დათა თავაძის კომპოზიცია 2019 წლის ახალი დრამის ფესტივალისთვის

მარიამ იაშვილი

დათა თავაძის კომპოზიცია 2019 წლის „ახალი დრამის ფესტივალისთვის“

 „ახალი დრამის ფესტივალი“ ხელოვნებათმოცდნე სოფო კილასიონიას მცირებიუჯეტიანი პროექტია, რომელმაც სტარტი 2018 წელს, თბილისში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონის სივრცეში აიღო.[1] კონცეფციის თანახმად, იგი თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებით დაკომპლექტებული არტ-პლატფორმაა, რომელიც სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალებისგან განსხვავებით, საქართველოში მცხოვრებ ხელოვანებს ახლებური და ექსპერიმენტული გამოცდილებების მიღების შესაძლებობლებს სთავაზობს.[2] წლევანდელლმა  საფესტივალო პროგრამამ 8-15 სექტემბერამდე გასტანა და დროებით, ნაძალადევის რაიონში მდებარე „შრომითი რეზერვების სპორტული კომპლექსის“ შენობაში დაიდო ბინა..

აქვე, ორი სიტყვით, უნდა შევჩერდე წლევანდელი ფესტივალის ლოკაციის მნიშვნელობაზე:  ექსპერიმენტული ხასიათის ფორმატიდან გამომდინარე, კონცეპტუალურად შერჩეულ ადგილმდებარეობას, ამ შემთხვევაში - სპორტულ დარბაზს, ვფიქრობ, ორგანიზატორთა მხრიდან, ერთ-ერთი სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა მინიჭებული: წარმოდგენაზე მისულ მაყურებელს, სხვადასხვა სახელოვნებო პროექტში უშუალო თანამონაწილეობის გარდა, არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ჰქონდა, წლების განმავლობაში ტრადიციული შინაარსის მატერებელი სივრცისთვის, სრულიად ახალი დატვირთვა მიენიჭებინა. 

„ახალი დრამის ფესტივალი დრამატულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველა წესის დარღვევის ადგილია!“ - ვკითხულობთ მანიფესტის ერთ-ერთ პუნქტში[3] და, თანხმობის ნიშნად, ჯერ კიდევ ფესტივალის დაწყებამდე, მზად ხარ  განეწყო და ჩაერთო გუნდური თამაშის იმ წესებში, რომლებსაც პროექტში მონაწილე სხვადასხვა დამოუკიდებელი ჯგუფი ინტელექტუალრად, ინდივიდუალური საშემსრულებლო ხერხით გთავაზობს. თითეული ავტორი, თითქოს თავიდანვე, პროგრამის საშუალებით გითანხმდება საკუთარი ნამუშევრის სპეციფიკაზე და, თანაც, გარკვეულ დროს გაძლევს საფესტივალო მოვლენათა თანამიმდევრობაში ჩასართავად. 

