
მინის თეატრის „დარისპანის გასაჭირი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.01.2026
თამარ ქუთათელაძე
მინის თეატრის „დარისპანის გასაჭირი“
რეჟისორ რევაზ შატაკიშვილის მიერ დაფუძნებული „მინის თეატრი“, იშვიათად ანებივრებს მაყურებელს თავისი ახალი სპექტაკლებით. ამის მიზეზი წლების მანძილზე თითქმის უსახსროდ მყოფი თეატრის ხელმძღვანელის მიერ დიდი ძალისხმევით დროდადრო მოპოვებული მიზერული სადადგმო ბიუჯეტია. მისი მორიგი ახალი სპექტაკლი - ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედია „დარისპანის გასაჭირი“, მიეძღვნა დიდი ქართველი თეატრმცოდნისა და პედაგოგის ნოდარ გურაბანიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა თბილისის მერიისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
სპექტაკლის პრემიერა გაიმართა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში (დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასაწავლო თეატრის სცენაზე). იქ, სადაც ნოდარ გურაბანიძე წლების მანძილზე წარმართავდა პედაგოგიურ საქმიანობას და ზრდიდა თაობებს, მათ შორის, კლდიაშვილისეული მორიგი ახალი დადგმის რეჟისორსაც. სპექტაკლი ორიგინალური ფორმით იქნა გააზრებული. მასში გამოყენებულია ფრაგმენტები სახელოვანი თეატრმცოდნის ფუნდამენტური გამოკვლევიდან - „შენიშვნები დავით კლდიაშვილის დრამატურგიაზე“.
გემოვნებით მოწყობილი სცენოგრაფიაში, ავანსცენაზე მდგარ მოლბერტზე ნოდარ გურაბანიძის მოზრდილი პორტრეტია გამოფენილი. იქვე, სცენის სიღრმეში, დგას დავით კლდიაშვილის სპექტაკლის აფიშებით დახუნძლული კარადა. ოდნავ მოშორებით, სცენის ცენტრში კი, დავით კაკაბაძის მიერ შესრულებული ნახატი „იმერეთი“ (სცენოგრაფია და კოსტუმების ავტორიც რეჟისორი რევაზ შატაკიშვილია). ამ გარემოში შემოდიან დავით კლდიაშვილისეული უკვდავი, სევდიანი, უსაზღვროდ არტისტული პერსონაჟები. მსახიობები ასახიერებენ თავიანთ სცენურ გმირებს, ხოლო დროდადრო გამოეთიშებიან ხოლმე მოქმედებას და ნოდარ გურაბანიძის სტატიიდან ამოკრეფილი ტექსტების ციტირებებით აკომენტარებენ მათ მიერვე შექმნილი სახეების ძირითად განწყობებსა თუ ქმედებებს რაც მეტ ტრაგიზმს სძენს ამა თუ იმ პერსონაჟს.
წარმოდგენაში ტრადიციული დადგმებისაგან სრულიად განსხვავებული კონცეფციით წარსდგა სცენაზე ოსიკოს როლის შემსრულებელი მსახიობი თორნიკე ბასიშვილი (გორის გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობი). ეს მაღალი, ინტელიგენტური გარეგნობის, კოხტა ქართული ულვაშით სახედამშვენებული მომხიბლავი ახალგაზრდა კაცი, სცენაზე გამოჩენისთანავე იპყრობს მაყურებლის ყურადღებას და უხვად ასხივებს დადებით ენერგეტიკას. მართლაც, მისი ოსიკო არ ჰგავს იმ ადრეულ სცენურ სახეებს, რომლებიც საკუთარი ე.წ. პრივილეგირებული მდგომარეობით გაამაყებულ-გათავხედებულნი, ამპარტავნული იერსახითა და ირონიული ღიმილით დააბიჯებენ ხოლმე სევდიანი ქალების თვალწინ, მოგვიანებით კი, დამამცირებლად გაეცლებიან ხოლმე მშვენიერი ქალიშვილებს, რომლებიც არცთუ სასურველი კაცის წინაშე, მაქსიმალური გულწრფელობით იხარჯებოდნენ საკუთარი ღირსებების წარმოსაჩენად.
