
ქართულ თეატრსაც სჭირდება ძლიერი დანტისტი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

29.11.2025
ზუკა ნემსაძე
ქართულ თეატრსაც სჭირდება ძლიერი დანტისტი
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გამორჩეულად პატივსაცემი სივრცეა, რადგან ამ თეატრში მხვდება ისეთი სპექტაკლები, რომლებსაც თითქმის ყოველი ჩვენებისას ვესწრები, მათ შორისაა „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ და „ბაკულას ღორები“. გამონაკლისი არც იოანე (ვანო) ხუციშვილის დადგმებია. „უხერხემლო“ და მოჩვენებები“ სწორედ ის სპექტაკლებია, რომლებსაც რამდენიმეჯერ დავესწარი. ჩემი აზრით, ორივე დადგმა საინტერესო რეჟისორული გადაწყვეტითაა შექმნილი.
ჩემი საყვარელი თეატრის მორიგ საპრემიერო წარმოდგენაზე „კარიუსი და ბაქტუსი“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის, არტისტის რამაზ იოსელიანის ფეისბუქ პოსტმა მიმიყვანა, რომელიც წერდა: „ SOS. ვინმემ უშველოს მ.თუმანიშვილის თეატრს... მსახიობებმა დააშავეს რამე?...“ როგორც უკვე ვთქვი, გამიჩნდა ინტერესი მენახა კახაბერ შარტავას სპექტაკლი - „კარიუსი და ბაქტუსი“ განხორციელებული თურბიორნ ეგნერის ნაწარმოების მიხედვით, რომელიც თამარ ლომაძემ და სვენდ ვოგემ თარგმნეს. დამაინტერესა რა და როგორ დადგა კახაბერ შარტავამ პროფესიონალების სავანე-სამჭედლოში. სპექტაკლის კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძეა, ლიბრეტო მარიამ წიკლაურს ეკუთვნის, დადგმის მუსიკალური ხელმძღვანელი ნინო გულიაშვილია, არანჟირების ავტორი კი ზვიად ბოლქვაძე, ვიდეო ინსტალაცია გიორგი ხოსიტაშვილის ეკუთვნის, ტექნიკური რეჟისორი: თამარ სესიაშვილია. დადგმის ხელმძღვანელი კი იოანე (ვანო) ხუციშვილია. სპექტაკლს რეჟისორის ასისტენტიც ჰყოლია - ანუკი ხოშტარია. პროგრამის მიხედვით დადგმაზე იმდენ რეჟისორს და სახელგანთქმულ ხელოვანს უმუშავია, რომ დარბაზში შესვლამდე გიჩნდება განსაკუთრებული მოლოდინი.
მიუზიკლში, მონაწილეობენ, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ვარსკვლავები - რუსუდან ბოლქვაძე, ნინო ბურდული, გია აბესალაშვილი. ასევე ახალგაზრდა მსახიობები: ლუკა ჩიბუხაია, ნინა ყიფშიძე, ირინა გიუნაშვილი, ანა მატუაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ნუცა სულაბერიძე, გიორგი ჩაჩანიძე, შაკო ჩალაგაშვილი. მათგან ბევრს უკვე კარგად იცნობენ თეატრალურ წრეებში და იცნობენ, როგორც იმედის მომცემ, ნიჭიერ ახალგაზრდებს.
თეატრისკენ მიმავალს გზად თუმანიშვილის თეატრის მსახიობი შემხვდა, რომელიც თურმე იმ სპექტაკლში მონაწილეობს, რომელზედაც მივიჩქაროდი. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, როცა გავუმხილე რომ მის თეატრში მივდიოდი, მითხრა: „კაი, რა. მეტი საქმე არ გაქვს?“ სპექტაკლის მონაწილე მსახიობისგან ნათქვამმა ამ ფრაზამ უფრო მეტი ინტრიგა გააჩინა ჩემში, უფრო მეტად დავინტერესდი, რა ხდება ასეთი ამ სპექტაკლში, რომ აგერ ბატონო მსახიობიც კი უგულოდაა განწყობილი-თქო, ვფიქრობდი გულში. ახლა კონკრეტულად სპექტაკლზე: კახაბერ შარტავა პირველივე წამებიდან ცდილობს წარმოდგენა ბავშვებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი იყოს, თუმცა საბოლოო შედეგი უფრო კონტრასტულ ნარატივად გვევლინება. შარტავას სპექტაკლი ტექნიკურად გაუმართავი და მოუწესრიგებელია, მსახიობთა მოძრაობა და წარმოდგენის ვიზუალური წყობა არეულ-დარეულია (ქორეოგრაფად თავად რეჟისორი გვევლინება). სასცენო მოძრაობები ამ დადგმას მეტ სიცოცხლეს და განსაკუთრებულ ელფერს უნდა სძენდეს, თუმცა ასე არ არის. გარკვეული ეპიზოდები ფუნქციურია და მუშაობს, სიუჟეტი აქ-იქ გითრევს, მაგრამ მთლიანობაში დინამიკა მონოტონურობაში იკარგება.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები ცდილობენ პირდაპირ კომუნიკაციაში ყოფნას ბავშვებთან, მშობლებთან მაინც არ გამოდის. ბავშვები მხოლოდ ხელის დაქნევებითა და აქ-იქ (მოზრდილების) გულიანი გადახარხარებით სრულდება.
