, რომლებშიც ბიულეტენების ნაცვლად ლოზუნგები მოუთავსებიათ. „დემოკრატია“, „სამშობლო“, „თანასწორობა“... სპექტაკლის მხატვარია ნინო ჭავჭანიძე. სცენაზეა სამი პოლიტიკოსი, ან პოლიტიკოსობის მსურველი, მომავალი პარლამენტარი, გნებავთ მინისტრი, ან სულაც გუბერნატორი, არსებითად ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი მათი მიზანია, რომელიც ყველა საშუალებას გაამართლებს, რადგან მათ „შიათ“!  „მშია, გვშია, ჭამა გვინდა ჭამა“! ღია ზღვაში ერთმანეთის ამარა დარჩენილი სამი ადამიანის გადარჩენისთვის ბრძოლა. ვფიქრობ ეს მეტაფორული კონტენტი უზუსტესად ესადაგება პოლიტიკოსთა სასოწარკვეთილ სრბოლას გამარჯვებისთვის. ამ ბრძოლაში არავინ არავის დაინდობს და გადარჩება არ ყველაზე ძლიერი არამედ ყველაზე ფლიდი. ტექსტი, როგორც უკვე აღვნიშნე მთლიანად მეტაფორულია და აბსურდისტული. იშვიათად მინახავს ქართულ თეატრში ასე სრულფასოვნად და ანგაჟირების, ან ყალბი პათეტიკის გარეშე გააზრებული აბსურდი. ლაშა შეროზიას სპექტაკლი არის პოლიტიკური სატირა, ირონიზირებული და სარკასტული დიალოგებით და ასევე ძალიან საინტერესო სამსახიობო შემადგენლობით. სპექტაკლში მონაწილებენ: ანზორ გვაძაბია, კახა ბერიძე, ამირან ქაჩიბაია, ზაზა თედელური.

პროექტორის გამოყენება ერთგვარ ტენდენციად იქცა , ამიტომ თითქოს უკვე გაღიზიანებს კიდეც ერთი და იგივე ფორმის სხვადასხვა სპექტაკლში დაუსრულებლად გამეორება, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ ალბათ ყველაფრის გამოყენებას აქვს გამართლება, როცა რეჟისორის და მსახიობის მიზანი მაყურებელთან კომუნიკაციაა და სათქმელის გააზრებაში მაქსიმალურად ხელშეწყობა, როცა ერთი მიგნებული ფორმა თვითმიზნურად გამოყენებულის შთაბეჭდილებას არ დაგიტოვებს. დისნეის ცნობილი გმირი რომელიც პროექტორით ათამაშდა კედელზე უზუსტესად მოერგო რეჟისორის სათქმელს.კანიბალიზმი როგორც მეტაფორა და როგორც რეალობიდან ამოზრდილი პრობლემა, რომელსაც თვალს ვუსწორებთ და თითქოს ვაჩვევთ კიდეც. მშობლების ცოდვებით მანიპულირება და „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ სურვილი. ასეთია ლაშა შეროზიას სპექტაკლის სარკასტული გადაწყვეტა. სპექტაკლი „ღია ზღვაში“ ბიბლიური ალეგორიებით, ჩვენი რეალობისათვის ასე აქტუალური ირონიზირებული მეტაფორებით, აბსურდის თეატრისათვის დამახასიათებელი ტექსტისა და მოქმედების აცდენით ნამდვილად იმსახურებს ახალგაზრდა რეჟისორის ქებას და მასში კიდევ მეტი პოტენციალის დანახვის იმედს მიტოვებს.

გსმენიათ რამე მუროფობიის შესახებ?  ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა  რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლი „ხრამუნა“ უჩვენა ფესტივალის მაყურებელს.

იასმინა რეზას პიესის “ჟლეტის ღმერთი“  ადაპტაციის ავტორი თავად რეჟისორია, ვფიქრობ რომ ამ სპექტაკლის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ადაბტირებული ვერსიაა, რადგან ის საოცარი სიზუსტით იმეორებს ფოთელი ადამიანების ყოფის თავისებურებებს.

სპექტაკლის სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე კიჩური და სტილიზებული, ბრჭყვიალა, ფერადი ბარხატებით, ბრენდული ავეჯით ქმნის გარემოს, რომელიც სპექტაკლის დაწყებამდე გაწვდის ინფორმაციას ადამიანებზე, რომელთაც სოციალური უპირატესობისა თუ სტატუსის დაფიქსირება საკუთარი სახლის ინტერიერის ყველა დეტალში აქვთ ჩადებული, აქ ადამიანები ნივთებს არ ფლობენ, ნივთები განსაზღვრავენ ადამიანებს.

სპექტკალი სხარტი, მოქნილი და გულწრფელი იუმოეით სავსე დიალოგების მიღმა ეხება ძალიან მტკივნეულ და აქტუალურ პრობლემებს. ერთი მხრივ ძალადობრივი ოჯახური გარემო და ამ გარემოს შედეგი- ბულინგი ბავშვებში. პრობლემა ცალსახად არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასზე საუბარი, დისკუსია თუ მსჯელობა ჩვენს საზოგადოებაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაუვალი და სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

ჩემთვის საინტერესოა  ფორმა რომელსაც კომედიური ჟანრის წარმოდგენისთვის ირჩევს რეჟისორი და უსადაგებს, როგორც უკვე აღვნიშნე რთულ და მრავალშრიან პრობლემატურ საკითხს.

