top of page

ქართული სპექტაკლების პროგრამის წარდგინება 2019 - ანუ Georgian ShowCase 2019

5c0072bcb35c767bdd1a88050d406d88.jpg

ლელა ოჩიაური

 

შემოდგომა თბილისში თეატრალური შეხვედრებისა და გაცნობების დროა. სიახლეების ნახვისა და გაზიარების, ახალი აღმოჩენებისა და ახალი გეგმების, ახალი პერსპექტივების, ახალი შესაძლებლობების დაბადებისა და ძველი კავშირების გამყარების დრო. პირველ რიგში, მათთვის, ვისაც უყვარს, აინტერესებს, იზიდავს და აჯადოვებს თეატრი ან თუნდაც მათთვის, ვინც „მოვალეობად“ თვლის, აუცილებლად ჩაერთოს საფესტივალო ორომტრიალში, იმ მიზეზით, რომ ამ ორომტრიალში ჩართულობა პრესტიჟულად და თავმოსაწონებლად „ითვლება“. სექტემბრის, ჯერ ისევ ცხელ, დღეებში, ზაფხულის არდადეგებიდან გამოყოლილი ბედნიერების ილუზია გაიხანგრძლივოს და სახელოვნებო პროცესების სრულუფლებიან თანამონაწილედ იგრძნოს თავი.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სწორედ ამის პირობებს ქმნის. 2019 წლის, მე-11 ფესტივალი, უკვე გამოცდილებადაგროვილი, გამობრძმედელი, ცეცხლს, წყალსა თუ თუნუქის მილებში მრავალჯერ გამოვლილი და ნაწრთობი, ამჯერადაც, არც ტრადიციას ღალატობს და არც ახალ მოცემულობებსა და ახალ ექსპერიმენტებს უშინდება. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ 11 წლის წინათ, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა და მისი თანამოაზრეები, როდესაც თბილისის საერთაშორისო ფესტივალს აფუძნებდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომის ერთი წლისთავზე. და არც ის ვიცი, რას ფიქრობდა მარჯანიშვილის თეატრის მაშინდელი მმართველი და ამჟამად დიერექტორი, ეკატერინე მაზმიშვილი, თავის გუნდთან ერთად, როდესაც მერის წინადადებას დათანხმდა და საერთაშორისი ფესტივალის ჩატარების ორგანიზება ითავა. მაგრამ ორივე მხარის გადაწყვეტილება სწორი და წარმატებული აღმოჩნდა.

 

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში, პოლიტიკური რეალიებიცა და პიროვნებებიც, ფესტივალის ბიუჯეტიცა და დოლარი-ევროს კურსი ლართან მიმართებაში, მაგრამ არ შეცვლილა ფესტივალის გუნდი, მენეჯმენტი და ფესტივალის იდეა - გააცნოს მსოფლიო თეატრის სიახლეები და მნიშვნელოვანი დადგმები აწმყოდან და წარსულიდან საქართველოს მოსახლეობას და ქართული თეატრი გააცნოს მსპფლიოს.

წლების განმავლობაში იცვლებოდა „საგარეო პოლიტიკა“ და ფესტივალის ორგანიზატორების შიდა მოქმედების სტარტეგია და ტაქტიკა. იცვლებოდა, ვითარდებოდა, ყალიბდებოდა, ახალ-ახალი გეგმები ეწყობოდა და უპირატესი ადრინდელთან შედარებით რაღაც განსხვავებული ხდებოდა. სწორედ ამითიცაა ის (ისევ, როგორც თანამედროვე ფესტივალს შეეფერება) გამორჩეული და იმითაც, რომ ყოველ წელს თბილისში ჩამოდიან თეატრები, თავიანთი, არა მხოლოდ კარგი, საშუალო თუ ძალიან კარგი სპექტაკლებით, არამედ იმ სპექტაკლებითაც, რომლებიც სხვაზე უკეთ გამოხატავდნენ და გამოხატავენ მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესების ნამდვილ სახესა და მათში არსებულ ვითარებას.