ზოგჯერ განცდა გრჩება, რომ საბავშვო სპექტაკლზე კი არა, მძიმე პოლიტიკური ტონალობით დატვირთულ-გაზავებულ სპექტაკლზე აღმოჩნდი, სადაც რეჟისორმა უბრალოდ საბავშვო მიუზიკლად შეფუთა და ლამის აქა, იქ აქცია მოგვიწყო. „კარიუსი და ბაქტუსი“-ის მისამართით ისმის - წადი! წადი! მხოლოდ პირის ღრუს ხომ არ შეესევიან კარიუსები და ბაქტუსები, ესენი ხომ რეალურ ცხოვრებაშიც არიან, ჩვენს ყოველდღიურობაშიც, ბოროტი ადამიანების სახით?! - აქ იქ მოჩანს ნათელი წერტილი, ეტყობა ბავშვებისთვის საბავშვოა ეს მიუზიკლი, ხოლო ბავშვებთან ერთად, მისული მშობლებისთვის პოლიტიკური შინაარსის მატარებელი.
მიუხედავად იმისა, რომ შარტავა აშკარად ცდილობს, რომ სპექტაკლი აზრობრივად და შინაარსობრივად იყოს დატვირთული, ბოლომდე ვერ გამოუვიდა. სწორედ ბავშვს უნდა შესთავაზო დახვეწილი და ხარისხიანი სანახაობა, რომ მერე ყმაწვილობაში რომ გადავა, იცოდეს კარგი სპექტაკლის ფასი. წიგნის კითხვის დროსაც ეგრე არაა?! მაკულატურას ხომ არ ვაკითხებთ ბავშვებს?! რეჟისორი, თანამედროვე ფორმით და ხერხებით ცდილობს საუბარს, რუსიკო ბოლქვაძეს (კბილის ჯაგრისია) რთავს მესენჯერით ონლაინ და ეს მცდელობა გარკვეულ ხედვას ატარებს. უბრალოდ, ეს ხედვა უფრო მკვეთრ რეჟისორულ დამუშავებასა და დრამატურგიულ თანმიმდევრობას მოითხოვდა ალბათ, რათა სპექტაკლი არა მხოლოდ ტექნიკურად მოწესრიგებული, არამედ ემოციურად ცოცხალი და ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
თორემ ეგრე დედები, მამები, ბებიები და ბაბუები, ყოველ დილით ეუბნებიან გამოიხეხეთ კბილები, დაიბანეთ ხელი და ა.შ. სცენაზე ასევე ნუკრი კაპანაძის სტუდიის მოსწავლეები დგანან, აქა იქ არის ცოცხალი შესრულება, ხშირად პლიუს ფონოგრამა ჟღერს, რომლებსაც მარტო სტუდიის აღსაზრდელები კი არ „ასრულებენ“, არამედ პროფესიონალი მსახიობები. მათაც მოჩვენებითაც უწევთ პირის გაღება, რომ დაგვაჯერონ თითქოს ცოცხლად მღერიან, მაგრამ ეს „თამაში“ ისეთი ყალბია, რომ მაყურებელი ვერ ტყუვდება. სპექტაკლს თავისი ხიბლი და ღირსებაც აქვს და ეს ნინა ყიფშიძის, ლუკა ჩიბუახიას, ნუცა სულაბერიძისა და შაკო ჩალაგაშვილის დამსახურებაა. ჩიბუახია და ყიფშიძე ნამდვილად კარგად მღერიან, მინდა გითხრათ, რომ არც ანა მატუაშვილი მღერის ცუდად. შაკო ჩალაგაშვილი ყაბალახით იყო წარმოდგენილი და თავიდან აჭარელი კბილი მეგონა, რაც შეეხება ნუცა სულაბერიძეს მუდმივად პარტერზე იყო ორიენტირებული, ინტერაქტივისთვის, რაც მის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.
„კარიუსი და ბაქტუსი“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე, ნაკლებად ნაპოვნი ტემპორიტმითაა სავსე, უფრო მცდელობაა, ვიდრე სრულად ჩამოყალიბებული საბავშვო თეატრალური პროდუქტი. თუმცა სწორედ ამ შესაძლო ხარვეზებში ჩანს ის სივრცე, სადაც რეჟისორის მომდევნო სპექტაკლები შეიძლება ბავშვებისთვის სხვა ენერგეტიკით და შინაარსით დატვირთული გახდეს. პროგრამას, რომელიც წავიკითხე, ბოლოში ასეთი რამ აწერია: „ ამ ქვეყნად კარიუსებს და ბაქტუსებს რა გამოლევს“ - ნამდვილად ვერაფერი გამოლევს. თუმცა, ერთი კარგი, ძლიერი და პროფესიონალი დანტისტი, სჭირდება ქართულ თეატრსაც. იქნებ თუ ყველას ვერა, ცოტა „კარიუსი და ბაქტუსი“ მაინც ამოძირკვოს სათეატრო სივრციდან.