ორი ოჯახური წყვილი, რომელთა ურთიერთობა პირდაპირი მნიშვნელობით მაყურებლის ცხვირწინ ვითარდება, რადგან მაყურებელთა დარბაზი სცენაზეა მოწყობილი და იარუსებად განლაგებული. ამდენად მაყურებელი უშუალო თანამონაწილე ხდება ამბის, რომელიც უნდა განვითარდეს, ეს ფორმა თავის მხრივ ატარებს გარკვეულ დატვირთვას.  მაყურებლები არა პარტერიდან სცენაზე არამედ მსახიობებთან საერთო სივრცულ მოცემულობაში ვხვდებით და ეს სიახლოვე კიდევ მეტად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ პრობლემა ჩვენშია ყველაში და ამბავიც რომელსაც ვნახავთ შეიძლება ითქვას, რომ ვის მეტად ვის ნაკლებად მაგრამ ყველას გვეხება და ყველასთვის  მტკივნეულია.

პრობლემის სიმწვავისა თუ სირთულის მიუხედავად რეჟისორი ისე აგებს სიტუაციური კომედიის თხრობას, რომ მაყურებელი არც ერთი წუთით არ გრძნობს არა თუ სიმძიმეს, არამედ მთელი წარმოდგენის განმავლობაში ჩართულია მოქმედებაში და ინტერაქცია არა მხოლოდ დისტანციის არ არსებობითაა განპირობებული არამად ტექსტით, რომელიც არა ცინიზმითა და მითითებით, მაგრამ აუცილებლად გვიჩვენებს საზოგადოების სახეს, რომელიც ძალადობრივ გარემოში, ყალბი სტერეოტიპებითა და ფასეულობებით, კლიშეებად ქცეული ნარატივებით ცდილობს შენიღბოს საკუთარი ყოფის აუტანლობა და საბოლოოდ დგება შედეგი, რომელიც ორ მოზარდს შორის ფიზიკური დაპირისპირებით მთავრდება. დღეს უკვე ყველა ვთანხმდებით, რომ ბულინგი ბავშვებში პირდაპირ კავშირშია იმ ძალადობრივ გარემოსთან, რომელშიც უწევთ ცხოვრება და ეს არის ერთგვარი პროტესტი მათი მხრიდან, რომელსაც ხშირად და ჩვენდა სამწუხაროდ შემზარავი სისასტიკის სახე აქვს.

ორი ოჯახური წყვილი, ზის ერთ ბინაში და არკვევს თუ ვისმა შვილმა მეტი დააშავა, ვინ მეტად დაზარალდა, ვინ არის რეალურად მსხვერპლი?  ურთიერთობა რომელიც წინასწარ შემუშავებული უტრირებულად  დაყენებული მანერით იწყება, საბოლოოდ მაინც კარგავს მორგებულ ნიღაბს და დიალოგების განვითარება მიდის იქამდე რომ პერსონაჟები მთლიანად აშიშვლებენ საკუთარ შიშებს, კომპლექსებს, ტკივილებს და მაყურებლისთვის ცხადი ხდება რომ მსხვერპლი არა ერთ-ერთი მოზარდია, არამედ ორივე ერთად, რადგან მათ უკან დგანან შეშლილი, ცხოვრებით გადაღლილი, თავადაც ძალადობრივი გარემოთი განსაზღვრული მშობლები, რომლებმაც არჩევანის გარეშე დატოვეს შვილები, დააკისრეს მათ გაუგებარი ვალდებულებები, აუკრძალეს სპაიდერმენის ყურება, დაატარებენ ფარიკაობის თუ სხვა წრეებზე, ამარხულებენ  აიძულებენ აიტანონ ხატებით გადავსებული კედლები სახლში, უსმინონ მამის დაუსრულებელ სატელეფონო საუბრებს, მოსწონდეთ დედის ბანალური,სენტიმენტალური ლექსები, არ დაისვენონ არასდროს  და იარონ საკვირაო სკოლებში და რაც ყველაზე მთავარია მთელი ცხოვრება უყურონ როგორ სძულთ მათ მშობლებს ერთმანეთი და როგორ მაინც ჯიუტად განაგრძობენ ერთად ყოფნას, გაუგებარი მიზნებითა და მიზეზებით. მშობლების შეუმდგარი პირადი ცხოვრება, მათი სწრაფვა რეალიზებისკენ, რათა როგორმე სუბლიმირდეს სიცარიელე და უსიყვარულობაში ცხოვრების აუტანლობა მოზარდებში იწვევს პროტესტს და ეს პროტესტი ცხადია გაცილებით მარტივია გამოხატო შენსავე თანატოლთან, ვიდრე მშობელთან, რომელსაც შენთვის არასდროს სცალია, რომლისთვისაც შენ ისეთივე სტატუსის განმსაზღვრელი ნივთი თუ საშუალება ხარ, როგორც ბრენდირებული ავეჯი, მოწნული სამეული, ჰილტონის კალამი.