ყოველ წელს ფესტივალს ჰქონდა და აქვს გარკვეული გეზი, ამოცანები და პრიორიტეტები. ის ყოველწლიურად სახეს იცვლის, ხან ერთი თემა იწევს წინ და ხან მეორე, ხან ერთი მიმართულება ხდება მთავარი და ხან სხვა. ასევე იცვლება ქართული პროგრამების („შოუქეისის“) წარდგენის საფუძველი და პრინციპი. არჩევანს ყოველწლიურად სხვადასხვა მიდგომა და განსაზღვრული მისია აპირობებს. ხან რეკომენდებული სპექტაკლები ხვდებოდნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ხან - ყველა წარდგენილი სპექტაკლი ყველა თეატრიდან. ბოლო წლებში ეს ვითარება „დასტაბილურდა“ და სპეციალური სარეკომენდაციო საბჭო (რომელიც თვითონაც ფესტივალის ბორდის წევრების რეკომენდაციებითა და ხმათა უმრავლესობის საფუძველზე კომპლექტდება), აძლევს რეკომენდაციას სპექტაკლებს, რომლებიც ასევე ხმათა უმრავლესობით ირჩევა, იმ იმედითა და განზრახვით, რომ სწორედ ისინი იმსახურებენ (დაიმსახურებენ) მაყურებლის ყურადღებას. რადგან სწორედ ისინი გამოხატავენ ბოლო სეზონისა და ასე თუ ისე უახლესი (ბოლო წლის) ქართული თეატრის სახეს. რომ სწორედ ისინი რაღაცით გამოირჩნენ სხვებისგან და შესაძლოა საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდნენ უცხოელი სტუმრებისთვისაც (მათ რიცხვში არიან: თეატრმცოდნეები, ჟურნალისტები, ფესტივალებისა და თეატრების დირექტორები, მმართველები, მენეჯერები და ა.შ. ) და რომ შესაძლოა, ეს ინტერესი შემდეგ პრაქტიკულ შედეგში გადაიზარდოს (რაც წლების განმავლობაში არაერთხელ მომხდარა). და სპექტაკლი, ან მისი წარმდგენი თეატრი გასტროლზე, ფესტივალზე, ფორუმზე ან დამდგმელი რეჟისორი რომელიმე ქვეყნის თეატრში სპექტაკლის დასადგმელად მიიწვიონ. წლევანდელი ფესტივალის ქართული პროგრამაც, როგორც ყოველთვის, ვფიქრობ, გამორჩეულად სპეციფიკური, არაერთგვაროვანი, მრავალწახნაგა და დატვირთული იქნება. თბილისის მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქ ართული „შოუქეისი“ 11 რეკომენდებული, 6 საპრემიერო, 2 სპეციალური სტუმარი და საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სახელმწიფო თეატრის 30-ზე მეტი წარმოდგენისგან შედგება (ეს უკანასკნელი, თავისუფალი პროგრამის ფარგლებში), თეატრებისგან, რომლებიდანაც ზოგი მოკრძალებულად, ერთი სპექტაკლითაა წარმოდგენილი და ზოგიც, სეზონის განმავლობაში გამოშვებული სრული რეპერტუარით). რეკომენდაციები მიიღეს (ესეც უკვე ტრადიციად იქცა) სპექტაკლებმა როგორც თბილისის, ასევე რეგიონების თეატრებიდან, როგორც იმ თეატრებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველ წელს არიან შერჩეულთა რიცხვში და ასევე იმათ, რომლებსაც ეს „პატივი“, პირველად ხვდათ და სხვები, მანამდე უკვე რეკომენდებულები ჩაანაცვლეს. ეს თეატრები და სპექტაკლები ნათლად აჩვენებენ, რომ ქართულ თეატრში კვლავ აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა თაობის (უხუცესიდან დაწყებული, ყველაზე ახალგაზრდათი დამთავრებული) რეჟისორები და სხვადასხვა თაობისა და „მრწამსის“ შემოქმედებითი ჯგუფები- სცენოგრაფები, მუსიკოსები და რა თქმა უნდა, მსახიობები, რომლებზეც დგას დღევანდელი ქართული თეატრი. ეს სპექტაკლები აჩვენებენ, რომ ქართულ თეატრში დღეს დგამენ ქართველ და უცხოელ დრამატურგებისა თუ მწერლების ნაწარმოებებს, კლასიკასა და თანამედროვეს, პირველად საქართველოში და არაერთხელ დადგმულს საქართველოსა და უცხოეთში; დგამენ ახალი დრამატურგიის წარმომადგენლების პიესებს - ქართველებისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს სპექტაკლები აჩვენებენ, რომ დღეს ქართულ თეატრში საუბრობენ იმ სოციალურპოლიტიკურ პრობლემებზე, რომლებიც პირველ რიგში აღელვებს ქართულ საზოგადოებას და შემდეგ მთელ სამყაროს. ამისთვის იყენებენ მითს, ანტიკური დრამატურგიის თანამედროვე ინტერპრეტაციასა და იგივე ბერძნული მითის, ასე ვთქვათ, სიქველს, პოსტმოდერნისტული ელფერით; მიმართავენ საქართველოს უახლესი ისტორიის ახალი ფორმითა და კონტექსტში გამოხატვის გზებსა და გამომსახველ ფორმებს; მიმართავენ კლასიკას, იმისთვის, რომ თანამედროვე ენაზე აამეტყველონ, რაც სხვებს მრავალჯერ უჩვენებიათ და დანიის სამეფოში ოდესღაც მომხდარ ამბავს თანდროულობა და პრობლემას მარადიულობა შესძინონ. ყოველთვის ვამბობ, რომ „თბილისის საერთაშორისო“ (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა) ფესტივალი არამარტო ქართული თეატრს აცნობს უცხოელებს (მცირე თუ დიდი მასშტაბით), არამედ თეატრის - კულტურის - მეშვეობით აცნობს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს. აცნობს იმას, თუ ვინ ვართ, როგორი ქალაქები თუ ბუნება გვაქვს; როგორ ვცხოვრობთ ამ მიწაზე, როგორ ვშრომობთ და ვისვენებთ, როგორ ვწუხვართ და გვიხარია, როგორი თეატრისა თუ ფოლკლორის პატრონები ვართ, როგორ ვიცით სტუმრის - თეატრების - მიღება და გასტუმრება, როგორ შეგვიძლია ფესტივალების გამართვა და რომ ჩვენ - საქართველოს (რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რომლის მოსახლეობის 30 პროცენტი ემიგრანტია) ასე სჭირდება თბილისის საერთაშორისო (და ნებისმიერი სხვა) ფესტივალის ჩატარება და მთელი სამყაროსთვის იმის შეტყობინება, რომ ეს ქვეყანა (რომლის თეატრიც მსოფლიოს საუკეთესო თეატრებს არაფრით ჩამოუვარდება), იმსახურებს, რომ მსოფლიოს აჩვენოს, საკუთარი კულტურის გამორჩეული ნაწილი და რომ მსოფლიოს საუკეთესო დასები მისი სტუმრები იყვნენ

bottom of page