
„დაფა სოებული წესრიგი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

11.11.2025
მარიამ ბალახაძე
„დაფასოებული წესრიგი“
ვერ გეტყვით, ამაზე ბევრი ვიფიქრე თუ არა, მაგრამ, მოდი ასე დავიწყებ ჩემს წერილს - ის, რამაც დღევანდელი საზოგადოება გადაარჩინა (და ყოველ დღე აგრძელებს ბრძოლას გადარჩენისთვის), არის მხოლოდ ერთი რამ - გაზიარება. ჩვენ ვიზიარებთ ტკივილს, განსაცდელს, ლხინსა და სიხარულს… ზუსტად ასე ვიზიარებთ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც, ფაქტობრივად, განმსაზღვრელია ჩვენი ცხოვრებისეული გეზის. სოციალური მდგომარეობა, მეტწილად, გვაქცევს რაღაც აბსტრაქტულ ჩარჩოსა თუ საზღვარში, და ასე ფორმირდება სოციალური ჯგუფებიც.
სოსო ნემსაძის მიერ დადგმული სპექტაკლი “ფაბრიკის გოგოები” სწორედ ამ სოციალურ ჯგუფებზე, უფრო სწორად, ერთ კონკრეტულ ჯგუფზე გვიყვება. პიესა ეკუთვნის ირლანდიელ დრამატურგ ფრენკ მაკგინესს. მოკლედ რომ გითხრათ ამ მწერლის შესახებ, მისი შემოქმედება მოიცავს შესანიშნავ აკადემიურ ნაშრომებს იდენტობის, პოლიტიკის, რელიგიის, სექსუალობის, ომისა და გენეტიკური მეხსიერების შესახებ. ამ პიესას (“ფაბრიკის გოგოები”) მეტად მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა დრამატურგისთვის- ის ამ ნაშრომით პირველ რიგში აკრიტიკებდა იმ ეკონომიკურ გარდაქმნებს, რამაც მოიცვა 80-იანი წლების ირლანდია და განსაკუთრებით ისეთი სექტორი, როგორიცაა, მაგალითად, ფაბრიკა. ეს პიესა პირდაპირ ამტკიცებდა, რომ მაკგინესი ოპოზიციურად იყო განწყობილი თეთჩერის პერიოდის ნეოლიბერალიზმის მიმართ. ეს იყო ის ლოკალური ფონი, რამაც შთაგონება მისცა დრამატურგს, თუმცა უშუალოდ სიუჟეტი და პიესის დედააზრი ძალიან მასშტაბური და ნაცნობია ყველასთვის. ის მოგვითხრობს ფაბრიკაში მომუშავე ქალების ბრძოლისა და თავდადების შესახებ შრომითი უფლებების დარღვევისა და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ. და, რაც ხაზგასასმელია არის ის, რომ ეს მარგინალიზებული ქალები რეალურად ძალიან ძლიერები, ჭკვიანები და შეუპოვრები არიან. ეს არის ის გენდერული იდეა, რასაც ატარებს პიესის ყველა ქალი პერსონაჟი.
არ გაგიკვირდებათ და გეტყვით, რომ მოქმედება ხდება პერანგების ფაბრიკაში, სადაც ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს მომუშავე ქალებს დიდი გამოწვევა შეხვდებათ. ზემდომი პირი მათ ულტიმატუმს წაუყენებს, რომ უნდა დატოვონ სამუშაო ადგილები კომპენსაციის სანაცვლოდ. პარტერმა სცენაზე გადმოინაცვლა და მაყურებელი მსახიობებთან ერთად ერთვება ფაბრიკის რუტინულ და მონოტონურ რიტმში. რეჟისორი სცენაზე აცოცხლებს იმ ერთობას და სულისკვეთებას, რაც არის სოლიდარულობის შედეგი, ან, უფრო სწორად, სიმპტომი. ეს ჩანაფიქრი ჰქონდა დრამატურგსაც. სპექტაკლში კონფლიქტის დაბადებამდე ვეცნობით თითოეული ქალის (ეკატერინე ქვრივიშვილი, თამარ კანდელაკი, ანკა დიდმანიძე, ანა შარვაძე, ბარბარე ჩალაძე) ხასიათსა და თავისებურებებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი და დამაინტრიგებელი ეპიზოდია, და შესაძლოა, სწორედ აქ იბადება პირველი კონფლიქტიც. ამ ქალების ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის დეტალები და მოტივები ერთდროულად სასაცილო და სატირალია, ტრაგიკომედიური. მათ ერთმანეთისგან კონტრასტულად განასხვავებთ ასაკი, გემოვნება, ხასიათი, ცხოვრების წესი და ა.