„ნუ ავურევთ ერთმანეთში მსხვერპლსა და ჯალათს“ -პრობლემა სრულად ცდება საღი განსჯის არეალს და ყველაფერი დადის იქამდე, რომ ბავშვებიდან ერთერთმა აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. თუმცა მაყურებელი უკვე ხვდება რომ მთელი ეს იუმორითა და კომიკურობით სავსე სივრცე იტევს თავის არსით გაცილებით დიდ პრობლემას,ვიდრე ბავშვებს შორის მომხდარი უსიამოვნებაა, ხოლო მშობლებისთვის მნიშვნელოვანია არა იმის კვლევა თუ რამ წარმოშვა რეალურად აგრესია, არამედ ის რომ მათი სტატუსის, მათი შეუმდგარი ოჯახური ცხოვრების ერთადერთი გამართლება -შვილი, არ დარჩეს დაჩაგრული.

ვსაუბრობ პრობლემის არსზე და კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ფორმა და სტილი, რომელშიც რეჟისორმა ეს პრობლემა წარმოგვიდგინა აძლევს მაყურებელს შესაძლებლობას მსუბუქად, სიცილისა და ხალისიანი განწყობის თანხლებით მიიღოს, გაიაზროს და გაათვიცნობიეროს, რამხელა დარტყმას ვაყენებთ შვილებს, როცა საკუთარი სურვილებისა და მიზნებისათვის ვიწყებთ მათ გამოყენებას, ვზრდით და ვაღვივებთ მათში აგრესიას და ვართმევთ თავისუფლება, ყველაზე დიდს და უპირატესს ღირებულებათა შორის.

„ხრამუნა“ კი რომელიც მამამ პატარა გოგონას გადაუგდო, რადგან უკვე ნახსენები მუროფობიითაა შეპყრობილი სადღაც ნაგავში, ყველაფრის მჭამელი და ადამიანივით ყველაფრის გადამტანი გაცილებით ბედნიერია ახლა, ბედნიერია რადგან თავისუფალია და აქვს უფლება იჯდეს მარტო საკუთარ ნაგავში და სულაც არ ეშინოდეს, რომ ვინმეს მასში ფეხებზემკიდია ფოთელის საგულდაგულოდ შენიღბვა მოუნდება,ან დაუსრულებელი აბუჩად აგდების, დამცირების ატანა მოუწევს, რომელიც მხოლოდ ისტერიული გულისრევით შეუძლია გააპროტესტოს. გადაგდებული პატარა ზაზუნა საკუთარი თავისუფლებით, სადღაც არხსა თუ ნაგავსაყრელზე დასცინის ადამიანურ ყოფას, რომელიც შიშების, კომპლექსების, შეუმდგარობის, იდენტობის და სხვა ათასი პრობლემის გამო ვერასდროს დააღწევს თავს არსებობის აუტანლობას და მხოლოდ ის შეუძლია, შურდეს პატარა მღრღნელის, შურდეს, სძულდეს და ეშინოდეს მისი.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო პაჭკორია, მარიკა ბუკია, ჯანო იზორია, გიორგი სურმავა. ვთვლი რომ მათი თამაშის მანერა და ზოგადად დამოკიდებულება საკითხისადმი ზუსტად არის გააზრებული. ზომიერი ექსპრესიულობა მაყურებელს აძლევს საშუალებას დინამიკაში აღიქვას ამბის განვითარება, თუმცა აქვე მინდა შევნიშნო ერთი გარემოება. მსახიობისთვის მაყურებელთან სიახლოვე, ისეთი როგორსაც „ხრამუნას“ სცენოგრაფია ითხოვს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ცხადია, ყოველთვის ერთნაირად წარმატებულად ვერ ართმევენ თავს. აქ  სიფრთხილეა საჭირო არ დაკარო ზღვარი და ქართული თეატრისთის ასე დამახასიათებელი მაღალი ბგერებისა და ისტერიული ტონალობისგან დაიცვა თავი, მსახიობი დამოკიდებულია მაყურებლის ემოციაზე, რაც მეტად გრძნობს, რომ ზემოქმედებს მაყურებელზე, მით მეტად ხდება დამოკიდებული თავად მაყურებლზე, შესაბამისად იწყებს მაყურებლის ემოციით მანიპულირებას, რასაც ვერ გაექცა ვერც „ხრამუნას“ ძალიან საინტერესო და ნიჭიერი სამსახიობო შემადგენლობა.

