
„დაელოდე სიბნელეს“ - მარჯანიშვილის თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

11.07.2026
ანი ცხვედაძე
„დაელოდე სიბნელეს“ - მარჯანიშვილის თეატრში
მიმდინარე ქართულ სათეატრო ბაზარზე არიან რეჟისორები, რომლებიც ე.წ. „ყბადაღებული სქემის“ ჩარჩოთი რომ მოძრაობენ ძალიან შეუმჩნევლად, და არიან რეჟისორები, რომლებიც ამ „ყბადაღებული სქემის“ ჩარჩოში ხმაურის იმიტაციას რომ ქმნიან და მერე თავადვე ებმებიან - რაღაცნაირი ყბადაღებული ჩარჩოს <უხერხულობის მახეში>.
და, არიან ისეთი ტიპის რეჟისორები, რომლებსაც დიდად არ აინტერესებთ <საყოველთაო ფერხული> და დისტანცირებულ პოზიციაში ყოფნაც არ რცხვენიათ, მაინცდამაინც დიდად „არ ყვირიან“ მოჩვენებითად (მერე არც იმალებიან) და მშვიდი კონცენტრაციით მუშაობენ.
მარჯანიშვილის თეატრში - თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენაზე (ყოფილი სხვენი), სწორედ ამგვარი ტიპის ქალი რეჟისორის, ანუკი ხიდეშელის უახლესი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა 2026 წლის სეზონის მიწურულს. ფრედერიკ ნოტის პიესა „დაელოდე სიბნელეს“ არის <თრილერი, ფსიქოლოგიური დრამა და კრიმინალური დრამა>.
სპექტაკლის ანოტაციაში აღნიშნული მინიშნებები ჟანრულობასთან დაკავშირებით ნიშანდობლივია, ვინაიდან საათნახევრიანი სპექტაკლის სტრუქტურული ელემენტები მეტნაკლებად შეიცავს თრილერის, ფსიქოლოგიური და კრიმინალური დრამის ინდიკატორს.
რამდენიმე წლის წინ, მარჯანიშვილის თეატრის <სარდაფში> დადგმული „მთვრალი ალუბალი“ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლად ითვლებოდა მუდმივი ანშლაგებით; სწორედ ამ პერიოდში, ჯერ კიდევ სტუდენტი რეჟისორის ანუკი ხიდეშელის სპექტაკლი „თავისუფალი პეპლები“ (მთავარ როლში: კოკო როინიშვილი და ანუკა გრიგოლია) არანაკლები წარმატებით თეატრის მაყურებლის ინტერესის არეალს მოიცავდა.
ანუკი ხიდეშელს თავისი სტილი, რეჟისორული მსოფლაღქმა აქვს და დიდად არ მიჰყვება ხოლმე - ხშირად შემოთავაზებულ მეინსტრიმულ პოპულიზმს; შესაბამისად, რთულია მისი აღქმა გაბატონებული სტერეოტიპული რაკურსების მიხედვით. (იხ. მისი სპექტაკლები ქალაქის თეატრსა და მარჯანიშვილის თეატრში).
„დაელოდე სიბნელეს“ ექსპოზიციური ნაწილი იწყება ცნობილი ხმით, უფრო ზუსტად კი, თეატრის მაყურებლისთვის ნაცნობი პაატა ინაურის ხმა - მცირე ანოტაცია-განმარტების სახით გვაუწყებს, დაახლოებითი პერიფრაზირებით: <ჩვენ ვნახავთ ამბავს ქალის შესახებ, სადაც რეალურობა და წარმოსახვითი სამყარო ერთმანეთს ენაცვლება.,>
საათნახევრიან ქრონომეტრაჟში მუდმივმონაცვლეობაშია რეალური და ირეალური მოცემულობის რეპრეზენტაცია. ერთგვარი თამაშით მოყოლილი კრიმინალური ამბავი უსინათლო ქალის შესახებ - საბოლოოდ არა იმდენად ჰორორის იმიტაციასა და შთაბეჭდილებას ქმნის, არამედ სახიფათო ფენტეზის ასოციაციას უფრო მეტი სიმძაფრით გაეთამაშება. მე ვიტყოდი, რომ უფრო განყენებულ სიბრტყეში თანაარსებობს მთლიანი სიუჟეტი, მოძრაობს და ზემოქმედებს თანადამსწრე პუბლიკაზე. მონტაჟურობის ელემენტები თუ გარკვეულწილად ე.წ. სასპენსის შექმნის მომენტები მთლიან სქემას უფრო მეტად ფილმის იერსახეს ანიჭებს ჩემი წარმოდგენით, ვიდრე ტრადიციული ეტიმოლოგიით სპექტაკლის სტრუქტურის.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
სუზი ჰენდრიქსი - ანიკო ეზიეშვილი; სემ ჰენდრიქსი - დავით გურგენაძე (რუსთაველის თეატრის მსახიობი); ლიზა - ნინი ნოზაძე; ჰარი როუტი - ირაკლი ჩხიკვაძე/ზუკა პაპუაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი); მაიკ ტალმანი - კოკო როინიშვილი; კარლინო - ანუკი ბუბუტეიშვილი; ლეა - ანიტა ჯიქურიშვილი.
მხატვარი - გიორგი უსტიაშვილი; ტექნიკური რეჟისორი - თინათინ სირბილაძე.
ლევან აბშილავას მუსიკალური გაფორმება და ქეთი ასათიანის ქორეოგრაფია ერთმნიშვნელოვნად ამძაფრებს ეფექტურობის ხარისხს დროდადრო და კოლაჟურად.
სცენოგრაფიული ასპექტი ანუკი ხიდეშელის კონცეფციის მიხედვით ცალსახად დინამიკური და ზედმიწევნით ფუნქციური დატვირთვით არის წარმოდგენილი.
