დედაომი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

275615431_4944598138957074_5253762579336405175_n.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

დედაომი

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა და საზეიმოდ გაიხსნა კიდევ ერთი ახალი სივრცე - ექსპერიმენტული სცენა. მორიგს ვამბობ, რადგან რეგიონის თეატრებიდან ის ერთადერთია, სადაც ახალი შენობის გახსნის მერე არ წყდება შემოქმედებითი პროცესი და ეს წარმოდგენა რიგით მეცხრე თუ მეათეა. ამჯერად, ოზურგეთის თეატრში მოწვეულმა რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა მაყურებელს შესთავაზა დათა თავაძის პიესა „დედაომი“. როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ მოსწრებულად აღნიშნა: - „ოზურგეთის თეატრის სპექტაკლზე მოვდიოდი და „სამეფო უბნის“ თეატრის სპექტაკლი კი დამხვდაო!“

საბა ასლამაზიშვილი ახალგაზრდა რეჟისორია, რომელსაც უკვე თავის განსაკუთრებული ხელწერა გააჩნია, ამას აღნიშნავს სათეატრო კრიტიკა და მის ყოველ დადგმულ სპექტაკლს რეცენზიებით ეხმაურება. ოზურგეთის თეატრში განხორციელებული წარმოდგენა ცალკე მოვლენად უნდა განვიხილოთ: - ვფიქრობ, რომ რეჟისორმა დათა თავაძის პიესის დადგმისათვის ის ხერხი აირჩია, რითაც „სამეფო უბნის“ თეატრი გამოირჩევა სხვა თეატრებიდან და სადაც თვით პიესის ავტორი მოღვაწეობს. ეს ხერხი, თუ რეჟისორული სტილი დიდი ხანია მკვიდრდება „სამეფო უბნის“ თეატრში, როდესაც არისტოტელესეული კათარსისი უკანა პლანზე გადადის და მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა უნდა განიცადოს მაყურებელმა უშუალოდ სპექტაკლის ყურების დროს, რა ზემოქმედება უნდა მოახდინოს რეჟისორმა და მსახიობებმა აქ და ახლა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, წარმოდგენა გათვლილია „შოკის“ ეფექტზე: ასეთი მიმართულების რეჟისორთა უკვე მთელი თაობა აღიზარდა, რომელსაც რასაკვირველია საფუძველი ჩაუყარა მიხეილ მარმარინოსის არაერთმა სტუმრობამ და მისმა სპექტაკლებმა: მიშა ჩარკვიანი, დათა თავაძე, პაატა ციკოლია, დავით ხორბალაძე, გურამ მაცხონაშვილი და თვის საბა ასლამაზიშვილი - ის რეჟისორები არიან, რომლებიც ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს და საკმარის წარმატებასაც აღწევენ. ამდენად, საბა ასლამაზიშვილის ოზურგეთის თეატრში დადგმულ სპექტაკლში ბლომადაა ციტატები (რაც სულაც არაა სათაკილო და საკრიტიკო) „სამეფო უბნის“ თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან: ს. მროჟეკის „სტრიპტიზი“, დ. გაბუნიას „ტროელი ქალები“, „ბეჩავი“, ლ. ნურენის „დემონები“, ფ. ბრუკნერის „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, „დაცული ტერიტორიები“ და სხვ. ოზურგეთში დადგმული წარმოდგენა ეს არის დრამა-აქცია ომზე და მის ტრაგიკულ შედეგებზე. რამდენიმე სიტყვა თვით პიესაზე: „დედაომი“ - 2008 წლის ომის გამოძახილია. მაშინ დათა თავაძე ჯერ მხოლოდ 18-მდე წლის იქნებოდა, მაგრამ ეს საშინელება მკვეთრად ჩაიბეჭდა მის მეხსიერებაში. შემდგომ იყო სტუდენტობა, „როიალ ქორთის “ ახალგაზრდა დრამატურგთა სემინარი, და იქ დაწყებული მისი პიესა „დედაომი“ შერჩეულ იქნა „აქტუალური დრამის კვირეულისთვის“ კიევში. 2013 წელს კი თუმანიშვილის ფონდისა და ქრისტიან პაპკეს მიერ ჩატარებული ევროპის ქვეყნების დრამატურგიული კონკური „საუბარი საზღვრების შესახებ“, ერთ-ერთი გამარჯვებული „დედაომი“ გახდა და წარმატებით დაიდგა გორლიცის ციტაუს სახელმწიფო თეატრში.