ფესტივალი დათა თავაძის  პერფორმანსით გაიხსნა: „ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან“: კომპოზიცია 25 ხმისთვის, 25 მიკროფონისთვისა და რამდენიმე შემთხვევითი გამვლელისთვის. მუსიკა - ნიკა ფასური. ავტორი დაინტერესებულ პირთ საკუთარი ნაწარმოების ახსნა-განმარტებით კონცეპტს სოციალურ ქსელში განთავსენული პროგრამის საშუალებით სთავაზობს[4].  როგორც მოსალოდნელი იყო,  წარმოდგენა საღამოს 5 საათზე დაიწყო.. „შრომითი რეზერვების სპორტული კომპლექსის“ შენობის მესამე სართულზე განთავსებული დარბაზის მოედანი ორმწკრივად ჩაწყობილი სამაყურებლო სკამებითა და შემსრულებელთათვის განკუთვნილი მიკროფონის დასამაგრებელი ბოძებით შეევსოთ. მიკროფონის მეშვეობით 25 მსახიობი სხვადასხვა ტონალობაში, ხან მონაცვლეობით და ხანაც სინქრონულად, ერთადერთი სიტყვის წარმოთქმით „შემოდი...“ იყო გართული. ეს სიტყვა, თითქოს,   ჩაბნელებული დარბაზისკენ გვიხმობდა. „შემოდი...შემოდი...შემოდი..“ - ჯიუტად იმეორებდნენ მსახიობები, თითქოს ხმას ისწორებნენ, ინტონაციას სინჯავდნენ, ერთმანეთს ხელახლა ეცნობოდნენ... ამ ერთადერთ სიტყვაზე აპელირებული კომპოზიციის შესავალი ნაწილი გაგრძელდა მანამ, სანამ თითეულმა შემსრულებელმა, ახალი სიტყვა არ იპოვა... ახალი სიტყვა არ მოირგო....  და ახლა, ამ სიტყვების გადაძახალით, და ამ სიტყვებისგან შედგენილი მოკლე ფრაზების დარბაზში მიმობნევით, ერთმანეთთან სიტყვებით თამაში არ დაიწყო... სწორედაც რომ სიტყვებით თამაში, რადგან სიმეტრიულად ჩამწკრივებული 25 მსახიობის სხეულის სტატიკურ მდგომარეობას მხოლოდ და მხოლოდ მათი პირიდან ამოსული ბგერები არხევდა...  ბგერები სიტყვებს ქმნიდა, სიტყვები - ფრაზებს, ფრაზები კი მელოდიას, რომელიც ავტორის მიერ შექმნილ პარტიტურას ემორჩილებოდა. მომეჩვენა, რომ ეს იყო ჩაბნელებულ სივრცეში გატყორცნილი, სხვადასხვა დიაპაზონში გადაწყვეტილი ბგერთი ტალღების არათანმიმდევრული აღზევება, ფრაზებში ჩატენილი ემოციების ამოფრქვევა, და, ბოლოს, ამ სიტყვების მუსიკაში მათი ქაოტური თანხვედრა... 

მუსიკალურ სისტემაში გადაწყობილი ფრაზები უკვე გრძელ, თანწყობილ წინადადებებში იზრდება და გონებაში კომპოზიციის ძირითადი შინაარსის შტრიხებიც თავისდაუნებურად ლაგდება. „- მიპასუხე, ბედისწერა იყო?- ჰო, მაგრამ არაუშავს“[5] - ეს ფრაზა ექოსავით ჩამესმის ყურში და მეჩვენება, რომ ხმა, თითქოს, ჩამობნელებული ოთახის კედლებიდან მოდის... 25 მსახიობის მიერ მონაცვლეობით და სინქრონულად წარმოთქმული ფრაზები უკვე კონკრეტულ აზრს იძენს და კომპოზიციის მთავარი თემაც იკვეთება - „25 ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი ერთდროულად იკლავს თავს“ - ეს მოტივი თითქმის სამსაათიან კომპოზიციას ბოლომდე მიჰყვება... ამ ფრაზას კიდევ არა ერთხელ მოვისმენ სხდასახვა ან შესაძლოა, სულაც ერთსა და იმავე ტონალობაში გადაწყვეტილს, წარმოთქმულს, გაჟღერებულს.... თუმცა, ეს თემა, რა თქმა უნდა, არაა ნაწარმოების ერთადერთი ხაზი... პარალელურ მოტივებთან ერთად, იგი ვითარდება და არაერთმნიშვნელოვანი სიტყვების და ფრაზების მსგავსად, სხვადასხვა სოციალურ და ყოფით თემებში იზრდება...  „განა, კარის სახელურის ჭრიალით არ დაიწყო მისი სიკვდილის სცენა?“

კომპოზიციის შუა ნაწილის დროს დარბაზი განათებულია... სიტყვების მუსიკალური თეატრი პირობითი სცენიდან დარაბაზში - მაყურებელთან დიალოგში ინაცვლებს. ინტერაქტივში მონაწილეობის მსურველებს  თავად მსახიობი ირჩევს... კითხვები წინასწარ გაწერილი და ოდნავ პროვოკიციულია... ავტორის მხრიდან მაყურებელთან დამოკიდებულება - არაერთმნიშვნელოვანად გამომწვევი და ოდნავ ცინიკურიც კი, რადგან კითხვების დასმის შემთხვევაში არც ერთი მსახიობი არ ითვალისწინებს რესპონდენტის მიერ სპონტანურად გაცემულ პასუხებს. ფიქრობ, „შემთხვევითი გამვლელებისადმი“ მსგავსი „გულგრილობის“ გამოაშკარავება, სავარაუდოდ, და იმედია, ესეც ავტორის მხრიდან შემოთავაზებული თამაშის ერთ-ერთი წესია. თანდათან რწმუნდები, რომ ყველაფერი წინასწარ გათვლილი და დაგეგმილია, აქ არაფერია შემთხვევთი... ტექსტი, რომელსაც ხელოვანი პერფორმანსის განმავლობაში მსმენელზე ზემოქმედების მოსახდენად იყენებს, იმდენად ნაცნობი და ახლობელია, რომ ასოციაციებისკენ გიბიძგებს... იხსენებ შიშს, რომელიც ოდესღაც დაგეუფლა...  გულგრილობას, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილია და რომელიც შინაგანად გჭამს... ძალადობს შენზე....   ვერაფრით ივიწყებ ომს, რომელშიც დამარცხდი...

