
ომის დაუნდობელი ანატომია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.01.2026
ტატო ჩანგელია
ომის დაუნდობელი ანატომია
უკრაინა-რუსეთს შორის დაწყებული ომის შემდეგ, ახმეტელის თეატრის სცენაზე გაჩნდა ნატალია ვოროჟბიტის ცნობილი და მძლავრი ნაწარმოები - "ცუდი გზები". ეს პიესა "ტიპურ სახეებს გამოსახვას ტიპურ გარემოებებში“, ესე იგი, იმ სინამდვილეს, რომელიც დონბასში 2014 წლის ომის დროს დატრიალდა. ნაწარმოებში ომის ხაზი არა უშუალოდ რუკებზე, არამედ ადამიანურ ურთიერთობებზე გადის. გვაჩვენებს, არა საომარ კონფლიქტებს, შეტაკებებსა და ძალაუფლების ფიგურებს, არამედ ამბავს ქმნის რეალურ მოტივებზეა დაყრდნობით. თავად ავტორი მოგზაურობდა კიდეც აღმოსავლეთ უკრაინაში. პიესამ თავისი სიმძლავრისა და სინამდვილის დამსახურებით, მალევე მოიპოვა მსოფლიო აღიარება, 2017 წელს ლონდონში, Royal Court Theatre-ში შედგა პრემიერა, რამაც ფართო სახელოვნებო ტერიტორიაზე გაუხსნა კარი. 2020 წელს კი თავად ნატალია ვოროჯბიტმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე კრიტიკოსთა კვირეულის პრიზი მოიპოვა.
2022 წელს, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ პიესა ახმეტელის თეატრის სცენაზე დადგა. ის დღემდე რჩება რეპერტუარში და მსოფლიო ომების კვალდაკვალ აქტუალობასაც არ კარგავს. ომის ამბები, საერთოდაც იმ ჟანრის ნაწილია, რომელიც აქტუალობას ნაკლებად კარგავს. ომისა და თეატრის, ომისა და ლიტერატურის გადაკვეთის ამბავს საერთოდ ნუ მოვყვებით, იმთავითვე ერთმანეთზე არიან გადაბმული. ძირითადად პირველს მეორე მოზდევს ხოლმე, პირიქით, საქმე იშვიათად წასულა.
ირაკლი გოგიას ინტერპრეტაციაში, ტექსტის სიმძლავრეს ჟესტის სიმძლავრე ემატება, ორივეს ერთად კი მეჰრან მირმირის, სპეციალურად სპექტაკლისთვის შექმნილი ჰანგები ემატება, რომელიც საბოლოო ჯამში კი ყველა შესაძლო სასუნთქ საშუალებას გიხშობს და გაგდებს იმ ტოტალურ სისასტიკეში, რასაც ომი ქვია.
პიესა, ისევე, როგორც სპექტაკლი რამდენიმე ნოველისგან (ამბისგან) შედგება, ყველა მათგანის მოქმედება, თავის მხრივ, ომის კვალდაკვალ მიმდინარეობს. ცუდი გზა, კი ერთგვარი მეტაფორაა, ერთი, რომ გულისხმობს ომის მიერ მოღვრილ ესთეტიკას - დანგრეული ინფრასტრუქტურა, გაუვალი გზები და, ამავდროულად კი გულისხმობს ზნეობრივ კოლაფს, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავთან მიმავალ გზებს კარგავენ. ღირსებასა და ადაიმანობას, ზოგჯერ კი, პირიქით, ზღვარზე გადიან და ინარჩუნებენ. კონფლიქტის ზონა, ერთგვარი "ნაცრისფერი ზონაა", სადაც მსხვერპლისა და მოძალადის ზღვარი ხშირად მტკივნეულად ბუნდოვანი ხდება.
სპექტაკლში შექმნილი ატმოსფერო, რომელსაც შესრულების სტილთან, აუდიო გამოსახულებასთან და გარემოსთან შერწყმა ქმნის, მაყურებელს ართმევს დამკვირვებლის კომფორტს და მას მოვლენათა უშუალო, ფიზიკურ თანამონაწილედ აქცევს. მუსიკას, აქ ფუნქციონირებს არა, როგორც ფონი; ის უფრო მეტად სპექტაკლის ფსიქოლოგიური შრის ნაწილია, მუდმივი, მფეთქავი, შტოთიანი, რომელიც სცენაზე არსებულ გაუსაძლის ეგზისტენციალურ ვაკუუმს ავსებს.
