top of page

ახალგაზრდული პროტესტი, როგორც სამოქალაქო პროტესტის გამომხატველი 

Picture2.png

ანი ცხვედაძე

ახალგაზრდული პროტესტი, როგორც სამოქალაქო პოზიციის გამომხატველი

 

ქართველ და  ახალგაზრდა რეჟისორებს შორის, დათა თავაძე ერთ-ერთია, რომელიც ცდილობს (და საკმაოდ ეფექტურადაც!)  ნიშანდობლივი ადგილი ეკავოს ქართულ  სათეატრო სივრცეში და ამავდროულად  „ნოვატორული“ სათეატრო ენის ხერხები შესთავაზოს  საკუთარ თეატრში მისულ მაყურებელს, გაუზიაროს ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, საკმაოდ დიდი გამოცდილება, საზღვრებს მიღმა, უცხოელ დასებთან  მუშაობის და ქართულ სცენაზე ამავე გამოცდილების ‘ადაპტირება’ შეძლოს. 
 

თუმცაღა, ჩვენ ძირითადად მის საქართველოში დადგმულ სპექტაკლებზე შეგვიძლია მსჯელობა (თუ არ ჩავთვლით, ბადენის სახ. თეატრში დადგმულ „ვეფხვი და ლომს“), და ვერაფერს ვიტყვით, იმ  კონკრეტულ ნამუშევრებზე, რაც ჩვენი თვალით არ გვინახავს!     ერთი რამ ფაქტია,  თითქოს, ერთი შეხედვით რენტაბელურ  მდგომარეობაში მყოფი რეჟისორი, საკუთარი თეატრით,  შესანიშნავი და ყველასთვის საყვარელი მსახიობის, იზა გიგოშვილის მიერ დაარსებული - მემკვიდრული სათეატრო სივრცით,  თანამოაზრეთა მთელი საშემსრულებლო  ანსამბლით, ძალზე ოპტიმალურ პოზიციაში გამოიყურება,  და აი, სწორედ  ამ დროს არის რთული შეინარჩუნო თავისუფალი ხელწერა-მთელი რიგი ტრადიციული სტერეოტიპების გავლენის გარეშე, და არ გახდე უწყვეტი განმეორებადობის უნიჭო მსხვერპლი, ან კიდევ, ღრმად ირწმუნო საკუთარი „წარმატება“(რაც უკიდურესად პირობითი ცნებაა!) და არ გახდე საკუთარი ‘სიდიადის’ პანეგირიკი, თუნდაც,  მეტად სასტიკი და უხეში ენის გადაჭარბებული დოზით მომხმარებელი, რაც ესოდენ „ტრენდულია“  დღევანდელ საშემსრულებლო ხელოვნებაში და რა სამწუხაროა, რომ  საკუთარი  აზრების პოზიციონირებისთვის, „სკაბრეზი და ვულგარულობა“- მაგალითად გადაბმულად, (სულ მცირე) 10 წუთიანი უცენზურო სიტყვების  „მელოდიური წყება“   სწორედაც, რომ მოდაშია, გაუაზრებლად!  მაგრამ დათა თავაძე, ბალანსს ჯერჯერობით არაჩვეულებრივად კარგად ინარჩუნებს და ზოგჯერ თეატრის მოყვარულ მაყურებელს, ზოგჯერ კი ამ სფეროს პროფესიონალთა მცირე პუბლიკას, სრულიად მომაბეზრებელ  წარმოდგენებს  არ სთავაზობს.    
 

ჩვენი  ტექნოკრატიული საუკუნე, ნებისმიერ სახელოვნებო სფეროში და მათ შორის თეატრში, დიდი ხანია ითხოვს,  ცოცხალ მაყურებელთან კომუნიკაციის ახალ ენას, ახალ საშემსრულებლო ტექნიკას, განსხვავებულ ბალანსს, რიტმს, განვითარებულ დიქციას და არა აქამდე არსებულის უსასრულო კომპილაციებს.  ვფიქრობ, ურთულესი პროცესია შეინარჩუნო ცოცხალი ხელოვნების ფუნდამენტური დეფინიცია და არსი, და თეატრი არ მოდიფიცირდეს  მექანიზაციის ბუნებრივ წყაროდ!..  არამედ დარჩეს ცოცხალ, გარკვეული თვალსაზრისებით მარტივად აღსაქმელ და ამავე დროს,  აბსტრაქტულ საშემსრულებლო აქტად,  ერთადერთ და განუმეორებელ   ხელშესახებ  ‘სანახაობად’ - მაყურებელსა და არტისტს შორის  იდუმალი ურთიერთობის უნივერსალურ მაგალითად და უწყვეტი რეფლექსიის ნიმუშად!      ერთი სიტყვით,  თეატრმა „ულტრატექნიკიზაციის“ პროცესი უნდა გაფილტროს და მუდმივად აკონტროლოს, რადგან, მხოლოდ სახელი არ დარჩეს „თეატრს“, რომ „თეატრია“ და ისიც  უკიდურესად ტრაფარეტულად.
 

