
დაბრუნ ება
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

11.11.2025
თამთა ქაჯაია
დაბრუნება
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების თეატრალური ფესტივალ gift-ის ფარგლებში, 26 ოქტომბერს თუმანიშვილის კინო მსახიობთა თეატრში „წასულის“ თეატრალიზებული პრეზენტაცია (როგორც თავად რეჟისორები და მსახიობები აღნიშნავენ) გაიმართა. კომპანია kepler – 452, ნიკოლა ბორგეზიმ და ენრიკო ბარალდიმ დაარსეს, რომლის კონცეფციას „დოკუმენტური დრამა“ წარმოადგენს, რეჟისორები ცდილობენ რეალურ ადგილებთან და ადამიანებთან დაკავშირებას.
სპექტაკლი, რომელიც ამ ეტაპზე შექმნის პროცესშია და რომლის პრემიერაც მაისში იგეგმება, წარმოადგენს ცოცხალ და ექსპერიმენტულ ფორმას, სადაც მსახიობთა იმპროვიზაცია ცენტრალურ მხატვრულ მეთოდად და შემოქმედებითი გამოკვლევის მთავარ ინსტრუმენტად იქცევა. „წასული“ ერთგვარად თეატრალურ საწყისებთან დაბრუნებად შეგვიძლია მივიჩნიოთ - იმ ფესვებთან, სადაც სცენა ჯერ კიდევ ადამიანური გამოცდილების პირადაპირი გამოხატვის ადგილი იყო. დადგმა ეფუძნება კომედია დელარტეს ტრადიციას - თეატრალურ მიმართულებას, რომელმაც ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში გააერთიანა თავისუფალი იმპროვიზაცია - მსახიობთა უშუალო ურთიერთობა მაყურებელთან. თუმცა, განსხვავებით კლასიკური კომედია დელარტესგან, აქ იმპროვიზაცია მხოლოდ იუმორის ან სატირის წყარო არ არის. მსახიობები სცენაზე საკუთარ გამოცდილებასა და ემოციურ მდგომარებას გვიზიარებენ - მათი მოთხრობილი ისტორიები პირად ტრავმას, შინაგან ტკივილს, პოლიტიკასა და მიგრაციის პრობლემას ეხმიანება.
„დღეს, ამ მომენტში, რაზე გაქვს სურვილი ილაპარაკოთ?“ - ამ კითხვით დაიწყო იტალიელი რეჟისორებისა და ქართველი მსახიობების ურთიერთობა, და ისინიც თითქოს საკუთარი ნიღბებისგან გათავისუფლებულები გვესაუბრებიან და ქმნიან წარმოდგენას, სადაც იმპროვიზაცია და თვითგამოხატვა ფსიქოლოგიური განტვირთვის საშუალებად იქცევა. რეჟისორები მსახიობებთან ერთად ცდილობენ ხელახლა იპოვონ ის ბუნებრიობა, გულწრფელობა და ადამიანურობა რაც თანამედროვე თეატრში ხშირად იკარგება. ვფიქრობ ამ თვალსაზრისით, „წასული“ მხოლოდ ექსპერიმენტი კი არა, არამედ თეატრალური თვითიდენტობის ძიების პროცესიც არის.
მიგრაციის თემის განხილვა განსაკუთრებით რეზონანსულია იტალიელი რეჟისორების მხრიდან ქართველ მაყურებელთან, რადგან იტალია იმ ქვეყნებიდან ერთ-ერთია სადაც უამრავი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს. შესაბამისად სპექტაკლი არა მხოლოდ სოციალური თემის დრამატულ მხარეს გვაჩვენებს, არამედ ორ კულტურას შორის დიალოგსაც ამყარებს - იტალიურ თეატრალურ ტრადიციასა და ქართულ ემიგრანტულ გამოცდილებას შორის.
პრეზენტაციის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს იმპროვიზაცია, მსახიობები კი არ თამაშობენ, არამედ ისინი ცხოვრობენ სცენაზე. მათი რეაქციები, ისტორიები აბსოლუტურად გულწრფელია, რაც ქმნის განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს მსახიობებსა და მაყურებელს შორის - თითქოს სცენაზე კი არა, საერთო სივრცეში ვიმყოფებით, სადაც თითოეული სიტყვა და სიჩუმე ნამდვილია.
მსახიობები: ლუკა ჩიბუხაია, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, ქეთა შათრიშვილი, ნინო ბურდული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ლიზა ნიკვაშვილი და გიორგი ჩაჩანიძე გვიზიარებენ თავიანთ გულწრფელ სათქმელსა და ტკივილს. ლუკა ჩიბუხაია გვიყვება თუ როგორ მძაფრად განიცდიდა აქციების დროს, თეატრალურ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესს, მაშინ როდესაც მთელი მისი ყურადღება და კონცენტრაცია ქუჩაში მიმდინარე მოვლენებისკენ იყო მიმართული. კატო კალატოზიშვილსა და ლიზა ნიკვაშვილს, ორივეს, დედა ჰყავთ ემიგრაციაში და საერთო ტკივილი აერთიანებთ. ქეთა შათირიშვილი განიცდის (როგორც უმრავლესობა) სოციალურ პრობლემებს, როგორი გაძვირებულია პროდუქტები - ეს ისე მძაფრად აღელვებს, რომ მისი მეგობრები რამდენჯერმე აწყვეტინებენ მონოლოგს. გიორგი ჩაჩანიძე მისი დაჭერის ისტორიას დეტალურად იხსენებს, გვიყვება რას გრძნობდა მაშინ, როდესაც სახლიდან გასული შემთხვევით საკანში აღმოჩნდა. ნიკა წერედიანი სოხუმის დაცემასა და მამის ისტორიას იხსენებს. ნინო ბურდული გადაზედმეტებული, ჭარბი ემოციებით, ყვება ამბავს, რომელიც ბუნდოვანი ხდება ზედმეტი პათეტიკურობით. თემო ნატროშვილი ჰყვება უკვე განვლილ ამერიკული მიგრაციის გამოცდილებას, პაატა ინაური კი ვერ წყვეტს ოჯახთან ერთად დატოვოს თუ არა სამშობლო.
საბოლოო ჯამში „წასული“ გვახსენებს, რომ თეატრი თავისი არსით ყოველთვის იყო და არის ადამიანური გამოცდილების გამოხატვის ადგილი - ადგილი, სადაც მსახიობსა და მაყურებელს შორის ჩნდება ნამდვილი დიალოგი. ეს არის დაბრუნება და გააზრება იმ ყველაფრის, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.