
დავბ რუნდეთ დასაწყისში

25.10.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
დავბრუნდეთ დასაწყისში
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ წლევანდელ პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ბელგიური კომპანია Ultima Vez-ის სპექტაკლმა „მანკიერი შთამომავლობა“, რომლის რეჟისორი და ქორეოგრაფია თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, ვიმ ვანდეკეიბუსს ეკუთვნის. წარმოდგენამ ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება დატოვა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დარბაზიდან გამოსვლის შემდეგაც არ წყდება სპექტაკლთან ურთიერთობა. გონებაში კვლავ ცოცხლდება ცალკეული სცენები, მოძრაობები, პერსონაჟთა დაპირისპირებები და ის კითხვები, რომლებზეც შემოქმედებითი ჯგუფი ერთმნიშვნელოვან პასუხებს არ გვთავაზობს.
ბერძნული მითოლოგიის ოლიმპიური პანთეონი თეატრისთვის ახალი თემა არ არის. ღმერთების ურთიერთობები, მათი დაპირისპირებები, სიყვარული, ღალატი, შურისძიება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში კვებავდა დრამატურგიასა და სცენურ ხელოვნებას. მაგრამ ვიმ ვანდეკეიბუსმა ამ ნაცნობ სამყაროს სრულიად განსხვავებული რაკურსით შეგვახედა. მისი ღმერთები ერთდროულად მითოლოგიური არსებებიც არიან და ჩვენ გვერდით მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანებიც. ისინი ბრაზობენ, ეჭვიანობენ, განიცდიან, ებრძვიან ერთმანეთს, ცდილობენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ხშირად თავადვე ხდებიან საკუთარი ვნებების მსხვერპლნი.
სინამდვილეში, ბერძნული მითოლოგიის ღმერთებს ადამიანური თვისებები არასოდეს აკლდათ. სწორედ ამ წინააღმდეგობრივ ბუნებაზეა აგებული მათი ურთიერთობების დრამატიზმი. ვანდეკეიბუსის დამსახურება ის არის, რომ მითოლოგიურ პერსონაჟებს ადამიანურობას კი არ ანიჭებს, არამედ მათში ისედაც არსებულ ადამიანურ ბუნებას თანამედროვე სცენური ენით წარმოაჩენს. ამგვარად, ოლიმპოს ღმერთების ოჯახური კონფლიქტები დღევანდელი საზოგადოების პრობლემებად აღიქმება. ძალაუფლებისთვის ბრძოლა, თაობათა შორის გაუცხოება, მშობლებისა და შვილების დაპირისპირება, სიყვარულის დაკარგვა და ურთიერთობებში დაგროვილი წყენა ისეთივე აქტუალურია დღეს, როგორიც უძველესი მითების სამყაროში იყო.
სპექტაკლის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება მისი გამომსახველობითი ენის მრავალფეროვნებაა. „მანკიერი შთამომავლობა“ თანამედროვე თეატრის ჰიბრიდული ფორმის საინტერესო ნიმუშია, სადაც დრამატული ტექსტი, ფიზიკური თეატრი, თანამედროვე ცეკვა, მოძრაობის თეატრი, კინემატოგრაფიული გამოსახულება და მულტიმედიური ტექნოლოგიები ერთ მთლიანობად ერთიანდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალფეროვნება არ ქმნის ეკლექტურობის შთაბეჭდილებას. პირიქით, სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალება ერთმანეთს ბუნებრივად აგრძელებს, ავსებს და აძლიერებს.
ვანდეკეიბუსის ქორეოგრაფია თითქოს ყოველგვარი წესისა და წინასწარ განსაზღვრული ფორმისგან თავისუფალია. შემსრულებლები მოძრაობენ ისე, თითქოს სხეულს წამიერი ემოცია მართავდეს. მათი ცეკვა ზოგჯერ უხეშია, მოულოდნელი, დაუმორჩილებელი, თითქოს „დაუვარცხნელი“. მაგრამ სწორედ ამ მოჩვენებითი სპონტანურობის მიღმა იგრძნობა უზუსტესი ქორეოგრაფიული ორგანიზება. თითოეული მოძრაობა, სხეულის მიმართულების შეცვლა, დაცემა, წამოდგომა თუ პარტნიორთან ფიზიკური დაპირისპირება გააზრებული და დრამატურგიულად მოტივირებულია. თავისუფლება აქ ქორეოგრაფიული წესრიგის უარყოფა კი არა, მისი განსაკუთრებული ფორმაა.
