
„და დაეცა თუ არა ტროა“?

20.11.2026
გიორგი ყაჯრიშვილი
„და დაეცა თუ არა ტროა“?
გიორგი კაშია ახალგაზრდა რეჟისორია, რომელიც გამუდმებით საინტერესო ნამუშევრებს გვთავაზობს და არა მხოლოდ ზუგდიდის შალვა დადიანის თეატრის სცენაზე, მის ძირითად საასპარეზო მოედანზე, არამედ სხვაგანაც - რუსთაველის, რუსთავის, ბათუმის, ახალციხის, სოხუმის თეატრებში. მისი განსაკუთრებული ინტერესი დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიმართ უკვე ზედმიწევნით განხორციელდა: „ირინეს ბედნიერება“, „მსხვერპლნი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, მზადდება „უბედურება“ რასაც მალე იხილავს მაყურებელი. თუმცა „კდიაშვილის“ პერიოდის გარდა იგი ბერძნული ტრაგედიის მოტრფიალე აღმოჩნდა, ჩაიფიქრა და განახორციელა ტრილოგია, რომელიც აგამემნონის, კლიტემნესტრას, იფიგენიას, ორესტეს და კასანდრას ტრაგიკულ ისტორიასა და ბედს ეძღვნება. საფუძვლად ამ ყველაფერს კი დაედო ევრიპიდეს („იფიგენია ავლისში“, „ელექტრა“) სოფოკლესა („ანტიგონე“, „ელექტრა“) და ესქილეს („ორესტეა“, „აგამემნონი“ ) ტრაგედიები, თუმცა უნდა ითქვას რომ რეჟისორი იმდენად კარგად იცნობს ამ ტრაგიკოსთა შემოქმედებას, რომ თამამად „ურევს“ ერთმანეთში თემებსა და სიუჟეტებს, რომლებსაც ამ ტრაგიკოსებმა ცალკეული ნაწარმოებები მიძღვნეს.
ასე მაგალითად „კლიტემნესტრას სეანსი“ საავტორო სპექტაკლია, რომელშიც ტექსტი რეჟისორს ეკუთვნის, ისევე როგორც სრულიად ახალი თავისებური ფინალი სპექტაკლისა „აგამემნონის სიურპრიზი“ ახალციხის თეატრში. პირველ სპექტაკლში რეჟისორი არ ღალატობს ორიგინალურ ტექსტს, თუმცა მაინც შეაქვს გარკვეული ცვლილები (ვალერი ოთხოზორია და გიორგი კაშია), სხვა დანარჩენში კი იგი ძალიან თამამად და თავისუფლად არღვევს უძველეს ტექსტებს და შემოაქვს ფსიქოანალიზის სეანსი, ხოლო ბოლოს ნაწილში წარმოდგენას პოლიტიკური ელფერი დაკრავს. ტრილოგია თავისთავად სამ ნაწილიანია: „იფიგენია ავლისში“ განხორციელებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში,
„კლიტემნესტრას სეანსი“ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში და „აგამემნონის სიურპრიზი“ მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში. აქ თანამიმდევრობა დაცულია დადგმის თარიღების მიხედვით, მე კი „აგამემნონის სიურპრიზს“ ტრილოგიის მეორე ადგილზე განვიხილავდი, ვინაიდან როგორც აღვნიშნე აგამემნონის სიურპრიზი გიორგი კაშიას მიხედვით სწორედ იმაში მდგომარეობს რომ იგი ცოცხალი რჩება და ამ სპექტაკლის დასასრულში რეჟისორი „ანტიგონეს“ ფინალს იყენებს ციტატად „რაკი სხდომაა უნდა წავიდეთ“. ამიტომაც ვხედავ ცოცხალ აგამემნონს „კლიტემნესტრას სეანსში“.
აქვე დავძენ რომ ეს ყველაფერი პირობით-სიმბოლურია და მთავარი მაინც მითის ლოგიკა უნდა დარჩენილიყო, რის მიხედვითაც ისჯებაოდა ყველა ვინც ღმერთების სურვილს არ აღასრულებს.
სწორედ მითის ლოგიკას არღვევს რეჟისორი და გვთავაზობს მის დეკონსტრუქციას - ამდენად ეს სპექტაკლები შეგვიძლია განვიხილოთ როგორ პოსტმოდერნისტული ნამუშევრები, სადაც რეჟისორი გარედან აკვირდება მომხდარ მოვლენებს, ცდილობს ამოხსნას კლიტემნესტრას ფსიქოტიპი, მისი მზადყოფნა ორესტეას შურისძიებისათვის („კლიტემნესტრას სეანსი“) „მოვკლა?“ კითხულობს ელიას ვარონი, მაგრამ კითხვა რიტორიკულია, მის ქმედებას აქ ხომ მხოლოდ კლიტემნესტრა განაგებს.
„იფიგენია ავლისში“ მონუმენტური სპექტაკლია (მხატვარი ლომგულ მურუსიძე), სცენაზე უშველებელი გემბანით, სადაც ძირითადი მოქმედება მიმდინარეობს. სპექტაკლს მისანი კალქასი (გიორგი ჩავლეიშვილი) იწყებს, აქვეა აქილევსიც (გიგა აბულაძე) და ცხადდება პიესის მთავარი ინტრიგა - ტროას დამარცხებისთვის იფიგენიას (მარიამ გაბაძე, ნუცა აბაშიძე) შეწირვა, რასაც ძმების აგამემნონის (გიორგი დოლიძე) და მენელაოსი (ლევან საღინაძე) დაპირისპირება მოჰყვება, რთულია ხელისუფლის, სახელგანთქმული მეომრის არჩევანი - რომელმაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად შვილი უნდა გაწიროს.
