top of page

დაბადებიდან-სიკვდილამდე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

404855229_1063652651997172_8221542239861143083_n.jpg

თამთა ქაჯაია

დაბადებიდან-სიკვდილამდე

 

რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილი „კრეპის უკანასკნელი ფირის“ შემდეგ მარჯანიშვილის სხვენში, კვლავ თოჯინურ სპექტაკლს გვთავაზობს, თუმცა სულ სხვა ხელოვანზე და სულ სხვა ინტერპრეტაციით. მისი ინტერესი ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ჩერდება. რეჟისორი დაახლოებით ორი წლის მანძილზე მხატვრის ცხოვრების მნიშვნელოვან/უცნობ დეტალებს/ფაქტებს აგროვებს, აერთიანებს და პიესის სახეს აძლევს რაც, წარმოდგენის ხარისხს და წარმატებას ერთგვარად განსაზღვრავს. სპექტაკლში რეჟისორმა შექმნა გარემო,  - ფიროსმანის წარმოსახული სახე გააცოცხლა და ინტერპრეტირებული/რეალობასთან ახლოს მდგომი მისი ცხოვრება გვაჩვენა.

ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრების ბევრი დეტალი დღემდე უცნობი და დაუზუსტებელია - დაბადების წელი, საფლავის ადგილმდებარეობა, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით მისი შემოქმედებაა. გიორგი შენგელაიას ფილმი მხატვრის ფიროსმანზე (სცენარის ავტორი-ერლომ ახვლედიანი) მეტ-ნაკლებად წარმოდგენას გვიქმნის შემოქმედის ცხოვრების შესახებ. სპექტაკლში კი ფიროსმანის ცხოვრება/მსოფლმხედველობა სხვა კუთხიდან არის დანახული.

ევროპის ქვეყნებში (და არა მარტო) ნიკო ფიროსმანი თავისი შემოქმედებით საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. რომანტიკული მითი, ღარიბი მხატვრის შესახებ ნიკა ლუარსაბიშვილის სპექტაკლით იმსხვრევა - ჩვენ ვხედავთ დაბადებიდან/გარდაცვალებამდე ნიკოს ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს. ნათლად არის ნაჩვენები რომ ნიკო ფიროსმანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ღარიბ/ღატაკი ცხოვრებით არ ცხოვრობდა. სიღარიბე მხოლოდ მისი  ცხოვრების თანმდევი ბოლო პერიოდი გახლდათ.

რეჟისორმა მხატვარებთან ერთად (ნინო კიტია და ირინე ყველიაშვილი) შექმნეს ატმოსფერო - ფიროსმანის ცხოვრება  მისი რეალურთან მიახლოებული სახე-ხატება გვიჩვენა. სპექტაკლში ფიროსმანის ცხოვრება ეფუძნება იდეას, „ადამიანმა უნდა დატოვოს თავისი კვალი დედამიწაზე“ , სპექტაკლს კი ლაიტმოტივად გასდევს სიტყვები „ადამიანი იბადება, იზრდება, ცხოვრობს, ბოლოს კი კვდება მაგრამ რა რჩება მისგან? ვიღაც იტყვის რომ არც არაფერი...“  .

 ...და იბადება ნიკო ფიროსმანაშვილი, სადაც ვხედავთ  მსახიობების ხელებში მოქცეულ პატარა ბიჭუნას, ასოციაცია შემექმნა, რომ იგი თითქოს დაბადებიდან ღმერთის მფარველობის ქვეშაა. ამ ეპიზოდმა გამახსენა ყველასათვის ცნობილი ადამ სმითის მეტაფორა „უხილავი ხელი“, რომელიც შემდეგნაირია: „თითოეული ადამიანი მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებით, საკუთარი კეთილდღეობისთვის, ხოლო „უხილავ ხელს“ მიჰყავს ისეთი შედეგებისკენ, რომლებიც საერთოდ არ შედიოდა მის განზრახვაში, რაც  საზოგადოების კეთილდღეობას განაპირობებს“  - როგორც ნიკოს ცხოვრება.

