„დარტყმა“ ანუ ადიკია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ლუკა გოჯორაშვილი
„დარტყმა“ ანუ ადიკია
ფლორიან ზელერის პიესათა ტრილოგია“ვაჟიშვილი”, “მამა” და “დედა” ოჯახის წევრებს შორის კომპლექსურ ურთიერთობებსა და ტრაგიკულ ისტორიებს აღგვიწერს. ეს პიესები წარმატებით დაიდგა ჯერ გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ხოლო შემდეგ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სხვენში დავით ჩხარტიშვილის მიერ. რეჟისორი მაყურებელს დაუფარავად უჩვენებს ჩვენი დროის ოჯახური ურთიერთობების რთულ პრობლემათა პანორამას და სამსჯავროზე გამოაქვს ისინი, თანაც კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს ზოგიერთ პასუხგაუცემელ შეკითხვას. ამ ხაზს ერთგვარად აგრძელებს ამავე რეჟისორის მომდევნო დადგმაც.
ამჯერად განვიხილავ დავით ჩხარტიშვილის მიერ ასევე მარჯანიშვილის თეატრის სხვენში წარმოდგენილ ნილ ლაბუტის თანამედროვე ყოფითი ტრაგედიის ჟანრს მიახლოვებულ დრამას “დარტყმა”. პიესა იფიგენიასა და მედეას ბერძნული მითის გათანამედროვებული ვერსიაა და ნათარგმნია ნანა სამჭკუაშვილის მიერ. ამ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მონოსპექტაკლის წარმმართველებად ორი მსახიობი - ვახო ჩაჩანიძე და ქეთი ლუარსაბიშვილი გვევლინებიან. წარმოდგენა სუნთქვაშეკრულს დაგტოვებთ.
დარბაზში შესვლისთანავე თვალში მოსახვედრი წითელი შუქი ადამიანების სახეამოჭრილ ფოტოებს ანათებს (მხატვარი და კომპოზიტორი - ლევან კვარაცხელია). იქვე მდგარ სავარძელში კი სასმელით ხელში ვხედავთ მსახიობ ვახო ჩაჩანიძეს, რომელიც საკმაოდ მძიმე ამბის მოსაყოლად ემზადება. ღელვა და ნერვიულობა მსახიობზე სულ უფრო შესამჩნევი ხდება და მაყურებელზეც გადადის. სცენაზე თუ დარბაზში განთავსებული საზოგადოებისადმი პირდაპირი მიმართვებით, ნათელი ხდება, რომ იქ მსხდომნი, ამ ისტორიის არა მხოლოდ მჭვრეტელი, მსაჯული თუ ანალიტიკოსია, არამედ ეს მონათხრობი გაფრთხილებაცაა, რადგან შესაძლოა ოდესმე პირდაპირი მსხვერპლნი ისინიც გახდნენ.
პერსონაჟს ყოველდღიური, საოფისე ჩაცმულობა აქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დეკორაციაც საკმაოდ მინიმალისტურია და მთავარ რეკვიზიტად რჩება დიდი ხავერდისფერი ე.წ. ფარდა, რომელშიც პირველ მოქმედებაში მთავარი გმირი დროდადრო თავადაც გაეხვევა ხოლმე, რომ თვალნათლივ გვანახოს სცენები, რომლებიც მის ცხოვრებაში გათამაშდა. ორივე სპექტაკლის განმავლობაში ეს ფარდა, სხვადასხვა დატვირთვას იძენს. ვახო ჩაჩანიძის პერსონაჟი მონოლოგის დასაწყისში ამბობს, “მძულს ყველაფრის გამოუყენებლად გაფუჭება”, და საბუთებში აღმოჩენილი თავისი ახალშობილი ქალიშვილი ემას ფოტოს ხილვის შემდეგ, იწყებს ტრაგიკული ამბის მოყოლას. თავდაპირველად იგი გვაცნობს, თუ როგორ აიბურდა ამ ფარდასა თუ გადასაფარებელში მისი პატარა გოგონა და უცნაური, მისტიკური გარემოებების გამო გაიგუდა საწოლში, სანამ მას, მისაღები ოთახის დივანზე დაღლილს ჩაეძინა. მსახიობი ამ ნაჭრის დახმარებით აღგვიწერს იმ მძიმე სცენას, რომელსაც ბავშვი ემსხვერპლა და შემდგომ, თუ რა განიცადა თავის ცოლ დებორასთან ერთად, როდესაც დეტქეტივი დაკითხვას უწყობდა.
