მსახიობთა ალპინისტური ლაშქრობა

                   მსახიობთა ალპინისტური ლაშქრობა


დავით ჩხეიძის მოგონება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა მიერ ყაზბეგის მწვერვალზე ასვლასთან დაკავშირებით.


მოამზადა - გუბაზ მეგრელიძემ


ეს იყო 1936 წელს. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გასტროლებიდან დაბრუნების შემდეგ, რამოდენიმე მსახიობმა განვიზრახეთ ყაზბეგის მწვერვალზე ასვლა, რომელზედაც დიდი ხანი ვოცნებობდით. 20 ივლისიდან, ჯგუფი 9 კაცის შემადგენლობით, შევუდექით სამზადისს. ჩვენი ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იყო: დ. ჩხეიძე (ხელმძღვანელი), მ. ლორთქიფანიძე, გ. კოსტავა, დ. შავგულიძე, გ. ლომაია, ა. ომიაძე, ი. ქოქრაშვილი, გ. შავლიაშვილი და ს. იაშვილი. სათანადო მომზადების შემდეგ, 6 აგვისტოს გავემგზავრეთ სოფელ ყაზბეგისაკენ. ყველა მოლაშქრემ დავთქვით საიდუმლოდ შეგვენახა ეს ამბავი, სანამ არ ავიდოდით მწვერვალზე. რასაკვირველია, თითოეული ჩვენთაგანი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. ამის შემდეგ მოდი და თავს ნუ გადადებ კაცი. ვთქვათ და ვეღარ ავედით მწვერვალზე, სირცხვილით სად გინდა გამოყო თავი?!.. მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცე იყო. რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, მაინც უნდა მიგვეღწია მწვერვალისათვის. მალე ჯგუფმა ტურბაზას მიაშურა, სადაც ღამის გასათევად მოგვათავსეს. ღამეა, მაგრამ ძილზე არავინ ფიქრობს. ჩვენ თვალწინ გვიდგა ყაზბეგის მწვერვალი მედიდური პოზოთ და თეთრად დაფენილი წვერით. მთელი ღამე გამოკითხვაში და ოხუნჯობაში გავატარეთ. ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით მოგვექცა. მწვერვალზე ასვლისათვის საჭირო მთელი ტექნიკური მხარე თვითონ მოაგვარეს. 8 აგვისტოს დილით გავემგზავრეთ მეტეო-სადგურისაკენ, რომელიც 10 კილომეტრით არის დაშორებული სოფელ ყაზბეგიდან. სავალი გზა სულ მთიანია, _ ერთი მთიდან გადადიხარ მეორეზე, მეორიდან მესამეზე და ასე და ამნაირად რამდენიმე მთის გადასვლის შემდეგ იწყება ვინულოვანი მთები და გაუვალი ყინულის ნაპრალები. დიდი წვალებით საღამოს 7 საათზე მივაღწიეთ მეტეო-სადგურს, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ღამე აქ გავათიეთ. თვით ეს სადგური მოთავსებულია ყინულოვან ლოდების ხროვაში. მის გარშემოა ყინულოვანი მთები და ბუმბერაზი ყაზბეგი, რომელიც გიზიდავს, თვალს გჭრის და გეჩვენება, თითქოს ისე ახლოს იყოს, რომ ერთ საათში მიაღწევ მთის მწვერვალს, მაგრამ მიდიხარ მისკენ დაკანონებულ ნაბიჯით და თანდათან ხვდები, რომ ჯერ კიდევ შორს არის. მიდიხარ, მიდიხარ და ამავე დროს ჰა, ისიც ახლოვდება და სუნთქვა გიძნელდება, ლამის მადაც კი სრულიად გეკარგება, მიუხედავად ხანგრძლივი მგზავრობისა. ჩვენ ამხანაგები ერთმანეთს ვეკითხებით, თუ ვინ როგორა გრძნობს თავს. ღამის გასათევად მოვეწყვეთ ცის ქვეშ კარვებში. ღამე ძალზე სუსხიანი და ცივი აღმოჩნდა. ჩაცმულები, ნაბდებში გახვეული, სიცივისგან ვკანკალებდით. ასეთ მდგომარეობაში გავატარეთ პირველი ღამე სადგურში. მეორე დღეს ე.ი. 9 აგვისტოს ღამის 2 საათზე ნიშანს გვაძლევს გამყოლი გ. წიკლაური და ჩვენც მივდივართ მწკრივად მწვერვალისაკენ. ჩვენი იარაღია: თოკები, წრიაპები, ყინულმჭრელები, გრძელი ჯოხები და სხვა. ერთმანეთზე გადაბმულები მივდივართ. შიარული ერთობ გვიჭირს, მაგრამ ყველა ხელსაწყოს ისე მოხდენილად ვხმარობთ, თითქოს დიდი ხსნის დახელოვნებული მთასვლელები ვიყოთ. სხვათა შორის, ღამით იმიტომ გავედით, რომ მზის ამოსვლამდე უნდა მოგვესწრო კლდის გავლა, რომელსაც `ხმაურას” ეძახიან. 