შ. ერთ-ერთი მეტად განსხვავებული და არსობრივად “ფერადი” პერსონაჟი გაგვაცნო ბარბარე ჩალაძემ. როზმარი ახალგაზრდა, ცოტა ქარაფშუტა და პრობლემის წინაშე ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი გოგოა. მისი ხასიათის შტრიხები შეიძლება სიმბოლისტურადაც კი გადავთარგმნოთ - ნუთუ ამ ოპტიმიზმში ხედავს სოსო ნემსაძე გამოსავალს? თუ პირიქით, ამ პერსონაჟის სახით გვაჩვენა, რომ გადაჭარბებული ოპტიმიზმი ზოგჯერ პათეტიკას ემსგავსება ხოლმე… მიუხედავად იმისა, რომ ამ დიალოგის ზოგიერთი ეპიზოდი, მეტნაკლებად, მოკლებულია ქმედითობას, მსახიობები მაინც ახერხებენ მაყურებლის ჩათრევას. ეს არადინამიკურობაც შესაძლოა იყოს განზრახ ჩადენილი “დანაშაული” რეჟისორის მხრიდან და იყოს იმ რუტინული და დუნე ცხოვრების განსახიერება, რაც ამ ქალებს ტანჯავთ. თითოეულ პერსონაჟს მოაქვს მაყურებლამდე ამბავი, რომ მანუფაქტურულ ინდუსტრიაში მომუშავე ქალების შრომითი უფლებები ყოველწამიერად ირღვევა და ხშირად ამის განმსაზღვრელი გენდერული ფაქტორიც ხდება. თუმცა, ტექსტი მაინც არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლარიზებული ნარატივი. სპექტაკლის დიალოგები გამოირჩეოდა იუმორისტული ელემენტებით, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის საერთო დინამიკაში და მსახიობებს საშუალება მისცა მსუბუქი, უშუალო ხასიათით გადმოეცათ მთავარი სათქმელი, რაც ესოდენ პრობლემატური და კომპლექსურია. ფაბრიკაში მომუშავე ქალები სამსახურში თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად ფაბრიკაშივე გამართავენ პროტესტს და დაიკავებენ დირექტორის ოფისს. თუმცა, ეს პროტესტი როდია პოზიციის შესანარჩუნებლად ატეხილი ყიჟინა… ესაა გალაშქრება სქესის, ღირსების, შრომის დასაცავად და რაც მთავარია, ესაა უმაღლესი ხარისხის სოლიდარობის გამოვლინება ერთმანეთის მიმართ. თუმცა, სოსო ნემსაძემ ისე განავითარა მოვლენათა წყობა, რომ ეს სოლიდარობაც მყიფე და მოწყვლადი ეჩვენება მაყურებელს. ამ ქალებს შორის ურთიერთობა იძაბება და ბუნებრივია იდეალების, აზრებისა და წუხილების გამოხატვის ფონზე ინტერესთა კონფლიქტი იჩენს თავს.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მეორე ნაწილში უფრო ქმედითი ხდება და პერსონაჟები დიდი დილემების, მანიპულაციებისა და თავსატეხების წინაშე დგებიან, ყველა მსახიობი იმდენად ვერ უწყობს ფეხს ამ ტემპო-რიტმს, რამდენადაც დრამატურგია მოითხოვს. ერთ-ერთი საკვანძო და ძირითადი სახეა როჰანი-ფაბრიკის დირექტორი. მანიპულატორი, ფლიდი, სრულიად ინდიფერენტული და დესპოტური გმირი, რომელიც არის სახე ავტორიტარული კონტროლისა და პატრიარქატის. მისი და ბონერის (გიორგი კაკალაშვილი) პერსონაჟი განასახიერებენ, თუ როგორ კარნახობს ავტორიტეტული მამაკაცი თავის როლსა და ფუნქციას ქალს. ქალები ამ პატრიარქატის