top of page

 „და რას გვიქადის ხვალინდელი დღე“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2026-09-11 at 16.35.22 (2).jpeg

11.09.2026

გიორგი ყაჯრიშვილი

 „და რას გვიქადის ხვალინდელი დღე“

 

რეგიონული თეატრების ახალგაზრდული ფესტივალი 12 წლისაა, ახალი სახელით „ახალგაზრდული“ და შეცვლილი ფორმატით. მას ამისთვის თითქმის ეს დრო დასჭირდა, რათა სწორედ ის ფორმა და შინაარსი მიეღო, რასაც მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე დასაწყისიდან გეგმავდა. პირველი კონკრეტული „მოსინჯვა“ მეათე-მეთერთმეტე ფესტივალზე დაიწყო და დღეისთვის იგი გადაიქცა ერთგვარ შემოქმედებით ლაბორატორიად, სადაც ძირითადი ყურადღება სწორედ ახალგაზრდებისკენაა მიპყრობილი: შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს უნივერსიტეტის, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები აქ შეიკრიბნენ იმისათვის, რომ არდადეგების პერიოდში დამატებით აეთვისებინათ და შეესწავლათ ის, რასაც უნივერსიტეტში სწავლობენ, თუმცა ამ ცოდნისა და პროფესიული უნარების გაღრმავება არასოდეს არაა გვიან. წელს ფესტივალის პროგრამა გადატვირთული არაა და არც აქვთ ახალგაზრდებს მათი ნახვის დრო; მასტერკლასები, მოწვეული პედაგოგების ლექციები, მეტყველების, მსახიობის ოსტატობის და ვოკალის გაკვეთილები მთლიანად იკავებდა მათი დღის გრაფიკს. ფესტივალის ორგანიზატორებმა საუკეთესო პროფესიონალები შეკრიბა, რათა ეს დრო მაქსიმალურად გამოეყენებინათ და შედეგზე ორიენტირებული დამასრულებელი პერფორმანსიც წარმოედგინათ. 24 ივლისი ბევრი მათგანის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ღირსშესანიშნავ დღედ ჩაიწერება - ისინი წარმოადგენენ სოფოკლეს „ანტიგონეს“ გარე სივრცეში, იმ ლოკაციებზე, რომელიც მოწვეულმა რეჟისორმა და პედაგოგმა გიორგოს ზამბულკისმა (საბერძნეთი) აირჩია ზღვის სანაპიროზე და სასტუმრო „ანდამატის“ ეზოში.

 

სხვა სტუმრები, გამოცდილი და ახალგაზრდა თეატროლოგები, ამ წლის ფესტივალის რეჟისორთა კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებული და მეორე ტურზე დაშვებული ახალგაზრდა რეჟისორები სპექტაკლების პროგრამას ვაკვირდებით. ეს პროგრამა ორ ნაწილიანი: უცხოური სპექტაკლები და გასული წლის რეჟისორთა კონკურში მონაწილე ოთხი რეჟისორის (აქედან ორი გამარჯვებულის) და ორი ლაურეატის წარმოდგენები, განხორციელებული სხვადასხვა რეგიონული, ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული, შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული და იოსებ ზოიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენებზე. ფესტივალი საინტერესოდ დაიწყო: დასაწყისში შედგა თეატროლოგის ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის „ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრი “ წიგნის პრეზენტაცია, სადაც ავტორმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო საკუთარი წიგნის მთავარი კონცეფცია და ვიდეინსტალაციით მეშვეობით მსმენელს წარუდგინა მის მიერ მიგნებული ახალი არტეფაქტები და აღმოჩენები, რაც მან ამ ნაშრომზე მუშაობის დროს ექსპედიციებში მოიპოვა. ეს გამოცემა ერთგვარად შეავსებს იმ დანაკლისს , რაც ქართული თეატრის ისტორიის შესწავლისას შეიმჩნეოდა. როგორც თეატროლოდი მაკა(მარინე) ვასაძე წერს: „წიგნის მეცნიერული ნარატივი, კონცეფცია, მხატვრობა, დიზაინი თუ ფოტო მასალა წარმოაჩენს ქართული სათეატრო კულტურის განვითარებას ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეების ჩათვლის იმ პერიოდის მსოფლიო სათეატრო კულტურის კონტექსტში“. გამოცემა დასურათებულია (ირინა აბჟანდაძე) და უფრო თვალნათლივს ხდის ავტორისეულ ტექსტს.

