დაელოდე კრიტიკოსის გულმოწყალებას
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ლაშა ჩხარტიშვილი
დაელოდე კრიტიკოსის გულმოწყალებას
სპექტაკლზე „სირანო უნდა მოკვდეს“
„ამაღამ მე დავწერ, შენ იღადავე...
მიფრთხილდი, დაგღუპავს ეგ სითამამე!“
მისამღერის გადაკეთებული ფრაგმენტი
ახალი თეატრის სპექტაკლიდან „შეყრა“
გაფრთხილება: თუ სპექტაკლი არ გინახავთ, მაშინ ჯერ ნახეთ და წინამდებარე ტექსტი მერე წაიკითხეთ, რადგან წერილში გამოყენებული ტერმინოლოგია და ფრაზები მომდინარეობს წარმოდგენიდან. თუ მაინც შენსას არ იშლი და ცნობისმოყვარეობა გკლავს, მაშინ მომზადებული მაინც უცქირე (და აუცილებლად ბოლომდე) ახალი თეატრის დადგმას „სირანო უნდა მოკვდეს“
***
წარმოდგენის დაწყებიდან დაახლოებით ათ წუთში - „რა ყლეობაა ახლა ეს?!“ - ჩაილაპარაკა შუახნის ქალმა ჩემს წინ დარბაზის დატოვებისას, „თავი ამტკივდა...“ - გადაულაპარაკა ჩემს უკან ახალგაზრდა კაცმა საყვარელ გოგოს და თავი მხარზე დაადო, გარშემო ვხედავდი აჟიტირებულ სმარტფონებ მომარჯვებული გოგო-ბიჭებს, თვალებს, რომ უციცინებდნენ მსახიობებს და რაც უფრო ახლოს მოდიოდნენ მსახიობები, მით უფრო გამოხატავდნენ მზადყოფნას მოსალოდნელი შემხებლობითი ინტერაქტივისთვის. მე კი ჩემთვის ვიჯექი რიგის ბოლოს დინჯად და სიტუაციას ვაკვირდებოდი არხეინად, რომ უცაბედად ძლიერი შუქი ვიგრძენი ჩემს თეთრ ფითქინა სახეზე, რომელიც როგორც სპექტაკლის დასრულების შემდეგ მითხრეს, გაწითლებულა მაიმუნის ტრაკივით. სახის დაფარვას ხელებით ვცდილობდი, რომ ყური მოვკარი მსახიობ გივიკო ბარათაშვილის ტექსტს: „უი, ლაშა შენც აქ ხარ?... „შენი ბანძი რეცენზიებიო“ რომ გავიგონე, სხვა აღარ მახსოვს, შოკისგან სმენის და ცქერის უნარი დავკარგე, გავქვავდი და უხერხულობისგან სად გავმქრალიყავი აღარ ვიცოდი. რა ვარია, სრული სერიოზულობით, თვალის ჩაპაჭუნების გარეშე, შენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი სტუდენტი თავს სახალხოდ გესხმის და აგრესიულად გეუბნება: „თქვენ რომ გკითხულობთ, ძილი მერევა, ვფხიზლდები- ჩამთვლემს, ვფხიზლდები- ჩამთვლემს, დაწყევლოს ღმერთმა! ამ ნაწერებს როგორ არჩევენ? გესლის ნთხევას მაინც არ იშლი? კარგი, ჯანდაბას, უფლებას გაძლევ, მომკვეთო ძირში!“ როცა გავიაზრე რაც მოხდა, ამასობაში სპექტაკლიც დამთავრდა და დამშვიდებული, ნასიამოვნებიც კი გამოვედი დარბაზიდან, მაგრამ ვინ გაცალა. სათითაოდ მოდიოდნენ ნაცნობები და ჩემს დამშვიდებასა და გამხნევებას ცდილობდნენ იმის მიუხედავად, რომ არაფერი მქონდა დასამშვიდებელი და მით უმეტეს, გასამხნევებელი. ესეც ჩვენი საზოგადოება, რომელიც ზედაპირზე რასაც ხედავს, იმას აფასებს, რადგან ეზარება ან აღარ აქვს უნარი ფიქრის, ანალიზის, გააზრების.
