top of page

და მაინც, რა დავარქვათ?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

744661790_1503067135200201_3995356030421581165_n.jpg

26.08.2026

გიორგი ყაჯრიშვილი

და მაინც, რა დავარქვათ?

 

დღევანდელი ჩემი ჩანაწერი, უფრო ოპუსია ვიდრე რეცენზია, ვინაიდან წარმოდგენას რაზეც ვცდილობ დავწერო, სამწუხაროდ მოკლებულია სრულყოფილებას და თანაც დაუმთავრებლად მეჩვენება.

ოთარ ქათამაძის პიესა „დაარქვი რაც გინდა“ ჟანრობრივად აბსურდის თეატრს უნდა მივაკუთვნოთ, რადგან იგი გვაგონებს სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინს“ და უფრო მეტად ჟან-პოლ სარტრის „ცხრაკლიტულს“ (Huis clos). გარდა ფორმისა და სტილისტიკისა ამბავიც, რაც ერთშიც და მეორეშიც ხდება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. გამოუვალ სიტუაციაში  მოხვედრილი პერსონაჟები, ამაოდ ცდილობენ იმ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოსვლას, ზოგი ზნეობრივად, ზოგი ფიზიკურადაც კი, სადაც ნებსით თუ უნებლიედ მოხვდნენ.

პიესის ავტორი, ამავდროულად რეჟისორი და მსახიობი თვითონ ცდილობდა ამ ნაწარმოების სწორედ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე გადატანას, თუმცა ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო (იგი ტრაგიკულად დაიღუპა ზუსტად ერთ წლის წინ) ეს წარმოდგენა ვერ შედგა. სპექტაკლი მისმა კოლეგამ რეჟისორმა გაბრილელ (გაგა)  გოშაძემ დაასრულა. რთული ახლა განჭვრეტა იმისა, როგორ ესახებოდა ეს პიესა ავტორს სცენაზე, თუმცა მგონია, რომ დაწყებული რეპეტიციები თავისთავად ასეთ ფორმას სთავაზობდა დამდგმელ კოლექტივს.

სპექტაკლს შპრახსტალმაისტერი (ცირკის კონფერანსიე - მიხეილ ლომიძე) იწყებს და საცირკო სანახაობაზე გვეპატიჟება. ორი ჯამბაზი, ტყუპი ძმები ტრიო (გიორგი ყურავა) და ზალპე (თორნიკე ბარამიძე) ერთ სკივრიდან ამოდიან და მაყურებელთა მიერ შექმნილ ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდებიან. დამსწრეთა ასეთი განლაგება, ჩემი აზრით დრამატურგიული (ავტორისეული) ჩანაფიქრია, რაც თავისთავად იმ შემოსაზღვრულ გარემოს ქმნის, სადაც მოქმედება ხდება და საიდანაც მცდელობათა მიუხედავად პერსონაჟები მაინც ვერ გამოდიან. გარემო ცირკის არენას მოგვაგონებს. ეს ტყუპები, სავარაუდოდ ცირკ შაპიტოს ჯამბაზები არიან და შპრახსტალმაისტერის კატეგორიული მოთხოვნითა და ძალადობითაც კი ჰყვებიან ამბებს, წარსულის ისტორიებს, რაც თავად გადახდათ. მათი საუბარიც აბსურდის თეატრის ტექსტების დამახასიათებელია, საუბრობენ, რაღაცაზე, ვიღაცაზე, რაც ერთმანეთთან ლოგიკურ ბმაში არაა, თუმცა მთლიანობაში კონკრეტულ შემთხვევაში ეს ალბათ პიესის ნაკლად უნდა ჩაითვალოს. ძნელია გაარკვიო  ეს ცირკის წამოდგენაა, ემოციებითა და განცდებით, თუ  აქედან გაღწევის მცდელობა. შევჩერდეთ  ამ უკანასკნელზე.

სკივრი-ჩემოდანი ძველია, ერთადერთი ნივთი რაც ცირკის არენაზე დგას და ორი დამხმარე ელემენტი, ზევიდან ჩამოშვებული თოკი - აქედან გაღწევის იმედის წყარო და ყვითელი, თითქოს ქვიშით დაფარული თეატრალური ლუკი, რასაც პირიქით შპრახსტალმაისტერი ამ ძმის უკან ჩემოდანში დასაბრუნებლად იყენებს. ჩვენს წინ გათამაშებული მოკლე ამბავი, ტრაგიკული და სულისშემძვრელია და ამ ამბის უკან იმალება ავტორის მძიმე განცდა შექმნი მდგომარეობიდან გამოუსვლელობის შესახებ. ვინც ოთარ ქათამაძის ბოლოდროინდელი ცხოვრების პერიპეტიებს იცნობს გასაგები გახდება ის სათქმელი რაც პიესის ავტორს სურდა გადმოეცა. ამავდროულად მგონია, რომ პიესის არასრულყოფილება, (ან დაუსრულებლობამ) რეჟისორს არ მისცა საშუალება უფრო გაეღრმავებინა, ნათლად გამოეხატა მთავარი სათქმელი, უფრო სახიერი და ცხოველმყოფელი გაეხადა გამოუვალი მდგომარეობის სიცხადე, თუმცა უნდა ითქვას რომ სამივე მსახიობმა არ დააკლეს მცდელობა ნათლად წარმოედგინათ პერსონაჟთა ხასიათი, მათი ურთიერთდამოკიდებულება და ერთ „ცოდვაში“ აღმოჩენილი ორი ტყუპი ძმის ტრაგედია.

ეს სპექტაკლი ბათუმის და ახმეტელის თეატრებიც ორგანიზებული ოთარ ქათამაძის ხსოვნის დღეების ბოლო წარმოდგენად იქცა, სადაც მისმა კოლეგებმა და თანამოაზრეებმა მოიყარეს თავი და პატივი მიაგეს  მის ხსოვნას.

bottom of page