 

 

ფესტივალი კი გაიხსნა ერთ-ერთი ლაურეატის გიორგი ჭანტურიას სპექტაკლის ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“, რომელიც მან შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობთან ერთად დადგა და იგი ამ თეატრის რეპერტუარში დარჩება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ ესპანელი დრამატურგის პიესები, მიუხედავად იმისა რომ ზოგადსაკაცობრიო საკითხებს ეხება სრულიად ესპანურია, ამ ქვეყნის ხალხის დამახასიათებელი ტემპერამენტით, იმ ტემპო-რიტმით, რაც ესპანელებს ახასიათებდათ, რაც მათ აღელვებდათ ამ დრამატურგის მოღვაწეობის პერიოდში. პიესის ავტორი ფართოდ იყენებს საკუთარი ქვეყნის ტრადიციებს გადმოსცემს და ასახავს მათ თავის ქმნილებებში. რასაკვირველია დროც შეცვალა და ხალხის მასთან ერთად. ამდენად ლორკას პიესის არჩევა ნებისმიერ რეჟისორს თავიდანვე უქმნის პრობლემებს და სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჭანტურია არ შეუშინდა მოსალოდნელ საფრთხეებს და გმირულად შეეჭიდა ავტორისეულ ტექსტს. რეჟისურაზე ქვემოთ მოგახსენებთ, რაც შეეხება მსახიობურ შესრულებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე ლორკას პიესებში რთულია ზუსტად გადმოსცე ესპანელთა ხასიათი და ბუნება, მათი ტემპერამენტი, ან თუ გნებავთ ქვრივი დედის დამოკიდებულება იმ ერთადერთ შვილთან, რომელიც მოსისხლე გვარის მტრობას გადაურჩა, მტრობას, რამაც მისი უფროსი შვილი და ქმარი შეიწირა. სასიძო (ირაკლი სამუშია) და დედა (ნანა ბუკია) მთელი საკუთარი ოსტატობით და ენერგიით ცდილობენ ამ რთული დამოკიდებულების სცენაზე წარმოდგენას, თუმცა უჭირთ ესპანელთა ბუნებისა და ტემპერამენტის წარმოდგენა და ადგილ-ადგილ მათი სცენები კარაგავენ ცხოველმყოფელობაა, ზედაპირული და მექანიკური ხდება. გიგა აბულაძის ლეონარდო ჩაცმულობა (გვანცა ჯავახიშვილი) ერთგვარად პასუხებს მის ხასიათს, თავისუფლების მოყვარე, მხედრული ცხოვრებით აღზრდილს ვერც ახლად გაჩენილი შვილი და ახალამოყვანილი ცოლი (სალომე ბუღაძე), რომელიც გრძნობს რომ მისი ქმრის აზრი და გონება სხვა ქალს, მის საკუთარ ბიძაშვილს, დას რომ უწოდებს დასტრიალებს, სახლში რას გააჩერებ. იმ ქალმა (ელენე ქურთიშვილი) კი თავის დროზე უარი უთხრა ლეონარდოს ცოლად გაყოლაზე და მხოლოდ ახლა გეგმავს გათხოვებას. აქაც მსახიობები ზუსტად მიყვებიან ავტორისეულ ტექსტს, თუმცა მათ პერსონაჟებსაც აკლიათ გრძნობათა ბუნების სიღრმე. რაც შეეხება მხატვრულ ფორმასა და რეჟისურას. სცენოგრაფია (გვანცა ჯავახიშვილი) რამდენიმე პლანზე გაშლილი, მარჯვნივ სასიძოს ოჯახია, სკამზე ჩაფიქრებული დედა ჩამომჯდარ, მარცხნივ საპატარძლოს მამაც (რეზო ჯოჯუა) გაუნძრევლად თითქოს რაღაც უბედურების მოლოდინშია. უკანა პლანზე თაღია, რომელსაც ალბათ შემოსასვლელი ფუნქცია უნდა ეტარებინა, მაგრამ ხშირად მსახიობები პირდაპირ კულისებიდანაც გამოდიან. ხომ ცნობილია სენტენცია, რომ თუ სცენაზე რაიმე ნივთი დგას, დევს ან ჰკიდია აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს, თუ არა და მისი ადგილი იქ არა არის. რეჟისურის თვალსაზრისით გიორგი ჭანტურია ცდილობს ესპანური კოლორიტის და თავისებურების შემოტანას. ზოგჯერ ეს გამოსდის, მაგალითად ლეონარდოსა და სასიძოს დაპირისპირების, მათი ბრძოლის და სიკვდილის, ან საცოლისა და ლეონარდოს სასიყვარულო, ქალის ხელის თხოვნის, ლეონარდოსა და მისი ცოლის დაპირისპირების და მასზე ძალადობის სცენები. მთლიანობაში გარკვეული ხარვეზების მიუხედავად (ხმამაღალი მუსიკალური გაფორმება, განათების პრობლემები) ახალგაზრდა რეჟისორის საინტერესო ნამუშევარია და შეიძლება ჩაითვალოს მის წარმატებულ დებიუტად პროფესიულ სცენაზე. რეჟისორმა განსაკუთრებული ფუნქცია შესძინა დამლაგებელს (მარიამ მღებრიშვილი), რომელმაც ყველაფერი იცის, ყველაფრის მომსწრეა და უფრო მეტიც, აქტიურად ერევა ამ პერსონაჟთა ცხოვრებაში ხან სასიძოს და ხანაც ლეონარდოს აგრძნობინებს, რომ თანახმაა მათთან სექსუალურ ურთიერთობაზე. თუმცა ზოგიერთ მომენტებში იგი მაინც ინერტულია და სასურველი იქნებოდა უფრო მეტი ტემპერამენტისა და თავდაჯერილობის გამოხატვა. აი თავდაჯერილობა კი არ აკლია გოგოს, რომელიც ძლიერი ქალია, ერთდროულად სხვისი საყვარელიცაა და მშვენივრად ირგებს საცოლის როლსაც - გოგო, რომელიც ამ ტრაგედიის მიზეზი ხდება.