ვთვლი, რომ სპექტაკლი „ხრამუნა“ არის კომედიური ჟანრის კლასიკური გააზრებით შექმნილი წარმოდგენა, ვგულისხმობ ზემოთ უკვე ნახსენებ განმარტებას, როცა ფორმა და სათქმელი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და მთელი ძალა სწორედ იმაშია, რომ შეძლო და სიცილით მიაწოდო საზოგადოებას პრობლემა, რომელზეც აუცილებლად დაიწყებს ფიქრს, როგორც კი აღმოაჩენს, რომ დიდ სარკესთან დააყენეს, სასაცილო ოთახში და ისე აყურებინეს საკუთარი სიმახინჯე, რომელზეც ბევრი იხალისა.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი  ფესტივალის მაყრებლისთვის განსაკუთრებული სიხარულის და ემოციების მომტანი აღმოჩნდა. გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ შეიძლება თამამად ვთქვათ რომ  დღეს უკვე მემორიალური დატვირთვის მატარებელი წარმოდგენაა. სპექტაკლის ხანდაზმულობის მიუხედავად უნდა აღინიშნოს რომ სამსახიობო შემადგენლობა, რომელიც  გამოირჩევა თუმანიშვილის სკოლისათვის დამახასიათებელი თამაშის მაღალპროფესიული მანერით ნუსხავს და იტაცებს მაყურებლის ინტერესს. რაფიელ ერისთავის პიესა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გასცენიურებული ტექსტია ქართულ დრამატულ ტექსტებს შორის. მე ვფიქრობ რომ კონკრეტულ დროსა და მოცემულობაში, ეს ვოდევილი თავისთავად იქნებოდა პრობლემატურიც და მნიშვნელოვანიც, დღეს მის აქტუალობაზე საუბარი ცხადია შეუძლებელია, თუმცა დრამატული ტექსტი თავის მაღამხატვრული ფორმით და შინაარსით თანამედროვეობაშიც იწვევს რეჟისორების ინტერესს, რადგან ჯერ ისევ აქტიურად მიმართავენ ამ პიესას და დედაქალაქისა თუ რეგიონების თეატრებში ვხვდებით ამ პიესის სხვადასხვა  გადაწყვეტას. და მაინც ეს არის ვოდევილი, რომელიც ერთხელ უკვე აღმოჩენილი ფორმის მარწუხებისგან ძნელად ათავისუფლებს რეჟისორებს და თავისთავად ცხადია სიახლისა და ნოვაციის ძიება ამ შეთხვევაში ვერ იქნება კვლევის საგანი. როგორც უკვე აღვნიშნე ამ ტიპის დადგმებს ალბათ აქვთ მემორიალური დატვირთვა და თავისთავდ შეიძლება განვიხიოთ როგორც ერთგვარი სამუზეუმო წარმოდგენა, რომელიც მაყურებელს უჩვენებს თამაშისა თუ მხატვრობის იმ ეტაპს ქართლ თეატრში, როცა ის დაიდგა. დღეს რამდენად შეიძლება იყოს აქტუალური თანამედროვე მაყურებლისთის რაიმე სხვა თალსაზრისით ვერ გეტყვით და აქედან გამომდინარე მინდა სამომავლოდ კომედიის ფესტივალის ფარგლებში ვიხილო მეტი ახალი, აქტუალური და თანამედროვე მაყურებლისთის გარკვეული დატვირთვის მატარებელი, დროსა და გარემოებებთან ადეკვატურ კავშირში მყოფი წარმოდგენები.

თავისთავად ცხადია, უნდა აღინიშნოს ნინელი ჭანკვეტაძისა და გიორგი პიპინაშვილის ტანდემი სცენაზე  ნებისმიერი თაობის მაყურებელში გამოიწვევს აღფრთოვანებას და ამ შემთხვევაშიც სწორედ სამსახიობო ანსამბლმა ვფიქრობ ითამაშა გადამწყვეტი როლი კონკრეტული წარმოდგენის წარმატბაში ფესტივალზე.

უძველესი ქართლი ხალხური ზღაპრის ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა თბილისის მოზარდ მაყურებლთა თეატრმა კომედიის ფესტივალიზე.

თოჯინებისა და მსახიობების ერთობლიობა სცენაზე ქმნის სიმართლისა და ზღაპრული სამყაროს ერთგვარ მიქსს და ამბის თხრობის ჯადოსნურ ატმოსფეროს. ქართული ხალხური მელოდიებითა და ქორეოგრაფიული ეპიზოდებით ძველი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ზღაპარი საინტერესო რაკურსით იშლება სცენაზე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გია მარღანია, რომელიც  სპექტაკლის ქორეოგრაფიცაა, ნიკოლოზ ფაიქიძე, ნიკა ნანიტაშვილი და მარიამ ხუხუნაიშვილი. სამსახიობო შემადგენლობის მიმართ უშურველად შემიძლია გამოვხატო გულწრფელი აღფრთოვანება. მათი საშემსრულებლო მანერა ერთი შეხედვით მსუბუქი და მარტივი მოძრაობები, ქართული ტრადიციული ქორეოგრაფიის ფლობა და ვაკალური შესაძლებლობები მაყურებლისთვს გადამდები მხირულების მიზეზი გახდა და არავისთვისაა სიახლე რომ განსაკუთრებით რთულია ბავშვების მოხიბვლა და დაინტერესება, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა შეძლეს არა მხოლოდ უფროსი თაობის არამედ სულ პატარა მაყურებლის ყურადღებისა და ინტერესის მოპოვება.