„აღარ ვიცი, როგორ უნდა გადავრჩე, თუ ის იშვიათი წამები, როცა საკუთარი რეალობის დაცვას ვიწყებ, დამღუპველია მათთვის, ვინც მიყვარს” - ტექსტი, რომელიც კომპოზიციის კიდევ ერთი სასოწრაკვეთილი მოტივია, ფირის მსგავსად, საკუთარ თავს, კვლავაც ჩაბნელებულ ოთახში ამჟღავნებს... „25 ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი ერთდროულად იკლავს თავს...“.

25 მსახიობი, 25 ხმაში გაშლილი მელოდიურობით, სინქრონში, ცალკ-ცალკე, სხვადასხვა ტონალობაში სამსაათიან კოპოზიციას კვლავ ერთადერთი სიტყვის თამაშით ასრულებს: „გადი... გადი... გადი...“.  ოთახში ბნელა... ბნელა დერეფანში და ბნელა შენობის გარეთაც, სადაც წარმოდგენის დასრულების შემდეგ, დარბაზში მიმოფანტული ემოციებივით ნაცნობი და ჯერაც უცვლელი, ასევე ბნელი რეალობა გიხმობს. „- მიპასუხე, ბედისწერა იყო?- ჰო, მაგრამ არაუშავს...“.

დათა თავაძემ მინიშნებაში, რომლესაც მე პირობითად, ახსნა-განმარტებითი კონცეპტი ვუწოდე, 25 ხმისთვისთვის დაწერილ თავის კომპოზიციას, პერფორმანსი უწოდა. ოღონდ, მეც თუ მკითხავთ, ფესტივალის გახსნაზე, „სპორტკომპლექტში“ წარმოდგენილ სახელოვნებო ექსპერიმენტი ჩემთვის, სიტყვების თეატრი, სიტყვების მუსიკალურად აწყობილი თამაში უფრო იყო. ეს გახლვათ, არა-დრამატული თეატრის პრინციპებზე აგებული სიტყვების თამაში, რომელიც 25 მსახიობის, პირობითად გუნდის, მიერ სხვადასხვა ინტონაციითა და კონტრასტული ჟღერადობით წარმოთქმული, დანაწევრებული ტექსტების ერთობლიობაა; ხმოვანი სივრცეა - რომელიც, სცენაზე სათეატრო ენის ხელახალ დაბადებას, არა-დრამატული სათეატრო ტექსტის იმწუთიერი გაცოცხლების პროცესს უწყობს ხელს.