წინააღმდეგაც იბრძვიან ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ამიტომაა ის მკაფიოდ ფემინისტურიც. მსახიობი ქალები ამ ამოცანას თავს ართმევენ და ორი სახის ბრძოლის ველს გვიხატავენ : ბრძოლა როჰანისა და ბონერის წინაღმდეგ, რომლებიც ემსახურებიან პატრიარქალურ და კაპიტალისტურ მანქანას და მეორე- ბრძოლა სოციალური მოლოდინების მიმართ - ანუ იმ საზოგადოების წინააღმდეგ სადაც ადამიანები სოციალურ ჯგუფებად სქესის მიხედვით იყოფიან. მამაკაცი მსახიობების მიმართ მეტი მოლოდინებით ვიყავი განწყობილი. მიუხედავად იმისა რომ მათი ფაქტურა და კოსტიუმები კარგადაა მისაგადებული პერსონაჟებს, ვთვლი რომ მათ უკეთაც შეეძლოთ ძალადობრივი და მანიპულატორი ტიპაჟის შექმნა. არადა, უმნიშვნელოვანესია ამ პერსონაჟების მხრიდან მკაფიოდ დაშტამპული სიმკაცრე, რათა მაყურებელმა შეძლოს სწორად განსჯა და გამიჯვნა. უდიდესი პატივისცემა ჩემგან დასს იმისთვის, რომ მათ მართლაც მაღალი დონის ანსამბლურობა და პარტნიორული ემპათია გააჩნიათ, ისინი ძალიან კარგად ურთიერთქმედებენ თავიანთი პერსონაჟების “შირმაში”.
საინტერესოა მხატვრის (ლომგულ მურუსიძე) მიერ შემოთავაზებული სცენური სივრცის ტრანსფორმაცია, ვინაიდან ჩვენ სტატიკური, მკაცრად აკადემიური, მოჩუქურთმებული დარბაზიდან ვინაცვლებთ სცენაზე, სადაც შექმნილია წრიული, კამერული სივრცე. ამ წრეს თავზე ადგას ასევე წრიული განათების რგოლი, რაც ვიზუალურ მეტაფორას ქმნის. ეს წრე არის ერთგვარი სიმბოლო იმ მუდმივობის, საზღვრებისა და სოციალური ჯგუფების, რაზეც გესაუბრეთ, ქალები იბრძვიან საზოგადოებრივი “ბაბლების”, სოციუმის წრეების წინააღმდეგ. ნოსტალგიას აღვიძებს ე.წ. “ზინგერის” საკერავი მანქანების ხილვა და მათი მექანიზმის ხმა. თან, მაგალითისთვის, საქართველოში, ამ მანქანის ფლობა ხშირად განსაზღვრავდა სოციალურ სტატუსსაც. შესაძლოა მხატვარმა ირონიულად დასცინა კიდეც ამ წინასაუკუნოვან სნობიზმს. სხვათა შორის, სცენოგრაფიამ მომაგონა მაია დობორჯგინიძის სპექტაკლი “უფრო ახლოს”, რადგან იქაც მსგავსი სცენური წრე იყო შექმნილი განათების რგოლით, თუმცა სოსო ნემსაძის სპექტაკლში მას უფრო სიმბოლური და ქმედითი როლი ჰქონდა, ვიდრე ვიზუალური. ბარბარა ასლამაზის მიერ შექმნილი კოსტიუმებიც, რა თქმა უნდა, არსობრივად მისადაგებულია წარმოდგენას- ქალები ერთნაირ “კომბინიზონებში” არიან გამოწყობილი. ერთი მხრივ ეს მუშათა კლასის წარმომადგენლების სიმბოლოა, მეორე მხრივ კი ხაზგასმა იმაზე, რომ ქალებს ერთსა და იმავე ეთიკურ და სოციალურ ჩარჩოებში აქცევს საზოგადოება.
ეს სპექტაკლი წარმოადგენს ინტერპრეტაციას იმ უდიდესი სოციალური მარწუხების, რაზეც საუბრობს დრამატურგი ფრენკ მაკგინესი ჯერ კიდევ 80-იან წლებში… სამწუხაროა, რომ ამასთან ბრძოლა დღემდე უშედეგოდ გრძელდება… თუმცა, რეჟისორი გვიტოვებს ერთ ძალიან თბილ მესიჯს წარმოდგენის ბოლო სცენით - ბრძოლის მთავარი შედეგი არასდროსაა გამარჯვება, არამედ პროცესში შეძენილი, გამომუშავებული თუ საკუთარი თავის წიაღში აღმოჩენილი ძალა - რომელიც, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგიტანს გამარჯვებას.