ამ `ხმაურას” მთიდან მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ელვის სისწრაფით ცვივა აუარებელი ქვის ლოდი. ამიტომაც იქ გავლა შესაძლებელია მხოლოდ ღამით, როდესაც ეს მთა  მოყინულია. როდესაც მზემპირველი სხივი გამოტყორცნა, ჩვენ უკვე `ფირანის” ყინულოვან კლდეზე ვიყავით. ჩვენმა წინამძღოლმა იმ წამსვე გვაცნობა სწრაფად სათვალე და პირბადე გაგვეკეთებინა, რომ მზე არ მოგვკარებოდა, ვინაიდან ცნობილია, რომ მზე თვალებს უბნელებს და სახეს უწყლულებს ადამიანს.


რაც უფრო მაღლა ავდილდით, მით უფრო გვიჭირდა სუნთქვა, ჰაერი აღარ გვყოფნიდა. `ნუ ჩერდებით, დაუჩქარეთ, ზვავია მოსალოდნელიო” _ ისმის გამძღოლის ხმა, რომელიც უკან მოგვდევდა თოკით ჩვენზე ჩაბმული. მივაღწიეთ მთა `უნაგირას”. ვფიქრობთ, აქ მაინც შევისვენოთ, მაგრამ ზვავის შიშით არ ვისვენებთ და მივემართებით ზევით. დღის 2 საათზე და 50 წუთზე მივაღწიეთ მწვერვალს, რომლის სიმაღლე 5043 მეტრია. ამრიგად, ჩვენ უკვე მწვერვალზე ვართ! სიხარულით აღტაცებულმა, ყველამ შემოვძახეთ `ვაშა”. მოვძებნეთ მოხერხებული ადგილი, სადაც დავტოვეთ ბარათები. ამავე დროს მოვნახეთ შავი ზღვის სანაპირო რაზმის მიერ ატანილი დროშა. მწვერვალზე დაახლოვებით ერთი საათი დავყავით. გადავიღეთ სურათები და შემდეგ გამოვეშურეთ უკან, რადგან ხანგრძლივად იქ ყოფნა შეუძლებელია. ძნელია თქმა, _ ჩვენთვის ასვლა უფრო ძნელი იყო, თუ ჩამოსვლა, მაგრამ საბედნიეროდ, ერთი კი ცხადი იყო, ტომ ჯგუფის ყველა მონაწილე უკლებლივ დავბრუნდით. 


ჩვენს გამყოლს, რომელიც 35-ჯერ ყოფილა გამყოლად მყინვარწვერზე, უკვირდა ჩვენი ჯგუფის სიმამაცე. მისი განცხადებით, არ ახსოვს, რომ რომელიმე ჯგუფის ერთი კაცი მაინც არ ჩამორჩენოდა ლაშქრობას, ჩვენ კი მთელი ასი პროცენტით ავედით მწვერვალზე. 11 აგვისტოს კვლავ ყაზბეგში გავჩნდით. ეს ხელოვნების მუშაკების პირველი ლაშქრობა იყო.


მიუხედავად ბევრი სიძნელისა, რაცჩვენ განვიცადეთ, არ შეიძლება დიდი სიამოვნებით არ გავიხსენოთ ის მცირე დრო, რომელიც ჩვენ დავყავით მწვერვალზე.
                                                         

დავით ჩხეიძე
საქ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზეუმი. დავით ჩხეიძის არქივი.
ფ. I, საქმე 756.
ხ-20580/47
20892/136