დაუთვლელი დღეების ათვლა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

277733943_4959247650811198_7458474297733559497_n.jpeg

დავით ბუხრიკიძე

დაუთვლელი დღეების ათვლა

რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ პოსტპანდემიური დროის პესიმიზმს ბეკეტის „ბედნიერი დღეებით“ უპასუხა.

უცნაურია, მაგრამ რაც უფრო აბსურდული და გაუსაძლისი ხდება ჩვენს სამყაროში არსებობა, მით უფრო დიდ ფილოსოფიურ მნიშვნელობას იძენს სემუელ ბეკეტის პიესები (სხვათა შორის, მასშტაბი და შესატყვისი განზომილება მათ ისედაც არ აკლდათ). ადამიანთა შორის ტოტალური გაუცხოება, ომები, პანდემია, ეკოლოგიური კატასტროფები - ეს ყველაფერი თითქოს  წინასწარმეტყველებასავით იკითხება დიდი ირლანდიელი მწერლისა და დრამატურგის შემოქმედებაში. მისი პიესები არამხოლოდ პოსტდრამატული თეატრალური დროის ყველაზე ზუსტი კამერტონია, არამედ უიმედოდ დანახული მომავლის იმედიანი გასაღებიც.

როდესაც აპრილში, თბილისის კამერულ თეატრში ბეკეტის „ბედნიერი დღეები“ დაიდგა, მსოფლიო ახალი გამოღვიძებული იყო პანდემიის დამღლელი ლეთარგიისგან. შესაბამისად, მაყურებელიც რაღაც უდროოდ შეწყვეტილი დროის შემდეგ თუ სიახლის მოლოდინში თამამად ჩავიდა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე პატარა, კამერულ თეატრ-სარდაფში, რომელიც დაახლოებით 70-80 კაცს იტევს.

თეატრში მას გაუდაბნოებულ დედამიწას შემორჩენილი ორი ბინადრის - ვინის (ნინო გაჩეძილაძე) და ვილის (ცოტნე მაისურაძე) ცხოვრება უნდა ენახა. უფრო ზუსტად, ცხოვრების ის ნაგლეჯები, რომელიც რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ ვინის გრძელი მონოლოგებით დახმარებით გააცოცხლა. რადგან სწორედ ვინია სპექტაკლში მომავლისა და რწმენის მატარებელი ადამიანი, ხოლო ვილი - მუდმივად უიმედო, უილაჯო და პესიმისტი.

შემთხვევითი არ არის, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილი „ბედნიერი დღეების“ ათვლას ბეკეტი სწორედ ქალს - ვინის მიანდობს. „არასოდეს დამავიწყდება სადღაც სივრცეში გამოკეტილი ქალის გამოსახულების სრულყოფილი სიმარტივე. შესაძლოა პიესის ფორმალურმა სიმკაცრემ ჩემს სათქმელს მეტი სიმძაფრე და ემოცია შესძინა“ - აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში დრამატურგი.

ბეკეტის პიესების დიდი უმრავლესობის მსგავსად, „ბედნიერი დღეები“  გამოირჩევა როგორც „ჩაკეტილი“, უდროო სივრცის აღწერით , ისე უცნაური, აპოკალიფსური განცდით. როდესაც ქვიშაში წელამდე ჩაფლული ვინი, მომაკვდავ დედამიწაზე საკუთარი ბედნიერების საათებსა თუ წუთებს იხსენებს, სცენური სიღრმეში ქვიშის საათი განუწყვეტლივ ჩამოფქვავს დროს. ეს დრო მიგახვედრებთ, რომ  რასაც ვინი აღწერს, სინამდვილეში წარსულია და ოპტიმიზმის მიუხედავად,  ხსნა არ იქნება.