თეთრი დარბაზის სიღრმეში შუშაბანდი მოჩანს (სცენოგრაფი თამარ ოხიკიანი), რომლის კედელზე ახალგაზრდა მამაკაცის მთელი გარდერობია ჩამოკიდებული, სუფთა, მოვლილი, დაუთოებული პერანგები, შარვლები და პიჯაკები ჰკიდია - ეს ზინას შვილის ტანისამოსია. გვერდით ასასვლელია, რომელიც კიბე უნდა იყოს, მაგრამ მის ნაცვლად ციცაბო ასასვლელია, თითქოს იმისათვის, რომ მასზე ასვლა ვერავინ შეძლოს. ზინა (თამარ მდინარაძე), მანანა (შორენა გვეტაძე) და თინა (ციცი ბუცხრიკიძე) მაყურებელს წინაშე ზურგით დგანან - მათი მოლოდინი იმდენად ხანგრძლივია, რომ ზინა გონებას კარგავს და ეცემა:

„მანანა: დაეცა.“

იატაკზე გართხმული ზინა (თამარ მდინარაძე) პირველი რეპლიკის მერე „ჭიშკარი რატომ დაკეტეს?“ ... წამოიჭრება და გამალებით ოთახში მიმობნეული ტანსაცმლის შეგროვებას იწყებს და შუშაბანდში გააქვს. თინა უშედეგოდ ცდილობს იმ ციცაბო „კიბეზე“ ასვლას, ჩამოგორდება, ისევ არბის, ეცემა და ასე იქამდე ვიდრეა სიქა არ გასძვრება და დაეცემა. ზინა მხოლოდ ახლა შეამჩნევს მას:

 „და რა ვუყო ამას, ლოგინში ხომ არ ჩავიწვენ? რა გინდა ჩემგან? ვინ ხარ? როგორ მომაგენი? საიდან იცი ჩემი სახელი? “

ეს თინაა, მისი შვილის შეყვარებული, ფეხმძიმედაა.

მანანა და ზინა თინას შუაში მოიქცევენ და მკაცრად ელაპარაკებიან, ირაკლის, ზინას შვილის შესახებ ეკითხებიან.

„სხვა დედა მონახე“ ასკვნის ზინა - დასაწყისში იგი ვერ იღებს ამ მისთვის უცხო ადამიანს, რომელიც მის სახლში შეიჭრა. პერსონაჟთა მიერ სათითაოდ წარმოთქმული ფრაზები გრძელდება, სამივე მხოლოდ ომზე ლაპარაკობს

 „ომი მართმევს ყველაფერს , რაც მიყვარს...

სამაგიეროდ, ყოველ თვე ფულს მაძლევს,

რომ ვიცოცხლო, ვიცოცხლო

და ყოველდღიურად ვაკვირდებოდე

- რა ემართება ჩემს ცხოვრებას...“ მოთქვამს ზინა.

ისინი  ჯერ-ჯერით ჰყვებიან ომის საშინელებაზე, დევნილობაზე, შიმშილზე, პენსიაზე, რომელიც მხოლოდ ზინას ეკუთვნის, კალიებზე, ჭრიჭინაზე, ცდილობენ საუბარი სხვადასხვა თემაზე გადაიტანონ, თუმცა იგრძნობა, რომ სამივე მათგანში საშინელი შიშის შეგრძნება სუფევს, რომელიც მაყურებელსაც გადმოედება. მსახიობებთან ახლოს განლაგებული მაყურებელი ცოცხლად აღიქვამს თითოეული მათგანის განცდას და თანაუგრძნობს მათ.

დრო გადის ...

ზინა თანდათან ეგუება თინას იქ ყოფნას, მაგრამ მაინც არ მოსწონს, ეჭვიანობს, მიუახლოვდება: „შეხედე კაცს ჰგავს.“

ზინა ეცემა, ტირის, მწარედ განიცდის შვილის დაკარგვას, მანანა კაბის ზურგს გაუხსნის, მასაჟს უკეთებს, ამშვიდებს. დრო გადის, უეცარი სტუმარი კურიერი (ნიკა ძნელაძე) ოდნავ შეცვლის მათ ყოველდღიურ ყოფას, მას კონვერტით ფული მოაქვს, თანხა, რომელიც შეცდომით თუ შეგნებულად პენსიაზე გაცილებით მეტია, თანხა რომელსაც სულ მალე მოაკითხავს და მისთვის საბედისწერო გახდება.

გარეთ კი ომი მძვინვარებს და მოუხედავად ამისა, ორივეს თინას და მანანას ამ სახლიდან გაქცევა სურს, ვერ უძლებენ ხოლო ზინა მარტო დარჩენის ეშინია, ხან მანანას სთხოვს არ მოატოვოს ხან კი ახალგაცნობილ თინას. ვენებსაც კი გადაიჭრის, რათა შეიბრალონ და არ მოატოვონ.

მოგვიანებით თინას უჩნდება თბილი გრძნობა ზინას მიმართ, განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენს მის მიმართ, კარებს უკეტავს, გასაღებს უმალავს, რომ ღამით გარეთ არ გაიპაროს და რაიმე უბედურება არ შეემთხვეს. ზინას ტანსაცმელს ხდის, სველი პირსახოცით ზურგს უზელს. ზინა დროს იხელთებს და შვილთან სექსის თაობაზე ესაუბრო და თანაც ვნებიანად კრუსუნებს, თითქოს მას ჰქონდეს სექსი მამაკაცთან, საკუთარი ქმრის შესახებ უყვება. ვნებიანი სცენა დიდხანს გრძელდება;

„ხაფანგში ხარ, შენი სქესი შენი ციხეა.

