მეხუთე წელი რეგიონულ თეატრებთან ერთად

მეხუთე წელი რეგიონულ თეატრებთან ერთად

ლაშა ჩხარტიშვილი

 

უკვე მეხუთე წელია ქართველ (და არა მარტო) თეატრის მოყვარულ საზოგადოებას ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი აერთიანებს. წლიდან წლამდე ველოდებით ზაფხულის მოახლოებას, რათა ფოთისკენ ავიღოთ გეზი და გავხდეთ თეატრალური ხელოვნების დღესასწაულის მომსწრე და მონაწილეები. ზაფხულიდან მომავალ ზაფხულამდე მიგვყვება ის ემოციები, რომელიც ფესტივალის მსვლელობისას დაიბადა. ბიუჟეტის თითქმის ყოველწლიური კლების საპირისპიროდ კი ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება, იხვეწება, იძენს მასშტაბებს და უფრო საინტერესო, მომხიბვლელ და მნიშვნელოვან სათეატრო ფორუმად იქცევა.

კულტურულ საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესული სახელმწიფო დრამატული თეატრის უშუალო მონაწილეობით ქართული თეატრისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება დიდი შრომის, ენთუზიაზმის და პასუსიხმგებლობის წყალობით, რეალიზდა და შეიქმნა პროდუქტი ფესტივალის სახით, რომელმაც გაზარდა მოტივაცია რეგიონის თეატრებს შორის, გააჩინა პერსპექტივა და გააცნო ისინი ფართო საზოგადოებას.  

რეგიონული თეატრების ფესტივალს გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს სათეატრო ფესტივალების რუკაზე. ფესტივალის პროგრამა არა მხოლოდ საქართველოს ყველა რეგიონის, თუ ქალაქის თეატრების, არამედ სხვადსხვა ფორმის და სტილისტიკის უცხოური დასების ნამუშევრებს უყრის თავს. ფესტივალი ამავდროულად აერთიანებს მასტერკლასებს, ვორქშოპებს რეგიონის თეატრებში მოღვაწე ახალგაზრდა მსახიობებისთვის და მრგვალ მაგიდებს პროფესიონალ თეატრმცოდნეოთა და კრიტიკოსთა მონაწილეობით, ფოლკლორის, ჯაზის საღამოებს, კონცერტებს. სწორედ ფესტივალმა ჩაუყარა საფუძველი რეგიონის თეატრების შემოქმედებით მონიტორინგს, რომელსაც კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭო ახორციელებს.

მცირე საორგანზიაციო ჯგუფით (სამხატვრო ხელმძღვანელი - ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი - თენგიზ ხუხია, მენეჯერი ბექა ჯუმუტია, საზოგადოებასთან ურთიერთობა - ნანა თუთბერიძე და შიო აბრახამია) ფესტივალმა ხუთი წლის მანძილზე შეძლო გაეჩინა პერსპექტივა მივიწყებული, ფართო საზოგადოების მხრიდან უყურადღებოდ მიტოვებული რეგიონის თეატრებისთვის, გამოეცოცხლებინა მათი ცხოვრება, ახალი ფერი შეეტანა მათ ერთფეროვან ცხოვრებაში, შეძლო მეგობრული და საქმიანი გარემოს შექმნა, დასაბამი მისცა მომავალ ერთობლივ თანამშრომლობას, კოპროდუქციების შექმნას. ფესტივალმა თეატრის პროფესიონალებს მისცა საშუალება ერთ სივრცეში, კომპლექსურად და კონტექსტში, უკეთ გაეცნო პრობლემები, პოზიტიური და ძლიერი მხარეები, გადა ამისა ერთმანეთთან კომუნიკაციაშეწყვეტილ თეატრებს მიეცათ შანსი ერთმანეთის პრობლემების და წარმატების გაეზიარების. რომ არა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, ძნელი სათქმელია გაეცნობოდა თუ არა ზოგიერთი თეატრის შემოქმედებას პროფესიული კრიტიკა და ფართო საზოგადოება. ფესტივალმა ამ წლების განმავლობაში დახატა ქართული უახლესი თეატრის სურათი.

„ფოთის ფესტივალმა“ - ასე ვეძახით კრიტიკოსები ამ თეატრალურ ფორუმს, მცირე ისტორიის მანძილზე შეძლო ფოთი, როგორც მიძინებული ქალაქი, ექცია ქართული სათეატრო ხელოვნების მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრად. ფესტივალმა წლების მანძლზე უმასპინძლა უპრეცედენტო რაოდენობის უცხოურ და ქართულ დასს, კრიტიკოსებს, თეატრის მოღვაწეებს, მწერლებსა და დრამატურგებს. ფესტივალის ორგანიზატორებმა შეძლეს შეექმნათ ატმოსფერო, კომფორტული გარემო ფესტივალის მონაწილეებისათვის.

ფოთის ფესტივალის დამსახურებით, ზოგიერთ თეატრს დაეკისრა გარკვეული ვალდებულება საზოგადოების, მაყურებლისა და თავად ფესტივალის წინაშეც. რამდენიმე თეატრი სწორედ ფოთში, აღნიშნულ ფორუმზე გამოჩნდა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ და მათ წლიდან წლამდე მხოლოდ იქ ვხვდებით. თეატრებს გაუჩნდათ მოტივაცია და ისინი ყოველწლიურად საგანგებოდ ემზადებიან ფოთის ფესტივალისთვის. მიზნობრივად არჩევენ სპექტაკლს, ამზადებენ პრემიერას, იწვევენ რეჟისორებს მათი შემოქმედების ფესტივალზე ღირსეულად წარმოჩენისთვის.

ფესტივალის განმახორციელებელი გუნდი არ უშინდება სირთულეებს, მათთვის არ არსებობს გადაულახავი პრობლემა. ამის საუკეთესო მაგალითი იყო, 2018 წლის ფესტივალი, როცა ფოთის თეატრის შენობა, როგორც საფესტივალო წარმოდენების გამართვის მთავარი სივრცე, ორგანიზატორებს ხელიდან გამოეცალათ. წარმოდგენების სრული უმრავლესობა ალტერნატიულ, არატრადიცულ, არასათეატრო სივრცეებში გაიმართა, რამაც უფრო მიმზიდველი, საინტერესო და ორიგინალური გახადა ფესტივალის პროგრამა. ახალმა მოცემულობამ ფესტივალს ხელი ვერ შეუშალა, პირიქით გაზარდა მისი მასშტაბი, მნიშვნელობა და ავტორიტეტი. ფესტივალმა ფოთში არსებულ, ბევრისთვის მივიწყებულ სივრცეებს ახალი და მნიშვნელოვანი ფუნქცია შესძინა-მიანიჭა, ამავდროულად შეძლო შინაარსობრივად დაეტვირთა მიტოვებული შენობა-ნანგრევები, რომელთა სიმცირეს ქალაქი ფოთი არ უჩივის. ფესტივალმა სამოქალაქო საზოგადოების როლიც ითამაშა, მან შეახსენა ყველას თეატრის ფუნქციაც და გააცნო მისი როლი საზოგადოების ფორმირების კეთილშობილურ საქმეში.

ხუთი წლის ისტორიის ფესტივალი, დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც, არ უღალატებს ტრადიციას და მის ერთგულ გულშემატკივარსა და მაყურებელს ორიგინალურ პროგრამას შესთავაზებს, გაგვანებივრებს თეატრის მოყვარულებს სასიამოვნო მოულოდნელობებით და სიურპრიზებით.