„რწყილი და ჭიანჭველა“ არის ამბავი მეგობრობასა და თავგანწირვაზე, ეს მხოლოდ ზედაპირული შრეა ამ მართლაც ძველისძველი ამბის. თუკი სიღრმეში შევალთ და ისე ვეცდებით გავიაზროთ ზღაპარი იგი ერთი დიდი აღებ-მიცემობის შესახებ მოგვითხრობ. გვიყვება რომ არავინ და არაფერს უანგაროდ არ გასცემს და ერთადერთი ვისაც შეუძლია ყოველგვარი დაპირების გარეშე დაუდგეს მხარში გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს მეგობარია. მეგობარი, რომელიც უამრავი ფათერაკის მიუხედავად არ დანებდება და ყველა საჭირო ღონესა და ხერხს გამოიყენებს რათა განსაცდელში მყოფი გადაგარჩინოს. ეს საზრისი მთლიანად დაცულია დიმიტრი ღვთისიაშვილის სპექტაკლში. რაც შეეხება ფორმას, ის არის ძალიან დინამიური, ხალისით და ჰუმანიზმით სავსე წარმოდგენა. ფერთა სიძუნწეს ავსებს მინიმალისტური ფერადი დეტალები და მთელი ყურადგღება მიმართლია მოქმედების დინამიკაზე, რომელიც ნამდვილად არ მოგცემთ საშუალებას წუთით მაინც მოწყდეთ სპექტაკლს. უდახვეწილესი მანერების ღორს, ბალეტის მოცეკვავე გოჭებით, ენაცვლება მრავლის მნახველი და სიბერით გადაღლილი მუხა, ჰამლეტ გონაშვილის საოცარი სიმღერა და ხორუმისა თუ სინდის მელოდიებზე მოცეკვავე მსახიობები. ბაღდადურზე მოთამაშე თაგუნა თუ მეგრული ნანა ყელმოღერებული ძროხის შესრულებით, ეს ყველაფერი სახალისო და სასაცილოცაა და პატარებისთვის შემეცნებითი დატვირთვის მატარებელიც. სპექტაკლს რომელსაც უკვე ხვდა დიდი წარმატება წილად ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მინდა ვუსურვო კიდევ ბევრი გამარჯვება და რაც შეიძლება მეტი მაყურებელი, რომელიც რამდენიმე წუთიან წარმოდგენაში იხილავს ქართლი ხასიათისათის ნიშნეულ ურთიერთგამომროცხავ თვისებებს, აღებ-მიცემობის საპირისპიროდ უანგარო მეგობრობას, დაუდევრობისა და სიზარმაცის საპირისპიროდ თავდაუზოგავ წადილს მიზნის მისაღწევად და რაც ყველაზე მთავარია მიღწეულ შედეგს, როგორც თავგანწირვისა და მიზანსწრაფულობის ლოგიკურ დასასრულს.

“Casting”  მ. ვიშნევსკის პიესის მიხედვით დადგა რეჟისორმა კახა გოგიძემ, მასვე ეკუთვნის სპექტაკლის მუსიკალური გაფორმებაც. მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სწორედ ამ წარმოდგენით ესტუმრა კომედიის ფესტივალს.

სპექტაკლის სცენოგრაფია  ლელა ფერაძე, სცენის შუაგულში განთავსებული დიდი ბატუტი ცირკის არენის ასიციაციას ქმნის, მიმოფანტული და ჰაერში გამოკიდებული წითელი და შავი ბუშტები ამ ასოციაციას კიდევ უფრო ამყარებს და  ინფანტილური გარემოს ატმოსფეროში ხვევს სცენაზე.

ჯამბაზების შავი და გესლიანი   იუმორით სავსე დიალოგები, მაყურებელში ღიმილთან ერთად აუცილებლად გამოიწვევს სევდას რომელსაც ყველა ამქვეყნიური მონაპოვარის, წარმატების თუ მიღწევის წარმავალობა ჰქვია, დრო რომელიც არ ინდობს ადამიანში დაუსრულებელ სწრაფვას იყოს მუდამ საჭირო და საინტერესო, აკეთოს საკუთარი საქმე, რომელიც გარდა იმასა, რომ შემოსავლის წყაროა, უბრალოდ უყვარს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის.

მოხუცი ჯამბაზების სასოწარკვეთილი აღიარება „დავბერდით და წავეთრიოთ აქედან“ კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ არწმუნებს მაყურებელს, რომ არსებობს კონკრეტული დროითი მოცემულობა, რომლის გარღვევა ადამიანურ შესაძლებლობებს, დაუკებელ სურვილსა თუ ენთუზიაზმს არ შეუძლია და ადრე თუ გვიან ამ პრობლემასთან გამკლავება ყველას მოგვიწევს.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მანუჩარ გოგოლაური, ლექსო ჩემია, ბაქარ ალავიძე, მანანა ბერიძე, ცირა ტაბატაძ და ხათუნა ღიღუნიშვილი.

გამიჭირდება საუბარი დრამატული ტექსტისა თუ რეჟსორული ფორმის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა თუ მიგნებებზე. ეს იყო ტრადიციული ფორმით დადგმული,  შეკრული და დასრულებული ნამუშევარი, თუმცა რამდენად აქტუალური ან თანამედროვე მაყურებლისა თუ მოთხოვნების ადეკვატური ძნელი სათქმელია. ჩვენ ვნახეთ ბანალური ამბავი, დუნე ტემპორიტმით, კლიშური კოსტუმებით და რაც მთავარია ზედმეტად სევდიანი კომედიის საფესტივალო განწყობისთვის. მესხეთის თეატრის მსახიობები გულწრფელად ცდილობდნენ  მაქსიმალურად დახარჯულიყვნენ სცენაზე, თუმცა ფორმა რომელიც რეჟისორმა შესთავაზა მათ, სამსახიობო უნარების გამომჟღავნებისა თუ პროფესიული ოსტატობის ფლობის დემონსტრირების შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლეოდა.

მინდა მესხეთის თეატრს, რომელიც უამრავი პრობლემის მიუხედად მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას, ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და მასპინძლობს ქართული დრამატურგიის ფესტივალს,  ვუსურვო წარმატებები და დავიტოვო იმედი, რომ მომავალში თეატრი, რომელიც არ ყრის ფარ-ხმალს გაცილებით უკეთესი ნამუშევრით წარსდგება კომედიის ფესტივალის მაყურებლის წინაშე.