ირაკლი გოგია აქცენტს აკეთებს სხეულის ენის ექსპრესიულობაზე. ჟესტი აქ ხშირად უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე წარმოთქმული რეპლიკა, რადგან ომის ტრავმა, თავისი ბუნებით, არაარტიკულირებადია — ის სიტყვებს მიღმაა. როგორც ერთ ფსიქოანალიტიკურ ნოველაშია: თუ კი ძალადობის მსხვერპლი დეტალური თამიმდევრობით ყვება მომხდარს, ის სინამდვილეში არაა ძალადობის მსხვერპლი, რადგან ამ დროის ენას არ აქვს უნარი მოახდინოს თანმიმდევრული არტიკულირება. ამ მხრივ, "აუშვიცის შემდგომ" არა მხოლოდ პოეზიაა ბარბაროსობა, არამედ პროზაც. ამგვარად საქმეში შემოდის მსახიობთა პლასტიკა, რომელიც ხან ტრაგიკულ რიტმულობაში გადადის, ხან კი ცხოველურ ინსტიქტებამდე დაყვანილ აგონიას ემსგავსება და ვიზუალურად აფორმებს იმ მორალურ დეგრადაციას, რასაც ვოროჟბიტი ტექსტი ქადაგებს.
განსაკუთრებით გამოსარჩევია უკრაინელი ჟურნალისტისა და რუსი ოფიცრის სცენა, სავსე სადიზმითა და ფსიქოლოგიური ტერორით, რომელიც სპექტაკლის ემოციურ ეპიცენტრად იქცა. ამ სცენაში ოთარ ჩიქობავა და სოფიო სებისკვერაძე აღწევენ ნერვული დაძაბულობის იმ ზღვარს, სადაც მსხვერპისა და მოძალადის როლები ერთმანეთში ითქვიფება.
ამ ეპიზოდის ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ ძალადობის აქტი ტრანსფორმირდება უცნაურ, თითქმის პათოლოგიურ „დაახლოებაში“. რეჟისორი და მსახიობები ოსტატურად აჩვენებენ, თუ როგორ შობს აბსოლუტური ტკივილი და იზოლაცია ერთგვარ მახინჯ ინტიმურობას. ეს არ არის კლასიკური სტოკჰოლმის სინდრომი; ეს უფრო მეტად ორი განადგურებული არსების შეხვედრაა, სადაც ოფიცრის მოულოდნელი „სისუსტე“ და ადამიანობის წამიერი გამოხტომა მაყურებელს კათარზისის ცრუ იმედს უჩენს.
თუმცა, სპექტაკლის ფინალური აქტი ამ ეპიზოდში დაუნდობლად რეალისტურია.
ჟურნალისტის მიერ ოფიცრის მკვლელობა არა ჰეროიკული შურისძიება, არამედ გადარჩენის პირველყოფილი ინსტინქტისა და სრული ემოციური დაცარიელების შედეგია, რაც საბოლოოდ ამბობს იმას, რომ ომს არ აქვს ნათელი სახის არც ერთ მონაკვეთში. ეს ომის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, მსხვერპლი, გადარჩენისთვის, იძულებულია თავად იქცეს მკვლელად. მსახიობთა მიერ გათამაშებული ეს აქტი იმდენად ნატურალისტური და მძიმეა, რომ ის სცდება თეატრალური პირობითობის ჩარჩოებს და მაყურებელს აიძულებს პირისპირ დადგეს ომის ყველაზე ბნელ ანთროპოლოგიასთან.
სანამ სამყაროში არსებობს „ცუდი გზები“, მანამ კაცობრიობა ჯერ კიდევ შორსაა ნამდვილი მშვიდობისგან. ეს არის სპექტაკლი ომის სისასტიკეზე, იმაზე, თუ როგორ გარდაიქმნებიან ადამიანები ამ რთულ დროში, და როგორ ხდება ამ გარდაქმნის პროცესში მიღებული სახე, ომის სახე.