მნიშვნელოვან გამომსახველობით ფუნქციას ასრულებს პაუზაც. ვანდეკეიბუსთან მოძრაობის შეწყვეტა მოქმედების შეწყვეტას არ ნიშნავს. გაჩერებულ სხეულში კვლავ გრძელდება ემოციური პროცესი. თითქოს ქორეოგრაფია უხილავ განზომილებაში გადადის და მაყურებელი მოძრაობის ნაცვლად მის შედეგს, პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას აკვირდება. ეს პაუზები ერთგვარი მდუმარე ცეკვაა, სადაც სხეულის უძრაობაც ისეთივე მეტყველია, როგორიც ინტენსიური მოძრაობა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია მსახიობ-შემსრულებელთა პროფესიული ოსტატობა. თითოეულ პერსონაჟს საკუთარი, ინდივიდუალური ქორეოგრაფიული პარტიტურა აქვს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან სხეულის პლასტიკით, მოძრაობის რიტმით, ფიზიკური ენერგიითა და ემოციური გამომსახველობით. აქ არ არის ერთგვაროვანი ჯგუფური მოძრაობა, რომელშიც ინდივიდუალობა იკარგება. პირიქით, „კორდებალეტში“ თითოეული შემსრულებელი საკუთარ ხასიათსა და შინაგან მდგომარეობას ინარჩუნებს.
მსახიობები ტირიან, ღრიალებენ, ბრაზობენ, სიხარულს გამოხატავენ, ეცემიან და კვლავ დგებიან. ამ ფიზიკურ და ემოციურ დაძაბულობას ემატება ტექსტიც, რომელსაც სპექტაკლის დრამატურგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. რთული მონოლოგების წარმოთქმა ინტენსიური მოძრაობისა და რთული მიზანსცენების პარალელურად განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას მოითხოვს. შემსრულებლები ახერხებენ, რომ მეტყველება და მოძრაობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კომპონენტებად არ იქცეს. სიტყვა სხეულის მოქმედებას აგრძელებს, ხოლო მოძრაობა ხშირად სიტყვაზე მეტს ამბობს.
სპექტაკლის მუსიკალური სამყარო, რომლის შექმნაშიც მონაწილეობენ ვორენ ელისი, Dirty Three და ILA, ქორეოგრაფიის განუყოფელი ნაწილია. მელოდია, ხმაური, რიტმული გამეორებები და მოულოდნელი აკუსტიკური აქცენტები მოძრაობასთან მუდმივ ურთიერთქმედებაშია. ზოგჯერ მუსიკა წარმართავს სხეულს, ზოგჯერ კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოძრაობა თავად წარმოშობს ხმოვან გარემოს. მუსიკასა და ქორეოგრაფიას შორის ეს ურთიერთდამოკიდებულება სცენური მოქმედების შინაგან დინამიკას განსაზღვრავს.
არანაკლებ საინტერესოა ვიდეოპროექციისა და ცოცხალი სცენური მოქმედების ურთიერთობა. კინემატოგრაფიული გამოსახულება და სცენაზე მიმდინარე მოვლენები ერთმანეთს ენაცვლება, ზოგჯერ კი ერთდროულად ვითარდება. ეკრანზე დანახული სხეული, სახე თუ მოძრაობა ცოცხალ მოქმედებასთან ახალ მნიშვნელობას იძენს. ვიდეოპროექცია მხოლოდ ვიზუალური გაფორმება არ არის. იგი სპექტაკლის თხრობის სრულფასოვანი მონაწილეა. ეკრანული და სცენური რეალობა ერთმანეთს ისე ერწყმის, რომ მათი ურთიერთქმედებით დამოუკიდებელი მხატვრული სამყარო იქმნება.
ვანდეკეიბუსის რეჟისორული აზროვნების განსაკუთრებული თავისებურება პერსონაჟთა ინტერპრეტაციაშიც ვლინდება. ზევსი, ჰერა, დიონისე და ოლიმპოს სხვა მკვიდრნი მითოლოგიური სახეების თანამედროვე სცენურ ვერსიებად გვევლინებიან. რეჟისორი არ ცდილობს მათი მითოლოგიური ბუნების გაუქმებას. პირიქით, სწორედ მითებში არსებული ურთიერთობებისა და კონფლიქტების საფუძველზე ქმნის ახალ ამბავს, რომელიც თანამედროვე ადამიანის გამოცდილებას ეხმიანება.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ზევსისა და ჰერას ურთიერთობის ამსახველი ეპიზოდები. მათი დაპირისპირება მხოლოდ ღმერთების ოჯახურ უთანხმოებად არ აღიქმება. ამ ურთიერთობაში ჩანს წლების განმავლობაში დაგროვილი დაღლილობა, წყენა, სიყვარულის შენარჩუნების მცდელობა და ერთმანეთისგან გაუცხოება. მათში ადვილად ამოვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ ცდილობენ გაარკვიონ, რა დარჩა ოდესღაც ძლიერი გრძნობისგან.