ძალიან სახიერია ამ დროს თოკზე ჩამოკიდებული ჰალსტუხები - აირჩევს თუ არა აგამემნონი ერთ-ერთს თუ უარის იტყვის მსხვერპლშეწირვაზე.
წარმოდგენა სცენის გარდა დარბაზიც მიმდინარეობს, მაყურებელი ისევე ალყაში გამომწყვდეული როგორ ტროას მცხოვრებლები. და მხოლოდ იფიგენიას სიკვდილი თუ გადაარჩენთ მათ. აგერ ორ ნაბიჯში იატაკზე კლიტემნესტრაა (თეა ცინცაძე) გართხმული და აგამემნონს ევედრება შვილი გადაურჩინოს. პირველ სპექტაკლში იწყება და სხვა დანარჩენში გრძელდება მამაკაცური ამბიციებისა, ხელისუფლებისკენ ლტოლვის და ქალური საწყისის, დედაშვილობის დაპირისპირება. იფიგენია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გმირულად ეწირება სამშობლოს (ღმერთების ნებას გვერდს ვერ აუვლის) და მორალურად მთელ სახელმწიფო სისტემაზე იმარჯვებს. იმ სისტემის, სადაც ბატონობს მორჩილება, პოლიტიკური ამბიცია.
კლიტემნესტრა (თეა ცინცაძე, ია სუხიტაშვილი, ჯუნა თუმანიშვილი) სხვადასხვა გზით ამარცხებენ აგამემნონს - ფიზიკურადაც და ზნეობრივად. არც ერთი მათგანი არ რჩება ცოცხალი - ია სუხიტაშვილის კლიტემნესტრა ორესტეას/ ელიოს ვარონის (ირაკლი ჯიშკარიანი) ხელით იღუპება, ხოლო ჯუნა თუმანიშვილი თვითონ გადაწყვეტს თვითმკვლელობას - თავს ისჯის იმისთვის რომ ვერ შეძლოს აგამემნონის მოკვლა.
„აგამემნონის სიურპრიზი“ სულ სხვა გარემოში - დედოფლის სასახლეში მიმდინარეობს და აგამემნონის (ნიკა გოგიძე) დაბრუნებას გუშაგის (იოანე მაზმიშვილი) გარდა კლიტემნესტრაც ელის. თუმცა კასანდრას (თეა ალფაიძე) ჩამოყვანა კიდევ უფრო ამძაფრებს მეფე-დედოფლის ურთიერთობას. კასანდრას „ტროა დაეცა“ აქ ეს ტრაგიკული შეძახილია და არ გამარჯვების ყიჟინა.
დაბრუნებული გამარჯვებული აგამემნონი ცდილობს თავის უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური ფიგურად გვიჩვენოს, თუმცა სულიერად საკმაოდ სუსტია, დანაშაულის გრძნობას თან ატარებს, ჰალსტუხიც კი ბოლომდე ვერ გაუნასკვავს, მაგრამ ფინალში სხდომის დასაწყებამდე ამას ნამდვილად მოახერხებს.
კლიტემნესტრა (ჯუნა თუმანიშვილი) კვდება, კასანდრა აგამემნონის შვილს ელოდება, თან მომავალი უბედურებების წინამორბედად გვევლინება. აგამემნონს კი თავის მედიდურობით, პატივმოყვარეობით სამუდამოდ დამარცხებულს ქალთა მიერ ისღა დარჩენია სახელმწიფო მანქანას ჩაუდგეს სათავეში.
ია სუხიტაშვილის კლიტემნესტრა განცდილ ტრაგედიათა გადამტანი, ცხოვრებისგან გადაღლილი დედოფალია, შვილმკვდარი დედა და ფსიქოლოგიურად მორღვეული, ღრმად ტრავმირებულია. ეს სეანსების მას შველას არ აძლევს - პირიქით უმძაფრებს სიკვდილის მოთხოვნილებას. გამუდმებით კოშმარში მყოფი მაყურებელს სინამდვილეში და რეალობის აღქმაში აბრუნებს: - „მაშინ წადი სპექტაკლიდან, თუ როლის გააზრება არ შეგიძლია“ და ორესტეაც /ვარონიც მზადაა აღასრულოს შურისძიება, რომელიც მან ელექტრას აგამემნონის საფლავზე შეჰპირდა.
რეჟისორი ამ სპექტაკლი სულ სხვა გარემოს სთავაზობს მაყურებელს. ია სუხიტაშვილის თამაში, მისი „დუალიზმი“, ანუ ამბივალენტობა იქვე სცენაზე განლაგებული მაყურებელს ამ ფსიქოლოგიური სეანსის თანამონაწილედ ხდის. ისინი აგამემნონის (გიგა აბულაძე) მკვლელობის თანამონაწილენი ხდებიან და მის მსგავსად განიცდიან იფიგენიას (მარიამ მღებრიშვილი) მსხვერპლშეწირვას.
სამი კლიტემნესტრა, სამი აგამემნონი - სამი სხვადასხვა მსახიობის მიერ შექმნილი როლები ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც რეჟისორული კონცეფცია მოითხოვს.
ეს სამი სპექტაკლი ტრილოგიად ჩაფიქრებული ქმნის სრულყოფილ ერთიან მხატვრულ ფორმას, მიუხედავად მათი განსხვავებისა.