გარდა სხვადასხვა რეკვიზიტების სახით დემონსტრირებული დეტალებისა, მაცივარი აბსოლუტურად ავთენტურია ინტერიერის დიზაინისა და მოყოლილი ამბის მიხედვით, ამავე დროს, კრიმინალური ისტორიის კულმინაციური ამბის გამხსნელი და მთავარი არტეფაქტიცაა.
მაცივრის <ფუნქციური სემანტიკა> იმით არის ნიშანდობლივი, რომ წარმოდგენის მსვლელობისას მოქმედი პერსონაჟები სიურრეალისტურ-აბსტრაქტულ კონტექსტში, თრილერის ატმოსფეროსთან ერთად, მაცივრის კარიდან გამოდიან და უკან ბრუნდებიან.
ანიკო ეზიეშვილის სუზი ჰენდრიქსის წარმოსახვით ინტენციურ ნაწილს ადემონსტრირებენ პერსონაჟები, მაცივარში ბრუნდებიან და კარსაც კეტავენ;
ჩემი მოკრძალებული აზრით, სცენოგრაფიული კონცეპტი გამართლებული სწორედ მაშინაა, როცა ფუნქციურობას ინარჩუნებს, მეტყველი და კონცეფციურია დინამიკური თვალსაზრისით და არა „კონცეფციური სტატიკურობის“ კონტექსტში პასიურად წარმოდგენილი.
თუმცაღა, ტრადიციული პრეისტორიებითა და მიმდინარე მოცემულობებით არაერთი სპექტაკლის მაგალითი არსებობს, როცა უფუნქციო სცენოგრაფიასთან გვაქვს შეხება; როცა ინკრუსტირებულ-დეკორატიულობის ნიშა უჭირავს სცენოგრაფიულ მხარეს, მხოლოდ და მხოლოდ უშინაარსო (ხაზგასმით) ანტურაჟის ‘პასუხისმგებლობა’ აქვს და არც არაფერი დაშავდებოდა საერთოდ სცენაზე რომ არ გამოეტანათ ხოლმე რეპრეზენტაციის მომენტში.
ვინაიდან თეატრი - ფუნდამენტურად არის ცოცხალი ხელოვნება, ბუკვალური სემანტიკით უმთავრესად მოძრავია, მისი შემადგენელი კომპონენტების დინამიკური ათვისების ასპექტი მეტად მნიშვნელოვანია, ხშირად პერსონიფიკაციის დონეზეც კი.
სუზი ჰენდრიქსის გარდა ყველა პერსონაჟი ცბიერი, ცვალებადი და არაგულწრფელია, ყოველი მათგანი მიზანმიმართულად ორსახოვანია, რათა სახიფათო მიზნამდე მიაღწიონ. „დაელოდე სიბნელეს“ არის კრიმინალური ისტორია, მუდმივად რომ მონაცვლეობს ერთგვარ სიურრეალისტურ ფრაგმენტაციასა და მსუბუქი (რამდენადაც შეიძლება ითქვას) ჰორორის ატმოსფეროს არეალში; რეალობისა და ირეალურობის გზაგასაყარზე. (ზღვარზე).
მომენტალურად, გადარჩენის სიხარულის შეგრძნებას, შიშის დაკარგვასა და კრიმინალურ ბოლო აკორდთან თამაშის მუდმივმონაცვლეობით - მოქმედი პირნი კონტრაპუნქტულად უწყობენ ფეხს კრიმინალურ რთულ ლაბირინთს - კვანძსაც შთამბეჭდავად ხსნიან და ამთავრებენ კიდეც ამბავს - კაპიტულაციით, ნიჰილიზმით და აბსტრაქტული იმედის მოლოდინით.
ანიკო ეზიეშვილის სუზი უსინათლო ქალს განასახიერებს, რომელიც ფრედერიკ ნოტის პიესის მოტივებით კრიმინალური ამბის ეპიცენტრში მოექცევა; მის გმირს შესანიშნავად მყარად უჭირავს თავი - განსაკუთრებით კოკო როინიშვილის მაიკლ ტალმანისგან და ირაკლი ჩხიკვაძის ჰარი როუტისგან განხორციელებული მობინგის პირობებში. სუზის ვერბალური ექსპრესია არ არის უტრირებული და ეგზალტაციაში გადაზრდილი, მისი სხეულებრივი მოქმედების კარდიოგრამაც პერსონაჟის ფსიქოტიპისთვის ავთენტურია. ანუკი ბუბუტეიშვილის კარლინოს, ჰარი როუტსა და მაიკლ ტალმანის ფინალური პაექრობა შემოთავაზებული კრიმინალური დრამის კვანძის გამხსნელი ცენტრალური ეპიზოდია.
მთლიანობაში კი, <დაელოდე სიბნელეს> ანუკი ხიდეშელის ინტერპრეტაციული ხედვით განხორციელებული კრიმინალურ-ფსიქოლოგიური ჟანრის ერთგვარი თამაშია; ბრუტალური, ჰორორის ელემენტებით, კოლაჟურად მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სინთეზის სიმსუბუქით - ცოცხალ და არც დიდად სტანდარტული სტრუქტურის მქონე ფსიქოლოგიურ თრილერს რომ ქმნის თეატრის სცენაზე.
სიბნელისა და სიკაშკაშის ურთიერთმონაცვლეობა - დაცულობისა და დაუცველობის, შიშის და გაბედულების, სიმყარისა და ლაბილურების დუალურ ბუნებას სუბლიმირებს, რაც ადამიანური განცდების მთელი სპექტრის პრეზენტირებაცაა ერთდროულად.
ფოტო: მაიკ მეხ