თავისუფალმა თეატრმა მაია დობორჯგინიძის სპექტაკლი „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ წარმოგვიდგინა. ნადეჟდა პტუშკინას პიესის ინსცენირების ავტორია თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი. სპექტაკლის მხატვარი ავთანდილ მოდებაძე ქმნის მყუდრო მოკრძალებული და ერთფეროვნებით დასევდიანებული პატარა ბინის ატმოსფეროს.  ეტლს მიჯაჭვული დედისა და მისი მოვლით დაკავებული ახალგაზრდა ქალის ისტორია თამაშდება სცენაზე. დედა რომელიც საკუთარ თავს ტვირთად აღიქვამს და შვილი რომლის ერთადერთ საზრუნავს დედა წარმოადგენს. სპექტაკლის ექსპოზიციური ნაწილი ამით შემოიფარგლება, თუმცა სიტუაციის განვითარების კვალდაკვალ ჩვენ ვხედავთ რომ უწყინარი და შვილის ბედით დადარდიანებული დედა ძალადობის ყველაზე სასტიკი ფორმით მზრუნველობით შენიღბული ძალადობით თრგუნავს საკუთარ შვილს. რეჟისორი ამ პრობლემას თითქოს რომანტიზირებულ, სენტიმენტალურ რაკურსს უსადაგებს და ცდილობს მაქსიმალურად რბილად და მსუბუქად უჩვენოს მაყურებელს, რომ ზოგჯერ გადამეტებული მზრუნველობა თავისთავში გულისხმობს ადამიანებზე ძალადობას. აშკარაა დედა უფრო მეტ სურვილს ავლენს სიცოცხლის სიყვარულის ვიდრე შვილი, რომლის რუტინული ყოფა დაცლილია ყველა ადამიანური ვნებისა თუ მისწრაფებისგან. ამ სევდიან ერთფეროვნებას ჯერ ახალგაზრდა კაცის გამოჩენა დააყენებს თავდაყირა, ხოლო მოგვიანებით თინეიჯერი გოგო, რომელიც შვილიშვილის სტატუსით გამოეცხადება პოეზიაზე შეყვარებულ რომანტიკოს მოხუცს.

კომედიური მელოდრამა ჰეფიენდით, ასეთია მაია დობორჯგინიძის სპექტაკლის მოკლე ანოტაცია, ეს ის ჟანრია, რომელიც ყოველთვის მარტივად ხიბლავს და იყოლიებს მაყურებელს. მსახიობები თიკო კორძაძე, რომელიც ნამდვილად გამორჩეულ სახასიათო პერსონაჟს ქმნის, ქეთა ლორთქიფანიძე პირადი თუ კარიერული წარუმატებლობით დაღლილი ახალგაზრდა ქალი, მამუკა მუმლაძე მოულოდნელი და კიდევ უფრო მოულოდნელად გულისხმიერი სტუმარი და პატრა მხიარული, სიცოცხლით სავსე გოგონა მარიამ ნადირაძე ქმნიან სცენაზე ზღაპარივით დაუჯერებელ და ამავდროულად ძალიან ნამდვილ ოჯახურ ამბავს ჯადოსნური და კეთილი დასასრულით.

ილიაუნის თეატრი ნინო ბურდულის სპექტაკლით „სიმართლე“ კომედიის ფესტივალის კიდევ ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სტუმარი იყო.

მინიმალიზმი სცენოგტაფიაში, რკინის კვადრატი, რომელიც მრავალფუნქციურად არის დატვირთული წარმოდგენის მიმდინარეობისას. ცოცხალი მუსიკა, ფრანგული მოტივები მაყურებელს განაწყობს სასიყვარულო ურთიერთობების მარადიული და იქნებ უკვე ბანალური პრობლემებით სავსე წარმოდგენის სანახავად.

ალისა (ანა ნიკოლაშვილი) ინფანტილური გამომეტყყველებითა და საუბრის მანერით, მუდმივად განიცდის სინდისის ქენჯნას. მიშელი (ჯანო იზორია) მასკულანური მსოფლმხედველობით, საქმიანი იმიჯით, საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული. „ჩვენ ორივენი ქორწინებაში ვიმყოფებთ, განსაკუთრებით შენ.“ჟანრის კლასიკა-გარდამტეხი ეტაპი ურთიერთობაში, როცა მალული შეხვედრები აღარ არის საკმარისი და რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალოს. ზუსტად ამ ეტაპზე პერსონაჟები დესტრუქცულად იწყებენ მოქმედებას და ცვლილების და გამოსავლის ძიების ნაცვლად იწყება დეტექტივობანას თამაში.

ლორანსი (ანა მატუაშვილი) ცოლი, რომელიც ცდილობს გამოტეხოს ქმარი ღალატში, ის დარწმუნებულია რომ ქმარი ღალატობს, უბრალოდ თავს იქცევ, ეთამაშება მეუღლეს და ამ ფორმით ერთგვარად მანიპულირებს კიდეც. მას სიამოვნებას ანიჭებს ქმრის ჯვარედინი დაკითხვა, ის სადისტური სიმშვიდით უყურებს მოღალატე ქმრის უსუსრ თავისდაძვრენას.

ღალატი მისთვის დამახასიათებელი ბანალურობითა და გარდაუვალობით, მაშინ როცა საქმე მრავალწლიან ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებას ეხება.

ტყუილის გამართლება პარტნიურისთვის იმის გადაბრალებით, რომ ის არ არის მზად მოისმინოს შენგან სიმართლე და შენც თითქოს გიწევს იზრუნო მასზე და დაუმალო სიმართლე რომელიც დატანჯავს.

