„ცხოვრება ორი ქალია - დედა და სიყვარული“
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ყაჯრიშვილი
„ცხოვრება ორი ქალია - დედა და სიყვარული“
სტეფან ცანევი - ბულგარელი კლასიკოსია, რომლის 30-მდე პიესა და ლექსების კრებულები რამდენიმეჯერ გამოიცა სამშობლოში. მისი დრამატული ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს დღეს, თუმცა ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ისინი შეიქმნა. ადრე, ზოგიერთი მათგანი, საბჭოთა პირობებში, აკრძალულიც კი იყო. ავტორი დღესაც ნაყოფიერად მოღვაწეობს. პიესა „Животът – това са две жени“, „ცხოვრება ეს ორი ქალია“ 1983 წელს დაიწერა და რეჟისორმა ნევენა მიტევამ უკვე მეოთხედ მიმართა მის დადგმას. ამჯერად, მესხეთის (ახალციხის) დრამატულ პროფესიულ თეატრში. თვითონ რეჟისორის არანაკლებ ღირსეული და დაფასებული პიროვნებაა ბულგარეთში და მის საზღვრებს გარეთაც. იყო გაბროვოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, არის რამდენიმე თეატრალური ფესტივალის დამაარსებელი და მონაწილე, ძალიან საინტერესო შემოქმედი. ამჟამად, არის ევრაზიის თეატრებისა და ფესტივალების ასოციაციის აქტიური წევრი. მისი მესხეთის თეატრთან დაკავშირება მოხდა ოზურგეთის თეატრის მეშვეობით, სადაც მან ანა პეტროვასა და ნევენა მიტევას „კოცნა“ განახორციელა და აქვე, გაჩნდა სურვილი დაედგა პიესა „ცხოვრება ეს ორი ქალია“, რომელშიც მთავარ როლში ლია სულუაშვილი იქნებოდა დაკავებული.
ბულგარული ტრადიციების და თუნდაც ტექსტის ქართული ადაპტაცია არ იყო ადვილი საქმე. თარგმანსა და ინსცენირებაზე ნევენა მიტევასთან ერთად იმუშავა თეატრის მთავარმა რეჟისორმა კახა გოგიძემ და უნდა ითქვას, რომ ასეთი „სიტყვამრავალი“ პიესიდან ძალიან კარგი სცენური ვერსია შექმნეს. ეს არის ორი ქალის ასაკოვანის და ახალგაზრდას ურთიერთობა, სადაც თითქმის ყოველ წუთში იცვლება მათი ურთიერთდამოკიდებულება სიძულვილიდან ზრუნვასა და თანადგომაში გარდამავალი. იცვლება პერსონაჟ-მსახიობთა ხასიათები, მკაცრი, ღვთისმოსავი ქალბატონიდან კეთილგანწყობილ და დედობრივი სიყვარულით აღსავსე ადამიანამდე. ამაყი, გულჩათხრობილი, გათამამებული და ცხოვრებისგან განწირული ახალგაზრდა ქალიდან გულახდილ, მიმნდობ და თავის განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრებულ ქალზე, რომელიც თავისი უამრავი შეცდომის აღიარების შემდეგ, მხოლოდ ერთხელ, სპექტაკლის ბოლოში იღებს სწორ გადაწყვეტილებას.
ყველაფერი კი სადღაც ვარნის ან ქობულეთის შავი ზღვის სანაპიროზე იწყება. მხატვარმა ლელა ფერაძემ შესანიშნავი სათამაშო გარემო შეუქმნა მსახიობებს. წინა პლანზე რამდენიმე ზღვის სავარძელია გაშლილი, მარცხნივ ქვიშისგან აგებული პატარა ეკლესიაა, მარჯვნივ სავარძლის უკან ნავის კიჩო მოჩანს, შავი ბუშტებით, მარცხნივ მოწნული დიდი ქოლგა დევს. უკან ფანჩატურებია ჩამომწკრივებული, რომლებიც სპექტაკლის ბოლოს ფერადი ნათურების გირლანდებით ნათდება, უკანა კედელზე კი ღმერთების: სიკვდილის, სიხარულის, ცვილის და მზის ღმერთების ნიღბებია განლაგებული. ზემოდან ამ ყველაფერს ორი თოკის კიბე დაჰყურებს სახურავზე ასასვლელად, საიდანაც ახალგაზრდა მეცნიერი-ასტროლოგი (ნიკა გოგიძე) ხშირად აკვირდება ვარსკვლავებს. ერთ-ერთ სავარძელში ახალგაზრდა ქალი ზის - (ლიკა კევლიშვილი - გორის გიორგი ერისთავის დრამატული პროფესიული თეატრის მსახიობი, მოწვეული ამ დადგმისთვის), სახეზე გამჭვირვალე კოსმეტიკური ნიღაბი უკეთია, მისი სახის კანი მზემ რომ არ დააზიანოს. შავი საცურაო კოსტიუმი აცვია და ზემოდან ასევე შავი ხალათი მოსავს, მაგრამ სულაც არ დარდობს იმაზე, უფარავს თუ არა სიშიშვლეს ეს ხალათი. ასე 35 წლის იქნება და გაცილებით უფროსია იმ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც მას პლაჟზე მოაკითხავს და სიყვარულს ეფიცება.