 

 

რაც შეეხება, ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, თეატრი მუდამ  ეხმიანებოდეს, არსებულ რეალობაში,  ზედაპირზე ამოტივტივებულ,  თუ  საგულდაგულოდ მიჩქმალულ სიმახინჯეებს, და აქტუალიზაცია მოახდინოს (ადეკვატური აქტუალიზება!), იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში  მცხოვრები საზოგადოების, სოციალურ-პოლიტიკურ-კულტურული საკითხების პრობლემატიზაციის: ხშირად სახეში მიახალოს უხეში სიმართლე, საკუთარი რეალური მოცემულობის; ხშირად ირონიით მიმართოს დამსწრე მაყურებელს, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი ფორმებით(რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია-მთელი რიგი ქვეტექსტებით); ხშირად კი მოქმედ ხელისუფალს ‘გაეთამაშოს’ ღიად, ხან ლატენტურად და მთელი სისავსით  შეაგრძნობინოს საკუთარი სიბილწის ტრაგიკულობა!!!   ყველა ეს კომპონენტი, ამ რეჟისორის (ჩემი აზრით), საეტაპო სპექტაკლში „პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი“ არსებული თუ  დღემდე არარსებული  (რელატიური!) „შეფასების კრიტერიუმებით“ უმაღლეს ხარისხს წარმოადგენს!  
 

...და ახლა, უამრავი ‘ჩასაფრებული თვალების’ და არაერთგვაროვანი მოლოდინების გარემოცვაში, საუკეთესო სარეჟისორო პროდუქტის შექმნიდან, სამი წლის  შემდეგ, სამეფო უბნის თეატრში,  დათა თავაძე, მორიგ სპექტაკლს დგამს... ადვილად შესამჩნევი და მისთვის დამახასიათებელი ექსპერიმენტული ხელწერით, თან მკვეთრი სამოქალაქო პოზიციით, ბრიტანელი დრამატურგების, მარტინ კრიმპის „ცრუ განგაში“ და კერილ ჩერჩილის  „ცხრა მთას იქით“ პიესები, ტრადიციულად დავით გაბუნიას თარგმანით, გაერთიანებულია რეჟისორის, თითოაქტიან  ორ სპექტაკლში.  მსახიობები: ნატამურვანიძე, თორნიკე გოგრიჭიანი, კატო კალატოზიშვილი. მხატვარი: ქეთი  ნადიბაიძე. მუსიკა: ნიკა ფასური.      

       

ჩემი მოსაზრებით,   მუსიკას   დომინანტური პოზიცია უჭირავს, ზოგადად სპექტაკლებში, ვინაიდან მას შეუძლია, სრულიად ცალკე პერსონაჟად გენერირდეს  წარმოდგენაში და მთლიანი სპექტაკლის  პარტიტურაზე, ზედმიწევნით ჰარმონიული გავლენა მოახდინოს...   კომპოზიტორ, ნიკა ფასურის მიერ შექმნილი მუსიკა, რომელიც იმდენად მასშტაბურ გავლენას ახდენს, როგორც პირველ, ისე მეორე აქტში, მომენტალურად დიდი ალბათობა იქმნება, მსახიობების არტიკულირებას არც მიაქციო ყურადღება, მაშინ, როცა მუსიკის თანხლებით გვესაუბრებიან და მხოლოდ კომპოზიციებს მიანდობ საკუთარი აღქმისა და შთაბეჭდილებების სამყაროს; ვინაიდან, ყოველ ჯერზე, არაერთგვაროვანი მუსიკალური კომპოზიციები, ყოველ ‘რეგისტრში’  ადეკვატურად მიჰყვება მსახიობების ნარატივის მთელ სტრუქტურას.   

 

სპექტაკლების შინაარსის, მშრალი, თანმიმდევრული მოყოლა, უინტერესო და უსაგნოა და არც მკითხელისთვის არის მომგებიანი. ვფიქრობ, კონკრეტული ნამუშევრის განხილვისას, ხელოვნების ისტორიაში, აქამდე არსებული და  მოძველებული წყაროების მოშველიება, გარკვეულწილად ანაქრონული ხერხია(ჩემთვის);  რომელიც ინდივიდუალურ ემოციათა, აბსოლუტურად თვითმყოფად სამყაროს ხელოვნურ იერს ანიჭებს და ამიტომ, მე, მხოლოდ ამ  წარმოდგენ(ებ)ით პროვოცირებულ შთაბეჭდილებებს, ერთგვარი რეცენზიის სტრუქტურაში მოვაქცევ.


