
და გაყო ღმერთმა ერთმანეთისგან ნათელი და ბნელი...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ლელა ოჩიაური
და გაყო ღმერთმა ერთმანეთისგან ნათელი და ბნელი...
1941 წლის მარტში, რადიო BBC-ის ეთერით გადაიცა თომას მანის მიმართვა გერმანელ ხალხს (ამით დაიწყო მისი მრავალწლიანი გადაცემების ციკლი, ფაშიზმისა და გერმანიაში არსებული ვითარების შესახებ, რომელიც მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეწყდა): „ისტორიასა და კაცობრიობაზე ბევრი შეიძლება ისაუბრო, როგორც მდაბალზე და სკეპტიკურად, მაგრამ იმის დაჯერებას, რომ მთელი სამყარო აღიარებს ბოროტების გამარჯვებას და მოითმენს საკუთარი თავის გესტაპოს კამერად, საერთო საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევას, სადაც თქვენ - გერმანელები მცველები იქნებით - უდიდესი სკეპტიკოსიც ვერ შეძლებს“.
როდესაც სახელმწიფოს სათავეში მოძალადეები (ფაშისტები, კომუნისტები, ნეოფაშისტები) მოდიან და მიზნის მისაღწევად ყველა ბოროტებას ჩადიან - ძალადობენ, კლავენ, დევნიან განსხვავებულებსა და უმცირესობებს და პირველ რიგში, ადამიანში ადამიანს ანადგურებენ, საზოგადოება არჩევანის წინაშე დგება და ეს არჩევანი არა მხოლოდ მის პირად, არამედ ქვეყნის ცხოვრებას განსაზღვრავს.
სწორედ ამ საკითხებს წამოჭრის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი თავაძე სპექტაკლით, ინგმარ ვილკვისტის პიესის „ჰელვერის ღამე“ მიხედვით, კახაბერ გოგოლაშვილთან ერთად, ვახტანგ ამანათიძის ასისტენტობითა და თეატრისა და კინოს ორი ვარსკვლავის - ევა ხუტუნაშვილსა და რამაზ იოსელიანის - მონაწილეობით.
პიესა 1999 წელსაა დაწერილი და იმის მიუხედავად, რომ არც მასში და არც სპექტაკლში არაა დაკონკრეტებული მოქმედების დრო და ადგილი, არც დრამატურგი და არც რეჟისორი არ ამტკიცებენ, რომ გარეთ ყველაფერს ფაშისტების მოიერიშე რაზმები არბევენ, მაინც, ორივე შემთხვევაში, არის ისტორიის ამ პერიოდის ნიშნები და მინიშნებები, და იქვე, იმის მინიშნებებიც, რომ რაც ხდება - ხდება დღესაც და არა მხოლოდ გუშინ ან ხვალ.
არის პირობითი მსგავსებაც და აქცენტებიც, რომ, სავარაუდოდ, ეს 1938 წლის ცნობილი - „ჩამსხვრეული ვიტრინების ღამეა“, გერმანიაში, ან სადღაც სხვაგან და ბევრგან, როდესაც პირველად აშკარად გაცხადდა დიდი ტერორისა და ძალადობის მასობრივი დასაწყისი და „გეგმა“. ღამე, რომელიც იქცა და რჩება ფაშიზმის სისასტიკის, მისი ზოგადი დამანგრეველი არსის ერთ-ერთ მკაფიო, ძალადობრივი მოქმედების მეტყველ მეტაფორად. როდესაც, ისევ, თომას მანის თქმით, „ყველაზე მდაბალი ყველაზე ზემოთ ამოტივტივდა“. ისევე, როგორც მანამდე - 30 წლით ადრე, ბოლშევიკების რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ქვეყნებში დაწყებული მრავალწლიანი „პოგრომები“ და რეპრესიები. ისევე, როგორც ზოგადად - ფაშიზმი და ბოლშევიზმი - ძალადობის, ტერორის, ტოტალიტარიზმის ორი მსგავსი, პირდაპირ გამომხატველი ცნება და მოვლენა.