 უეცრად კი ისმის ჩანაწერის ხმა: „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“.. ღვთაების მიერ ქვეყნის შექმნა გააზრებულია როგორც ერთისგან სიმრავლის წარმოქმნა -  სამყაროში სადაც არსებობს ადამიანის იდეა. ფონად სცენაზე ნიკო ფიროსმანაშვილის შვიდი ნახატი ჩნდება. სიმბოლურია სამყაროს შექმნის შვიდი დღე და ისიც, რომ ფიროსმანის ნამუშევრების ჟანრები ძირითადად შვიდ კომპლექსად იყოფა. 1. ნატურმორტები 2. ცხოველები 3. პორტრეტები 4. პეიზაჟები 5. ჟანრული კომპოზიციები 6. ეპოსური კომპოზიციები 7. აბრები - რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ხატს ქმნის. მხატვრის შემოქმედება სავსეა ნატურმორტებით, ცხოველებით, პორტრეტებით და ასევე რელიგიური მოტივებით, სააღდგომო ბატკანი, ქალი სააღდგომო კვერცხებით, სააღდგომო სუფრა, სააღდგომო ნადიმი და ა.შ.

ყურძნის ერთი მარცვალი ნიკოს სიყრმიდან ერგება რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში თან დაჰყვება. ის ჩნდება მისი ცხოვრების გარდამტეხ მომენტებში და თითქოს ეხმარება, როგორც რწმენა, სიძლიერე, სიკეთე და „უხილავი ხელი“. როგორც ცნობილია ფიროსმანის მშობლიურ სოფელში, ქიზიყში, მისი ეზოს ნახევარი ვაზით იყო გაშენებული. ასევე, ისიც ყველასათვის ნაცნობია როგორი მრავალმნიშვნელოვანი მეტაფორის მატარებელია ვაზი. სწორედ ვაზის მარცვალი რომელიც სულ მცირედია და პატარა ზომისაა ურჩხულთან ბრძოლის მომენტში ეხმარება ნიკოს. ასევე მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვხედავთ სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას და ნიკოს ამ ზღვარზე მყოფს.. ერთ-ერთ სცენაში ჩანს, ნიკოს დუქანში მომდგარი ქალი ჩვილი ბავშვით, რომელსაც ვალად ერთი ქილა რძე უნდა... ნიკო ვერ ეხმარება თუმცა ეს ფაქტი უბიძგებს, რომ მეორე დღეს მთელი პროდუქტები ღატაკებს დაურიგოს. და ამ დროს ის პატარა ვაზის მარცვალი და „უხილავი ხელი“ ზღვარზე მდგომ ნიკოს სწორ გზაზე აყენებს.

 

მთელი სპექტაკლის განმავლობაში გვესმის ლევან წულაძის, გია კიტიას, არჩილ სულაქაველიძის, ნიკოლოზ ღუღუნიშვილის, მარი კიტიას, ნანიშა მეტრეველის, ალექსანდრე კვეზერელის, ნიკა ლუარსაბიშვილის, მარიამ გულაშვილი და ჯეჯი სხირტლაძის მიერ გახმოვანებული თოჯინები.  ჩანაწერი სპექტაკლს ხიბლს უკარგავს და  დამაჯერებელი აღარ ხდება სცენები რომლებიც ვითარდება. ჩემთვის თოჯინა სხვა პლანზეა და გახმოვანება თითქოს მაკარგვინებს დროის შეგრძნებას და მაგდებს რიტმიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ნიუანსი სპექტაკლს აკნინებს. მაგალითად, საინტერესო ეპიზოდია, როდესაც რეჟისორი იყენებს კომიქსებით გაცოცხლებულ სცენებს, და გვაჩვენებს მხატვრის ცხოვრების რკინიგზის სადგურის ეპიზოდს. ქრონომეტრაჟის შემცირებით და რამდენიმე ფინალური სცენის ამოღებით უფრო გამართული გახდება წარმოდგენა.

პ.ს ცნობილი ფაქტია, რომ  როდესაც პიკასოს ფიროსმანის ნახატების რეპროდუქციების ალბომი აჩუქეს ის, პიკასომ მეოცე საუკუნის უპირველეს გენიად აღიარა. ფოიეში, მარჯანიშვილის სხვენის შესასვლელში რეჟისორმა მოლბერტზე ლარიანზე გამოსახული ფიროსმანი ამობეჭდა და ამით კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, ჩვენს ის ხალხი ვართ, ჩვენი მხატვარი ლარიანზე რომ გამოვსახეთ, ხოლო პიკასომ გენიად აღიარა.

bottom of page