სპექტაკლების ორივე ნაწილში, კარგად ჩანს რეჟისორის პოზიცია, მთელ რიგ საჭირბოროტო საკითხებზე, მკაფიო სამოქალაქო პოზიცია, რომელსაც მე, ახალგაზრდულ პროტესტს ვუწოდებ, რათა ახალგაზრდების პროტესტი(უმეტესად ხშირად!) თავისუფალი, გულწრფელი და არაანგაჟირებული პროტესტია, ბუნებრივი რეაქციაა - პერვერსიების მთელ თავბრუდამხვევ ატმოსფეროში. მით უმეტეს, მაშინ, როცა  ახლო წარსულში - ე.წ. 90-იან წლებში დაბადებულ თაობას ცხადად გვახსოვს, 2008 წლის ომის ტრაგედიით გამოწვეული სიმძიმე, დღემდე, რომ დაგუდულ-ლატენტური ფორმებით გვიპყრობს „მცოცავი ოკუპაციის“ სახით. და ამა წლის ივნისის 20-ში მომხდარი ე.წ. „გავრილოვის ღამის“ სისასტიკე!  ყოველი ნიუანსი გამოკვეთს, ინტელექტუალურ-სოციალურ-პოლიტიკურ პოზიციას, რომ ჩვენი ამჟამინდელი ყოფა, თანაარსებობის  „ის ფორმები“, რასაც ტრადიციულად ვირჩევთ მარგინალურია, წარმოუდგენლად არასტაბილურია. არასტაბილური და არასანდო, ხელოვნურობითა და ორმაგი სტანდარტებით გაბატონებული, ატროფიაში მყოფი სხვადასხვანაირი სისტემები, ყველანაირ კონტექსტში, ყველანაირ სოციუმში. გენური ინჟინერიის, ადამიანებზე ექსპერიმენტების და ტექნიკური პროგრესის სწრაფი აღზევების პარალელურად, ადამიანის „ყოფნა-არყოფნას“ ჰგავს(!.. ), იგულისხმება ფორმალური მოვალეობის მოხდის მიზნით(მაგ., ბავშვის მიზეზით!)  თანაცხოვრების ფორმები, რეალურად კი, არაგულწრფელობა, ერთმანეთის აუტანლობა, უსიყვარულობა და  უფერული („ეფემერულიც“!)  ყველანაირი რუტინა, რაც ადამიანს სჭირს, ყოველდღიურად... მონური მორჩილების იდეით არსებული სამსახურები, „კონიუნქტურის“ ფსკერები, კორუფცია, უთანასწორობა და სხვა  ტიპის „დივერსიფიცირებული“  ფაშისტური იდეოლოგიის ნიშნები: წინასწარ კარგად დაგეგმილი, თუ სრულიად  ‘უნებლიე’ ტრაგედიები - პერმანენტულად!  მუდმივ ქაოსში ჩაძირული, უჰაერო, ეკოლოგიურ-გლობალური კატასტროფების მოლოდინი; ვაკუუმსა  და  ობსტრუქციაში მყოფი  სამყარო და მუდმივ აგონია-განცდილი, სასოწარკვეთილი ადამიანები.  რასაკვირველია, თუ სიმართლის აპოლოგეტი, მსგავს მოცემულობაში არსად ჩანს და ჩვენსავე ისტორიას, სწორედ ისე წერენ(ქმნიან!) და აკორექტირებენ, როგორც თავად სურთ...  ჩემი აზრით, შესანიშნავი მიგნებაა, ერთ ტონში გადაწყვეტილი, თითქმის ერთმანეთის მსგავსი მსახიობების ტანისამოსი, ხელოვნურად - ილუზორული წესრიგით შექმნილ და ამავე დროს, ქაოტურ-უწესრიგო  სცენოგრაფიაში, რომ  მოქმედებენ, „უნიფორმების“ ასოციაციას  ქმნის და გაცხადებული „უნიფიკაციის“ ნიშნებს ატარებს(!), როგორც ფიზიკური, იმდენად აზრობრივი თვალსაზრისით.   ერთგვარი ეპილოგით., გაბზარული ხმა, სასოწარკვეთილი პერსონაჟი(მსახიობი:კატო კალატოზიშვილი.) მორიგ და ჩვეულ  ნორმად  ქცეული, ამაო ტრაგედიის  მაუწყებელი მონოლოგით ასრულებს წარმოდგენას.


და ბოლოს,  ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, გნებავთ რეკომენდაციით: სამეფო უბნის თეატრში მისულები, სწორედ ამ სპექტაკლზე, თქვენს ძვირფას დროს, ნამდვილად გონივრულად დახარჯავთ.

bottom of page