მოქმედების ადგილი კარლასა - ევა ხუტუნაშვილი - და მის შვილობილ ჰელვერის - რამაზ იოსელიანი - ბინაა, რომელშიც, დროდადრო, გარედან ადამიანების ხმები, ნგრევის, დარბევის, ხანძრის ხმაურები იჭრება.
გიორგი თავაძე, თავისთავადი კონცეფციის მიხედვითა და ჩანაფიქრიდან გამომდინარე, სწორედ რამაზ იოსელიანსა და ევა ხუტუნაშვილთან მუშაობის სურვილითა და მათზე მორგებულ მოცემულობებზე დამოკიდებულების მიხედვით, ცვლის გმირების ასაკს. პიესაში კარლა ახალგაზრდა ქალია, ჰელვერი - ყმაწვილი. სპექტაკლში კარლა ხანშიშესულ, მრავლისმნახველ, ხანგრძლივ ცხოვრებაგავლილ და ბრძენ ქალად წარმოსდგა , რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ოდნავ უმცროს, მაგრამ „უასაკო“ შვილობილზე ზრუნვა და მისი დაცვა. ჰელვერს ბავშვური კომბინეზონი, თეთრი პერანგი, ზოგჯერ პიჯაკი აცვია და კოკარდიანი ბერეტი ახურავს. კარლაც ანალოგიური სტილის - სადა ჟაკეტში, პიჯაკში, თეთრ პერანგსა და სწორ ქვედა ბოლოშია გამოწყობილი, ჭაღარა თმა ასაკოვანი ქალებისთვის შესაფერისად შეუკრავს და კეფაზე სარჭით უმაგრია.
მაყურებელიც იქვე, მათ გვერდით, სცენაზე ზის, პარტერისკენ პირით და ყველაფერს კარგად, ცხადად და ახლო ხედში ხედავს, ცოცხლად შეიგრძნობს. იქვეა, კარლსა და ჰელვერთან ერთად და მათთანაც, რომლებიც სადღაც გარეთ დათარეშობენ, არბევენ, რომლების ჯერ მხოლოდ ხმები ისმის და მათი არსებობა მაყურებელში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლებას იწვევს. მოიერიშე რაზმების ხმები, რომლებიც მალე დარბაზში შეიჭრებიან და ყველა გასასვლელებს ჩაკეტავენ.
დარბაზის სიღრმიდან, თეთრშალითებგადაფარებულ და მკვეთრ სისხლისფრად განათებულ სკამების რიგზე გადებული ხიდითა და პროჟექტორების ძლიერ შუქში გახვეული, კაშკაშა სინათლის გზით მოაბიჯებს ევა მაყურებლისკენ, რომელიც მის საცხოვრებელში - პატარა და უსახურ ბინაში ელოდება. შემდეგ ფარდა გამყოფი კედელივით იხურება. და ამბავი იწყება.
ვერა ყიფიანის ჩანაფიქრით, სცენა ფაქტობრივად, ცარიელია - ავანსცენაზე - ქუჩაში „გამავალი“ ფანჯრის ჩარჩო (რომლიდანაც შეშფოთებული ევა და ჰელვერი დარბევებისა და ძალადობის სცენებს უყურებენ), კუთხეში ტანსაცმლის საკიდი, თეთრი მაგიდა, სკამები, ჩემოდნები და ორი კარია. სცენის - ბინის - იატაკზე მრგვალი წითელი ქსოვილია, რომელიც, საერთო სივრცესთან ერთად, დროდადრო წრიულად წითლად ნათდება. ამ წრეში ადამიანები არიან მომწყვდეული (თითქოს, „კავკასიური ცარცის წრის“ ციტატა, სხვა წარმოსახვითა და ინტერპრეტაციით). წითელი, სისხლიანი წრე, რომლის ზედაპირზეც და შიგნით უხდებათ ცხოვრება ევას, ჰელვერსა და მათნაირებს და რომელიც მკაფიოდ გამოხატავს სისხლიანი ტერორის რაობას, დეკორაციისა და კოსტუმების თეთრ და შავ ფერებთან ერთად.