ამბის განვითარებასთან ერთად, მატულობს პერსონაჟის ღელვაც. ყვება როგორ შეიქმნა ახალი სიცოცხლე იმავე ღამეს მეორის დაკარგვასთან ერთად და შემდეგ, კვლავ უბრუნდება ამ ინციდენტამდე მომხდარი ამბის რეალური ვერსიის მოყოლას. მალევე ვიგებთ, რომ ის შეცდომაში შეიყვანა მეგობრის უეცარმა ზარმა, რომელმაც მისი სამსახურიდან დათხოვნის შესაძლო ინფორმაცია აუწყა. პერსონაჟი აღწერს მის წარმოსახვაში დაბადებულ სცენას, რომელიც უმუშევრად დარჩენილს ემუქრება. იგი თვალნათლივ ხედავს შვილების უპერსპექტივო მომავალს, უბინაოდ დარჩენის შიშსა და სიდუხჭირეს. ამ დროს, ის თითქოს აღსარებას აბარებს უზენაესს და მიგვანიშნებს, რომ მაშინ, როდესაც მამაზეციერის ნების გარეშე, „ხიდან ჩიტიც კი ვერ ჩამოვარდება“, სავარაუდოდ სწორედ მისი ნება იყო ეს ჩადენილი მკვლელობა. იგი იხსენებს და დაუფარავად ყვება, რომ ინციდენტის დროს, მას სულაც არ ეძინა. ოთახში შევიდა და მისივე დახმარებით განხორციელდა ბედისწერის მიერ დადგენილი განაჩენი. ისევე როგორც იფიგენიას მშობელი, ისიც იძულებული გახდა გაეწირა ახალშობილი, რათა შეენარჩუნებინა სამსახური და ამით, ერთი შვილის გაწირვის ხარჯზე, გარდაუვალი განსაცდელი აეცილებინა ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის. ამ მძიმე აღსარებას თან ერთვის დამძაბველი, მჭახე მელოდია, რომელიც უფრო მეტად ჩამთრევს და საინტერესოს ხდის დადგმას. როგორც მონოსპექტაკლ “იფიგენია ორემში”, ასევე “მედეა-დაბრუნებაში”, პერსონაჟთა თავგადასავალი ძველბერძნული მითის თანამედროვე ვერსიაზე მიგვანიშნებს, გვარწმუნებს, რომ ისინი დღესაც გვხვდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გადამწყვეტ სცენებში სხეულზე შემოხვეული ფარდაც იმ ძველი ბერძნული მითის პერსონაჟებს გვაგონებს.
მეორე მონოსპექტაკლის დეკორაციაში მხოლოდ ოდნავი ცვლილებაა. ამჟამად წითელი ფერის ნაცვლად, სცენა ლურჯი სინათლით ივსება, ხოლო არიერსცენის კედელზე, ზვიგენის სხეულის ნაწილების ფოტოებია დაკიდული. აქ ტრაგედიის ინსპირატორი ხდება „მასწავლებლის“ უცნაური „შეგონება“, - „როგორც ჩანს, ჩვენი შეხვედრა არ იყო შემთხვევითი“. სწორედ ამის შემდეგ ღებულობს გადაწყვეტილებას „მედეა“, აღასრულოს დიდი ხნის წინ დაგეგმილი შურისძიება-ამბოხი, მის მიმართ ჩადენილი მწვალებლური მსოფლწესრიგის წინააღმდეგ.