თორნიკე ბასიშვილის მიერ შექმნილი სახე ზრდილი, უკიდურესად გაღატაკებულ ოჯახში კარგად აღზრდილი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც მის წინაშე წარმდგარი გოგონების მიმართ დიდი სიმპათიით განწყობილს, კეთილი ღიმილი არ შორდება სახეზე. აშკარად შესამჩნევია ისიც, რომ განსაკუთრებულია მისი ემოცია სალომე ხუროშვილის მიერ განსახიერებული, ბედისწერისგან ყველაზე დაჩაგრული კაროჟნასადმი და რომ არა უკიდურესი გასაჭირი, სწორედ მასზე შეაჩერებდა არჩევანს. მსახიობის მიერ შექმნილი ოსიკო, აღტაცებას არ ფარავს არც ნატალიას უზადო გარეგნობის, მისი ჯერ კიდევ ბავშვური სიჯიუტის, ქალური სიამაყისა თუ მომაჯადოვებელი პლასტიკისადმი (ქორეოგრაფი ლაშა მძინარაშვილი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის რევაზ შატაკიშვილსა და სალომე ხუროშვილს). ამიტომაც, თავადაც უკიდურესად დამამცირებელი სიღატაკისაგან თავდასაღწევად გარჯილი, სპექტაკლის ფინალისაკენ თანაგრძნობითა და დიდი სინანულით ტოვებს მათ, მზითვიანი ქალის საძიებლად გატანჯული.
სპექტაკლში კარჟნასა და ნატალიას სახეებს განასახიერებენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პანტომიმის მიმართულების სტუდენტები. ტრადიციული დადგმებისათვის დამახასიათებელი მოუხერხებელი, მორცხვი, თითქმის გონებაშეზღუდული კაროჟნას სახეს, ამჯერად დიდი სულიერი ტკივილით უჩვენებს სალომე ხუროშვილი. სცენური თავისუფლებით გამორჩეული მსახიობი, კითხულობს მისი პერსონაჟის დახასიათებისათვის განკუთვნილ ციტატებს ნოდარ გურაბანიძის წერილიდან და ზუსტად ასახავს მის შესატყვის გამომსახველობით ხერხებს. სტუდენტი მსახიობი წარმოგვიდგენს თავისი სცენური სახის გამოუვალ მდგომარეობას, თითქმის მიმქრალი იმედით, მაგრამ მამის დიდი სიყვარულით, ნაძალადევად რომ თანხმდება მთელი ძალების მობილიზებით ჩაერთოს უპერსპექტივო, მისთვის არასასურველ „თამაშში“. იმავდროულად კი, მკვეთრად წარმოაჩენს მის შეუცდომელ ქალურ წინათგრძნობას, სიღატაკის გამო, მარტოობისთვის განწირული ყოფის ტრაგიზმს.
სალომე ხუროშვილის კაროჟნასაგან განსხვავებით, ნინი გიორგაძე ქმნის თამამი, თავისუფლებისმოყვარე ნატალიას სახეს. ქალიშვილის გასათხოვებლად თავგანწირული დედის მცდელობებით გაბეზრებული, უცხო კაცის წინაშე თავმოყვარეობაშელახული, თავმომწონე ახალგაზრდა ქალის ძლივს დათრგუნულ აგრესიასა და კაროჟნასადმი მეტოქეობას. თუმცა სპექტაკლის მიწურულს, ყველაზე მეტად სწორედ ის ავლენს ბედისწერის მიერ, მასავით დაუმსახურებლად განწირული თანატოლისადმი თანამოაზრეობასა და უსაზღვრო სითბოს.
გორის გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობის, სოსო მგალობლიშვილის მიერ შექმნილი დარისპანიც განსხვავებულია ტრადიციულად შექმნილი სახეებისგან. ის თითქოს ორი დროის ტანდემით წარმოსახავს მის პერსონაჟს. სოსო მგალობლიშვილის განსახიერებულ კლდიაშვილისეულ დარისპანში, ზოგჯერ გაკრთება ხოლმე ბედისწერას შერკინებული, ჩვენი რეალობისთვისაც დამახასიათებელი ქართველი კაცის მანერები თუ ინტონაციები. მამისადმი უსიტყვო მორჩილებით გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ქალიშვილისათვის საქმროს ძიებით უშედეგო, თავდაუზოგავი მცდელობებით ისტერიის ზღვარზე მყოფს, ზოგჯერ შეუკავებელი სიმწრის ცრემლიც უნამავს სახეს და გულმოკლული მამა, თავადაც დამნაშავედ გრძნობს თავს საკუთარი მშვენიერი, მოკრძალებული, უკიდურესი სიღარიბით დაღდასმული, გატანჯული ასულის მიმართ.