ეს სამყარო ჭერში ჩამოკიდებულ დიდ სარკეში ირეკლება, რომელიც თან თითქოს ჭერია, თან სინათლეებსა და ფიგურებსა და იატაკის წითელ საფარს ირეკლავს, სხვადასხვა დროს ხან ეშვება, ხან ისევ ზემოთ იწევს, ხან ირიბად ჰკიდია და ხან - ჰორიზონტალურად. ის ადგას გუმბათივით ყველაფერს და ბოლოს თავზე ემხობა, სრესს სამყაროსა და მის ბინადრებს,
დოკუმენტური კადრები - ფაშიზმის დასაწყისის პერიოდის დარბევების, შენობების ნგრევის, აფეთქებების, ცეცხლწაკიდებული ქალაქების, სხვადასხვა ქვეყნისა და პერიოდების დრამატული ისტორიების, ძალადობის ამსახველი ქრონიკის კოლაჟი ორგანულად შედის სპექტაკლის „რეალურ“ განზომილებაში. ესაა, რაც ქუჩაში ხდება და რაც მალევე, კლარასა და ჰელვერის ბინაშიც - ცხოვრებაში იჭრება.
ის, რაც გარეთ ხდება, ჯერ მხოლოდ ისმის და ქუჩიდან დროშით დაბრუნებული ჰელვერი ჰყვება და აღწერს, აღტაცებული და ბედნიერი. ჰყვება, ისმის და ისედაც ვიცით, როგორც დევნიან უმცირესობებსა და მათ, რომლებიც ფაშისტების/მოძალადეების/კაცთმოძულეთა საზომში, სტანდარტებში არ ექცევიან. განსხვავებული შეხედულებების, აღმსარებლობის, ორიენტაციის, კანის ფერისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით - სხვადასხვა კანონისა თუ უკანონობის საფუძველზე. მათ წინააღმდეგ, ვინც სხვანაირად ფიქრობს და ძალადობრივი რეჟიმის პირობებში ცხოვრება არ უნდა.
ნაცისტური იდეოლოგია და არიული რასის ფაქტორი, ჰომოფობია და სისასტიკე ყველაფერზე ვრცელდება და პირველ რიგში, მათზე, ვინც „სუფთა სისხლის“ არაა, ან სრულფასოვანი ფიზიკური მონაცემებით, ჯანმრთელობით არ გამოირჩევა. რომლებსაც ფაშიზმის მიხედვით, ასევე არ აქვთ „სუფთა სისხლი“. ვინც ამ სამყაროში უმწეო და დაუცველია, როგორც ჰელვერი, რომლის ცხოვრებაც მანამდე შეიძლება არა უღრუბლო და არასრულფასოვანი იყო, მაგრამ ახალი საფრთხე ახალი ძალით ემუქრება და ის მოძალადეების პირდაპირი სამიზნე ამის გამოც ხდება. როდესაც საზოგადოების „წმენდა“ იწყება, მსხვერპლის რიგებში, პირველ რიგში, სწორედ ჰელვერისნაირები აღმოჩნდებიან.
რამაზ იოსელიანის ჰელვერი - უწყინარი, ბავშვური, ზოგჯერ, თითქოს ჩვილის გაუცნობიერებელი, ინსტინქტური მოძრაობით, ხელების მოძრაობით, გაუაზრებელი ცეცებითა და მკვეთრი ნაბიჯებით, სხვადასხვა ტიპის რეაქციით (მაგალითად, როდესაც თეთრი დროშით მარშირებს, კარლაზე ძალადობს, ურტყამს, როდესაც ქუჩაში ნასწავლი საწვრთნელი ვარჯიშების გამეორებას აგრესიულად აიძულებს ან მშვიდად და ბედნიერი ეცეკვება), გამომეტყველების, მზერისა და შინაგანი განწყობების მრავალშრიანი ნიუანსებით აწყობილი სახეა, რომელიც იცვლება სიტყვის წარმოთქმის სხვადასხვაობით, მოვლენებისა და მოქმედების განვითარებასთან ერთად, და მთლიანდება არა ერთხელ შეცვლილი პლასტიკით, ტონალობის ცვლით, მზერისა და გამომეტყველების, ემოციის გამოხატვის, ერთი სულიერ მდგომარეობის შიგნით, კიდევ უფრო ჩაღრმავებითა და გარდასახვის, ზოგჯერ რადიკალურითაც კი, ცვალებადობით.