ვალდებული ხარ, ჯარისკაცები აჩინო, იმიტომ, რომ ქალი ხარ და ომს ასე სჭირდება.

საკუთარ მკვლელებს აჩენ... “

დიდი დრო გადის ...

მათთან კურიერი მოდის. თინას მამაკაცი დიდი ხანია არ უნახავს, შუშაბანდში შერბის ტანსაცმელს იცვლის, შეყვარებულის პიჯაკსა და შარვალს ჩაიცვამს და კურიერზე ძალადობს, სურვილის ასრულებას სთხოვს:

„აქედან უნდა წამიყვანო. შეგიძლია? უნდა დამეხმარო.

აქედან დროზე უნდა გავიქცე!

იმიტომ, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია...“

კურიერი იარაღით ემუქრება, რევოლვერს პირში ჩაუდებს:

„ახლა ქალების დრო არაა...

მხოლოდ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ...

 შენ კიდევ უნდა დამემორჩილო!

რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, გაიგე?!“

გარედან დაბრუნებული ზინა ძალით, ძალიან მტკივნეულად ყურებს უხვრეტს თინას და მწარედ აატირებს.

დრო გადის ...

თინას ლობიოს პარკები შემოაქვს იატაკზე ყრის და გარჩევას იწყებს, მისი ყველა მოძრაობა ზედმეტად იმპულსურია, ნერვიული, იატაკზე ყველგან ლობიოა მიმობნეული, კედელზე აკრულ მანანას ლობიოს ესვრის, ზინას კალთაში ჩაისვამს და ძალით აჭმევს ლობიოს უმ მარცვლებს, ზინას გული ერევა, ლობიოს გადმოყრის, ისევ ომზე საუბრობენ, მიცვალებულებზე, მათ დაკრძალვაზე.

პიესის პერსონაჟების ხშირი არაადეკვატური ქმედებები იმ გარემოებიდანაა გამომდინარე, რაც გარეთ თუ შიგნით სუფევს: ზინას ხან უყვარს თინა, ხან კი ეზიზღება, მოსვლისთანავე ჯერ სახლიდან გააგდებს, მერე დააბრუნებს, როცა გაიგებს რომ მუცელი მოეშალა ხელიც კი არ აუკანკალდება, ისე ჩამოაცმევს თავზე ცელოფნის პარკს და გაგუდავს.

თინა, რომელიც ირაკლიმ დედამისთან გამოაგზავნა კალიებითა და ჭრიჭინებით ერთობა, კურიერს ცოლად მოყვანას სთხოვს, მოგვიანებით კი მათთან დაბრუნებულს კლავს და საკუთარი ხელით ჯერ ტანსაცმელს შემოაფლეთს შემდეგ კი ნაჭერ-ნაჭერ აკუწავს - „ამის ხორცი რამდენიმე თვე გვეყოფა“.

მანანა, რომელიც ზინასთან თითქოს მოსავლელად დადის, ერთგვარი მედიატორია თინასა და ზინას შორის, ცდილობს ზინას მშობლიური გრძნობა გაუღვიძოს, თინა მოაწონოს, შეაბრალოს. ერთგვარი დამკვირვებელია იმ მოვლენების, რაც გარეთ თუ შიგნით ამ დახურულ სივრცეში ხდება. პერიოდულად ცდილობს თავი დააღწიოს თავის „მოვალეობას“, მაგრამ შორს არ მიდის, არც უშვებენ და არც აქვს სურვილი ისინი მიატოვოს.

ზინა კი ხვდება, რომ თვითმკვლელობის გარდა სხვა გზა არ დარჩენია:

„მე ცხენი ვარ, ჯარისკაცებს რომ აჩენს,

ყველა დასასრულის დასაწყისი ვარ...

და ყველა ომი მე ვარ...

ყველა დახოცილი ჯარისკაცი

ვარ და მათი დედაც მე ვარ...“

მანანა კი შემაღლებული ადგილიდან დედისადმი გამოგზავნილი ირაკლის წერილს გვიკითხავს:

...ახლა ვხვდები, რომ ომი უდიდესი პატივია ქვეყნისთვის, რადგან ისე არაფერი არ აერთებს ხალს, ისე არაფერი ამეგობრებს, როგორც საერთო უბედურება. დაუმთავრებელი ომი, გაყინული კონფლიქტი, ყოველ ნაბიჯზე გარანტირებული თავდასხმა და გაუთავებლად ომის მდგომარეობაში ყოფნა ხალხის გაერთიანების გარანტია... ვატყობ, კიდევ დიდხანს მომიწევს აქ დარჩენა...“

 

შემდეგ კი თავდავიწყებით იწყებს ცეკვავს, მისი ცეკვა სამყაროს სიმბოლოდ აღიქმება, ძალის ან ენერგიის გათავისუფლების, თავისუფლებისა და გამარჯვებისკენ ლტოლვის სიმბოლოდ.