გიორგი სიხარულიძის დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (რომელიც უნდა ითქვას რომ ბოლო სეზონების ლიდერია დადგმების რაოდენობის გათვალისწინებით) დმანისის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სცენაზე განხორციელდა. ესაა მცდელობა ახლებურად წარმოაჩინოს ამ პიესის პერსონაჟები. სცენოგრაფია (თეო კუხიანიძე) თავიდანვე იპყრობ ყურადღებას - მწვანე მოლი, აქა იქ ბუჩქები, მარცხნივ კუთხეში როიალი, მარჯვნივ საქანელა და სასაუზმო მაგიდა, გრძელი სკამი, უკანა პლანზე ეკრანი და გვერდით ვიდეოკამერა, სადაც ამავე თეატრის მსახიობი აფიქსირებს ყველაფერს, მონოლოგები კი ეკრანზე გამოაქვს. ამავე ეკრანზე ჩნდება ისტორიული ქრონიკა ინგლისური თამაშის ჰობიჰორსინგის კადრები (აქვე უნდა ითქვას რომ ერთ-ერთი განმარტებით ეს თამაში საშუალო ასაკის ქალთა გასართობ საშუალებად ითვლებოდა, როდესაც ცხენისთავიან ჯოხებზე გადამჯდარნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს) - ამ მეტაფორულ სვლას მოგვიანებით გამოიყენეს რეჟისორი, რომ კაროჟნა (ანა ბერელაშვილი) და ნატალია (ანა ბანძელაძე) ოსიკოს (გიორგი გიორგიძე) მოხიბვლისთვის სამივე ამ ჯორცხენებზე ამხედრდებიან. ისეთი განწყობა იქმნება, თითქოს მოვლენები „საველე პირობებში“ მიმდინარეობს, რასაც მსახიობთა კოსტიუმები ადასტურებს: ქალები ჟოკეის შარვლებში და ჩექმებით, ჟილეტებითა და პიჯაკებით, სტუმრები ონისიმე (კონსტანტინე ფოცხვერაშვილი) და ოსიკო კი სადღესასწაულო კოსტიუმებში აძლიერებენ ამ შთაბეჭდილებას. წარმოდგენა მე ვიტყოდი ბრეხტისეულია, სადაც პერსონაჟთა უმეტესობა არა მათ გრძნობათა ბუნებას გამოხატავენ, არამედ საკუთარ დამოკიდებულებას კლდიაშვილის პერსონაჟთა მიმართ. ასეთები არიან ონისიმე და ოსიკო. არა მხოლოდ იუმორით ცინიკურადაც ცდილობენ გამოხატონ დარისპანთან (დათო ჩოგოვაძე) შეხვედრის სცენები. ეს ჩემი აზრით ახლებური ინტერპრეტაციაა ამ პიესის (სხვათა შორის ანოტაციაში სწორედ ამას ვკითხულობთ - კლდიაშვილის მიხედვით). შეიძლება ვთქვათ, რომ დავით კლდიაშვილი ცნობილი „ნაღვლიანი იუმორი“ არც კი საჭიროებდეს ინტერპრეტაციის ახალ ფორმებს, მაგრამ რასაკვირველია დამდგმელი რეჟისორის გადასაწყვეტია, რა კუთხით მოგვითხრობს იმ დრამატულ ამბავს, რაც დარისპანსა და პელაგიას ოჯახებს სჭირს. ამისთვის რეჟისორს შემოაქვს მონოლოგები, ზოგჯერ საკუთარი ტექსტები, რათა განაზოგადოს მოვლენა, რასაც გარიგებით გათხოვება და შეძლებული სასიძოს ძიება ჰქვია. ასევე გამოხატოს იმ ქალთა პროტესტი მათ მიმართ „სასაქონლო“ დამოკიდებულების გამო, ის დამცირება, რასაც ისინი გრძნობენ, როცა „გასაყიდად“ სოფელ-სოფელ დაატარებდნენ. ტრადიციულად ფესტივალის ერთი დღე ბავშვებს ეძღვნებათ - ასე იყო წელსაც, მაგრამ დაგეგმილი წარმოდგენა ვერ შედგა და ასე მგონია არც თუ ობიექტური მიზეზის გამო, ამიტომ ორგანიზატორებმა მოახერხეს სპექტაკლის ჩანაცვლება ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრთან არსებული თეატრალური სტუდიის წარმოდგენით „ციცინათელების სასაფლაო“. სპექტაკლი ეფუძნება იაპონურ ანიმეს “Grave of The Firefiles”, რომელმაც მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და არა იმიტომ რომ ცუდად იყო გათამაშებული (რეჟისორი ლუკა მეგრელიძე, მსახიობები: ლუკა ჯულაყიძე, ქრისტინე დოლიძე), არამედ ისტორია, რომელიც მათ წარმოადგინეს. ამ ანიმეს სცენაზე გადატანა შეიძლება არ იყოს ცუდი ამბავი, მაგრამ მისი საბავშვო წარმოდგენად ვერ იყო კარგი იდეა - სპექტაკლი ომის საშინელებებზე, დედის სიკვდილზე, შემდეგ მთავარი პერსონაჟების გარდაცვალებაზე ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ხშირია რასაც კინოეკრანი იტანს სცენაზე მისი გადატანა, სადაც ყველაფერი მაყურებლის წინაშე ხდება მძიმე შთაბეჭდილებასა და ურთულეს განცდებს ბადებს.