პოლი (ბაჩო ჩაჩიბაია) მანაც   დანამდვილებით  იცის რომ ცოლი ღალატობს და მისთვისაც ერთგვარი ფეტიშია გამოტეხოს მეუღლე, ათქმევინოს სიმართლე, ან იქნებ სულაც მთელი ამ გამოძიების აზრი და არსი მის დაუსრულებლობასა და ფარისევლურ საბურველშია.

კვანძი საბოლოოდ მაინც მამაკაცებს შორის ამბის გარჩევით მთავრდება, ქალი პერსონაჟები სცენის სიღრმეში მშვიდად ისმენენ მათ საუბარს, ერთი ინფანტილური გამომეტყველებითა და კითხვით „მე რა შუაში ვარ?“, ხოლო მეორე უფრო დარწმუნებული საკუთარ თავსა თუ შესაძლებლობებში და სრულიად მშვიდად განწყობილი ქმრის მორიგი გატაცების მიმართ.

ამ ყველაფერს განსაკუთრებულად ამძაფრებს ის გარემოება რომ მეგობარ ოჯახებზეა საუბარი.

პრობლემა, ცხადია რომ ბანალურია და რთულია არ დაეთანხმო რეფრენს სპექტაკლიდან „თუკი ადამიანები ერთმანეთს ეტყვიან სიმართლეს, დედამიწაზე ერთი წყვილიც აღარ იარსებებს.“

თამაშის ფორმა მონოტონური, თუმცა არა დამღლელი, პირიქით ძალიან მშვიდად მოწოდებული ძველი და მარადიული პრობლემა, რკინის კვადრატში გამომწყვდეული ოჯახური რუტინა და მისგან გაგცევის დაუოკებელი სწრაფვა.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო მუსიკოსები: ლიკა ახალაძე, ელენე დაბრუნდაშვილი და გივიკო ბარათაშვილი, რომელთაც სპექტაკლის მძიმე და პრობლემურ სათქმელს მუსიკალური ჰაეროვნებით უდაოდ შემატეს სიმსუბუქე.

კომედიის ფესტივალის ფარგლებში შედგა რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლის რეპეტიცია. პრეცედენტულობის თვალსაზრისით ნამდვილად იყო ეს მნიშვნელოვანი ფაქტი. რეპეტიცია არა გენერალური არამედ ჯერ ისევ სამაგიდო ეტაპიდან ფეხზე წამოდგომის სტადიაში მყოფი, რომელსაც დაესწრო მოყვარული მაყურებელი და არა მხოლოდ თეატრალური კრიტიკა.

ჩვენ ვნახეთ დონ ჟუანის გასცენიურების კიდევ ერთი მცდელობა, ორი დონ ჟუანითა და ქალთა კრებითი სახით, რომელსაც ერთგვარი ქოროს ფორმა ჰქონდა რეპეტიციის მსვლელობისას, ვნახეთ თუ რამდენი შრომაა საჭირო ერთი მარტივი დიალოგის ასაგებად, ვნახეთ ჩვენ თვალწინ როგორ აღმოაინეს მსახიობებმა ესა თუ ის კონკრეტული გამომსახველობითი ფორმა თუ ფრაზის ზუსტი ინტონაცია, ვიხილეთ რეჟისორი ყველაზე ინტიმურ გარემოში, რეპეტიციის მსვლელობისას და მათთან ერთად ჩართული აღმოვჩნდით გარკვეული სცენების გადაწყვეტაშიც კი. ეს ინერაქციული ექსპერიმენტი თავისთავდ საინტერესო და სახალისოც აღმოჩნდა. ვფიქრობ ამ ტიპის რისკზე წასვლა რეჟისორისგან სულ მცირე სითამამეს და საკუთარ ძალებში, საკუთარ სიმართლეში სიმყარის განცდას მოითხოვს. არ ვიცი რა დარჩება რეალურად სპექტაკლში იმ რეპეტიციიდან, მაგრამ ერთი ცხადია, მლოდინები ნამდვილად დატოვა მაყურებელში, რაც უკვე ნიშნავს წარმატებას.

კომედიის ფესტივალი დახურა სამეფო უბნის თეატრმა მიშა ჩარკვიანის სპექტაკლით „დემონები“. ლარს ნურენის შავი იუმორითა და სასტიკი დიალოგებით სავსე პიესა გვიჩვენებს ძალადობრივი და სიყვარულისგან დაცლილი გარემოს მსხვერპლ ადამიანებს. მათ ათასგვარი აშლილობებითა თუ კომპლექსებით, შიშებით, მიჯაჭვულობის განცდით და არაჯანსაღი დამოკიდებულებებით, ხსნის გზად საკუთარი პერვერსიების გაშიშვლება ესახებათ. დედის ფერფლი, რომელიც ერთი მხრივ ძვირფასია და მეორე მხრივ შემზარავად დამთრგუნველი. ეს ის აჩრდილია, რომელიც ბავშვობის დროინდელ ტრამვებს აღვივებს და მის შედეგბს უკვე ზრდასრულობაში ვიმკით, თუკი საერთოდ შეიძლება დაერქვა ზრდასრულობა ყოფას, სადაც ადამიანები ერთმანეთის ენერგიით იკვებებიან, ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენებით ახდენენ საკუთარი შეუმდგარობისა თუ მოსაბეზრებელი არსებობის გამართლებას