ნუ გამომეკიდებით სტატიის ლექსიკაზე, რადგან უარესს გაიგონებთ ვასო აბაშიძის ახალი თეატრის სპექტაკლში „სირანო უნდა მოკვდეს“, ისეთი, როგორიც არ შეშვენის ამ და ზოგადად თეატრის კედლებს (ამას მსახიობები ამბობენ), მაგრამ ისეთი დრო მოვიდა, რომ ყველაფერი მოსულა. განუკითხაობის მძლავრ, არნახულ ნაკადს კი ვერავინ და ვერაფერი აჩერებს. აგრესია, ბულინგი, ერთმანეთის დაცინვა და ერთმანეთის მიმართ დისკომფორტის შექმნა იქცა ნორმად (ამას ახლა მხილებას ეძახიან, მხილების განზრახვით ამართლებენ). ამიტომაც, შემთხვევითი არ არის, რომ ლეონარდო მანძანიმ მოლიერისეული მიწასთანგამასწორებელი სარკაზმით, მაყურებელთან საკომუნიკაციო ენად - რეპი, ჰიპ-ჰოპი, ბეთლი აირჩია. სწორედ ამ რაკურსით უნდა შევხედოთ/შევაფასოთ სპექტაკლს/სპექტაკლი, რომელიც ზოგს შესაძლოა კონცერტად უფრო მოეჩვენოს, თუმცა „სირანო უნდა მოკვდეს“ სრულყოფილი სპექტაკლია ყველა კომპონენტით. ტექსტი (ავტორები: ლეონარდო მანძანი, როკო პლაჩიდი, შესანიშნავად თარგმნა - ირინა ბაგაურმა), რომელიც ხან სიმღერად, ხანაც რეჩიტატივად ჟღერს ინტენსიური რიტმით მოედინება სცენიდან და პარტერში გადმოსული მსახიობების ბაგეთაგან. მისი სრულად აღქმა და შესაბამისად გააზრება არაა მარტივი. მაყურებელი იჭერს ფრაზებს, წინადადებებს და იგებს კონტექსტს, რომელიც მწვავეა, აგრესიული, თამამი, შეულამაზებელი, პირდაპირი, უხეში, აქტუალური, სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი შინაარსით დახუნძლული.
ლეონარდო მანძანისა და როკო პლაჩიდის ახალი ტექსტი ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ თავისუფალი ადაპტაციაა. სპექტაკლი გვარიანად დაშორებულია პირველწყაროს, თუ არ ჩავთვლით სასიყვარულო სამკუთხედს და სირანოს მხატვრული სახის გააზრებას - რომანტიკოსი და მეამბოხე, უშიშარი მეომარი და კეთილშობილი გმირი ილაშქრებს უსამართლობის წინააღმდეგ. ესაა ისტორია გმირზე, რომელიც მარცხდება უთანასწორო ბრძოლაში.
ლეონარდო მანძანის შემოქმედების გაცნობის საშუალება ქართველ აუდიტორიას ჰქონდა 2023 წელს. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“ ნაჩვენები იყო მისი „დიდების კედელი“, რომელიც 48-ე ვენეციის ბიენალეს ჯილდოს „ოქროს ლომის“ მფლობელი დადგმა გახდა. რეჟისორი ახალი და რადიკალურად განსხვავებული ენით გამოეხმაურა ცენზურის საკითხს თანამედროვე თეატრში. იმ დადგმაშიც ლეონარდო მანძანი პროვოცირებს მაყურებელზე და მათ სამსჯავროზე გამოაქვს კულუარული ამბები, რომელზედაც ხმამაღლა თითქმის არ საუბრობენ. ასეა სპექტაკლში „სირანო უნდა მოკვდეს“. ხელოვანი კრიტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომაცაა, რომ ორივე სპექტაკლში აქილიკებს მას. თუ კრიტიკის მიზანი განვითარება და სრულყოფაა, მაშინ რეჟისორის მცდელობები და მიზანი კრიტიკის გასაკეთილშობილებლად (ისე როგორც საზოგადოების) კეთილია. უბრალოდ, მან ამჯერად, გამოხატვის უფრო აგრესიულ ხერხს მიმართა - რეპს, ჰიპ-ჰოპსა და ბეთლს. ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსახიობებმა ანასტასია ჭანჭურაიამ, გივიკო ბარათაშვილმა და ლუკა ჯაფარიძემ რეჟისორის ამოცანას ზუსტად და წარმატებით გაართვეს თავი. ამ სარბიელზე გამოვლინდა ამ მსახიობთა უნარები: პოეტურობა, გამჭრიახობა, სისწრაფე...