საინტერესოა ზევსისა და დიონისეს შეხვედრაც. დიონისეს პერსონაჟი განსაკუთრებით თანამედროვე ინტერპრეტაციით გამოირჩევა. მისი სცენური არსებობა, ფიზიკური გამომსახველობა და ურთიერთობა სხვა პერსონაჟებთან მითოლოგიურ სახეს ახალ შინაარსობრივ განზომილებას ანიჭებს. დიონისესთან დაკავშირებული ეპიზოდები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბერძნული მითოლოგიის ღმერთები არა მხოლოდ ღვთაებრივი ძალების, არამედ ადამიანის წინააღმდეგობრივი ბუნების განსახიერებებიც არიან.
ამ თვალსაზრისით, ვანდეკეიბუსის მიდგომა განსაკუთრებით საინტერესოა. იგი თავისუფლად ეპყრობა მითოლოგიურ მასალას, მაგრამ ამ თავისუფლებას პირველწყაროებში არსებული ურთიერთობებისა და ხასიათების ლოგიკაზე აგებს. რეჟისორის ფანტაზია მითს არ ანაცვლებს. იგი მის საფუძველზე ქმნის ახალ სცენურ რეალობას, სადაც უძველესი ამბები თანამედროვე მნიშვნელობას იძენს.
სპექტაკლის ფინალური ნაწილი განსაკუთრებულ ემოციურ და აზრობრივ დატვირთვას იძენს. საკუთარი შთამომავლობით, გაუთავებელი კონფლიქტებითა და ურთიერთდაპირისპირებით დაღლილი ზევსი და ჰერა თითქოს გადაწყვეტენ, დაუბრუნდნენ დასაწყისს, იმ დროს, როდესაც ერთმანეთი უყვარდათ და მხოლოდ ორნი იყვნენ. ეს დაბრუნება მხოლოდ პირადი ურთიერთობის აღდგენის სურვილი არ არის. მასში შეიძლება კაცობრიობის განვითარების მთელი გზის გადახედვის სურვილიც ამოვიკითხოთ.
თუმცა რეჟისორი პრობლემის გადაჭრის მზა ფორმულას არ გვთავაზობს. შესაძლებელია კი წარსულში დაბრუნება? შეიძლება თუ არა ერთხელ უკვე განვლილი გზის გაუქმება, შეცდომების დავიწყება და ყველაფრის თავიდან დაწყება? ვანდეკეიბუსი ამ კითხვებს ღიად ტოვებს. შესაძლოა, სწორედ ამაში მდგომარეობდეს სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება: იგი მაყურებელს პასუხებით კი არ ამშვიდებს, არამედ ფიქრის გაგრძელებისკენ უბიძგებს.
„მანკიერი შთამომავლობა“ თანამედროვე თეატრის შესაძლებლობების შთამბეჭდავი დემონსტრირებაა. სპექტაკლი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება უძველესი მითოლოგიური ამბავი სრულიად ახალი გამომსახველობითი ენით გადმოიცეს ისე, რომ არ დაკარგოს პირველწყაროს არსი და ამავდროულად თანამედროვე მაყურებლისთვის აქტუალური გახდეს.
ვიმ ვანდეკეიბუსმა შექმნა წარმოდგენა, რომელშიც ქორეოგრაფია მხოლოდ ცეკვა არ არის, ტექსტი მხოლოდ ამბის გადმოცემას არ ემსახურება, ხოლო მულტიმედია სანახაობრივი ეფექტის ფუნქციით არ შემოიფარგლება. ყველა კომპონენტი ერთიან დრამატურგიულ სისტემაში მოქმედებს. სწორედ ამიტომ არის ეს სპექტაკლი ერთდროულად ინტელექტუალურად საინტერესო, ვიზუალურად შთამბეჭდავი და ემოციურად ძლიერი.
„მანკიერი შთამომავლობა“ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ თანამედროვე თეატრის მხატვრული სიახლე მხოლოდ ფორმალური ექსპერიმენტით არ განისაზღვრება. მისი ნამდვილი ღირებულება მაშინ ვლინდება, როდესაც ახალი ფორმა ადამიანის შესახებ მნიშვნელოვან სათქმელს ემსახურება. ვანდეკეიბუსის სპექტაკლში ეს ერთიანობა მიღწეულია. ამიტომაც ტოვებს წარმოდგენა ისეთ შთაბეჭდილებას, რომელიც ფინალური სცენის დასრულების შემდეგაც დიდხანს გრძელდება.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ფესტივალის დამფუძნებელმა და დამაარსებელმა ქეთი დოლიძემ ვიმ ვანდეკეიბუსს მიხეილ თუმანიშვილის პრემია გადასცა.