მსახიობი ნათია გორდაძე სცენაზე წარმოგვიდგენს მედიდური, მისივე ნათესაური კავშირისაგან სრულიად გაუცხოვებული მართას სახეს, ქართველი ქალის უჩვეულოდ საგანგაშო მდგომარეობას. მსახიობი ზოგჯერ ირონიზირებს მის პერსონაჟს, რომელსაც თავზარს სცემს ერთადერთი ძმის სტუმრობა, ძმისშვილის სახელიც არ ახსოვს, ხოლო ნათლულის მიმართ გაცილებით მეტ ვალდებულებას გრძნობს, ვიდრე უახლოესი ადამიანებისადმი. სპექტაკლის მიწურულს ეს გულზვიადი, მთელი წარმოდგენის მანძილზე უცხო ხალხის წინაშე ძმისა და ძმისშვილის წინააღმდეგ ღიად ამბოხებული, ზღვარგადასული და უშედეგო მცდელობების გაცნობიერებით შერცხვენილი ქალბატონი, ვერ მალავს საკუთარ მარცხს და ცდილობს განმუხტოს უხერხული სიტუაციით შექმნილი დაძაბულობა.
მსახიობი ელდარ ფუტკარაძე განასახიერებს ოსიკოს შეჭირვებული ოჯახის წევრთა მიერ ონისიმესათვის დაკისრებულ, რთულ მისიას, რომელზეც სავარაუდოდ დამოკიდებულია როგორც ოსიკოს, ისე მისი მშობლების ბიოლოგიური არსებობა. ფხიზელი ზედამხედველის რანგში წარგზავნილი ონისიმე, ზამბარასავით დაჭიმული ადევნებს თვალყურს განვითარებულ მოვლენებს. ყურადღებით ისმენს გასათხოვარი ქალიშვილების მშობლებისა თუ „მაჭანკლის“ მიერ ოსიკოს დასაკუთრებისათვის გამართულ მარათონს. მოხერხებული, პრაგმატული, სარგებლისმოყვარე ონისიმე, ცდილობს ნამგზავრმა და რთული მოგზაურობით გადაღლილმა, მართას კომფორტულ ოჯახში შეისვენოს, დანაყრდეს, შემდგომ კი, ოსტატურად მოძებნოს ხელსაყრელი მომენტი, - დროულად გაარიდოს უაღრესად ემოციური, მშვენიერი ქალებით მონუსხული ახალგაზრდა კაცი მისთვის დაგებულ ხაფანგს, უკიდურესად მაცდუნებელ გარემოს.
ჭიათურის აკაკი წერეთლის თეატრის მსახიობის მაკა ცუცქირიძის მიერ შექმნილი პელაგია საბელაშვილისა, სამი არცთუ თვინიერი ქალიშვილის მრავალტანჯული დედაა. იგი შიშმორეული უმზერს საკუთარი მიზნის აღსასრულებლად დიდი ჯაფით მოთვინიერებულ ქალიშვილს, ხოლო სპექტაკლის მიწურულს, სასიძოს დაკარგვით იმედგაცრუებული, დაძაბული ელის უცხო კაცის წინაშე საკუთარი ღირსებების დემონსტრირებებით თავმოყვარეობაშელახული, სითამამით გამორჩეული ნატალიას აგრესიულ თავდასხმებს, რაც ბუნებრივია არც აგვიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის ძირითადი კონცეფციით რეჟისორი და მსახიობები მიზნად ისახავდნენ ერთგულად მიჰყოლოდნენ სახელოვანი ქართველი თეატრმცოდნის ნაშრომის ძირითად პასაჟებს, რასაც უმთავრესად აღწევდნენ კიდეც, შესამჩნევი იყო ისიც, რომ მსახიობები სცენაზე ქმნიდნენ ორიგინალურ, ადრეული სპექტაკლებისაგან სრულიად განსხვავებულ სახეებს, რაც კიდევ უფრო მეტ ღირსებას ჰმატებს რეჟისორულსა თუ სამსახიობო ნამუშევრებს.