რეპი ხომ საშუალებას აძლევს გაბრაზებულ ინდივიდებს აგრესიულად გამოხატონ თავიანთი შეგრძნებები, შეხედულებები და გამოცდილება მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, იქნება ეს სოციალური საკითხები, პირადი მოვლენები თუ სხვა. ჰიპ-ჰოპი კი ის კულტურაა, რომელიც თვითმყოფადი ფორმის საშუალებით - მუსიკით, ქუჩის ხელოვნებითა და საცეკვაო მოძრაობებით გამოხატავს პროტესტს თვითგამორკვევისთვის. ამ ორ ფორმას სხვა მასშტაბს სძენს ბეთლი, რომელიც დაფუძნებულია რეპზე და იყენებს იმპროვიზაციას და პოლემიკის, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, გაბაასება - გაშაირების ფორმას. კონფლიქტამდე მისული პოლემიკა იმართება სამ პერსონაჟს - სირანოს, კრისტიანს და როქსანს შორის. მათი ბეთლი ანუ გაშაირება ეფექტურია და ექსპრესიული. მათი პოლემიკა სახალისოცაა და სასეიროც. აუდიტორიას ხო უყვარს სეირის ყურება. იმდენი სიკეთე მე, რამდენი მაყურებლის გული მოფხანა გივიკო ბარათაშვილმა ჩემზე „თავდასხმით“.
ერთი კი არის, რომ მანძანის შემოთავაზებული ხერხი - გარეპილი ტექსტი, რომელიც ნიაღვარივით მოედინება დარბაზში გარკვეული ხნის შემდეგ, პერიოდულად ცვალებადი ტემპის მიუხედავად, მაინც ერთფეროვანია და ბოლოს ყველაფერი მონოტონურად ჟღერს და ისმინება.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს რამდენიმე შემადგენლობა ჰყავს და მაყურებელს საშუალება ეძლევა აირჩიოს წარმოდგენა მისი ფავორიტი მსახიობების შესრულებით. ერთადერთი ვინც არ იცვლება ერეკლე გეწაძეა, რომელიც ცოცხლად ასრულებს მუსიკას (მუსიკა ალესანდრო ლევრეროს, ფრანკო ვიზიოლის, ერეკლე გეწაძეს ეკუთვნით), რომლის გარეშეც ამ წარმოდგენის ყოველგვარი ფასი დაეკარგებოდა. ის ისეთივე სპექტაკლის მონაწილეა, როგორც მსახიობები, უფრო მეტიც, ის მთავარია, რადგან ის წარმართავს სპექტაკლს და მისი პროფესიონალიზმისა და ოსტატობის წყალობით, მუსიკა და მუსიკალური შესრულება სპექტაკლის ყველაზე მთავარ კომპონენტად იქცევა.
ლეონარდო მანძანის დადგმაში პერსონაჟები არ არიან მხოლოდ პერსონაჟები, ისინი მოქალაქე-არტისტები არიან, რომლებიც დროგამოშვებით განასახიერებენ პერსონაჟებს. მსახიობები ამ ერთმანეთში მონაცვლე ხერხს ოსტატურად ცვლიან, ამიტომაც გავიწყდება, ისინი როდის არიან პერსონაჟები და როდის მოქალაქე-მსახიობები.
ანასტასია ჭანჭურაია - როქსანი, დახვეწილობითა და სინატიფით, განსაკუთრებული ფაქტურით, ხმის ტემბრითა და შინაგანი არტისტული ვნებით, ახერხებს მაყურებლის მოჯადოებას, მოხიბვლას. ამავდროულად სპექტაკლში მიზანმიმართულად პროვოცირებულ მაყურებლის აგრესიას (სირანოსა და კრისტიანთან შედარებით) თითქმის არ იწვევს. ის შინაურულად, კეთილმოსურნე მეგობარივით გვამხელს, გვაკრიტიკებს, გვააშკარავებს ისე, რომ ეთანხმები, იზიარებ მის შეხედულებებს.
ლუკა ჯაფარიძე - კრისტიანი თავისი ფიზიკური და არტისტული მომხიბვლელობით ცდილობს არა მხოლოდ როქსანის, არამედ მაყურებელთა კეთილგანწყობას. დახვეწილი სასცენო მოძრაობით, შინაგანი ენერგეტიკითა და ზომიერი ემოციურობით სპექტაკლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცევა, ამავდროულად, სასიყვარულო სამკუთხედის მთავარ ფიგურანტად.