ვინის ყოველდღიური რუტინა -  ქოლგის გაშლა, მაკიაჟის გაკეთება, საათის დაქოქვა თუ ტყავის საკვოიაჟის ქექვა, სინამდვილეში სრული სიგიჟეა, რადგან ვინი მხოლოდ მოგონებებით ცოცხლობს. უდაბნოს  ქვიშაში ჩაფლული, ის მხოლოდ ბედნიერ დღეებს იხსენებს, რომლის მიღმა მხოლოდ უდაბნოს ქვიშანი პეიზაჟი ჩანს. სცენოგრაფი და მხატვარი სოფიკო კიკაბიძე ქმნის ატმოსფეროს, რომელიც გამთლიანებულია უდაბნოს სივრცე, ჩართული ტელევიზორი ცარიელი ეკრანით და ჰაერში ჩამოკიდებული ჰამაკი, რომელზეც ვილი ნებივრობს ან სიგარეტს ეწევა.

რეჟისორი შეგნებულად მიმართავს გია ყანჩელის ცნობილ  მუსიკალურ ციტატებს, რაც ქმნის ერთი შეხედვით შინაურ, მაგრამ ცოტა უხერხულ  ატმოსფეროს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაცნობი მელოდიები გარკვეული ალუზიების გამო არ იძლევა დისტანცირების საშუალებას სპექტაკლის გარემოსგან. გარდა ამისა, ჩამატებული პერსონაჟები - ქონდრისკაცები, ხაზგასმულად გროტესკული გრიმითა და კოსტუმებით, აბსოლუტურ კონტრასტს ქმნის ბეკეტის ტექსტთან და საერთო არაფერი აქვთ ვილისა და ვინის ისტორიასთან. ეს უფრო ცალკე აღებული ეფექტური მუსიკალური ნომერია, ვიდრე „ბედნიერი დღეების“ თუნდაც ნაწილობრივ „ბედნიერი“ ეპიზოდი.

 

სპექტაკლში ვინის საგნობრივი სამყარო თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა რეჟისორს უფრო დრამატულად აქვს დახატული. მას ლამის გამოცლილი აქვს კომიკური საწყისი. შესაძლოა, ეს პოსტ-აპოკალიფსური ვითარების ბრალიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ვილი თითქმის არასოდეს პასუხობს ვინის და მხოლოდ იშვიათი სახუმარო რეპლიკებით შემოიფარგლება. თავად ვინიც, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს ვინის მდგომარეობას. ის უფრო ავტონომიურ რეჟიმში ცხოვრობს და უამრავ ბედნიერ მოგონებას ინახავს ცხოვრებაში...ვიდრე „ბედნიერი დღეების“  მდინარების რაღაც მომენტში იარაღი არ გაჩნდება, რომელსაც ვილი ვინის საკვოიაჟში არ აღმოაჩენს. უდაბნოში კი იარაღი გაცილებით საშიშია, ვიდრე უწყინარ დრამაში, კედელზე ჩამოკიდებული თოფი!

 

თუ ვინი ბოლომდე მაინც ცდილობს შეინარჩუნოს ოპტიმიზმი და იმედი (რაც ცხადია, აბსურდის ტექსტთან მიმართებაში სიგიჟედ უფრო აღიქმება), ვილისათვის პესიმიზმი გაცილებით მარტივია და მოსახერხებელი. მისთვის ცხოვრება უკვე დასრულებულია. მიუხედავად ტექსტის სრულიად არათანაბარი გადანაწილებისა, ორივე მსახიობის ფიზიკური არსებობა სცენაზე თანაბრად მნიშვნელოვანია. ამდენად, ნინო გაჩეჩილაძე და ცოტნე მაისურაძე საკუთარი ფსიქოფიზიკური არსებობით ერთმანეთსაც ავსებენ და სცენასაც!

 

...და როცა ვინის მაღვიძარა აღარ გამოიღვიძებს, აღარ დარეკავს, როცა ვილის იარაღს  სიკვდილის შემდეგ ვადა გაუვა, ხოლო ფინალში, უდაბნოში ქვიშის წვიმა წამოვა, ეს ნიშნავს, რომ დაუთვლელი ბედნიერი დღეების ათვლა ხელახლა დაიწყება.