სენაკის პროგრამა დაიხურა ამავე თეატრის ბოლო პრემიერით ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ - რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა. უნდა ითქვას, რომ ახალი თეატრალური ენის ძიებაში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ამ თეატრის განვითარებაში, რეჟისორი ეცადა ახლებურად, თავისებურად და განსხვავებულად წარმოედგინა ამ პოემის ინსცენირება. მთავარი აქცენტი ვაჟას ტექსტის პოეტურობაზე, მის ხმოვანებაზე და ასე ითქვას იმ ვიბრაციაზე გაკეთდა, რაც აერთიანებს სცენას, მსახიობებსა და მაყურებელს. ეს ის შემთხვევაა, რასაც თანამედროვე თეატრის მკვლევარი ჰანს-თის ლემანი წერს: „თეატრალური წარმოდგენა სცენასა და აუდიტორიაში მიმდინარე მოქმედებას ერთობლივ ტექსტად გარდაქმნის ... სოციალური კავშირის ფორმირება-გამყარების მცდელობა - აუდიტორიის და სცენის გაერთიანება ერთ ემოციურ-მენტალურ მთლიანობად...ამ ეფექტის... თეორიული სახელწოდებაა „კათარსისი“... (ლემონი. ჰ.თ. პოსტდრამატული თეატრი). თამაზ ჭილაძის პიესა „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ 2003 წელს გამოქვეყნდა და ერთი მხრივ 9 აპრილს და მის შემდგომ პოლიტიკურ მოვლენებს ეძღვნება. აქ დრამატურგი ცდილობს აბსურდის ელემენტების შემოტანას (გავიხსენოთ სლავომირ მროჟეკი) პოლიტიკურ ჭრილში, რაც შემდგომ მის სხვა პიესებში მაგალითად „ნადირობის სეზონი“ აისახა. ეს გასული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის ტატო კუბლაშვილის სპექტაკლია, რომელიც მან ფოთის თეატრის სცენაზე განახორციელა და უნდა ითქვას უკვე დაიმკვიდრა ადგილი თეატრის რეპერტუარში. ჯანო იზორიას, ბექა ჯუმუტიას დუეტი სხვა მსახიობებთან ანი ანდღულაძე, თამარ აბშილავა, ნინო გოშაძე, ნოდარ ბჟალავა, გუკა დვალიშვილი ქმნიან სპექტაკლს, სადაც რეჟისორმა მთავარი აქცენტი სწორედ მსახიობთა თამაშზე და მათ პროფესიონალიზმზე გადაიტანა. მინიმალური დეკორაცია, ორი მაღალი რკინის სკამი, ერთი მაგიდა და გრძელი სკამი შეადგენს სცენის აღჭურვილობას და უკანა ფარდა, რომელიც სკანდალური დოკუმენტების მთელი წყებითაა გაფორმებული. ამბავი ამ ეპოქის რთულ ურთიერთობებს ეხება, სადაც პერსონაჟები თითოეული მათგანი საკუთარ წარსულს იხსენებს და ბრალს სდებენ ერთმანეთს ჩადენილი შეცდომების გამო. ანდრო - ჯანო იზორია მშიშარაა, თვის თავში შეყვარებული ადამიანია, რომელმაც ისე იცხოვრა, რომ მძიმე კვალი დატოვა არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების გზაზე. მეგობრის მოღალატე, კარიერისტი ახლაც ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და უარი თქვას დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, რასაც არანაკლები თაღლითი და გაიძვერა თუმცა პოლიტიკურად მყარი ბაადური - ბექა ჯუმუტია სთავაზობს. სპექტაკლის დასაწყისში ჩნდება უცნობი ქალბატონი, დიდი შავი ჩანთით, რომელსაც ანდროს სიზმრის მიხედვით ამ ჩანთაში მიცვალებული შვილის ცხედარი უნდა ესვენოს. ეს ბედისწერაა, ანდროს აღსასრული - ამ ქალის მოტანილი იარაღით ანდროს საკუთარი მეუღლე (თამარ აბშილავა) გამოასალმებს სიცოცხლეს პარტიის დავალებით პარიზიდან რომ ჩამოიყვანეს მის დასასჯელად.