სპექტაკლის დასაწყისში ქეთი ლუარსაბიშვილი უკვე სკამზე ზის. მასაც ყოველდღიური ტანსაცმელი მოსავს, - თეთრი პერანგი და შავი, მოტკეცილი რეიტუზი. მსახიობი უშუალო, ბუნებრივი, დროდადრო ჟარგონნარევი ინტონაციით წარმართავს მისი პერსონაჟის სამეტყველო ლექსიკას. ის დასაწყისიდანვე განაწყენებული, მეამბოხე ტონით იწყებს თავის აღსარებას მაყურებელთან, ხოლო მისი პირდაპირი მიმართვები დარბაზთან, კიდევ უფრო ცოცხალს ხდის სპექტაკლის მსვლელობას. გვაცნობებს, რომ უყვარს წყალი და ზემოთხსენებული ფარდა, ამჯერად ჰაერით ივსება, რაც ტბის ტალღების იმიტაციას ქმნის. პერსონაჟი ტანჯვით იხსენებს წარსულს, იმ ბერძნულ სიტყვასაც, რომელიც მასწავლებელმა ასწავლა, თუმცა უშედეგოდ. ამ სიტყვის მოგონებას, ის მხოლოდ მონოლოგის დასასრულს ახერხებს. მანამდე კი ყვება ცამეტი წლის ასაკში განცდილ ტრავმაზე, როდესაც ზვიგენების აკვარიუმთან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა მასწავლებლისგან, რომელიც წარმოდგენილი ყავდა იდეალურ მამაკაცად. მსახიობი მძაფრი ემოციით ახერხებს დაგვანახოს აღნიშნული სცენა და ემპათია გააღვიძოს მაყურებელში. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი ლუარსაბიშვილის მედეა უარყოფს მხოლოდ ძალადობას, ცალსახაა, რომ ავტორიტეტული მამაკაცის მანიპულაციის მსხვერპლი იყო. თუმცა, იქვე იგონებს მასწავლებელთან ერთად მანქანაში გატარებულ არცთუ უსიამოვნო წუთებს, რომელსაც თან სდევდა ბილი ჰოლიდეის სიმღერა _ “I’m a fool to want you”, როცა დაიბადა კიდეც მისი უანგარო სიყვარული, შედეგად კი მიიღო პარტნიორის უყურადღებობა და გულგრილობა, მიზეზი მისი დრამატული ხვედრისა.
14 წლის ასაკში ორსულად დარჩენილ, ყველასაგან მიტოვებულ, მარტოსულ გოგონას, საყვარელი კაცისგან ტკბილ მოგონებად რჩება მხურვალე კოცნა, ლამაზი დაპირება და თხოვნა საიდუმლოს შენახვაზე. წლების შემდეგ მედეა მას ხვდება უკვე დაოჯახებულს, თუმცა უშვილოს. მოზარდი გოგონას მრავალწლიანი ტანჯვის, შეურაცხმყოფელი ლოდინისა და შეხვედრის შემდეგ კი, მამაკაცის თვალებში ხედავს კმაყოფილებას, რომ მან ბედისწერა დაამარცხა და “გამოძვრა”. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი ლუარსაბიშვილის მედეას განაცხადით, ბავშვის მკვლელობა დიდი ხნის წინ დაგეგმა, ოდესღაც მისთვის ძვირფასი მასწავლებლის „მაძღარი“ გამოხედვა და მისი ფარისევლური სიტყვები: “იქნებ ეს ყველაფერი ჩვენი ბრალი არც იყო, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ ადამიანები ვართ”, გახდა იმპულსი ქალის ტრაგიკული ქმედებისა.
რეჟისორი და მსახიობი შთამბეჭდავად წარმოგვიდგენენ საყვარელი კაცისაგან მიტოვებული, უსამართლოდ გარიყული, შეურაცხყოფილი ქალის ბედს, მის მიერ რეალიზებულ თავზარდამცემ შურისძიებას. თითქმის ცარიელ სცენაზე, ყოველგვარი დამხმარე რეკვიზიტისა თუ პარტნიორის გარეშე, მსახიობი ახერხებს დაიპყროს მაყურებლის ყურადღება და სუნთქვაშეკრული ამყოფოს მისი თავგადასავლის ტყვეობაში. მხოლოდ სულშიჩამწვდომი სიტყვებით, შინაგანი განცდითა და ზუსტი, მოზომილი ემოციური წყობით, სირცხვილისა და ტაჯვის განსახიერებით, მსახიობი მაყურებლის წარმოსახვაში ნათლად ხატავს აბაზანაში ჩაწოლილი საყვარელი ვაჟის გაოცებულ სახეს. განრისხებულ ქალს წამში, ხელის ერთი მოძრაობით, ცხელ წყალში ჩაგდებული ჩართული განათებით, სასტიკი განაჩენი გამოაქვს საკუთარი თავის, საკუთარი ვაჟის, საყვარელი კაცისა და მისი უდიდებულესობა „ფორტუნასათვის“.
მონოლოგის დასასრულს მედეა -- ქეთი ლუარსაბიშვილი, იხსენებს იმ ბერძნულ სიტყვას, რომლის გახსენებასაც დიდხანს ცდილობდა. ეს მაგიური სიტყვაა - „ადიკია“ ანუ სამყარო უწონასწოროა, უსამართლოა, ტრაგიკულია, ხოლო „დარტყმა“, შესაძლოა აღვიქვათ როგორც უზენაესის მიერ ნასროლი ისარი მიწიერ ყოფაში ადამიანის მყიფე სიმშვიდის ნგრევაზე, იმავდროულად კი, თავად ამ უმწეო ადამიანის პროტესტიც გამეფებული უწონასწორობის წინააღმდეგ.