ის ხან ღუღუნებს, გაჭირვებით წარმოთქვამს ბგერებსა და სიტყვებს, აბრტყელებს, ბორძიკობს. აზრის ჩამოყალიბება და სრულად გამოთქმა უჭირს, თითქოს ენასაც უკიდებს. და ხან დუმილით გამოხატავს მდგომარეობას. მიმართავს პაუზებს - მოკლედ, მრავალ ხერხს იყენებს დედამიწის ზურგზე ყველაზე უწყინარი და ფაქიზი, კეთილი ადამიანების ტიპის ცოცხალი სახის შესაქმნელად და იმასაც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იქცეს ადამიანი მარიონეტად ტოტალიტარული რეჟიმის ხელში, როდესაც და რადგან მას არ აქვს ნება და თავისუფლად, ადეკვატურად ვერ აზროვნებს. რეჟიმი კი, როგორც წესი, ასეთი საზოგადოების მართვასა და დათრგუნვას ახერხებს. ჯერ მოშინაურებით, მოსყიდვით და შემდეგ, მისი და მასთან ერთად სხვების, მორალური და ფიზიკური განადგურებით.
იშვიათია ასეთი თავისუფლება ასეთი რთული სახის პერსონაჟის შესრულებისას, ასეთი უზუსტესი გათვლა, ნაფიქრი და მკაფიოდ გამოხატული თვისებებით.
სხვათა შორის, (ჰელვერის როლი რამაზ იოსელიანს უკვე ნათამაშები აქვს კობა სხილაძის სპექტაკლში, თეატრში ათონელზე, ლაურა რეხვიაშვილ -კარლასთან - ერთად, სრულიად სხვა ინტერპრეტაციითა და გადაწყვეტით, ვიზუალურადაც და შინაგანი თვისებების, მოქმედების წარმართვის ხაზის სხვაობით).
ჰელვერს თვის სამყარო აქვს, სადაც, პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე და კარლას ხელშეწყობით, კომფორტულად და დაცულად გრძნობს თავს. თუმცა აქვს კითხვები და ინტერესები, რომლებიც მხოლოდ ჩაკეტილ სამყაროში შეიძლება დაუკმაყოფილდეს და არა იქ, სადაც ძალადობა და რბევაა. ჰელვერი ცდილობს გაიგოს, რა და რატომ ხდება, როგორ ცხოვრობდნენ მანამდე (რაც მანადე არ მონდომებია), რა ხდებოდა კარლას ცხოვრებაში, როგორ იპოვა ჰელვერი და სხვა და სხვა. იმ ღამეს ამის გაცნობიერების სურვილისა და პასუხების მოსმენის დრო დგება.
ძალადობის ფიზიკურად გამოხატულების ეს მძიმე და უცნაური ღამე კარლასა და ჰელვერისთვის პირადი, გულგახსნილობის პირველი და ერთად ყოფნის ბოლო ღამეა. , რომლებიც მრავალი წელია ერთად ცხოვრობენ, კარლას ბედნიერი და სიყვარულიანი ცხოვრება კი პატარა სახლში, შორეულ წარსულში დარჩა, როდესაც შვილი მიატოვა და როდესაც ამის გამო, ქმარმა მიატოვა კარლა.