სვეტლას საუბრის ტონი, ხმა და წარმოთქმული ფრაზები ზედმეტად პრეტენზიული და გადაპრანჭულია. ასეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ თითქოს გაზეპირებულ წინადადებებს ამბობს „წინა ცხოვრებიდან“, იგრძნობა რომ კი თანაუგრძნობს ახალგაზრდა შეყვარებულს, მაგრამ მაინც მათ ურთიერთობაში რაღაც სიყალბე აშკარად სჭარბობს. ზღვაში მასთან ერთად ჩასვლაზე უარს ამბობს და სანაპიროზე რჩება.
უეცრად მის სიმშვიდეს უცნაური ჩაცმულობისა და გარეგნობის ქალი დაარღვევს და შეაკრთობს კიდევაც. ეს ახალგაზრდა მამაკაცის დედაა - სეკულა, რომელიც იმის გასარკვევად ჩამოდის, თუ ვისთან გადაწყვიტა ქორწინება მისმა ერთადერთმა შვილმა. სეკულა (ლია სულუაშვილი) ჩაცმულობა (კოსტიუმების მხატვარი ნანა ყორანაშვილი) დედა ტერეზას ჩაცმულობას ჩამოჰგავს. გრძელი თეთრი ხიტონი-ტოგა აცვია, თავზე ხილაბანდი აქვს წაკრული. ფეხზე წინდებით და ხელში უხეში შავი ფეხსაცმელი უპყრია. მათი პირველი შეხვედრა ავისმომასწავებელია. თავიდან ეს ორი ქალი დედა და მომავალი სარძლო სამტროდ განეწყობიან. თუმცა სეკულას გრძნეულის თვისებების (აქ სავარაუდოა რომ ამ ქალის პროტოტიპი ბულგარელი ვანგა უნდა მოიაზრებოდეს) მეშვეობით ამ ორ ქალს შორის სულ მალე მეგობრული და დედა-შვილური დამოკიდებულებაც კი მყარდება. იმდენად რომ სეკულა თანახმაა დიდი ქორწილიც კი გადაუხადოს.
სეკულას, რომელსაც ღმერთი ელაპარაკება, ისაა მისი წინამძღვარი და გზის მაჩვენებელი, მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი არ დაუშვა შვილის წარუმატებელი ქორწინება, რასაც ბოლოში აღწევს კიდევაც, თუმცა ამისთვის მთელი თავისი ენერგიის, მისნობის, ქალური ლოგიკის და საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების გამოყენება უწევს.
სვეტლა არც თუ ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება ნახა, რომელიც ძირითადად მამაკაცებთან ურთიერთობის გამო მოხდა. წარმატებული ჟურნალისტი, მწერალი ამ გზაზე იმდენ შეცდომას უშვებს, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილება, ამჯერად მაინც უბედურება არ მოუტანოს ახალგაზრდა მეცნიერს - ტოვებს მათ და სამუდამოდ ემშვიდობება: - მე მიზანს მივაღწევ აუჩქარებლად, ერთი დაბადება, ერთი ნათლობა, ერთი ქორწინება, ერთი გარდაცვალება“ - ეს სეკულას გაკვეთილებია, რომელიც სვეტლამ ამ მოკლე ურთიერთობაში კარგად აითვისა.
ამ ქალებს ბევრი რამ აერთიანებთ: ქმრისგან მიტოვება, მამაკაცის ძალადობა და შვილის სიკვდილი. ეს ყოველივე ძალიან მალე აერთიანებთ მათ. დედის თანაგრძნობა სვეტლას მიმართ ახალგაზრდა მამაკაცისთვისაც კი გაუგებარია. აქ ქალური სოლიდარობაცაა, განცდილი ცხოვრების მწარე გაკვეთილების და შეცდომების აღიარებაც. სეკულას ჩამოსვლა მხოლოდ ქორწილის ჩაშლის მიზნად არ უნდა აღვიქვათ. მისი აქ გამოჩენა სვეტლას „განწმენდას“ მის ბოლოსდაბოლოს სწორ გზაზე დაყენებას ემსახურება. ახალგაზრდა კაცი კი - მეცნიერი სრულიად სხვა სამყაროს წარმომდგენელია და რომელსაც მიზნებიც სრულიად განსხვავებული ამოძრავებს, მხოლოდ „საბაბია“ იმისა, რომ სვეტლა თავისი გზა იპოვოს და ერთხელ მაინც მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
სეკულას მცდელობაც წარმატებულია - „ცოდვილმა“ რომელმაც მას გული გაუხსნა და ყველა საიდუმლო გაანდო, რასაც არა მარტო მის შვილის, არამედ ყველას უმალავდა სინათლისაკენ იპოვა გზა. დანაკარგი ძალიან მძიმეა. მაგრამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომტანი. ამ ორი ქალის დაპირისპირებაში, შემდგომ კი დამეგობრებაში ამ ახალგაზრდა კაცს თითქოს როლი და ადგილიც კი არ აქვს, თუმცა „ცხოვრება ორი ქალია - დედა და სიყვარული“ ამ ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია, დედის და სვეტლას სიყვარული მისია და რაოდენ ცაში ვარსკვლავებს არ უნდა „ითვლიდეს“ მიწიერება და აქ დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები მაინც მთავარი და გადამწყვეტი ხდება მის ცხოვრებაში.