გივიკო ბარათაშვილი, რომ მრავალმხრივ ნიჭიერი (და წიგნიერი, რაც გამოარჩევს მას მის თაობაში) მსახიობია კიდევ ერთხელ დადასტურდა. მაყურებელს ახსოვს ის „თოლიაში“ (ტრეპლევი), „ლირში“ (ედმუნდი) და ახლა სირანო, ოღონდ არა კლასიკური, არამედ ექსტრაორდინალური. გივიკო ბარათაშვილი მიღებულ გამოცდილებას ახალს ორგანულად უთავსებს. გარეპვით ხატავს პერსონაჟს ისე, რომ არ კარგავს მოქალაქეობრივ პოზიციას. მსახიობი რეჟისორის ამოცანას ზედმიწევნითი სიზუსტით ართმევს თავს. სოციალური სიმწვავით გამორჩეულ ტექსტს გაცილებით მკვეთრ ჟღერადობას ანიჭებს და ზუსტად იყენებს იმპროვიზაციისთვის შექმნილ მომენტს.
მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ მსახიობები სრულად იმპროვიზაციას მიმართავენ. არადა, ლეონარდო მანძანი მათ მკაცრად შემოსაზღვრულ ჩარჩოში სვამს, სადაც ნებისმიერი გადახვევა არღვევს წარმოდგენის რიტმულ ქსოვილს. მსახიობებს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი აქვთ. ე.წ. „იმპროვიზაციის ბომბები“ მაშინ ისვრის, როცა დარბაზში შესაბამისი მოცემულობაა, ატმოსფეროა.
მხატვარმა ჯუზეპე სტელატომ სცენაზე ე.წ დაზგა, რკინის კონსტრუქცია აღმართა, რომელსაც ორივე მხრიდან მოძრავი კიბე კრავს. ცენტრში ერეკლე გეწაძეა, რომელიც ცოცხლად ქმნის სპექტაკლის მუსიკალურ პარტიტურას და შესაბამისად განსაზღვრავს წარმოდგენის ტემპო-რიტმს. კოსტიუმების მხატვარებმა: გრაციელა პეპე და დავით გევორქოვი Davidsroadმა შავ, სტილიზებულ, მოდერნიზებულ და კომფორტულ-მოსახერხებელ კოსტიუმებში გამოაწყვეს მსახიობები.
ახალი თეატრი თავის სახელს ლეონარდო მანძანის სპექტაკლით ამართლებს, რადგან მისი პროდუქტი „სირანო უნდა მოკვდეს“ გარკვეული სიახლეა ქართული თეატრისთვის. რეჩიტატივით მოსაუბრე ქართველი მსახიობები კი გვინახავს უახლეს ქართულ თეატრში, მაგრამ ამ მასშტაბსა და ხარისხში არა, რადგან მისი ანალოგი უბრალოდ არ არსებობს.
***
დაბოლოს,
არ გამკვირვებია კრიტიკოსებზე „თავდასხმა“, ესეც ჩვეულებრივ ტრენდად იქცა, უფრო სწორად, სულ ტრენდში იყო და ტრადიცია გრძელდება. უბრალოდ, ყველას (რეჟისორს) სათქმელის თავისი ფორმა აქვს, ზოგი იუმორით, ზოგი ირონიით, ზოგიც დაკვეთით, ზოგიც პირადი ბოღმით, ზოგიც აგრესიულად აკრიტიკებს კრიტიკოსს, კრიტიკოსის კრიტიკაც მოსულა, რატომაც არა. გონებამახვილი კრიტიკოსი უაზრო და უშინაარსო კრიტიკაშიც აღმოაჩენს სიმართლის მარცვალს და პირიქით, თუ არტისტს/ხელოვანს[1] აქვს უნარი კრიტიკას ყურადღებით მოეკიდოს და ის მისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს.
მიიღეთ არტისტებო კრიტიკოსის გულმოწყალება, ის ხომ კეთილია და არა ბოროტი, როგორადაც მის წარმოჩენას ცდილობთ.
ფოტო: ანუკა მაისურაძე
[1] ამას იმიტომ განვმარტავ, რომ ხშირად არტისტი და მსახიობი ერთი და იგივე ჰგონაით. ეს ნიკო ნერგაძისთვის, არ უნდა ყველაფერს დაღეჭვაო.