ჰელვერის სიკვდილის სცენა კი, ალბათ ერთ-ერთი მძაფრი ეპიზოდია თანამედროვე ქართულ თეატრში, გააზრებით, გადაწყვეტითა და სამსახიობო შესრულების სიმძაფრით, რასაც წინ ხანგრძლივი და არანაკლებ მძიმე პროცესი უძღვის - სიცოცხლიდან სიკვდილში გადასვლისა და განშორების, რასაც რამაზ იოსელიანი რთული და მრავალფეროვანი გრადაციებით ასრულებს. შეშინებული, დამფრთხალი ჰელვერის, ტკივილებითა და ფიზიკური შებოჭილობით, კრუნჩხვებითა და სულის და სხეულის გაყოფის ტრაგედიის სიღრმისეული ჩვენებით.
ევა ხუტუნაშვილის ფიგურა, პოზა, გამომეტყველება, მხრებში მოხრილი და გაშეშებული, გაყინული, გაქვავებული სხეული კი, გლოვის, მგლოვიარე ერთი ადამიანისა და ზოგადად გლოვის მეტაფორად შეიძლება აღვიქვათ. რაც შემდეგ სასოწარკვეთილ და უსამართლობის განცდით, ხმამაღალ საყვედურში გამოხატულ, სადღაც სივრცეში ჩაკარგულ ძახილად იქცევა.
კარლა - მონუმენტური, მონოლითური ფიგურაა, შეიძლება, სიმბოლოც კი - ქვეყნის, ერის, საზოგადოების, მოვლენის. იგი მუდამ გაწონასწორებულია, საკუთარ გრძნობებსა და განცდებს თრგუნავს და მალავს, მაშინაც კი, როდესაც ჰელვერი მასზე ძალადობს და მის ფიზიკურ თუ მორალურ მართვას ცდილობს; როდესაც ჰელვერის შინ დაბრუნებას ელოდება და მას, გამგზავრების მცდელობისას, ჭკუას არიგებს; როდესაც მის უშედეგო გაქცევის ფაქტს შეშფოთებული, სრული სისავსით ცნობიერად და მაინც შეკავებული ემოციებით ხვდება და შემდეგ, სასოწარკვეთილი, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.
ევა ხუტუნაშვილის კარლა გრძნობების მთელ სპექტრს ფარულად ატარებს, მსახიობის მეტყველი, ფიქრიანი და ტკივილიანი თვალები სიტყვაზე ცხადად გამოხატავენ ნამდვილ გრძნობებსა და სულიერ მდგომარეობას, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაშიც და მთელი ცხოვრება მალავს, რადგან საკუთარ თავზე უარი აქვს ნათქვამი, ჰელვერისთვის და ჰელვერისგან განსხვავებით, ცხადად ხედავს აწმყოს და ჭვრეტს მომავალს. თუმცა, დროდადრო, მასაც ღალატობს თავშეკავება. ვეღარ მართავს და აკონტროლებს ემოციებს, ვეღარ უმკლავდება შიშებს და სასოწარკვეთას და მუქ ტონალობაში გამოხატავს მძაფრ და ადამიანურ გრძნობებსა და ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლის თვისებებს.
თამაშში დრამატულ მთლიანობას ევა ხუტუნაშვილი და რამაზ იოსელიანი პარტნიორობით აღწევენ. მათი დუეტი და სიმარტოვე, სამსახიობო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია. და ცოტათი მაინც უნდა იყო ჰელვერი, და ცოტათი მაინც უნდა იყო კარლა, რომ ზუსტად და კარგად უნდა გაიგო ენა, რომელზეც, როგორც და რაზეც ისინი საუბრობენ. კარგად უნდა აცნობიერებდე, რად დაუჯდა კარლას ოდესღაც დაშვებული შეცდომა (როდესაც წლების წინათ, შვილი ბავშვთა სახლში ჩააბარა). კარგად უნდა ხვდებოდე, რას ნიშნავს ადამიანისთვის, როდესაც განსხვავებული და უმწეოა და კიდევ, ალბათ, კარგად და გულისყურით უნდა „უსმენდე“, გრძნობდე იმას, რასაც მსახიობები არ ამბობენ, არ გამოხატავენ, მაგრამ ფიქრობენ, განიცდიან და გულისხმობენ.