„პერფორმანსის ტექსტი ის ფრაზებია, ხალხი ლიფტის კედლებზე რომ წერს და ფრაზები დახურული კარებიდან რომ გვესმის სადარბაზოში, როცა უცხო სახლში პირველად მივდივართ სტუმრად და ერთი ფრაზა, რომელსაც ერთი წელი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვწერდით და ფრაზა დილის სამ საათზე რომ ჩავწერეთ ომის ღამეს, ტექსტი ელ-ფოსტის სპამბოქსიდან, სისხლით, ან კოსმეტიკით დაწერილი ფრაზები, გამოგონილ ენაზე დაწერილი ტექსტი, ან უცხო ენა ისე ჩაწერილი, როგორც გვესმის, ან უცხოური სიმღერის ტექსტი ისე ჩაწერილი, როგორც გვესმის და აშკარა ტყუილების ტექსტი, ან დაპირებების, ან იმ საგნების სია, რომლებიც შეგიძლია ციხეში შეიტანო, ან ის ყველაფერი, რაც აღარ გვახსოვს, ან სხვისი უსამართლოდ დადანაშაულების ტექსტი, ან ტექსტი, რომელიც ისე დავწერეთ, თითქოს სხვა მწერალი ვიყავით, სხვადასხვა პასტით დაწერილი ტექსტი, მოკლულ ვარსკვლავებზე დაწერილი ტექსტი, ის ტექსტი, რომელიც წამოგცდება და ყველაფერი რის თქმასაც მოასწრებ, სანამ ენას კბილს დააჭერ და ის ტექსტიც, ვერავინ ვერასდროს რომ ვერ გაიგებს, ტექსტი დავიწყებული საპნის ოპერებიდან, მოპარული კალიგრაფიით დაწერილი ტექსტი, “პროფესიონალურად” დაწერილი ტექსტი, მოპარული ტექსტი და ტექსტი, რომელიც იარაღად შეგიძლია გამოიყენო და ტექსტი, რომელსაც უცხო სახლებში, უცხო ადამიანების ავტომოპასუხეზე დატოვებ, როცა სახლში არ იქნებიან...“.

 დრამატურგიული და სადადგმო ხერხების ძიებებთან ერთად, დათა თავაძე ამჯერადაც ხელიდან არ უშვებს სათეატრო ტექსტებთან ურთიერთობის არც ერთ ახალ და შესაძლო ვარიანტს. ავტორი ინტელექტისა და გემოვნების ხარჯზე, როგორც წესი, გამუდმებით მიმართავს აღსაქმელი მასალის იმპროვიზირების სხვადასხვა თანამედროვე თეატრალურ ხერხს, და იმავდროულად, თითქოს, პრინციპულად არ სცდება უკვე ნაცად და თანამედროვე კლასიკად ქცეულ პროფესიულ ჩარჩოებს. „ახალი დრამის ფესტივალზე“ წარმოდგენილი დათა თავაძისა და ნიკა ფაცურის სახელოვნებო პროდუქტის განსხვავებულობა, ჩემი აზრით, სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ აქ თითეული სადადგმო ელემენტი, რომელიც სათეატრო ტექსტის დრამატურგიას უნდა ქმნიდეს, სხეულის ენის მეშვეობით კი არ გადმოიცემოდა სცენაზე, არამედ მუსიკალურად აწყობილი სიტყვების თამაშით, თითეულ ჯერზე იმწუთიერად გაცოცხლებული ემოციებით გადმოიცემოდა..

მომეჩვენა, რომ ეს იყო უშუალოდ ავტორის შემოქმედებითი პროცესის, და ამ პროცესის განმავლობაში ჩატარებული კვლევის საჯარო პრეზენტაციაც. სიტყვამ აქ სათეატრო ენის გამომსახველობის ფორმის და ამ ფორმის გამომსახევლობის - მთავარი იარაღიის ფუნქცია იკისრა. სიტყვა აქ მუსიკაა, და სიტყვაა თავად კომპოზიციის მოქმედებაც და ამ მოქმედების განმასახაიერებელი პერსონაჟიც კი. შესაძლოა სიტყვა ის საგანიც იყოს, რომელზედაც ავტორი თავიდანვე მიგვანიშნებს პროგრამის ტექსტში:

„ყველა საგანი იცდის, ელოდება, ბოლოს და ბოლოს, როდის შეეხება პერსონაჟის ხელი - საბედისწერო დროს, საბედისწერო ადგილას, საბედისწერო მიზნით. ყველა საგანი ელოდება ამ წამს. სრულიად უწყინარი და მოსაწყენი საგნებიც კი, მაგალითად ბალიშები, ან ცელოფნის პარკები, კარის სახელურები, ჯიბეში ჩარჩენილი, დავიწყებული ჩუპა-ჩუფსის ქაღალდი, ხელმოუწერელი ბრძანებები, ან ჭაღი, ან ტუალეტის საწმენდი სითხეები... ყველაფერი ელოდება ყველაფერს. განა, კარის სახელურის ჭრიალით არ დაიწყო მისი სიკვდილის სცენა? “მე აქ არავის არ ველოდი, იმ ოთახების კი არ მრცხვენია, სადაც მარტო ვარ...” [იცინის ფილმზე, რომელიც გაახსენდა, შემდეგ ჩერდება] აქ ყველა საგანს თავისი ბედისწერა აქვს და ყველა ბედისწერას აქვს თავისი საგანი, რომელიც იცდის, ელოდება, როდის გადაიქცევა ნივთმტკიცებულებად. “არ მრცხვენია ოთახების” - უკაცრავად! ყველაფერი ელოდება ყველაფერს“.