ეს არის სპექტაკლი სადაც დეპრესიული, დესტრუქციისკენ მიმართული ადამიანები საშინლად უსწორდებიან ერთმანეთს. მათ ამოძრავებთ შურისძიება, პატიება, სიძულვილი და ამავე დროს სიყვარული, ისინი ერთდროულად ბრიყვებიც არიან და გონიერებიც, ყველაზე უკეთ თავად ესმით იმ უბედურების არსი რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ უერთმანეთოდ არსებობას ვერ უშვებენ. ინფანტილურია ყველა პერსონაჟი, დედის ფერფლი მხოლოდ ერთი კონკრეტული გმირის საკუთრება არაა, ეს წარსულის ერთგვარი სახესიმბოლოა, რომელმაც განსაზღვრა მათი პიროვნული პრობლემები. და ფერფლად ქცეული წარსულის აჩრდილი საბოლოოდ იფანტება ოთახის მძიმე და მხუთავ ატმოსფეროს ერწყმის და ახლა უკვე ყველგან და ყველაფერშია, ნივთიდან დაწყებული იმ ჰაერით დამთავრებული რომელსაც პერსონაჟები სუნთქავენ და მისგან ოდესმე თავის დაღწევის სურვილი სრულ უტოპიად იქცევა. სპექტაკლის კონცეპტუალურად უზუსტესად მორგებული სცენოგრაფია პირველივე წამს გაგრძნობინებს კლაუსტროფობიის მხუთავ ძალას. სცენაზეა ჩაკეტილი სივრცე, ბნელ, ნახევარტონებში გადაწყვეტილი ინტერიერი, რკინის გისოსები და ამ გალიაში მოქცეული წყვილის ცხოვრება. სპექტაკლის სცენოგრაფია ქეთი ნადიბაიძე.

პიესის ძალიან რთული და მრავალშრიანი ტექსტი მოქმედებაში ისე ვერ განვითარდა, რომ მისი ყველა წახნაგი სრულყოფილად აღექვა მაყურებელს. ამ შემთხვევაში მე მინდა ხაზი გავუსვა კომპრომისს რეჟისორის მხრიდან, რომელიც საკუთარი ნამუშევრის დაუსრულებლობაზე ან თვალს ხუჭავს ან აღარ ჰყოფნის მოტივაცია.  ყველაფერი დარჩა თითქმის და თითქოს განსაზღვრების არეალში.როცა ცდილობ იყო რადიკალური, როცა გაქვს პრეტენზია, რომ მაყურებელს მისთვის ორგანული ენით ესაუბრო და არ მოერიდო სლენგს თუ ჟარგონს პირველ რიგში ძალიან მკაფიოდ უნდა გესმოდეს საკუთარი ამოცანა და ხედავდე საკუთარ თავში ამ ამოცანის დაძლევის პოტენციალს. თუ რეჟისორს და შემდეგ უკვე მსახიობებსაც ეჭვი ეპარებათ და არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობებში აუცილებლად შექმნის უხერხულობისა და ვულგარული ეპატაჟურობის განწყობას სათქმელი, რომელიც სწორედ რომ ორგანული და თუნდაც ყველაზე შეულამაზებელი ფორმით უნდა მიიტანო მაყურებლამდე.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, ქეთი შათირიშვილი, ნატო კახიძე და კახა კინწურაშვილი.

სპექტაკლს მოჰყვა ვნებათაღელვა. ძალიან შორს ვარ იმ მოსაზრებისგან ,რომ თეატრმა მხოლოდ მაღალ იდეალებსა და ფასეულობებზე უნდა ისაუბროს, მით უფრო ეპოქაში, რომელმაც ყველა იდეალი და ღირებულება კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა და ზოგ შემთხვევაში სანაგვეზეც კი უკრა თავი. ვერც მაყურებელს გაითვალისწინებს თეატრი და პირიქით მაყურებელმა უნდა აღმოაჩინოს და მიაგნოს მისთვის ახლობელ, მისთვის ღირებულ და მნიშვნელოვან ხელოვნებას. ის რომ  მაყურებელში გაჩნდა პროტესტის სურვილი პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ფაქტია, რადგან ვფიქრობ სწორედ ამ პროტესტის გაჩენის მერე იწყებს მაყურებელი რეალურად ძიებას ხელოვნებაში და სწორედ ამგვარი პროტესტი არის ყველაზე ჯანსაღი ურთიერთკავშირი ხელოვნებასა და პუბლიკას შორის.

კომედიის ფესტივალი,  მისი არსებობის ხუთი წლის თავზე ვფიქრობ რომ მნიშვნელოვნად დაიხვეწა და სურვილი კიდევ უფრო მეტის მიღწევისა მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეს ფესტივალი მომავალში თავს მოუყრის საუკეთესო ქართულ კომედიურ სპექტაკლებს. ვთვლი რომ სამომავლოდ ფესტივალმა აუცილებლად უნდა ჩართოს პროექტში სელექციის ეტაპი და მაყურებლისთვის, რომელიც უკვე ნამდვილად ჰყავს კომედიის ფესტივალს მაქსიმალურად საინტერესო, აქტუალური და რაც მთავარია ჟანრული მახასიათებლით ზუსტად ფესტივალისათვის მორგებული დადგმები შეარჩიოს.

bottom of page