ქუჩაში უკვე ყველას სცემენ, იჭერენ. მათ შორის ჰელვერსაც. კარლასა და ჰელვერის სახლშიც მალე შევლენ მოიერიშე რაზმები, ცეცხლით იარაღითა და სიკვდილით. წითელი ფერი პირქუშ და მღელვარე სამყაროს ტრაგიზმს ამძაფრებს. აქ არაფერია საიმედო და ხელჩასაჭიდი. ჰელვერი გარბის, მაგრამ უკან ბრუნდება. ნაცემი და დამცირებული, რადგან სინამდვილეში, გასაქცევი აღარსადაა.
საფრთხე უკვე ყოველი მხრიდან უტევთ და იგრძნობა, როგორ იჟღინთება ჰაერი შიშით, სიძულვილით, უმწეობით. ქვეყანა ცეცხლში ეხვევა, გარშემო რბევა, ნგრევა და სიკვდილია. სპექტაკლში ამ ყველაფრის დასაწყისია. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით ასეთი დასაწყისების გაგრძელება და დასასრულიც, ვიცით, რა შედეგით სრულდება ხოლმე ძალადობა, თუნდაც დიდი მსხვერპლის შემდეგ,
და როდესაც ეს ხდება, და რადგან კარლამ იცის, რომ უკვე აღარ შეუძლია დაიცვას ჰელვერი, როგორც მთელი ცხოვრება იცავდა და უვლიდა (როგორც მაშინ, წლების წინათ, მიუსაფარი რომ იშვილა და თავშესაფარი, სითბო და სიყვარული მისცა) და რადგან ძალადობას არაფერი აჩერებს წინააღმდეგობის გარდა, მოძალადეები იღებენ წინააღმდეგობას - კარლა იარაღი კი არ ხდება ვინმეს ხელში, არამედ თვითონ იქცევა იარაღად. თუნდაც, ტრაგიკული გადაწყვეტილების ხარჯზე და ფასად, როდესაც თვითონვე გამოაქვს განაჩენი და თვითონვე აღასრულებს მას...
ეს ღამე ფაშისტების მოძალადე რაზმების ხელმძღვანელ - გილბერტის ღამეცაა. ის არ ჩანს, მაგრამ მსგავს ადამიანებს ყველგან და ყველა რეჟიმის დროს შევხვდებით - სასტიკ ჯალათებს, რომლებიც სპობენ ყველაფერს და პირველ რიგში - ადამიანებს - ჯერ - მორალურად და შემდეგ ფიზიკურად. ის არ ჩანს, მაგრამ არსებობს და ეს ჰელვერმაც და კარლამაც იციან. იცის ყველამ, ვისაც ასეთი ტიპის მოძალადესთან ჰქონია შეხება, წარსულშიც და ახლაც.
კარლა ჰელვერის უსიცოცხლო სხეულს ტოვებს და წითლად განათებულ წრეში - სივრცეში ფრთხილი ნაბიჯებით, წელში მოხრილი და მძიმედ გადის, იქ, საიდანაც სპექტაკლის დასაწყისში შემოვიდა და თითქოს განსასჯელის სკამზე ჯდება, დანაშაულისთვის, რომლის სასჯელიც საკუთარ თავს ორჯერ გამოუტანა. და თუ საჭიროა, კიდევ გამოუტანს. კარლა ალყასაც არღვევს და მორალურადაც ჯობნის მოძალადეებს.
„ვინც იბრძვის, შეიძლება დამარცხდეს, მაგრამ ვინც არ იბრძვის, უკვე დამარცხებულია“. (ბერტოლდ ბრეხტი). კარლა იბრძვის და მისი დამარცხება შეუძლებელია.
თომას მანის, 1945 წლის რადიო გადაცემიდან: „ვიმეორებ, ყველაფრის მიუხედავად, ეს დიდებული საათია - ადამიანობასთან გერმანიის დაბრუნების საათი“. და ეს დიდებული საათი კარლასთვის გერმანიაზე ბევრად ადრე დგება. ის არ ნებდება, ადამიანობას საბოლოოდ უბრუნდება და ჰელვერს თავისუფლებას ანიჭებს, საკუთარ თავზე აკიდებული ტვირთის სიმძიმის სანაცვლოდ.