და, მაინც, დრამატურგია, პირობითად, აქ ისევე მბრძანებლობს მაყურებელზე, როგორც ეს ტრადიციულ, დრამატულ თეატრში ხდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ავტორის მხრიდან შემოთავაზებული კომპოზიცია-ტექსტი, როგორც სათეატრო ენა-საგანი, ამ შემთხევავში სივრცობრივი და სცენური მეხსიერების ლაბორატორიად გარდაიქმნება.

„პერფორმანისის ტექსტი არის საგანი. ყველა მოვლენას აქვს თავისი საგანი, რომლის გარეშეც არ არსებობს და რომელიც პასუხისმგებელია ამ მოვლენის აღსრულებაზე. ყველა საგანი, ადრე თუ გვიან, ნივთმტკიცებულებად გადაიქცევა, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არავინ იცის (თვითონ იმ საგანმაც კი)“.[6]

მნიშვნელოვანია, რომ ამ ენა-საგანს დათა თავაძის და ნიკა ფაცურის ერთობლივ კომპოზიციაში სხვადასხვა ფუნქციური მნიშვნელობა, მათ შორის დროის სწორად აღქმის ფუნქციაც აქვს მინიჭებული. სათეატრო ტექსტის შემადგენლობაში იგი ხან გუნდის, ხან სოლო პარტიის, ხან დიალოგის, ხანაც უბრალოდ შონაარსობრივად დატვირთული სიტყვების ფორმის, ამ სიტყვებიდან წამოსული ემოციების ვიზუალურ ხარისხში ადის და საბოლოოდ ერთ მთლიან, წარმოსახვით მუსიკალურ პარტიტურად გარდაიქმნება.

„ახალი დრამის ფესტივალზე“ შემოთავაზებული ეს სცენური და საკმაოდ მომგებიანი - მუსიკალური გადაწყვეტა, ჩემთვის, გუნდურად შემუშავებული, პოსტ-დრამატული თეატრის ჭრილში გააზრებული კონცეპტის პერეზენტაცია გახლდათ... ეს იყო, არა-დრამატული სათეატრო ენის ელემენტებით გადმოცემული კომპოზიცია, რომლის შესასრულებლადაც შემოქმედებით გუნდს, 25-ივე მსახიობის ჩათვლით, საკმაოდ ღრმა და პროფესიულად გააზრებული, ინტელექტუალური და ემოციური საფუძველი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ სათეატრო ტექსტისადმი მსგავსი დამოკიდებულება, არა ახალი ან უჩვეულო, ან არარსებული სათეატრო ენის ფორმირების პროცესზე, არამედ უკვე არსებული სისტემის პროფესიულ განვითარებაზე, მისი მრავალფუნქციურობის აუცილებლობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. „ახალი დრამის ფესტივალი“ კი ამ სახლოვნებო პროცესის განვითარებისთვის ხელშემწყობი ძალიან მნიშვნელოვანი და  საჭირო  არტ-პლატფორმაა.

 

[1] ახალი დრამის ფესტვალი - 2018 , იხ.:  https://at.ge/2018/06/29/dramis-festivali/

[2] თბილისის ახალი დრამის ფესტივალი - პასუხი ყველა კითხვაზე, იხ.: https://www.facebook.com/notes/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-new-drama-festival/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94/2230238440622119/ 

[3] იხ.: თბილისის ახალი დრამის ფესტივალი - პასუხი ყველა კითხვაზე.

[4] იხ.: ახალი დრამის ფესტივალი, პროგრამა https://www.facebook.com/notes/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-new-drama-festival/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90/2318263455152950/

[5] სოციალური ქსელის მეშვებით, პერფორმანსიდან ამოკრეფილ  ფრაზებს აქ, და შემდგომაც პრობითად მოვიხმობ.

[6] იხ.: პროგრამა