 რეჟისორთა კონკურსის კიდევ ერთი მონაწილის ნინა კალატოზის წარმოდგენა ვნახეთ, რომელიც მან იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულ დრამატული თეატრის სცენაზე შექმნა. „მედან-ოდა“ რეჟისორის საკუთარ ტექსტზე შექმნილი სპექტაკლია ახალგაზრდობის შესახებ, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ ძველ ტრადიციებს და ახლებურად იცხოვრონ. ამიტომ სპექტაკლის ავტორი მთავარ პერსონაჟს თინათინს (ნინა დიასამიძე) წასულში ამოგზაურებს, მაგრამ არ კარგავს აწმყოსთან სულიერ და მორალურ კავშირს. მსახიობები - ნინო ქარცივაძე, ნიკუშა აბულაძე, მაყვალა მელაძე, გურამ თავართქილაძე, ლაშა აბულაძე, ედნარ ბოლქვაძე, ანრი მუთიძე, ნინი რიჟვაძე ღირსეულ პარტნიორობას უწევენ მთავარ გმირს. რეჟისორი, კარგად რომ გასცნობოდა ზემო აჭარის თეატრის მსახიობებს და რაც მთავარია იქაური ახალგაზრდების ცხოვრებას, მან რამდენიმე ხანი ხულოში იცხოვრა და ეს ტექსტიც და შესაბამისად სპექტაკლიც ამ შთაბეჭდილებების შედეგია. ფესტივალის განსაკუთრებული მოვლენა გახდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის და რეგიონების თეატრების ახალგაზრდა მსახიობთა მიერ გათამაშებული “Antigone in Progress” - გიორგოს ზამბულაკისის მიერ შექმნილი სოფოკლეს „ანტიგონეს“ მიხედვით, რომლის სამზადისს მსახიობებმა ფესტივალზე სტუმრობის მთელი დრო მოახმარეს. ესენი იყვნენ: დაჩი ცაავა, ილია ხეცურიანი, მირიან (მიკა) კოხრეიძე, ნინუცა ცაგარეიშვილი, სალომე ქშუტაშვილი, თორნიკე ფანქველაშვილი, მარიამ გაბაძე, ირაკლი ლომიძე, ნიკო გოგიჩაიშვილი, რაჟდენ ლაღაძე, გივი ხურციძე, ლიზა ლალიაშვილი, ნატული ვაჩეიშვილი, ელენე დარჩია, ანა ლევენეცი, ანასტასია კვიტაიშვილი-გაწერელია. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მთელი რიგი მასტერკლასები:  მეტყველებაში (ევა გლოვაცკა-ფიერეკი (პოლონეთი), მსახიობის ოსტატობაში (ნინელი ჭანკვეტაძე), მუსიკალური რიტმიკასა და კონცენტრაციაში (მუსიკოლოგი შიო აბრახამია). ასევე სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი პრეზენტაცია - "დოკუმენტური თეატრი" ჩაატარა ანა სულიმმა - რეჟისორმა, ბელორუსის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო კათედრის ასოცირებული პროფესორმა.