და იმის მიუხედავად, რომ პარტერსა და ლოჟებში კვლავ შეიარაღებული ადამიანების სილუეტები ჩნდებიან, ისინი მაინც ბნელში არიან ჩაძირული, უძრავად, უსიცოცხლოდ დგანან, კარლა კი სინათლის ძლიერ ჭავლში გადის. მის და მაყურებლის წინაშე კი იესო ქრისტეს სახის გამოსახულება ჩნდება - სუდარის ანაბეჭდიდან - სწორედ ესაა გიორგი თავაძის „ჰელვერის ღამის“ მთავარი გზავნილი და კარლას, ჰელვერისა და ყველას გადარჩენის გზა. მაგრამ, რადგან ღმერთი მოკვდა, ეს გამოსახულება მალევე ქრება და მის ადგილს კვლავ მოძალადეების ფიგურები იკავებენ.
„და გაყო ღმერთმა ერთმანეთისგან ნათელი და ბნელი...“ (ძველი აღთქმა. წიგნი შექმნისა. თავი 1. 4). ეს გაყოფა ადამიანებმა არა ერთხელ, პირდაპირი მნიშვნელობით შეასრულეს, როდესაც თავს უფლება მისცეს, და ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველაზე ბნელი ღამე განთიადის წინ დგება.
კაცობრიობას ეს დღეები და ღამეები უკვე გამოვლილი აქვს, ზოგი დღესაც გადის. გადის უკრაინაში (და სხვაგანაც), სადაც მარადიული ბოროტება ცდილობს თავისუფალი ადამიანების განადგურებას, რომლებსაც თავიანთი ქვეყნისთვის მშვიდობა და თავისუფლება უნდათ და მისი გულისთვის ყოველდღიურად სიცოცხლეს სწირავენ.
აგრესია, ბოროტება არაა წარსულში დარჩენილი ადამიანის თვისებები, რასაც, პირველ რიგში, ყოველთვის ყველაზე უცოდველი და დაუცველი ეწირება, როგორც ბავშვის მსგავსი ჰელვერი და როგორც ბავშვები, თუნდაც 3 დღის წინათ, კრივოი რიგში რუსეთის მორიგი ძალადობისა და სისასტიკის შედეგად, როგორც მისი მხრიდან არა ერთი სხვა შემთხვევაში, უწყვეტი მკვლელობით, სხვა თუ თვით საკუთარ ქვეყანაშიც კი.
ისტორიის გაკვეთილები, პირადი და სხვისი გამოცდილება კი სასარგებლოა, თუ, რა თქმა უნდა, მათზე დავფიქრდებით და გამოვიყენებთ. თუ ძალადობასა და ტერორს, სისხლისღვრას შევეწინააღმდეგებით და დავუპირისპირდებით. და ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ, როგორც ბერტოლდ ბრეხტის სცენარით, 1942 წელს გადაღებული, ფრინც ლანგის ფილმის სახელწოდებიდანაც ჩანს, ადრე თუ გვიან, „ჯალათებიც კვდებიან“.
P.S. „ჰელვერის ღამე“ სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, ქუთაისის თეატრში გიორგი თავაძის პირველი სპექტაკლია; რამაზ იოსელიანისთვის - პირველი როლი „მესხიშვილში“, სპექტაკლის იქ დადგმისა და მასში მონაწილეობის მისი სურვილი და აქვე, მისი და ევა ხუტუნაშვილის პირველი პარტნიორობა; კარლა - ევა ხუტუნაშვილისთვის კვლავდაბრუნებაა მშობლიურ თეატრში, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ; სცენოგრაფ ვერა ყიფიანის ასევე პირველი თანამშრომლობა ქუთაისის დრამატულ თეატრთან და იქ ინგმარ ვილკვისტის პიესის პირველი დადგმის შემთხვევა. და როგორც აღმოჩნდა, თანამშრომლობის სწორი არჩევანი და არა შემთხვევითობა.
ფოტო - ირაკლი ბიგვავა