ფესტივალი კი დაიხურა სლოვომირ მროჟეკის პოლიტიკური დრამით „სტრიპტიზი“. ეს იყო გასული წლის კონკურსის გამარჯვებულის ევა გვრიტიშვილი სპექტაკლი, რომელიც მან ფოთის თეატრში განახორციელა. რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა თინა გობეჯიშვილი, კომპოზიტორი კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ქორეოგრაფი ირინა კუპრავა სცენაზე თეთრი ოთახი ააგეს და განათების საშუალებით ქმნიან სცენურ გარემოს, სადაც პიესის პერსონაჟები მოხვდებიან. გენო შონიას და რამინ კილასონიას თითქოს არაფერი არ უნდა აკავშირებდეთ ერთმანეთთან, თუმცა მათი აქ შეხვედრა შემთხვევითი სულაც არ უნდა იყოს. მთავარი კი ისაა, რომ სისტემის ზემოქმედების შედეგად ორივე ამ სისტემის სამსახურში დგებიან. მსახიობების ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ ვნახეთ საკმაოდ პროფესიული წარმოდგენა, რომელიც თუმცა მხოლოდ დიალოგებზეა აგებული, მაინც დიდ ზეგავლენას ახდენს მაყურებელზე. და ბოლი ფესტივალის ფინალი რეჟისორთა კონკურსის შეჯამება და გამარჯვებულის გამოვლენა. მეთორმეტე რეგიონული თეატრების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა რეჟისორი თეიმურაზ დვალი, რომელიც კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ეჟენ იონესკოს „მელოტ მომღერალ ქალს“ ფოთის თეატრის სცენაზე წარმოადგენს.

bottom of page